logo_geo
მისტერ ჰოგარტის ტრამპი
- +

15 ივლისი. 2018. 21:00

 

ლონდონი

ტეიტის გალერეა. სურათი სურათში. მართკუთხედში ჩახატული ოვალი თვალს ატყუებს. ინგლისელი ფერმწერისა და გრაფიკოსის, უილიამ ჰოგარტის ავტოპორტრეტს დიდხანს ვათვალიერებ. ტილო (მრავალკომპონენტიანი ნახატის ერთ-ერთი ნაწილი), რომელზეც ჰოგარტის პორტრეტია გამოსახული, ძვირფას გამოცემებზეა დაყუდებული. ბრიტანელი ავტორების წიგნებია: მწერლებს შორის გენიოსთა გენიოსი შექსპირი, ვიზიონერი – მილტონი და სატირიკოსებს შორის უდიდესი – სვიფტი. საკუთარი ავტოპორტრეტის სწორედ ამ წიგნებზე მოთავსებით, ჰოგარტი თითქოს გვეუბნება, რომ ადგილობრივი, ინგლისური მასალა მისთვისაც ყოველთვის საყრდენს წარმოადგენს.

თავისი თავი შინაურ ტანსაცმელში დაუხატავს, ტილოსთან ზის და მშვიდი მზერით გვიყურებს. ისეთი გამომეტყველება აქვს, როგორიც წარმატებას მიღწეულ ადამიანებს. საგულდაგულოდ დახატული პორტრეტია, მუქ ფონზე ბაცი ფერებით და მსუბუქი მონასმებით – ასე გულდასმით სწორედ XVIII საუკუნეში ხატავდნენ. ახლა კი უმეტესობისთვის მიუღწეველია ასე ხატვა, თანამედროვე ადამიანებს დრო აღარ ჰყოფნით. მაშინ კი ტილოზე ფუნჯის პირველი გავლებით ჯერ სახე იხატებოდა თანდათანობით, მერე – საგნები, შემდეგ – სინათლის წყარო, სინათლესთან ერთად – ჩრდილი. ასე ნელ-ნელა გადმოდიოდა ტილოზე მხატვრის სამყარო. ასე იბადებოდა აზრი.

აზრი, გზავნილი, მინიშნება – ანუ ის, რასაც ეძებს ხელოვანის ქმნილებაში განსწავლული დამთვალიერებელი. აი, ჰოგარტი გვიყურებს და ჩვენგან პასუხს ელოდება – რას ვფიქრობთ: სერიოზულია თუ ხუმრობს მხატვარი? მარცხნივ, წინა მხარეს, პალიტრაა, მარჯვნივ მოზრდილი მოპსი ზის, დაღვრემილი, სერიოზული სახით. პირდაპირ ჩვენკენ არ იყურება, მოვარდისფრო ენის წვერი უჩანს. შემიძლია, ისიც წარმოვიდგინო, თუ როგორ გაივლის. XVIII საუკუნის შემდეგ ეს ჯიში ძალიან შეიცვალა: ცხვირ-პირი გაუფართოვდა და თვალები გადმოეკარკლა, რაღაცნაირად დაიგვაჯნენ კიდეც. თანამედროვე მოპსების შორეულ ნათესავებს კი უკეთესი აღნაგობა ჰქონდათ და უფრო მოძრავნი იყვნენ. ისიც ვიცი, რა ერქვა მხატვრის ძაღლს – მისტერ ჰოგარტი ამ მოპსს ტრამპს ეძახდა.

ნიუ იორკი

ჩემი გოგონა ქვეყანას 2016 წლის 7 ნოემბერს მოევლინა. მზიანი დღე იყო, ნათელი და თბილი. 12 საათზე ჩემს ცოლს ექიმმა დაურეკა და ურჩია, სამშობიაროში მისულიყო. ვიცოდით, რომ გოგო დაიბადებოდა. სიამოვნებისაგან მართლა გული ამიჩქროლდა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენს ოჯახში გოგო გაჩნდება. ამერიკელები კი ოვალურ კაბინეტში ქალს გაუღებენ კარს. სახელს იმდენ ხანს ვარჩევდით – ხან კლაუდია, მირანდა, გვენდოლინი გვინდოდა, ნესტანიც ვთქვით. ბოლოს ჩემს ცოლს ციცქნა და ლამაზი სახელი – უნა მოაფიქრდა.

ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა, რაც მაშინვე ყვირილით გვამცნო. საღამოს, შინ რომ ვბრუნდებოდი – უფროსი შვილისთვის უნდა მიმეხედა, მეტროში ვიდექი და მატარებლებს ერთმანეთის მიყოლებით ვუშვებდი, ვერ ვჯდებოდი ვაგონში... ძალა არ მქონდა, კარი გაიხსნებოდა თუ არა, შიგ შევსულიყავი, ადგილი მეპოვა და ბრუკლინამდე გავყოლოდი. ქურთუკის ჯიბეში კონვერტი მედო, რომელიც ოდნავი გატოკებისას შრაშუნობდა. კონვერტში ჩემი ცოლის „ხმა“ იდო – საპრეზიდენტო არჩევნებზე.

– გეხვეწები რა, არ დაგავიწყდეს საფოსტო ყუთში ჩაგდება, – მთხოვა და გამიღიმა.

წიგნი

„მიყვარს მაგარი ჩხუბი“.

„ვნება – ერთადერთი გზაა მთების შესაძრავად“.

„თავიდან მოიშორეთ ისინი, ვისაც სულ პრეტენზიები აქვს“.

ეს სათაურები აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის წიგნიდანაა, რომლისთვისაც „ხმამაღლა“ დაურქმევია: „(დაუმარცხებელი) ტრამპი ყოველთვის იმარჯვებს“. წიგნი, რომელიც მერედიტ მაკაივერის მონაწილეობით არის დაწერილი, ღარიბებს და ხელმოცარულებს გასაგებად უხსნის, რომ ეს მათი, და არა სხვების, ბრალია; რომ ვერ გამდიდრდნენ, რადგან საკმარისად არ იშრომეს და არ მოინდომეს; ხიფათსაც თავი აარიდეს. მისი წიგნიც იმავე ბანალურ დასკვნებს ემყარება, როგორებითაც საერთოდ სავსეა ამგვარი ლიტერატურა:

„მამაჩემი სულ ჩამჩიჩინებდა, შენ ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი უნდა იცოდე იმაზე, რასაც აკეთებო“. წიგნში არაფერს გეუბნებიან იმის შესახებ, რომ ტრამპის მამა მულტიმილიონერი იყო და კარიერის დაწყებისას დონალდს არც საწყისი კაპიტალი აკლდა და არც მრჩევლები, კავშირები, იურისტები და კონსულტანტები აკლდნენ. თვითონ მხოლოდ წინ-წინ უნდა ევლო სიმდიდრისკენ. არც გაუთვალისწინებელი პრობლემაა დასახელებული, არც კატასტროფა, არც სიკვდილი, სულ სიარული წინ! უბრალო წიგნია. ტრამპს ისიც ვერ წარმოუდგენია, რომ ამქვეყნად არსებობენ ადამიანები, რომლებიც გამდიდრებისკენ არ ისწრაფვიან, ადამიანები, რომელთათვისაც სიმდიდრე არც მიზანია და არც ცხოვრების აზრი.

ტრამპის წიგნი ბრუკლინის ბიბლიოთეკის რუსულ განყოფილებაში ვნახე. ყდაზე მისი პორტრეტია – ოდნავ თვალებმოჭუტული მიყურებს. ავდექი და სახისა და სათაურის დასაფარად წიგნს ქაღალდი გადავაკარი. კი, ძველი, მოსწავლეობის დროინდელი ჩვევაა – ბოლოს ასე ჟიულ ვერნის „80 დღე მსოფლიოს გარშემო“ დავფარე – მაგრამ სულ სხვა მიზეზით – რომ არ დასვრილიყო, დაზიანებულიყო. ტრამპი კი, ნიუ იორკში ნამდვილი პერსონა ნონ გრატაა. მისი წიგნით ხელში რომ შემნიშნონ, ალმაცერ, ეჭვნარევ თუ სულაც ზიზღიან მზერას ვერ ავიცილებ. ჰოდა, მეც ქაღალდით დავფარე და კითხვის დაწყებამდე პირველი, რამაც გონებაში გამიელვა, ეს იყო: „მდიდარი ღარიბს ვერასოდეს გაუგებს“.

ჰოგარტი

მოპსის, სახელად ტრამპის, პატრონი, უდიდესი ინგლისელი სატირიკოსი, უილიამ ჰოგარტი 1697 წელს დაიბადა. ეკლესიის ჩანაწერში უტყუარი თარიღია მითითებული. მხატვრის მამა, რიჩარდ ჰოგარტი, მასწავლებლად მუშაობდა, წიგნიც კი აქვს გამოცემული – ინგლისური ენის გრამატიკა. 1703 წელს კი ყავახანა გახსნა, სადაც მსურველებს ლათინურ ენასაც ასწავლიდნენ. თუმცა შემდეგ ყავახანა და მასთან ერთად ჰოგარტიც თურმე გაკოტრდა.

მე თვითონ ამ სტრიქონებს ბრუკლინის კაფეში ვწერ, პროსპექტ-პარკიდან მალევეა ეს ჩემი საყვარელი კაფე. შორიახლო მაგიდასთან ხანშიშესული წყვილი ზის, თმაშევერცხლილი კაცი და ელეგანტურად ჩაცმული ქალი. ტრამპის სკანდალზე საუბრობენ. „და რეალურად რამეს გამოიძიებენ?“ – კითხულობს კაცი და უიმედოდ შლის ხელებს. ქალი ფინჯანს ჩაჰყურებს, შაქრის ნატეხის გადნობას ცდილობს კოვზით და ამბობს: „არავითარი გამოძიება არ იქნება“. მერე წუთით ჩუმდებიან. კაცი ფიქრს მიჰყვება, ქალიც, ხელზე ნიკაპდაყრდნობილი, ფანჯრიდან ქუჩას გაჰყურებს. მე ჰოგარტს არ ვაშორებ თვალს – XVIII საუკუნის ინგლისში ყოფნა უფრო მსიამოვნებს.

უფროსი ჰოგარტი ვალის გადაუხდელობის გამო 1708-ში ციხეში ჩაუსვამთ. ამ დამცირებას, გაჭირვებასა და დაქვეითებას კი წარუშლელი კვალი დაუტოვებია უილიამ ჰოგარტზე. როგორია სოციალური დაცემის თავისებურებები, ბუნება – ამ საკითხის შესწავლას დაუთმო ამიტომაც მთელი სიცოცხლე. აღზევებისა და დაცემის კვლევა მის სპეციალობად იქცა, მის მთავარ გატაცებად, კარიერადაც კი.

 

 

2016 წლის არჩევნები

 

8 ნოემბრის დილა. სრული ქაოსი. თეოდორი ბაღში მიმყავს. გზად ჩემი ცოლის საარჩევნო „ხმას“ ვტოვებ საფოსტო ყუთში. მერე საარჩევნო უბანში შევდივარ და 20 წუთს ვდგავარ რიგში. ხმას ჰილარი კლინტონს ვაძლევ.

ამ გაწამაწიაში არ მშორდებოდა სიამოვნების მომგვრელი ფიქრი: „გოგონა გაჩნდა“. სხვა ყველაფერი – მეტროთი მგზავრობა, სამშობიაროში წასვლა, ლიფტი, კორიდორებში სიარული, პალატის პოვნა, ავტომატურად მოსდევდა ერთმანეთს. თითქოს მთვარეული ვიყავი, არ მესმოდა, ისე ვმოძრაობდი. პირველად ვმონაწილეობდი იმ არჩევნებში, რომელიც მართლაც რაღაცას ნიშნავდა, ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ბედნიერებას ვგრძნობდი. ამერიკაში ცხოვრებისას რაღაცებს პირველად ვაკეთებ. ყოველდღე რაღაცას ვსწავლობ. გრძელი სია გამომივიდოდა, ყველაფერი რომ ჩამომეთვალა, რამდენი რამ გავიგე ამ ქვეყანაში.

„აბა, როგორაა საქმეები?“ – მეკითხება ჩემი ცოლი.

თბილ სახვევებში გახვეულ უნას სძინავს და კრუტუნებს.

„ყველაფერი კარგადაა...“

პალატის კედელზე მიმაგრებულ ტელევიზორში დილის რეპორტაჟი გადის არჩევნებზე. ფარული ხმის მიცემის რიტუალი საინტერესო სიტუაციებს იწვევს ხოლმე, როცა, მაგალითად, არჩევნებში შეიძლება დამარცხდეს კანდიდატი, რომელსაც ნაციონალური ხმის მიცემის პროცესში უკეთესი შედეგი ჰქონდა. პენსილვანია, ფლორიდა, მიჩიგანი, ვისკონსინი, ოჰაიო – საომარ მოქმედებათა არენადაა ქცეული.

რააა?.. ტრამპი?.. არა, გამორიცხულია...

მთელი დღის ორომტრიალისა და სამშობიაროდან დაბრუნების შემდეგ, სახლში ვარ და ჩემი უფროსი შვილის, თეოდორის დაძინებას ვცდილობ: „დაწექი... – არ მეძინება; – ძილის დროა... – არა“... – ბოლოს, როგორც იქნა, კომპამდე მივაღწიე.

„მე მგონი, დაგვენძრა და ეგაა“, – მწერს ცოლი ტელეფონზე.

„უნა რა შვრება?“

„სძინავს“...

ერთ ინტერნეტტელევიზიაში „ახალგაზრდა თურქების“ საარჩევნო ტოქშოუს ვუყურებ. სტუდიაში ცხარედ კამათობენ. თურქები შემგონებლური ტონით ამტკიცებენ, რომ თეთრკანიან მშრომელებს, ტრამპს ვინც აძლევს ხმას, სინამდვილეში არ ესმით, თუ რამხელა უბედურების მოტანა შეუძლია მათ ფავორიტს. „ისევ ეს დამრიგებლური და მზრუნველი ტონი, ისევ ეს მცდელობები, როგორმე აუხსნან უბრალო მოქალაქეებს, რომ მათ არაფერი ესმით“, – ვფიქრობ ახალგაზრდა ექსპერტების შემხედვარე. მოახლოებული კატასტროფის წინათგრძნობა სულ უფრო მიტევს. ტრამპს ხომ მემარცხენეებისგან განსხვავებით არც არასდროს უცდია, ვინმესთვის აეხსნა რამე. ის მხოლოდ ახმოვანებდა უბრალო ადამიანების შიშებსა და სთავაზობდა პრობლემების გადაჭრის პრიმიტიულ გზებს: „კედელს ავაშენებთ! არალეგალებს გავყრით, დავაშრობ ბიუროკრატთა ჭაობებს ვაშინგტონში!“

„ტენესი და ალაბამა ტრამპს მიემხრნენ“. სტუდიაში იშმუშნებიან, წამყვანები უკბილოდ ხუმრობენ.

მომშივდა. ვახშამი გავათბე და ჩაი შემოვდგი ქურაზე. ეკრანთან რომ მოვბრუნდი, სტუდიაში მსხდომთა გუნება-განწყობილება შეცვლილი დამხვდა: კისერწაგრძელებული წამყვანები – მონიტორს ჩაციებულები, დაჭიმებულები ელოდებიან ახალ ამბებს.

„ფლორიდაში ლიდერობს ტრამპი“. სტუდიაში უკვე პანიკაა. წამყვანების შეხედვაც კი უკვე უხერხულობას იწვევს. გადაცემა „ამერიკული მთების“ ატრაქციონს დაემსგავსა – თითქოს, ყველაფერი მხოლოდ ერთი მიმართულებით მიისწრაფვის – დაღმართზე, კატასტროფისკენ. თავდაჯერებულობა, ხუმრობები, აღმატებისა და უპირატესობის შეგრძნება, რასაც წამყვანები ასხივებდნენ, სადღაც ქრება. მოჯადოებულივით ვუმზერ ამ ვარდნას. „როგორი დაცემაა, რა საინტერესოა; და რა საცოდაობაა, რომ ჩვენს თავს ხდება ეს“.

დემოკრატიული პარტიის ფიასკოს ფონზე, რომელიც ჩემ თვალწინ, პირდაპირ ეთერში მოხდა, ფიქრს ვიწყებ არისტოტელეს ცნობილ ფრაზაზე: „ბედნიერება უმაღლესი სიქველეა, ხოლო ბედნიერება ხორცშესხმული საქმიანობისა და ზნეკეთილობის გამოვლინებაა“.

თვალს არ ვაშორებ წამყვანების მანჭვა-გრეხას და ვგრძნობ, როგორ არ მესიმპათიურება ეს ხალხი. ერთ რამეს კარგად ვხვდები უკვე: ამ საზოგადოებაში ბედნიერების არისტოტელესეულ გაგებასა და სიქველეზე საუბარიც კი ზედმეტია. და უცებ, წამში, ჩემი ოთახი იქცევა ბნელ გამოქვაბულად. სადღაც, მანჰეტენზე კი, ჩემი ცოლი და ახლად დაბადებული ქალიშვილი ათევენ ღამეს. ბნელა. ადამიანი მარტოსული იბადება, არა? – ასეა. თბილად ჩაფუთნული უნა, ალბათ, ახლა სიზმრებში მიდის და დროდადრო ისევ კრუტუნებს.

სატირიკოსი

ჰოგარტი გესლიანი სატირიკოსია, მაგრამ მისი სატირა ზღვარგადასული არ არის – არასდროს იღებდა ხელისუფლებას ნიშანში; მისი ყველა ციკლი – მოდური ქორწინება, მეძავის საქმენი თუ მფლანგველის ცხოვრება – საშუალო და დაბალი ფენის ზნე-ჩვეულებებს აღწერს. პარლამენტარებისთვისაც დაუცინია – არსებობს სურათების სერია – „საპარლამენტო არჩევნები“ (1752-1754 წწ.), მაგრამ ერთხელაც არ დაუცინია მონარქიისა და მეფისათვის, პირიქით; არც სასახლის კარზე დატოვეს უყურადღებოდ ჰოგარტის ღვაწლი – 1757 წელს ჯორჯ II-მ პირველ მხატვრად დანიშნა.

ჰოგარტზე ახალს ვეღარაფერს დაწერ, ჩემს ნიუ იორკის ბინაშიც კი მთელი თარო უჭირავს მასზე გამოცემულ წიგნებს: კატალოგები, ალბომები და სამ ტომად დაწერილი ბიოგრაფია. ყველაფერი ცნობილია ჰოგარტის შესახებ, მაგრამ მის მიმართ ინტერესი, სწორედ მისი გესლისა და ღვარძლის გამო, არ ნელდება. უცნაური დამთხვევაა, სასაცილოა პირდაპირ, რომ სატირიკოსის ძაღლსა და ამერიკის პრეზიდენტს – ამ მართლა აბსურდს! – ერთი სახელი ჰქვიათ – ტრამპი! ამ დამთხვევამ მაიძულა, ჰოგარტის ალბომი თაროდან გადმოვიღო, რათა ყურადღებით, გულდასმით გავეცნო „მფლანგველის თავგადასავლებს“.

ამ სერიაში 8 სურათია, გრავიურები, ახალგაზრდა კაცის ცხოვრებაზე რომ მოგვითხრობს, ტომ როკვილზე, რომელსაც მემკვიდრეობით უზარმაზარი ქონება ერგო. პირველ ტილოზე გამოსახულია თერძი, რომელიც მას ახალი კოსტიუმისთვის ზომებს უღებს. როკვილმა მთელი ფული დაანიავა, სულ მთლად გაღატაკდა და სიცოცხლე სულით ავადმყოფთა თავშესაფარში დაასრულა. ამ სერიაში ყველაფერია – ერთგული მეგობრებიც და მოღალატეებიც, ღრეობებიცა და ბანქოს თამაშებიც, საპყრობილეცა და ქორწილიც, და თან – ბებრუხანაზე, მორალი კი ერთი აქვს ამ ყველაფერს – უჭკუო კაცს უდარდელობა ასამარებს.

სწორედ ეს სერია დაედო საფუძვლად სტრავინსკის ოპერას, რომლის ბრწყინვალე გაფორმებაც ჩვენს დროში დევიდ ჰოკნის ეკუთვნის. დეკორაციებსა და კოსტიუმებში ჩადებული მსგავსება ჰოგარტის ტილოებისადმი, მაყურებელს მთელი წარმოდგენის განმავლობაში არ ავიწყებს, რომ სტრავინსკის ამ ოპერის თავდაპირველი იმპულსი სწორედ ტომ როკვილის სერიაში დევს.

ესეც შენ გადაძახილი საუკუნეებს შორის.

ტრამპსაც ნუ დავუკარგავთ – მამისგან მემკვიდრეობით მიღებულ უზარმაზარ ქონებაზე ხომ ისევ ტივტივებს.

დილა

გათენდა და დავრწმუნდი, რომ ქვეყნიერების დასასრული ჯერ არ დამდგარა. კარგად ვისაუზმე და ყვავილების საყიდლად გავეშურე. ჩემი ცოლი და ქალიშვილი შინ ბრუნდებიან, ეს ამბავი უნდა აღვნიშნო.

ერთხელაც არ მახსოვს, რომ ჩვენი უბანი, ბრუკლინის ეს მხარე, ასე დადუმებულიყო. მგლოვიარეს ჰგავს ახლა. ტროტუარებზე ქარი გაზეთებსა და ნაგავს მოაფრიალებს, შუქნიშანზე ხან მწვანე, ხან წითელი ინთება, მაგრამ არც მანქანებია, არც ხალხი. კაფე „მადელაინში“, ჩვენი სახლიდან არც ისე შორს, მობილურებში ცხვირჩარგული ჰიპსტერები სხედან და ვერაფრით იგებენ, რა მოხდა ამერიკაში 8-9 ნოემბრის გასაყარზე. ქუჩაში ყვავილების გამყიდველს თვალი ვერ მოვკარი და ამიტომ მეზობელ უბანში გადავედი.

„არ მეგონა, რომ დღეს ვინმე შემოიხედავდა ყვავილების შესაძენად“, – ღიმილით მითხრა გამყიდველმა.

„თითქოს ომი წავაგეთ, არა?... – ვუპასუხე, – მე კი გუშინ გოგონა შემეძინა“.

ტყუილების ოსტატი

ტრამპი იტყუება ხშირად და ვნებით. ტყუილიც კი აღარ ჰქვია ამას, ოღონდ, ცხადია, ვერც სიმართლედ იქცევა. რასაც ამბობს, ალტერნატიული მსოფლიოდან გამოხმობილ ფაქტებს ჰგავს, სხვას არაფერს. დაიწყო თუ არა ეს ქანცის გამწყვეტი საპრეზიდენტო კამპანია, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანი ვერსად გაექცეოდა, გაჩნდა ახალი ტერმინი „ფეიკ-ნიუსები“. ინტერნეტი გაივსო მოჩმახული ახალი ამბებით, ტრამპი იქცა კონვეიერად, რომელიც ყალბ ახალ ამბებს ავრცელებს.

როგორც ვიცით, არჩევნების წინ თითოეული კანდიდატი მოვალეა, წარმოადგინოს გადასახადების დოკუმენტაცია. ასეც მოიქცა კლინტონი, მისი ფინანსების შესახებ ყველაფერია ცნობილი. ტრამპმა კი უარი თქვა დოკუმენტების წარდგენაზე. ყოველდღე ტყუილს ტყუილზე ამბობდა: დამალა სიმართლე რუსეთში ბიზნესის თაობაზე, მოიტყუა, რომ თანამშრომლების შვილებს უფასოდ მოემსახურნენ მის კუთვნილ სასტუმროებში (სინამდვილეში – თურმე, სასტუმროს კლიენტების შვილებს). ისიც კი თქვა, თითქოს პუტინს შეხვდა, ქველმოქმედება გასწია, ერაყის ომის წინააღმდეგი ვიყავიო... და ბოლოს ისიც თქვა, რომ (ვითომ) ათასობით სირიელი ტერორისტია ფარულად შეგზავნილი ქვეყანაში.

ტრამპი-პრეზიდენტის უზარმაზარი ფიგურა სპილოსავით გადაეფარა ჰორიზონტს, მოკლედ. იმ დღეებში ხშირად ვფიქრობდი მასზე და სიცრუის ბუნებაზე, რადგან ვცდილობდი, გამეგო, რა აიძულებს ადამიანს, რომ სინამდვილე გააყალბოს; ფაქტები ისე აურ-დაურიოს, როგორც კარტები ბანქოს თამაშში. ამ შეკითხვაზე შეიძლება რამდენიმე პასუხი მოიძებნოს. პირველი, და ყველაზე მარტივი, ჩვეულებრივი პირადი გამორჩენაა. მაგრამ უფრო საინტერესო შემთხვევაც არსებობს. გავიხსენებ კლიფორდ ირვინგს – მწერალსა და ჟურნალისტს, ფალსიფიკატორს, მილიონერ ჰოვარდ ჰიუზის ყალბი ავტობიოგრაფიის ავტორს.

აი, როგორ ხსნის ირვინგი სიცრუეს: „ერთი კი ჩავჯექი სიცრუის მატარებელში, მაგრამ ჩამოსვლით ვეღარ ჩამოვედი, გიკვირთ, ასე ხელაღებით როგორ ვიტყუებოდი? თუ რაიმე მჯეროდა იმისა, რასაც გეუბნებოდით? დანამდვილებით მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მას ნამდვილად შევხვდი და დავიჯერე, რომ მისი ცხოვრება ყველა ბიოგრაფზე უკეთესად მე ვიცოდი, რადგან ეს ბიოგრაფია სინამდვილეში მე მოვიგონე“.

„ეს ცხოვრება სინამდვილეში მე მოვიგონე“, – აი, ტრამპის მოტივაციისა და მოქმედების გასაღები.

 

 

სატირა

ტრამპის ეპოქაში გადარჩენის საშუალებად ბევრისთვის „შინაგან ემიგრაციაში“ წასვლა იქცა. ვხედავ, ჩემი ამერიკელი მეგობრები როგორ „მიემგზავრებიან თავიანთ სამყაროში“. ტოვებენ ქალაქს და რაიმე ხელობის შესწავლას იწყებენ: „კალათებს ვწნავ. კერამიკას ვსწავლობ“, – მეუბნება შორს, მონტანის შტატში, სოფელში საცხოვრებლად გადაბარგებული ერთი ნიუიორკელი ჟურნალისტი.

„მერე როგორია?“

„როგორია და სული მღერის“.

როცა სერგეი დოვლატოვი ბროდსკის იხსენებს, წერს საბჭოთა კავშირში ცხოვრების დროინდელ მის ერთ გასაოცარ უნარზე. „ბროდსკის შეეძლო, საბჭოთა სინამდვილე „არაფრად ჩაეგდო“, – მან ქცევის არგაგონილი მოდელი შექმნა, თითქოს პროლეტარულ სახელმწიფოში კი არ ცხოვრობდა, არამედ საკუთარი სულის მონასტერში. ის არ ებრძოდა რეჟიმს. არ იმჩნევდა. წესიერად არც კი იცოდა მისი არსებობა. ეს ვითომ ჩაუხედაობა საბჭოეთის ამბებში თვალთმაქცობა იყო, მაგალითად, ის, რომ ძერჟინსკი თურმე ისევ ცოცხალია, ან ასეთი რამ: „კომინტერნი“ მუსიკალური ანსამბლის სახელია. ვერ ცნობდა პოლიტბიუროს წევრებს. როცა მისი სახლის ფასადზე მჟავანაძის ექვსმეტრიანი ფიგურა გამოჭიმეს, ბროდსკიმ იკითხა? – ეს ვინ არის? – უილიამ ბლეიკს ჰგავს. მეცინება, ამას რომ ვიხსენებ. მესმის ბროდსკისა. მართალია ბროდსკი. მეც მინდა, რომ ყურადღება არ მივაქციო რეალობას, მაგრამ... არაფერი გამომდის. ბროდსკისთვის საკმარისი იყო, მოსაწყენი საბჭოთა ტელევიზიისკენ არც კი გაეხედა და არც საზიზღარი გაზეთები წაეკითხა. ჩვენთვის კი ძნელია, ყოველდღიურ მოვლენებს სადმე გაექცე. გარშემო სულ ახალი ამბებია. ექსპერიმენტის მსხვერპლი ვართ. ჩვენ თვალწინ ტრიალებს მთელი ქვეყნიერების კოშმარები, გოიას ფუნჯსაც რომ შეშურდებოდა, იმ მასშტაბის. შეშფოთებულნი ვუყურებთ ნგრევას, ომს, დევნას, სისასტიკეს, მკვლელობებს. გადაგვარებას; ვხედავთ, რომ ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ, ნამუსგარეცხილები ცრუობენ, ვუყურებთ სისხლის აღრევისა და კაციჭამიობის შემთხვევებს.

„თუ ტრამპი გახდება პრეზიდენტი, გაგშორდები“, – მეხუმრებოდა წინათ ჩემი ცოლი. ტრამპი მართლა პრეზიდენტი გახდა, მაგრამ ჩვენ ისევ ერთად ვცხოვრობთ. ხუმრობაც დამთავრდა, ის კი, რასაც პირდაღებულები შევყურებთ, ისტორიაა, რომელიც ჩვენ თვალწინ ხდება, ძალიან სწრაფად დატრიალებული ისტორია; იმაზე სწრაფად, ვიდრე წარმოვიდგენდით.

„წარმოგიდგენია ეს უტვინო? ვინ დაიჯერებდა, რომ...“

„მე...“

„შენ?“

ჩემი პასუხი მე თვითონ მზარავს.

2018 წ., მარტი, ნიუ იორკი

დადგა გაზაფხული. ოკეანის ქარები უბერავს. ხან წვიმს. თოვს კიდეც. მზე შიგადაშიგ ანათებს. ამ ამინდმაც გული გააწყალა. დღეს ლიფტში შარფებში გახვეული მეზობლების ლაპარაკს შევესწარი: – აღარ ვიცი, სად დავემალო ამ ახალ ამბებს, – ამბობს ერთი და თვითონვე უკვირს. – როგორც თხლეს, ისე გვასხამენ შლანგებით, არა?“ – სიტყვას აგებებს ზედა სართულზე მცხოვრები ქალბატონი.

– გუშინ ტრამპმა სახელმწიფო მინისტრი დაითხოვა და ამის შესახებ ტვიტერით აუწყა, – საუბარში ვერთვები მეც.

ვისუსებით. სიჩუმეა. ერთადერთი რამის ამოხსნას ვცდილობთ ჩვენთვის: რას ნიშნავს ეს ცვლილებები ქვეყნისთვის. ტილერსონის ბედი კი არ მადარდებს, არამედ მისი პოსტიდან დათხოვნის მანერა მაგიჟებს.

საღამოა. ჩემი მეხუთე სართულის ჩაბნელებული ბინის ფანჯრიდან თვალს ვადევნებ ცაში მოციმციმე თვითმფრინავებს – აეროპორტისაკენ მიფრინავენ, დასაშვებად გამზადებულები. ჩემ წინ, კომპიუტერის ეკრანზე კი ტრამპის ტექსტი კრთება: „ჩვენი ქვეყნის ახალი სახელმწიფო მდივანი იქნება მაიკ პომპეო, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი. თავის ფუნქციას ამ ახალ თანამდებობაზე ფანტასტიკურად შეასრულებს. მადლობას ვუცხადებთ რექს ტილერსონს გაწეული სამსახურისთვის. ცსს-ს დირექტორის პოსტს კი ჯინა ჰასპელი ჩაიბარებს – პირველი ქალი ამ თანამდებობაზე. გილოცავთ ყველას!“

ალბათ, ამ სამყაროში რაღაცები მარადიულია და ყოველთვის იარსებებს: პოლიტიკოსთა არაკომპეტენტურობა და კორუფცია, პირველ რიგში. და ამ დროს ისევ ჰოგარტის ნახატები მახსენდება: XVIII საუკუნე, ლოთობა, ჯანყი, ძარცვა-გლეჯა. და ველი, როდის გამოჩნდება ტრამპის ეპოქაშიც ჰოგარტისთანა დიდი სატირიკოსი; ვინმე, ვინც მთელ ამ უმსგავსობას, რაც მსოფლიოში ხდება, ვიზუალურ სიმბოლოდ აქცევს, ერთ სურათ-ხატში გააერთიანებს.

მაგრამ სადღაა, აბა, ჰოგარტის მსგავსი გენიოსები?

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი