logo_geo
„სახლიდან რომ წავიდა, მამიდაჩემს უთხრა, კატო, იცოდე, სულ მეყვარებიო“ - დაღუპული მეშახტის ნათესავი
- +

17 ივლისი. 2018. 03:03

 

 

მინდელის შახტში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის ერთ-ერთი 50 წლის მურმან ლილუაშვილი იყო.

 

გარდაცვლილი მეშახტის ნათესავი, „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, რომ ბიძამისს, რომელიც შახტაში 37 წლის განმავლობაში მუშაობდა, 3 შვილი დარჩა. მათ შორის ერთ-ერთი, გუშინდელი აფეთქების დროს შახტაში იმყოფებოდა, თუმცა ამ უბედურ შემთხვევას გადაურჩა.

 

„ჩემი მამიდაშვილი გადარჩა წუხელ. მამა-შვილი ერთად მუშაობდნენ მაღაროში. მამიდაშვილი სხვა მიმართულებით წავიდა, ის საწყალი კიდევ იმ მიმართულებით, სადაც წინაზე აფეთქება მოხდა“, - გვიყვება გარდაცვლილი მეშახტის ნათესავი, რომელიც აღნიშნავს, რომ ბიძამისი თავისი საქმის პროფესიონალი იყო და შახტაში მომხდარ აფეთქებას, სავარაუდოდ, რომელიმე მეშახტის არასწორი ქმედება გამოიწვევდა.

 

„ბიძაჩემი თავისი საქმის პროფესიონალი იყო, ვიღაცამ რაღაცა ვიღაცამ არ გააკეთა ალბათ. 50 წლის იყო, სამი შვილი დარჩა. მე მეუბნებოდა ბიძი, შენ მეოთხე ხარო გულში მიხუტებდა და სახლიდან რომ წავიდა, მამიდაჩემს უთხრა, კატო, იცოდე, სულ მეყვარებიო. მამიდაჩემმა ფანჯრიდან დავინახე როგორი დარდიანი თვალები ჰქონდაო", - უყვება „პრაიმტაიმს“ გარდაცვლილის ნათესავი.

 

ბოლო 3 თვის განმავლობაში ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ტრაგედია უკვე მეორედ მოხდა.

 

მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქება გამთენიისას მოხდა, გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 6 ადამიანი. დაშავებულები მძიმე დამწვრობით საავადმყოფოში იმყოფებიან, რამდენიმე მათგანი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოჰყავთ.

 

დაშავებულები ტრაგედის მიზეზს ვერ ასახელებენ. პირველად ინფორმაციით, ამჯერად ტრაგედია მეტანის აფეთქებამ გამოიწვია, რასაც შახტში ჭერის და კედელების ჩამოშლა მოჰყვა.

 

მინდელის სახელობის შახტში აპრილში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი