logo_geo
სოზარ სუბარი: მინდელის შახტში იყო დარღვევები, რამაც ტრაგედია გამოიწვია...
- +

19 ივლისი. 2018. 03:06

 

 

„მინდელის შახტში დარღვევები იყო, რამაც ტრაგედია გამოიწვია და რისი თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო“, – განაცხადა რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

 

„ვიდრე საბოლოო დასკვნები არ დაიდება, ამ ეტაპზე, ამაზე მეტს არ ვიტყვი და არც უწყებები იტყვიან.

 

ავტორიტეტული კვლევითი კომპანიის მიერ ზუსტი დასკვნის დადების შემდეგ შეგვეძლება ვთქვათ, რა გზით მივდივართ, ამ შახტების ფუნქციონირება და ადამიანური ტრაგედიების თავიდან აცილება მართლაც შეუძლებელია, თუ შესაძლებელია, შახტებმა ცივილიზებულად იფუნქციონირონ. თუ კითხვა დაისვა, ამ შემთხვევაში, ჩვენ ამ თუ-ს მოვხსნით იმით, რომ ყველა შემთხვევაში ვიფიქრებთ, ტყიბულისთვის რა ალტერნატივების გამონახვა შეიძლება, რადგან ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ძვირფასი არაფერია.

 

საზოგადოებას ვარწმუნებ, დასჯილი იქნება ყველა დამნაშავე, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება“, – განაცხადა სუბარმა.

 

როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, ტყიბულში თუ სხვაგან, ტრაგედიის ბოლომდე გამორიცხვა შეუძლებელია, მაგრამ უსაფრთხოების სისტემების უქონლობის გამო, მუდმივად იმის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ რამდენიმე თვეში ერთხელ ტრაგედია მოხდება.

 

მისი თქმით, „ინდუსტრიულ ჯგუფს“ სახელმწიფოს მიმართ აქვს გარკვეული ვალდებულებები, რომლებიც შესრულებული არ არის.

 

„მეშახტეთა ხელფასებს რაც შეეხება, „ინდუსტრიული ჯგუფის“ მიერ პირველივე დღეს ითქვა, რომ ისინი მეშახტეების მინიმუმ, ერთი თვის ხელფასს უპრობლემოდ გადაიხდიან. ვფიქრობ, ისეთი ბალანსი მოინახება, რომ თანამშრომელთა მოთხოვნებიც დაკმაყოფილდეს და ძალიან არც ამ კომპანიამ იზარალოს. ამ პოლიტიკის გატარებაში სახელმწიფო მინიმუმ, შუამავალი იქნება და თუ საჭირო გახდება, უფრო მეტადაც ჩაერევა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას 16 ივლისს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

 

ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.

 

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მინდელის სახელობის შახტის დახურვის შესახებ. მისი ინფორმაციით, შახტი მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება.

 

 

big_banner
არქივი