logo_geo
ნოდიკო ტატიშვილი: დიდი ხანია, აღარავისთვის მითქვამს - „მიყვარხარ“...
- +

20 ივლისი. 2018. 00:07

 

 

 

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი ბოლოდროინდელი ჯილდოს - „ოქროს ტალღის“, საზაფხულო, დასვენებასთან დაკავშირებული თემების, პირადი ცხოვრებისა და მასზე სხვადასხვა დროს გავრცელებული „სულელური ჭორების“ შესახებ გაზეთ „გზას“ ესაუბრა, რომლებსაც უკვე „ერთ ყურშიც აღარ უშვებს“.

 

„არანაირი მილიონები, სასახლეები და თანამდებობები არ მირჩევნია ამას!“

 

- ძალიან მიხარია, რომ ეს დაჯილდოება არსებობს, ხუთი „ოქროს ტალღა“ მაქვს, აქედან ორჯერ - მთავარი პრემია ავიღე, წელს კი მე და სალომე ბაკურაძე გრან-პრის - წლის სიმღერის პრემიის მფლობელები გავხდით, თავისი ხუთი ათასი ლარით. ეს ჯილდოები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია: მთელი წელი რომ შრომობ, მერე გიფასდება. რადიოში ოთხი ახალი სიმღერა წარმოვადგინე და სამი ვიდეოკლიპი გადავიღე. ხალხი ამას აფასებს და ეს მომღერლისთვის ყველაზე დიდი ჯილდოა. არანაირი მილიონები, სასახლეები და თანამდებობები არ მირჩევნია ამას. ჩემთვის მთავარი ხალხის სიყვარულია!

 

ცხელი ზაფხული, დასვენება სიგრილეში და ეგზოტიკური ზამთარი

 

- რაც შეეხება ზაფხულსა და დასვენებას, ზამთარში, ჩვენთან ძალიან რომ ციოდა, მეგობრებთან ერთად, ეგვიპტეში წასვლა მოვახერხე. ზაფხულში, თბილისში რომ გაუსაძლისი სიცხეა, ბაკურიანი მიყვარს, თუმცა, ზამთარში არ ვგიჟდები იქაურობაზე. ზოგადად, სიგრილე მიყვარს მაშინ, როცა ცხელა და როცა დრო მაქვს, ყოველთვის მივდივარ იქ, საღამოობით ტემპერატურა საგრძნობლად ეცემა. სითბო და სიცხე მაშინ მომწონს, როცა ჩვენთან ზამთარია და ამ დროს, სადმე ზღვისპირეთში მივდივარ. დიდხნიანი დასვენებები არ მიყვარს, ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის დავბრუნდები, მუშაობას როდის დავიწყებ.

 

„ზოგ ქალაქში თავს ტურისტად ვერ ვგრძნობ“

 

- სხვათა შორის, ბევრი ქალაქია ისეთი, სადაც უფრო შინაურულად ვარ და თავს ტურისტად, სტუმრად ვერ ვგრძნობ. მაგალითად, იტალიის რამდენიმე ქალაქი - რომი, მილანი, ვენეცია, ფლორენცია, ნეაპოლი. ახლახან პირველად ვიყავი ვენაში და ძალიან მომეწონა. ლონდონში როცა ვარ, მგონია, რომ სახლში ჩავედი. პარიზიც ძალიან მიყვარს და ყველაზე მეტად მსიამოვნებს, როცა იქ იმ ადამიანებთან ერთად მივდივარ, რომლებიც ამ ქალაქში პირველად ჩადიან და მათთვის გიდი ვარ, შემიძლია სრული ექსკურსია ჩავუტარო. ბარსელონა, სტოკჰოლმი და შვედეთიც ძალიან მიყვარს. პრაღა კი ფავორიტია, ორჯერ ვარ ნამყოფი და ზღაპრულ ქალაქს მაგონებს. ევროპაში თითქმის ყველაფერი ნანახი მაქვს, მხოლოდ პორტუგალიასა და პოლონეთში არ ვარ ნამყოფი. ევროპას თუ გავცდებით, ზოგადად, მგონია, რომ ყველაზე მაგარი ქალაქი ნიუ-იორკია. ეს არის ერთადერთი ქალაქი, სადაც ალბათ, რაღაც პერიოდი ვიცხოვრებდი.

 

„მხიბლავს, როდესაც ლამაზ ქალს ვხედავ“

 

- ყველა ერს აქვს რაღაც თავისებური ხიბლი. სტანდარტები და დოგმები არ მაქვს, რომ ქალს თვალი ან თმა რომელიმე კონკრეტული ფერის უნდა ჰქონდეს. ზოგადად, ის უფრო მხიბლავს, როდესაც ლამაზ ქალს ვხედავ, რომელსაც კონკრეტული ერისთვის დამახასიათებელი შტრიხები აქვს და ვცნობ, რომელი ერის წარმომადგენელი შეიძლება იყოს. როგორც ქართველ ქალს აქვს თავისი იერი, ასევე არიან სხვებიც. სულ რომ ათასი ქალი იყოს, მაინც მიხვდები, ქართველი რომელია.

 

რომანი უცხოელ მანდილოსნებთან

 

- მქონია, როგორ არა. „ჯეოსტარამდე“ ბევრი კონკურსი მოვიარე, მერეც არაერთი გასტროლი მქონდა და რამდენიმე გოგონასთან დღემდე მაქვს შემორჩენილი ურთიერთობა. ფლირტიც მქონია, საკურორტო რომანებიც და ა.შ. თუმცა, საკურორტო რომანები იქვე მთავრდება. იყო შემთხვევები, როცა ცოტა დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ მერე მაინც დამთავრდა. ჩემს პირად ცხოვრებაში ურთიერთობები, ხშირ შემთხვევაში, მალე სრულდება.

 

- რა არის ამის მიზეზი?

 

- ვერ გეტყვით, ალბათ, რაღაც პერიოდის შემდეგ ხვდები, რომ ის "ის" არ არის, ვინც გეგონა, რომ იყო. ალბათ, ისიც ხვდება, რომ შენ ბოლომდე ისეთი ვერ ხარ, როგორიც მას უნდოდა, რომ ყოფილიყავი. ჩვენ ხომ შინაგანად ჩვენი მოთხოვნები გვაქვს. მამაკაცს მაინც ყოველთვის წარმოუდგენია, როგორი შეიძლება იყოს თავისი სასურველი ქალი. დოგმები არ მაქვს, მაგრამ შინაგანად ხომ ვხვდები. ალბათ, ბევრი შეცდომაც მაქვს დაშვებული. პატარა ასაკში გადაწყვეტილებას სწრაფად ვიღებდი და მაგალითად, ორი კვირის მერე, მარტივად შემეძლო მეთქვა „მიყვარხარ“. დრო რომ გადიოდა, მერე ვფიქრობდი, რამ მათქმევინა-მეთქი?.. რადგან ამით შენ მიმართ სხვანაირად განაწყობ ქალს, მასაც გრძნობები უჩნდება, ანალოგიურად გპასუხობს და უკვე ჩიხში შედიხარ. ახლა ასე აღარ ხდება. ახლა, ძალიან დიდი ხანია, "მიყვარხარ" აღარ მითქვამს. მგონია, რომ სანამ ასეთ მნიშვნელოვან რამეს იტყვი, ბევრი უნდა იფიქრო. დროა მნიშვნელოვანი, რომელიც წყვილს სჭირდება, რომ ერთმანეთი გამოცადოს, ოღონდ - არა ცუდი გაგებით. ხშირად უნდა იყვნენ ერთად, ერთმანეთი ბევრ სიტუაციაში ნახონ, იმავე ხასიათის თვალსაზრისით, შინაგანი სამყარო ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს რაღაც პრინციპები, ღირებულებები, ფასეულობები, რაც შეიძლება ჩემთვის სხვაა და მისთვის რადიკალურად სხვა რამ აღმოჩნდეს.

 

ამიტომ, საბოლოო ჯამში, ის ადამიანი, ვისაც ცხოვრებას დაუკავშირებ, ყველანაირი უნდა გიყვარდეს, პატივს სცემდე და ა.შ. ალბათ ეს არის ნამდვილი სიყვარული. ახალგაღვიძებულს რომ შეხედავ, მაშინაც უნდა იგრძნო, რომ ძალიან გიყვარს და გამოპრანჭულს რომ შეხედავ, მაშინაც... ჰოდა, მითქვამს - „მომწონხარ“, მაგრამ „მიყვარხარს“ აღარ ვამბობ - ამ სიტყვას ძალიან ვუფრთხილდები, რადგან ადრე 1-2 შეცდომა დავუშვი, ამის გამო გულიც ვატკინე. გარკვეული ასაკი რომ გემატება, ხვდები, რომ ამ შეცდომების არდაშვება შესაძლებელია. ადამიანს შეუძლია ენას კბილი დააჭიროს და არ „გაექცეს“. როცა უკვე ძალიან გიყვარს, ამ სიტყვის თქმის აუცილებლობა შეიძლება აღარც იყოს, თუმცა, თავისი მაგიური ძალა მაინც აქვს...

 

ის, რაც ურთიერთობაში უმთავრესია

 

- ყველაფერი მნიშვნელოვანია. რაღაცნაირად ერთნაირები უნდა ვიყოთ: ხასიათით, ინტერესებით, ერთმანეთის დაფასებით, ერთმანეთის პროფესიების პატივისცემით. როცა პატივს სცემ, აღარც ღალატობ, ერთგულიც ხარ, უსმენ და მიუხედავად იმისა, ეთანხმები თუ არა, მის აზრს ითვალისწინებ, ანუ პატივისცემა და ნდობაა მთავარი.

„შეზღუდვები მარაზმია“

 

- როცა გიყვარს და პატივს სცემ, ენდობი კიდეც, ერთგულიც ხარ და მერე უკვე ცოტა მანიაკი უნდა იყო, შეზღუდვები და რაღაც სისულელეები რომ დაიწყო - მოკლე კაბა არ ჩაიცვა, წითელ პომადას ნუ ისვამ და ა.შ. მარაზმია, უხერხულია. ჩემგან რაღაცების დაწესება, ჩემს მეორე ნახევარს ნამდვილად არ ექნება. აკრძალვები და შეზღუდვები სამოსთან ან სადმე წასვლასთან დაკავშირებით, მგონია, რომ ურთიერთობას აუფასურებს. რაც შეეხება ეჭვიანობას: ერთმანეთის მიმართ, წყვილი რაღაც დოზით ეჭვიანი არის. ოღონდ, ეს სიმახინჯესა და ავადმყოფობაში არ უნდა გადავიდეს. თუმცა, ზოგადად, არც ესაა კარგი.

 

ქალი და სამზარეულო

 

- ცოლქმრული ურთიერთობა ცალმხრივი არ უნდა იყოს, ისინი ერთმანეთს უნდა უვლიდნენ, ორივე შემდგარი ადამიანი უნდა იყოს, საკუთარი საქმე ჰქონდეთ, მაგრამ არ უნდა ავიწყდებოდეთ, რომ ოჯახი აქვთ და მზრუნველობა აუცილებელია. არ ვფიქრობ, რომ ქალი ვალდებულია, 24 საათი სამზარეულოში იდგეს და საჭმელი აკეთოს. ეს მეც გამიკეთებია, მათ შორის, ჩემი ოჯახის წევრებისთვისაც და თუ საჭირო იქნება, მომავალშიც გავაკეთებ. უარვყოფ მოსაზრებას, როცა ამბობენ, რომ ქალი სამზარეულოსთვისაა გაჩენილი. მონა არც ქალი უნდა იყოს და არც - კაცი.

 

ჭორები, ჭორები...

 

- როცა „ჯეოსტარში“ გავიმარჯვე და ყველამ გამიცნო, ჭორებს მაშინ უფრო ვაქცევდი ყურადღებას. ახლა დავიფიცებ, რომ ბოლო 2-3 წელია, საერთოდ აღარ ვაქცევ ყურადღებას. საკუთარ თავში შევიმუშავე, რომ ჭორები, მოგონილი ამბები არ მაინტერესებს, რადგან ჭორაობა თავადაც არ მიყვარს. არ მიყვარს ადამიანების შეწუხება ასეთი თემებით და არც ის მიყვარს, როცა ამით მე მაწუხებენ.

 

ბოლო პერიოდში „განგაშია“ - როდის უნდა მოიყვანო ცოლი? ეს ასეთი მარტივი არ არის. უტაქტობაცაა. საერთოდ, მგონია, რომ იმაზე, რაც პირადულია, დიდი დოზით საუბარიც უტაქტობაა. თუმცა, ბევრს აინტერესებს და ესეც მესმის. ჭორს რომ გავიგებდი, ადრე, ერთ ყურში ვუშვებდი, გონებაში მრჩებოდა და განვიცდიდი, მერე გადავედი იმ ფაზაში, რომ ერთ ყურში შევუშვებდი და მეორედან გამოვუშვებდი, ახლა კი იმ ერთ ყურშიც აღარ ვუშვებ, ამიტომ ძალიან ლაღად და ბედნიერად ვცხოვრობ. რაღაცები ღლის ადამიანს და მე იმდენად ვარ ჩემს საქმეზე ორიენტირებული, რომ დღეს ჩემთვის ესაა ბევრად უფრო პრიორიტეტული, ვიდრე ჭორები ან პირადი ცხოვრება.

 

„უსაფუძვლოდ დაწყვილებულები“

 

- ადრე ერთ-ერთმა ჟურნალმა ჩემი და თეა წულუკიანის ფოტო დაბეჭდა, რუბრიკა იყო ყველაზე შეუსაბამო წყვილები. ერთი პერიოდი ჩემსა და მარიამ როინიშვილზე ისეთი ინტენსიური ჭორები იყო, რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა მომილოცა კიდეც, - მიხარია თქვენი ამბავიო. ერთმა, როცა ვუთხარი, ტყუილია-მეთქი, მტკიცება დამიწყო: არა, არ არის ტყუილიო. მერე თვითონაც მიხვდა, რას ამბობდა. ბევრ ვინმესთან დავუწყვილებივართ, მაგრამ ესეც აღარაა პრობლემა.

 

- ზოგი ჭორი ადამიანის რეპუტაციას ძალიან ვნებს.

 

- იცით, არა მგონია, რომ ჭორები ვნებდეს. ადრე ბევრ ისეთ სისულელეს ამბობდნენ, რომ მართლა განვიცდიდი, მაგრამ რადგან ახლა საერთოდ არ ვინტერესდები ასეთი რაღაცებით, კარგად ვარ. ერთხელ მითხრეს ოჯახის წევრებმა, შენ ცნობილი მომღერალი ხარ, რაღაცებზე ფიქრს მოეშვი და ამ ყველაფერს შეეგუე, შენი საქმე აკეთეო. მე ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს, ვარ ის, ვინც მინდოდა ვყოფილიყავი და ვალდებულება მაქვს, ეს ყველაფერი გავატარო, თავის ნებაზე მივუშვა. ფსიქოლოგიურადაც გაწონასწორებული ვარ, აფექტში ჩავარდნა და ისტერიკები არ მჩვევია, ვცხოვრობ მშვიდად, ვაკეთებ ჩემს საქმეს და ამით ბედნიერი ვარ!

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი