logo_geo
რეზონანსი: პირველი აგვისტოდან თურქეთში ქართველ მძღოლებს დააჯარიმებენ
- +

20 ივლისი. 2018. 17:12

 

 

„რეზონანსის“ ინფორმაციით, ქართული სანომრე ნიშნების მქონე მიკროავტობუსებს თურქეთის ტერიტორიაზე 1 აგვისტოდან დააჯარიმებენ. ჯარიმის ოდენობა 180 ევროა, პლუს 15 დღით ავტოსადგომზე იძულებითი გადაყვანა. მიზეზი, 1992 წლის 30 ივლისს ქ. თბილისში ხელმოწერილი „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის საერთაშორისო საგზაო მიმოსვლის შესახებ” ხელშეკრულებით -კლასი Mმ1 (მინივენი), კატეგორია „ბე“, მგზავრთა რაოდენობა (7+1) ავტომანქანების რეგულაცია არ არის გათვალისწინებული.

 

თურქული კანონებით, ტრანსპორტს მგზავრთა გადაყვანისთვის სპეციალური ნებართვა სჭირდება. ნებართვის არარსებობის შემთხვევაში ჯარიმა 180 ევრო და 15 დღით მანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანაა.

 

ქართული მხარის თქმით, მოლაპარაკების რესურსი ამოწურულია და კანონის ამოქმედება გარდაუვალია, რადგან ასეთია თურქეთის პოზიცია. ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტები მოლაპარაკების პროცესში ეკონომიკის სამინისტროს ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობენ.

 

საქართველოს გენერალურმა საკონსულომ ქ. ტრაპიზონში თურქეთის ტერიტორიაზე „მინივენ კლასის“ ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგულაციასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

 

როგორც განცხადებაში წერია, ავტომანქანების კომერციული საქმიანობა რეგულირდება ადგილსამყოფელი ქვეყნის შიდა კანონმდებლობით.

 

„1992 წლის 30 ივლისს ქ. თბილისში ხელმოწერილი „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის საერთაშორისო საგზაო მიმოსვლის შესახებ“ ხელშეკრულებით - კლასი Mმ1 (მინივენი), კატეგორია „ბე", მგზავრთა რაოდენობა (7+1) ავტომანქანების რეგულაცია არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, მათი კომერციული საქმიანობა რეგულირდება ადგილსამყოფელი ქვეყნის შიდა კანონმდებლობით.

 

ჩვენ მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, 2016 წლიდან დღემდე სანქციები არ გამოიყენებოდა საქართველოს მოქალაქეთა მიმართ, მაგრამ საჩივრების საფუძველზე, ბოლო პერიოდში თურქეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებს ჩამოართვეს კუთვნილი ავტომანქანები. მათ მგზავრები უნებართვოდ გადაჰყავდათ.

 

თურქეთში არსებული რეგულაციების თანახმად, უნებართვო კომერციული საქმიანობა და მგზავრთა გადაყვანა ისჯება ადმინისტრაციული ჯარიმით 1003 თურქული ლირის ოდენობითა (180 ევრო) და 15 დღით ავტოსატრანსპორტო საშუალების საჯარიმო სადგომზე გადაყვანით.

 

არსებული ვითარების დარეგულირების მიზნით, გენერალური საკონსულო კვლავაც აგრძელებს მუშაობას ართვინის ვილაიეთის გუბერნატორის შესაბამის სამსახურებთან და მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, ერთ თვეში 7 ავტომანქანა ავტოსადგომზე იძულებით გადაიყვანეს. აქედან დღეისათვის 5 სატრანსპორტო საშუალება გამოსულია საჯარიმო სადგომიდან და დაბრუნდა სამშობლოში", - ნათქვამია საკონსულოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

 

თურქეთის საზღვარზე გადასვლაზე პრობლემები ბოლო პერიოდში შეიქმნა. სატვირთო მანქანების მძღოლები ამბობენ, რომ თურქეთში შესვლის ნებართვას უკვე ორი კვირაა ვერ იღებენ, საერთაშორისო გადაზიდვებს კი სწორედ თურქეთში ახორციელებენ. ისინი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სარფში ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი