logo_geo
„პურმარილზე ყოფნაც მიყვარდა, სიმღერაც, ჩხუბიც შემეძლო, ქალებისკენაც მებრიცებოდა თვალები“
- +

21 ივლისი. 2018. 01:18

 

 

 

ქართული კინოსა და თეატრის ისტორია საგულდაგულოდ ინახავს დიადი ვარსკვლავების სახელებს, ერთ-ერთი ასეთი ხელოვანი ოთარ მეღვინეთუხუცესია, რომლის სასცენო და კინოროლები მაყურებელს სამუდამოდ დაამახსოვრდა. 



ყველაფერი კი ასე დაიწყო...


ოთარ მეღვინეთუხუცესი 1932 წლის 16 იანვრს, თბილისში დაიბადა. თავის ასაკთან შედარებით საკმაოდ დინჯი გახლდათ. მაშინდელ პიონერთა სასახლეში დადიოდა, ჯერ დრამწრეზე, მერე კი "პიონერფილმში", თუმცა ფეხბურთი ისე უყვარდა, უბნის ბიჭებთან თამაშზე არასოდეს ამბობდა უარს.

 

გავა დრო და უკვე სახელგანთქმული იტყვის, რომ არა პიონერთა სასახლე, მსახიობი ვერ დავდგებოდიო. ოთარმა იქ გაიცნო თენგიზ არჩვაძე, რომელიც შემდეგ მისი მეგობარი და პარტნიორი გახდა არაერთ ფილმში.


"გრატიაშვილი იყო რეჟისორის თანაშემწე, ერთ მშვენიერ დღეს, ის მეუბნება, ბედნიერი კაცი ხარო, მე ვთქვი, ალბათ იმიტომ, მარჯანიშვილის თეატრმა 

რომ მიმიღო-მეთქი. ჩამეღიმა, არა, მე სხვა რამეს ვგულისხმობ, სპეციალურად შენს სანახავად მოვიდა ვერიკო ანჯაფარიძე, კულისებიდან გიყურებდაო. ეს ისე დამამახსოვრდა, როგორც ჩემი ბიოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილი, თურმე ასე დაწყებულა ჩემი სცენაზე ფეხის ადგმა", - ამბობდა მსახიობი. 



თეატრის პარალელურად 1958 წლიდან ფილმებშიც იღებდნენ. მსახიობმა ითამასა ისეთ ფილმებში როგორის არის, ჯამბულატი ("ფატიმა")", გიგა ბეთანელი ("კეთილი ადამიანები")", ჯოყოლა"("ვედრება")", მეფე გიორგი ("დიდოსტატის მარჯვენა")", არზაყანი ("მთვარის მოტაცება")", ვახტანგი ("მზე შემოდგომისა")," ელიოზი ("ნატვრის ხე")...


ოთარ მეღვინეთუხუცესის მოღვაწეობის ისტორიაში ცალკე ადგილი უჭირავს "დათა თუთაშხიას". ფილმს, რომელშიც განსახიერებულმა როლმა მსახიობს ხალხის უდიდესი სიყვარული მოუტანა.

 


„საინტერესო რამ მოხდა „დათა თუთაშხიას" გადაღებისას, საოცარი დამთხვევა იყო, რომ ზუსტად იმ პერიოდში არსებობდა ისეთი მსახიობი, რომელიც თავისი არსებით, თავისი ხასიათით ზუსტად მიესადაგებოდა დათა თუთაშხიას როლს და ეს გახლდაათ - ოთარ მეღვინეთუხუცესი. რასაკვირველია, მას ჩვენ ფილმის ერთ-ერთ თანაავტორად მივიჩნევთ. მან ხუთი წლის განმავლობაში თითქმის ყველა სხვა როლზე უარი თქვა და თავი გადადო. მთელი ხუთი წელი მან საკუთარი ფიზიკური, გონებრივი თუ ემოციური ძალები სულ " დათა თუთაშხიას" შესწირა. პიროვნულად იყო თავდადებული და სამი რამ იყო მისთვის უმთავრესი - თავის ქვეყანა, პროფესია და ოჯახი. იშვიათად შემხვედრია ასეთი ვაჟკაცი, რომელმაც ზუსტად იცოდა რისთვის მოვიდა ამ ქვეყნად", - იხსენებს ფილმის რეჟისორი გიზო გაბისკირია.



26 წლის იყო გურანდა გაბუნია რომ გაიცნო. მეღვინეთუხუცესი ცოტა მკაცრი, ცოტაც ჩაკეტილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, გურანდა კი მუდამ ხალისიანი, ფორიაქა და ხმაურიანი იყო.

კიბეზე ჩამოვდიოდი, ნუგზარ გაჩავამ მითხრა, ერთ წუთს გაჩერდი, ძალიან კარგ მსახიობს გაგაცნობ, რომელიც დარწმუნებული ვარ, კარგი არტისტი იქნებაო. სიამოვნებით - მეთქი. გავედით გარეთ და ოთარი იდგა, მაღალი, ცისფერთვალება, ნუგზარმა ეს არის ოთარიო, ახლა ჩონთას თამაშობს და წავიდეთ და ვნახოთო. მაშინ მამაჩემი იყო ჩამოსული და ვუთხრი, წამოდი, განახო, ასე ამბობენ, საოცარი არტისტიაო. ერთად წავედით, მართლა ძალიან კარგი იყო სპექტაკლში, თვითონ სპექტაკლი იყო არაჩვეულებრივი...


მასთან ერთად ეს წლები იყო უდიდესი ბედნიერება, ჩემზე ბედნიერი ქალი არავინ იყო, მაგრამ ყველაფერი დამთავრდა, ჩემთვის ვფიქრობ, ის ხომ არასდროს მოვა სახლში, მე კარს ვეღარ გავუღებ..." - იხსენებს გურანდა გაბუნია.

 

 
პაემანზე ოთარს ყოველთვის მიჰქონდა მისთვის ყვავილები. ერთხელ (მაშინ "კეთილ ადამიანებში" იღებდნენ), მეღვინეთუხუცესს დააგვიანდა. გურანდა ჯიუტად იდგა და ელოდა. იცოდა, ოთარს არ უყვარდა სიტყვის გატეხა, მით უფრო, არ სჩვეოდა პაემანზე დაგვიანება. გოგო ნერვიულობდა, რამე ხომ არ დაემართაო. როგორც იქნა, ოთარიც გამოჩნდა. შეწუხებული იყო, საყვარელ გოგონას ამდენი ხანი რომ აცდევინა ქუჩაში, პირდაპირ გადაღებიდან მოვდივარო, არც ყვავილები ჩანდა. გოგომ შვებით ამოისუნთქა და უცებ ოთარმა პიჯაკის უბიდან იები გამოაჩინა. უსაზღვროდ ბედნიერი გურანდა იის თაიგულს როგორც სასწაულს, ისე დაჰყურებდა.



გურანდა 19 წლის იყო, ხელი რომ მოაწერეს. ოთარს პიჯაკი კი ჰქონდა საზეიმო დღეებისთვის გადანახული, იშვიათად იცვამდა ხოლმე, მაგრამ შესაფერისი შარვალი არ აღმოჩნდა მის მწირ გარდერობში. ხელმოწერამდე სამი დღით ადრე შარვალი თავისი ხელით შეუკერა ირაკლი უჩანეიშვილმა. მას ეხერხებოდა ასეთი რამეები და თავისთვისაც და მეგობრებისთვისაც ხშირად კერავდა ტანსაცმელს, განსაკუთრებით შარვალი გამოსდიოდა კარგად. წყვილს ერთი გოგონა, მარიამი ეყოლათ.



თენგიზ არჩვაძე იხსენებს: „ოთარი 16 იანვარს დაიბადა, მე სამ აგვისტოს. სულ ჭიდილი გვქონდა, რომელი ვიყავით უფროს-უმცროსი. 80 წლის რომ გავხდი, მეგობრებმა მომიწყვეს დიდი სუფრა და ოთარი თამადა იყო. ეს მისი ბოლო ქეიფი იყო. თვითონ 82 წლის რომ გახდებოდა, მე უნდა ვყოფილიყავი თამადა, მაგრამ... ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით... რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე, ოთარი... ყველანი წავიდნენ.მეც ცხვარი მყავს ფეხზე გამობმული... გარდაცვალების დღეს მასთან მივდიოდი სახლში, გადაწყვეტილი გვქონდა, ერთ კაცს დავხმარებოდით... მე და ოთარი მეგობრები კი არა, ძმები ვიყავით. დიდი კაცი იყო, რომელმაც თავისი ხელობა იცოდა. ხელობაა ყველაფერი, კაცობაც ხელობაა...“

 

 

ფოტო: ნოდარ მგალობლიშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ბუხუტი ზაქარიაძე, ირაკლი უჩანეიშვილი, თენგიზ არჩვაძე

 


მინდოდა, მეც ისეთი ვყოფილიყავი, როგორებიც ჩემი თაობის ბიჭები იყვნენ. პურმარილზე ყოფნაც მიყვარდა, გოგი გელოვანთან ერთად სიმღერაც, ჩხუბიც შემეძლო, ქალებისკენაც მებრიცებოდა თვალები, მაგრამ სული რომ არსებობს, ეს ჩემი მოგონილი ხომ არ არის და ეს დალოცვილი სული თავისას ითხოვდა. ის მაფიქრებდა. მერე, ლიტერატურა გვაქვს ისეთი, პირდაპირ სულზე რომ ზემოქმედებს", - ამბობდა ოთარ მეღვინეთუხუცესი. (იხილეთ ვრცლად)

ისე მოხდა, რომ ოთარ მეღვინეთუხუცესი არცერთ ჩემ ფილმში არ არის გადაღებული, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? იგი იყო ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი მსახიობი. არ ვიცი რატომ მოხდა ასე, მაგრამ ეს ჩემი ნაკლია და არა ოთარისა. კიდევ ვამბობ, რომ იგი უდიდესი მსახიობი იყო, რომელიც ყველაფერს უმაღლეს დონეზე ასრულებდა. მასთან ქართული თეატრის მთელი ეპოქაა დაკავშირებული, აღარაფერს ვამბობ კინოზე..." - იხსენებს მერაბ კოკოჩაშვილი.

ოთარ მეღვინეთუხუცესი 2013 წლის 9 მაისს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

2 წლის შემდეგ 9 აპრილის ბაღში გაიხსნა მსახიობის ძეგლი. 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი