logo_geo
თეა წულუკიანი: ეს უნდა ვთქვა, რადგან იუსტიციის მინისტრი ვარ!
- +

21 ივლისი. 2018. 03:44

 

 

„მე და ნინო გვენეტაძეს ერთად გვიმუშავია, ერთმანეთს დავხმარებივართ, მაგრამ შენ მაგივრად საქმეს სხვა ვერ გააკეთებს, სხვას შეუძლია, გირჩიოს, დანარჩენი კი, შენს მარიფათზე, უნარზე და გამართლებაზეა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.

 

„არ მინდა, ისე გამომივიდეს, სხვა სხვის ომში ბრძენიაო, რადგან როცა ადამიანი იმ სკამზე დაჯდება, მხოლოდ მერე შეიძლება თქვა, მაგრამ მე მას ვუთხარი, ნინო, ეს სისტემა კარტებისგან აშენებული შენობაა, რომელიც შენ არ აგიშენებია. ეს სისტემა – სასამართლო, პროკურატურა, ციხეები სხვა ადამიანმა ააშენა და კარტებს როგორ გამოაცლი, ეს შენზეა, თუ ამაში დაგჭირდი, გვერდით დაგიდგები მეთქი. ეს კონკიას სამუშაოა, როცა ქერი დაგიყარეს და გითხრეს, მიდი, გამოარჩიეო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ამ განცხადებით თეა წულუკიანმა გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვას უპასუხა, დატოვა თუ არა ის ბრძოლაში მარტო ნინო გვენეტაძემ, რომელმაც მოგვიანებით განაცხადა, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები მასზე ძალადობენ და პროცესს ვერ მართავს, ამის შემდეგ კი, განმარტება არ გაუკეთებია, მასზე ვინ, რატომ და რა ფორმით იძალადა.

 

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, კოტე კუბლაშვილის პერიოდს ნათელ პერიოდს ნამდვილად ვერ უწოდებს და როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძე დაინიშნა, მასთან ერთად ნათელი პერიოდი დადგა, თუმცა, შეიძლება, მან უფრო მეტი რამ აკეთოს იმისთვის, რომ ამ ურთულეს სისტემას და გამოწვევებს უკეთესად შეეჭიდოს.

 

„ნინო გვენეტაძე ძალიან მიყვარს, პატივს ვცემ, როგორც ქალს, დედას და პროფესიონალს, რომლის გარეშეც ვერ ჩატარდებოდა ისეთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, როგორიც არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, რატომ მოხდა კომპრომისი მართლმსაჯულების მესამე ტალღის განხორციელებისას და რატომ ვერ გაიტანა მან ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, სასამართლოების თავმჯდომარეებს უფლებამოსილება ვადაზე ადრე, კანონის ამოქმედებისთანავე უნდა შეწყვეტოდათ, იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა მთავრობიდან წამოვიდა, მაგრამ შემდეგ, პარლამენტში განიცადა ცვლილება.

 

„ეს ექვსი წლის შემდეგ ინტერვიუა. შესაძლოა, რასაც ახლა ვიტყვი, პოპულარული არ იყოს, მაგრამ ეს უნდა ვთქვა, რადგან იუსტიციის მინისტრი ვარ. მე მარტო ვიყავი, მაგრამ შედეგები დაიდო. ჩვენ დავუჯერეთ ვენეციის კომისიას, ევროპელებს და ძალიან გრძელვადიან პერსპექტივაში, სწორად მოვიქეცით, მაგრამ დღეს მივიღეთ შედეგი, რომ მოსამართლეთა ძველი კორპუსის ზოგიერთ წარმომადგენელს საზოგადოება სასტიკად არ ენდობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

big_banner
არქივი