logo_geo
ბიძინა ივანიშვილი: ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა
- +

24 ივლისი. 2018. 18:47

 

 

პირველი არხის გადაცემის – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ დღევანდელი სტუმარი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იქნება.

 

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პირველ არხთან ინტერვიუში ყველა იმ აქტუალურ საკითხზე ისაუბრა, რომელიც პოლიტიკაში მის დაბრუნებას და პარტია „ქართული ოცნების“ გეგმებს უკავშირდება.

 

პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალიან დიდი იყო ხიფათი გუნდის დაშლის და პროცესი იყო დაწყებული.

 

ბიძინა ივანიშვილი საუბრობს ყოფილ პრემიერთან გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებითაც.

 

„ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღე, როდესაც ვნახე, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ შემდგომ, სიღარიბის ზღვარი გაუუარესდა. ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა, ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის და არღვევდა ამას კვირიკაშვილი თავისი ქმედებებით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

კითხვაზე, რატომ წავიდა კვირიკაშვილი თანამდებობიდან, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მას მართვა აღარ შეეძლო.

 

„მას აღარ შეეძლო მართვა. ორ კაცთან, ალავიძესთან და ქუმსიშვილთან ახერხებდა გადაწყვეტილებების შეთანხმებას, მას არ დარჩა არჩევანი, ის უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც“, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, „ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, ის მოწოდებულია, ყველა სამინისტროს დაეხმაროს.

 

„მამუკა ბახტაძე მოწოდებულია, ყველა სამინისტროში ჩაერიოს, სამინისტროს პრობლემები გაიგოს, დაეხმაროს, გაიაროს კონსულტაციები, რაც არ ხდებოდა სამწუხაროდ კვირიკაშვილის ხელისუფლების დროს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

ამასთან, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პარტიას ბევრი ღირსეული კანდიდატი ჰყავს.

 

გადაცემა „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ დღეს, „მოამბის“ მთავარი გამოშვების დასრულებისთანავე, 21:45 საათზე გავა ეთერში.

 

ვრცელი ინტერვიუს ყველა დეტალი კი შეგიძლიათ წაიკითხოთ ვებგვერდზე 1tv.ge.

 

 

big_banner
არქივი