logo_geo
ვალერი ხაბურძანია: ხანდახან მუშტს ვურტყამდი მაგიდაზე, მაგრამ მერე…
- +

7 იანვარი. 2017. 17:12


 

 



„ვცდილობდი რუსეთსა და ამერიკას შორის ბალანსი დამეცვა, ხანდახან მუშტს ვურტყამდი მაგიდაზე, მაგრამ მერე მეც მირტყავდნენ მაგიდაზე მუშტებს", - ამის შესახებ, უშიშროების ყოფილმა მინისტრმა და იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა, ვალერი ხაბურძანიამ შალვა რამიშვილის ინტერნეტ-გადაცემა „პიანი ბაზარში" ისაუბრა.


საუბრისას ხაბურძანიამ კრემლში, პუტინთან ვახშამი გაიხსენა.


„კრემლში, პუტინის კაბინეტის უკან არის მოსასვენებელი ოთახი, პუტინმა შემომთავაზა ვახშამზე დარჩენა და მკითხა დავლევდი თუ არა არაყს, რა თქმა უნდა, ამისგან თავის შეკავება სისულელე იქნებოდა. 2003 წლის თებერვალია, მე, პატრუშევი და პუტინი ვიყავით. პანკისის ამბებთან დაკავშირებით მადლობის სათქმელად დამიბარეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი დახმარებით მათ ტერორისტები ცოცხლად დააკავეს. იქ რაღაც, ოჯახის უსაფრთხოებაზეც წამოჭრა პუტინმა თემა, მაგრამ ვთქვი, რომ აბლოსუტური სისულელე იყო. ახლა როგორ წარმოედგინა, მე ვყოფილიყავი თბილისში და ოჯახი მოსკოვში, ასე არ გამოვიდოდა", - განაცხადა ხაბურძანიამ.


უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, ასევე ისაუბრა აშშ-ის ელჩის დამოკიდებულებაზე ამ საკითხის მიმართ.


„ჩემი საქმიანობის 6 თვის თავზე, ამერიკის ელჩი მოვიდა ჩემთან და განმიცხადა, რომ ჩემს სამინისტროში რუსული ინტერესები ბევრად ფართოდ იყო წარმოდგენილი. ვუპასუხე, რომ მე დამოუკიდებელი ქვეყნის მინისტრი ვიყავი და თავად ვწყვეტდი ვისი ინტერესები რა დოზით იქნებოდა წარმოდგენილი, ეს რაღაც ხმამაღალი ნათქვამი იყო.

 

1 წლის თავზე კიდევ გამიმეორეს იგივე, იცით რა რუსები მე ასეთ რაღაცას არ მაკადრებდნენ. მოკლედ, მოვიდა და მითხრა, შენი ორივე მოადგილე შემოიყვანეო, მეც დავუძახე ირაკლი ალასანიას და ირაკლი კოტეტიშვილის. თვითონ ელჩი რეზიდენტთან ერთად იყო, რომელიც ლოთბაზარა ბიჭი გახლდათ. ხშირად თავს იმის უფლებასაც აძლევდა, რომ ჩემთან კაბინეტში მთვრალი მოსულიყო. ელჩმა იგივე განმიცხადა, ფართოდაა რუსული ინტერესები წარმოდგენილი და ჩვენ ამას ვერ მივესალმებითო. ყველაფერი ეს იმ სულელი რეზიდენტის ნათქვამი იყო, რომელმაც არც რუსული იცოდა, მე კიდევ არც იმდენი ინგლისური რომ მისთვის გამეგებინებინა, 9-ჯერ ვთხოვე თარჯიმანის მოყვანა. არ ურთიერთობდა ჩემთან. ეჭვი მქონდა, რომ მასთან ერთად ჩემებსაც მიჰქონდათ არასწორი ინფორმაცია. ვეუბნები, დაჯდეს ყოველ ორშაბათს ჩემთან თათბირზე, მე არაფერი მქონდა დასამალი. კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ ჩემთვის ტერორისტები არიან როგორც არაბები ისე ჩეჩნები, ამერიკელების მიდგომა ამ დროს სხვანაირი იყო, ისინი თვლიდნენ, რომ ჩეჩნები თავისუფლებისთვის მებრძოლები იყვნენ, ხოლო არაბები ტერორისტები. საბოლოო ჯამში, ეს თათბირი იმით დამთავრდა, რომ შევარნაძემ დამიბარა და მითხრა, რომ თავი დამენებებინა მათთვის", - განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ.




 

big_banner
არქივი