logo_geo
რატომ არის პაკისტანის არჩევნები მნიშვნელოვანი რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის
- +

26 ივლისი. 2018. 03:34

 

 

25 ივლისს პაკისტანში საყოველთაო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ათობით მილიონი ადამიანი მონაწილეობდა. BBC წერს, თუ რატომ არის ამ არჩევნების შედეგები უკიდურესად მნიშვნელოვანი მთელი რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის.



პაკისტანის მოსახლეობა 200 მილიონია; ქვეყანას ბირთვული იარაღი აქვს და მუდმივ დაპირისპირებაშია ინდოეთთან; ის რეგიონში აშშ-ის და ნატოს პარტნიორია ავღანეთთან ომში და იმავდროულად „თალიბების“ ბაზაც; პაკისტანზე გაივლის თურქმენული გაზის ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც რუსული გაზის კონკურენტია.



სისხლიანი არჩევნები



პაკისტანის ქალაქ კვეტაში კენჭისყრის დღეს ბომბის აფეთქების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. კიდევ ერთ რაიონში პარტიული აქტივისტების შეიარაღებულ დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე დაშავდა. ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში შედარებით პატარა აფეთქებები მოხდა და დაპირისპირებული პარტიის ფუნქციონერებს შორის შეტაკეკების გამო ორი ადამიანი დაიღუპა და ათამდე - დაშავდა. წინასააჩევნო პერიოდის ბოლო კვირებში მოკლეს 180 ადამიანი, მათ შორის პარლამენტის დეპუტატობის სამი კანდიდატი.    



სამხედრო გადატრიალებები

 

1947 წლიდან, როდესაც პაკისტანმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, ამ ქვეყნაში ხელისუფლება მუდმივად გადადიოდა სამოქალაქო პირებიდან სამხედროების ხელში და პირიქით. გასული საუკუნის 1970-ანი წლებიდან ქვეყანაში ორი სამხედრო გადატრიალება გადაიტანა - გენერლების მუჰამედ ზია-ულ-ჰაკის და პერვეზ მუშარაფის, ასევე ბჰუტოების ოჯახის მმართველობა - ჯერ პირველი პრეზიდენტის, ზულფიკარ ალი ბჰუტოს და შემდეგ მისი ქალიშვილის ბენაზირის.



არჩევნების მთავარი თემა



ამ არჩევნების შესახებ ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ ხელისუფლება გადავა ერთი სამოქალაქო ლიდერისგან, რომელმაც მმართველობის ვადის ბოლომდე იმუშავა, მეორესთან, რაც ისტორიული მოვლენაა, რადგან მსგავსი რამ პაკისტანში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მხოლოდ ერთხელ მოხდა. მაგრამ დღევანდელ საარჩევნო კამპანიას დემოკრატიულს ვერავინ უწოდებს. მისი მთავარი თემა მმართველ პარტიას და პაკისტანელ ძალოვნებს შორის დაპირისპირებაა.


პაკისტანის ხელისუფლებაში პარტია მუსლიმური ლიგაა, რომელიც მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა უხეშ ზეწოლას პაკისტანის სპეცსამსახურების მხრიდან, რომლებსაც სასამართლოებთან შეთქმულებაში ადანაშაულებს. ვითარება საკმაოდ უცნაურია: მმართველი პარტიის თითქმის 17 ათას წევრს საარცევნო კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი დევნა ემუქრება. მკაცრი ცენზურის ქვეშაა პაკისტანური მედიაც - ჟურნალისტებს და რედაქტორებს აშინებენ. 



პაკისტანში ბევრს მიაჩნია, რომ ამ ფორმით ძალოვნები ნაციონალურ ასამბლეაში (პარლამენტში) საკუთარი კანდიდატების გაყვანას ცდილობენ. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სამხედროები საარჩევნო კამპანიაში დაუფარავად ერევიან. გენერლები კი პოზიციონირებენ როგორც ექსტრემიზმისაგან დამცველები და ამტკიცებენ, რომ მათ გარდა ვერავინ შეაკავებს მებრძოლ ისლამიზმს, რომელიც მასებში პოპულარულია.



მთავარი კანდიდატები



წინასაარჩევნო კვლევებში ორი პოლიტიკოსი ლიდერობდა: 68 წლის ნავაზ შარიფი, რომელიც სამჯერ იყო პრემიერმინისტრი და 65 წლის იმრან ჰანი, ყოფილი სპორტსმენი, რომელიც შემდეგ პოლიტიკაში წავიდა, მაგრამ ჯერჯერობით სერიოზულ თანამდებობაზე არ უმუშავია.


ნავაზ შარიფი პაკისტანის მუსულმანური ლიგის დამფუძნებელია. მან პრემიერის თანამდებობა კორუფციული სკანდალის გამო დაკარგა, რაც ეგრეთ წოდებული „პანამის დოკუმენტების“ გამოქვეყნებას მოჰყვა. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რადგან ვერაფრით ახსნა რა სახსრებით შეიძინა ლონდონში ძვირფასი უძრავი ქონება, სადაც ის გაემგზავრა. განაჩენის მიუხედავად, ივლისში ის ქალიშვილთან, მარიამთან ერთად პაკისტანში დაბრუნდა. დღეს ორივე დაპატიმრებულია. შარიფი ყველაფერში სამხედროებს ადანაშაულებს და პოლიტიკაში დაბრუნების იმედი აქვს. მისი ძმა შაჰბაზ შარიფი მუსლიმური ლიგის წინასაარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა და პრემიერმინისტრად არჩევის იმედი აქვს. დღეს მის პარტიას პარლამენტში 182 მანდატი აქვს. 



მისი მთავარი კონკურენტია იმრან ხანი, რომელიც წარსულში სპორტსმენი იყო და დაახლოებით 20 წლის წინ პოლიტიკაში წავიდა. ის პარტიის „მოძრაობა სამართლიანობისთვის“ ლიდერია და როგორც ბევრი დამკვირვებელი ამტკიცებს სწორედ მას უჭერენ მხარს სამხედროები, რომლებიც აქტიურად ცდილობენ ხანის კონკურენტების დისკრედიტაციას. ხანიც და სამხედროებიც შეთქმულების ფაქტს უარყოფენ. იმრან ხანის მოძრაობას მხარს უჭერენ სხვადასხვა დაჯგუფებები, რომელთაგა ძოგიერთი ძალიან სადავოა, ერთ-ერთი კი, როგორც ამტკიცებენ დაკავშირებულია „ალქაიდასთან“.



კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა - ბილავალ ბჰუტო ზარდარი, ბჰუტოების დინასტიის 29 წლის პოლიტიკოსი, რომლის ოჯახიც მრავალი წლის განმავლობაში მართავდა პაკისტანს. მისი დედა ბენაზირ ბჰუტო ტერორისტებმა მოკლეს. პაკისტანის სახალხო პარტიის ახალგაზრდა ლიდერი პარლამენტში კენჭს პირველად იყრის და ამტკიცებს, რომ მისი მიზანი დედის საქმის გაგრძელებაა. კვლევების თანახმად, მის პრტიას მესამე ადგილს უწინასწარმეტყველებენ.


არჩევნების შესაძლო შედეგი



არჩევნების მთავარ პრეტენდენტებად შარიფის და ხანის პარტიებს მიიჩენევენ, მაგრამ თუ საკმარის უმრავლესობას ვერცერთი მიიღებს, კოალიციური მთავრობის შექმნას ის პარტია შეზლებს, რომელმსაც მესამე კანდიდატი - ბილავალ ზარდარი დაუჭერს მხარს. 

შეერთებულ შტატებს და მეზობელ ინდოეთს ყველაზე მეტად შარიფის გამარჯვება გაახარებთ. ორივეგან აშინებთ იმრან ხანის სავარაუდო მჭიდრო კავშირები სამხედროებთან და მისი ლოიალური დამოკიდებულება ისლამური ექსტრემიზმის მიმართ.

ხანის გამარჯვების შემთხვევაში, დიდი ალბათობით შარიფის პარტია მხარდამჭერებს ქუჩაში გამოიყვანს, მით უფრო თუ თავად ნავაზ შარიფს ციხიდან არ გამოუშვებენ. მაგრამ როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, რაც არ უნდა მოხდეს, პაკისტანელი სამხედროები, რომლებიც ამჯერად კულისებში მოქმედებენ, ქვეყანაში უზარმაზარ პოლიტიკურ გავლენას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებენ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი