logo_geo
„აივნიდან გადავვარდი, 25 მეტრი კივილით ჩავიქროლე” – ნინუცა დარბაიძის 4 წელი ბრძოლაში
- +

31 ივლისი. 2018. 23:22

 

ნინუცა დარბაიძეს სოციალური ქსელით ბევრი ადამიანი იცნობს, მაგრამ ის კიდევ მეტმა უნდა გაიცნოს, რადგან მისგან უამრავი რამის სწავლა შეიძლება.

 

პირველ რიგში კი იმის, როგორ უნდა დაძლიო ბარიერები, გაუმკლავდე პრობლემებს და დიდ ტკივილს – ფიზიკურსა თუ სულიერს.

 

ნინუცასთვის ცხოვრების სრულიად სხვა, განსხვავებული ეტაპი 2014 წელს დაიწყო. ის 25 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

 

-ერთ მშვიდ საღამოს გავედი ჩემს აივანზე და მოაჯირზე დავჯექი (ძალიან ვიწრო მოაჯირზე), სიმაღლის შიში არასდროს მქონია და ხშირად ჩამოვჯდებოდი ხოლმე ასე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მიშლიდა, მაგრამ ხომ იცით, თინეიჯერი როცა ხარ, მაინცდამაინც ის გინდა, რასაც გიშლიან…

 

არ ვიცი, როგორ, მაგრამ ფაქტია, რომ გადავვარდი. 25 მეტრი კივილით ჩავიქროლე, დავეცი და თითქოს მანდ დამთავრდა ჩემი ,,ძველი” ცხოვრება და დაიწყო ,,ახალი”.

 

ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. განა, არსებობს ისეთი სიტყვები, რომლებიც აღწერს ჩემს გავლილ ცხოვრებას? განცდა სულ სხვაა, სიტყვებით მისი გადმოცემა კი სულ სხვა.

 

კისრის მეექვსე მალა გამიტყდა და თავის გარდა ვერაფერს ვგრძნობდი. გამოვიარე კოშმარული 2 წელი, მეგონა, მალე გამოვჯანმთელდებოდი, თუმცა ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც გვინდა. ნელ-ნელა დამიბრუნდა მგრძნობელობა, აღდგა ხელები, შევძელი ეტლში ჯდომა, თუმცა დამოუკიდებლად მაინც ვერ ვახერხებ ყველაფერს, – უყვებოდა ის 2 წლის წინ ,,სტუდინფოს”.

 

პროფესიად ფსიქოლოგობა აირჩია. როცა უნივერსიტეტში წასვლის დღე დადგა, საზოგადოებას თავისი შიში გაანდო.

 

,,ძალიან მეშინია თქვენი, ვერ წარმოიდგენთ, ისე ძალიან. არ მინდა, დავინახო, როგორ ჩურჩულებთ ჩემზე, არ მინდა, დავინახო ისეთი სახე, რომელიც მეტყვის: ,,შე საწყალო, გვეცოდები”.

 

გელოტოფობია მაქვს, არ მინდა, დამცინოთ, ხელში პასტას თუ ვერ დავიჭერ. ის ფაქტი, რომ ჩემთან შეიძლება არავინ იმეგობროს, არ გამიკვირდება, გაგიგებთ, გეფიცებით,გაგიგებთ, არ ვიფიქრებ, რომ ცუდები ხართ, ვიცი, ალბათ არავის სჭირდება ეტლიანი მეგობარი…

 

ძალიან ბევრი ეტლიანი დგას ჩემ უკან, რომლებსაც მართლა უნდათ სწავლა, მაგრამ პირობების არქონის და ხალხისადმი შიშის გამო გამოკეტილები არიან სახლში და აკეთებენ ააარრაფფეერსს!და მერე ეწყებათ: დეპრესია, შიშები, პანიკა, ღმერთის გმობა, სიკვდილის წყურვილი, ოჯახის დანერვოზება, თვითმკვლელობა და ა.შ. ჩემი ამ ნაბიჯით მინდა, მათ გავაგებინო, რომ ცხოვრება გრძელდება…

 

გთხოვთ, მთელი გულით გთხოვთ, ამომიდექით მხარში, არ მიყუროთ დამცინავი მზერით, თუ ყავის ჭიქას ვერ დავიჭერ კარგად ხელში და გადავისხამ, უბრალოდ მოდით და დამეხმარეთ. მეგობრებს ხელების და ფეხების მიხედვით ხომ არ ირჩევთ, ეს ხომ შეიძლება ყველას მოგსვლოდათ.

 

აივნიდან გადმოვვარდი 25 მეტრიდან და მადლობა ღმერთს მე ცოცხალი ვარ, რა მაქვს საწუწუნო, ძალიან იღბლიანი ვარ, ზუსტად ვიცი, რომ გავივლი და გავხდები ისევ ისეთი, როგორიც ვიყავი. ძალიან, ძალიან მთელი გულით გთხოვთ, არ დამთრგუნოთ, არ მაგრძნობინოთ, რომ რამით განვსხვავდები თქვენგან, რომ ბევრ რაღაცაში შეზღუდული ვარ, რომ კიდურები არ მემორჩილება, გთხოვთ, ამას ნუ მაგრძნობინებთ, ეს მე ისედაც ვიცი.

 

მეშინია პირველი დღის, მეშინია, სახლში აცრემლებული არ დავბრუნდე და არ ვთქვა: ,,აღარასდროს წავალ”. გადამდები არაფერი მჭირს, მოდით, გამეცანით, ვიმეგობროთ, მეც თქვენნაირი ადამიანი ვარ, უბრალოდ ჩემი ნერვები დროებით ვერ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას, მალე აღდგება და მეც ვიხტუნავებ.

 

ფაკულტეტი ფსიქოლოგიური ავირჩიე, რადგან მინდა, ძლიერი ფსიქიკა მქონდეს, რომ ჩემმა მდგომარეობამ არ მაჯობოს და არ გამაგიჟოს…

 

დარწმუნებული ვარ, მე ყველაზე ადვილად მიცნობთ – ბანკეტის კაბით არ მოვდივარ, შავი ეტლით ვიქნები”- დაწერა ნინუცამ მაშინ სოციალურ ქსელში.

 

ის დღემდე გადის რეაბილიტაციას და შედეგიც აქვს.

 

,,არაუშავს თუ ამ სექტემბერს ჩემი ფეხით ვერ ჩამოვალ საქართველოში, ხო? სამაგიეროდ ჩემით გადაჯდომა ვისწავლე საწოლიდან ეტლში, ფეხზე უკეთ ვდგავარ, თავბრუ არ მეხვევა და აღარც ვკივი, დავიღალე, დამსვით-მეთქი… წელის კუნთებიც გავიმაგრე, აღარ მეშინია აღმართის და დაღმართის.

 

არ ვიცი, თქვენთვის შეიძლება არაფერია, მაგრამ მე ხომ ბოლო 4 წელი ეს ყველაფრი არ შემეძლო…

 

P.s ეტლიანების უმრავლესობა აქ ავარიის გამო ბრძანდება! ასე რომ, ნელა იარეთ, თავი დაგვანებეთ, ისედაც ძალიან ბევრნი ვართ, ნუღა დაგვემატებით”, – დაწერა ახლახან ნინუცამ უცხოეთიდან, სადაც სარეაბილიტაციო კურსს გადის.

 

ნინუცას სტატუსები დღიურებს ჰგავს. ხალისით, იუმორით დაწერილ წერილებში ჩანს, როგორ უნდა გაუმკლავდე ტკივილს, როგორ არასოდეს უნდა დაკარგო იმედი, როგორ უნდა გამონახო ძალები, რომ იბრძოლო და არასოდეს დანებდე.

 

პოზიტიური გოგონას პოზიტიური წერილები

-რა ლამაზი ხარ, მაინცდამაინც 25 მეტრიდან გადმოვარდნილს არ ჰგავხარ.

– ბევრი გინახავს 25 მეტრიდან გადმოვარდნილი?

– ჯერ მხოლოდ შენ, მაგრამ მე სხვანაირი წარმოდგენა მქონდა…

– ბოდიში, თუ წარმოდგენები დაგინგრიე.

– არაუშავს, ასე მერჩივნა.

რუსულად უფრო სახალისოდ ჟღერდა.

ცოტა გაშტერებული ვუყურებდი…

შემთხვევით კიდევ ვინმეს ხომ არ აქვს რამე წარმოდგენა?!

მე მეუბნებით, მხიარული და პოზიტიური ხარო. თქვენ ჩემს მშობლებს არ იცნობთ, მხიარულება და იუმორი ამათი უნდა ნახოთ.

ვარჯიშიდან დაღლილს, მაინც რომ შეუძლიათ ჩემი გაცინება.

ბავშვობაში მგონია თავი, მაშინ დასასვენებლად სულ ერთად დავდიოდით და მაშინაც ისე იქცეოდნენ, თითქოს ჩემხელები იყვნენ.

P.s. ფოტო – მოდი, ვითომ ტაიგაში ვართ და ვათვალიერებთ.

როცა ჩემი დაქალი მეუბნება:

-ძალიან მეშინია, ნი, სიკვდილის.

და მეც გმირულად ვამშვიდებ:

-დამიჯერე, ზუ, ცხოვრება ბევრად უფრო საშიშია…

და ფეხებზე ვისვამ ხელებს, რომლებიც ამ სიცხეშიც გაყინულია.

ჩემს დაკუჭულ ტვინში იბადება კითხვა, მაშ ასე, ყურადღებით:

რატომ გეშინიათ სიკვდილის, როცა არ იცით, სიცოცხლეში რა გელით?!

დაქალთან კი არ მაქვს ეს კითხვა, ზოგადად თითქმის ყველასთან.

ვინმეს რაიმე გარანტიის ფურცელი ხომ არ გაქვთ?

სიამოვნებით მოვისმენ მყარ არგუმენტს პოზიციის დასაცავად.

ბედნიერებაა, როცა გყავს ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, ასე შეგფუთონ, როცა თავად შენ ვერ აკეთებ ამას, მოგაწოდონ ბოთლით წყალი, დღეში 20-ჯერ, შეიძლება უფრო მეტჯერაც… დაგიწნან თმა და სამჯერ გაგიხსნან და თავიდან დაგიწნან, იმიტომ, რომ რაღაც ვერ გაქვს ლამაზად.

 

ჩვენ ადამიანები ვართ და ადამიანს ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანი, რომელიც გვერდში ამოუდგება, რომელიც მოუსმენს, გააღიმებს, როცა ყველაფერი სტკივა, გაუყოფს ლუკმას და არ დაენანება თბილი სიტყვები.

 

ეყვარები შენი ნაკლოვანებების, ნერვოზის, ტკივილების, ტირილების და ყველა დიაგნოზის მიუხედავად.

 

ყველამ უნდა იცოდეთ, რომ ის დანებების უფლებას არ მაძლევს. ამიტომ ყოველ ჯერზე ჩვენ ვიმარჯვებთ უიმედობასა და სასოწარკვეთაზე, ტკივილსა და უბედურებაზე…

– რატომ შეწყვიტე წამლების მიღება?

– ვფიქრობ, თავს უკეთ ვგრძნობდი..

და ტრადიციული შეკითხვა, რომელიც ზუსტადაც, რომ მწარე რეალობას ასახავს:

– იქნებ წამლებს რომ იღებდი, იმიტომ გრძნობდი თავს უკეთ?!

დასკვნა დავდო? შეიძლება ვიზუალურად არაჩვეულებრივად გამოიყურებოდე, მაგრამ….

P.s ფსიქოლოგს ვერაფერს გამოაპარებ.

– როგორ მოერიე შენს ტრაგედიას?

– ვერ მოვერიე. მასთან ერთად ცხოვრება ვისწავლე.

შენც ისწავლი… შენი ტრაგედია შენი ყველაზე დიდი ძალაა. შევიყვარე ეს ტრაგედიაც, მაგრამ მე ყოველთვის გავურბივარ იმას, რაც მიყვარს.

ნებისყოფა ისაა, რაც გაიძულებს, გაიმარჯვო მაშინაც კი, როდესაც შენი გონება გეუბნება, რომ განადგურებული ხარ. ნებისყოფა ისაა, რაც უვნებს გხდის, ჩემი ძლიერი ფიზიოთერაპევტი რომ მეუბნება: ,,ნიი, ათიც დაამატე”. აი, ეგეც ნებისყოფაა, მე რომ მეტი აღარ შემიძლია და მაინც ვამატებ.

ოო, კაით რა, თქვენთვის უბრალო გიფია, მე კიდე ხელის ასე – ფისუნიასავით ქნევას ერთი წელი ვსწავლობდი, ჯდომას კიდევ რა ვიცი, რამდენი…

 

 

სიმართლე რომ გითხრათ, ბავშვობაში უფრო უდარდელი ვიყავი, მაშინ უფრო მეტად მიბრწყინავდა თვალები, ცხვირიც უფრო აპრეხილი იყო მზისკენ, თმებსაც ავანგარდულად ვიკეთებდი (არა, ხან გიჟურად ვიკეთებდი), არც ძალიან დიდი ლოყები მქონდა, დამოუკიდებლად და ბედნიერად ვცხოვრობდი.

ახლა?

ახლა შეიძლება ისეთი ლამაზი და დამოუკიდებელი ვეღარ ვარ, მაგრამ ახლა ჭკვიანი ვარ და დამთმობი.

თუმცა არც ერთზე წუწუნი არ ღირს, მე ხომ ის იღბლიანი გოგო ვარ, რომელიც შეიძლება საერთოდ ვერ გადავრჩენილიყავი.

დააფასეთ ის, რაც გაქვთ.

 

ბევრი ლამაზი ფოტო მინდა, სანამ ეტლში ვზივარ, იმიტომ, რომ ყოველთვის მახსოვდეს, რომ ყველაზე მეტად ამ დროს შევიძინე სიძლიერე, მოთმინება და მიმტევებლობა…

წყარო : wyaro
big_banner
არქივი