logo_geo
მამა პეტრე კოლხი: ამ განცდებმა თავისებური კვალი დააჩნია ჩემს ჯანმრთელობას...
- +

1 აგვისტო. 2018. 15:22

 

 

„კარგი რაღაცეების დანახვა გვიჭირს, სულ ჩასაფრებულები ვართ, ვცდილობთ, ადამიანი ბოლომდე გავანადგუროთ, რადგან არ გვიყვარს ის, ვინც მყარად დგას ფეხზე, ვინც ძლიერია, ვისაც შეუძლია საკუთარი ცხოვრება მაინც წარმართოს და, თუ სხვასაც ეხიდება ცხოვრების წარმართვაში, ის ყოველთვის არის განსჯის ობიექტი. ჯანსაღი კრიტიკის გარდა ყველაფერი გვეხერხება“, - ამის შესახებ მამა პეტრე კოლხმა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

მამა პეტრე კოლხის თქმით, თავადაც ხშირად ხდება კრიტიკის საგანი და მისთვის ეს ძალიან მტკივნეულია.

 

„ბუნებით ისედაც ემოციური ვარ, ყველა დეტალს და მოვლენას მტკივნეულად განვიცდი, მით უმეტეს, როცა აბსოლუტურად არ ვიმსახურებთ მე და ჩემი ოჯახის წევრები. ამ განცდებმა თავისებური კვალი დააჩნია ჩემს ჯანმრთელობას, ჩემს სულიერ მდგომარეობას, მიჭირდა ამ ყველაფერთან შეგუება.

 

მწვავე შეტევით მოვხვდი საავადმყოფოში და საბოლოოდ ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ გულის ოპერაცია გავიკეთე, თუმცა ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ ოპერაციაც არ გშველის. დროა, ვისწავლოთ ჩვენი ცხოვრებით ცხოვრება. არ უნდა გქონდეს იმის დრო, რომ სხვა განსაჯო, უნდა თქვა, არ არის ჩემი საქმე და მორჩა.

 

თითოეული ჩვენგანი უფლის წინაშე საკუთარი ცოდვებისთვის ვაგებთ პასუხს. ჩვენ არ მოგვეკითხება, ვინ როგორ ცხოვრობს, ეს არ არის ჩვენი განსასჯელი. სწორედ იმ ადამიანებისგან მოდის ყველაზე დიდი აგრესია, დაუმსახურებელი კრიტიკა, ცილისწამება, ჭორაობა, განკითხვა და სიძულვილი, რომლებიც ე.წ. ეკლესიური ადამიანები არიან, დადიან ტაძარში, მარხულობენ, ლოცულობენ, აღსარებას ამბობენ, ეზიარებიან, გარეგნულად მისაბაძი ქრისტიანები ჩანან. ფსევდომართლმადიდებლები არიან, არ აქვთ გააზრებული, რა არის სულიერი ცხოვრება, ყველას ცოდვაზე ბჭობენ და განიკითხავენ, საკუთარის გარდა. ცრუდ ლოცულობენ და ფსევდოდ ესმით ეფრემ ასურის სიტყვები: „მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა“.

 

არსებობს ხალხი და არსებობს ბრბო, რომელიც ყოველთვის არის შემართული ვიღაცის ქვით ჩასაქოლად. მას არ აინტერესებს, ვინ არის მართალი ან დამნაშავე, მთავარია, ქვები ისროლოს ბრმად, უმისამართოდ.

 

არც მართალი ადამიანი და არც დამნაშავე არ არის იმის ღირსი, რომ ვიღაცის ქვა მოხვდეს თავში. ჩვენ თუ გვინდა, ვიღაც გამოვასწოროთ, ვილოცოთ მისთვის, ეს არის მინიმუმიც, მაქსიმუმიც, მორალიც და ზნეობაც“, - განაცხადა მამა პეტრე კოლხმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი