logo_geo
გაგა ცისკარაულის გზა შინისკენ
- +

5 აგვისტო. 2018. 20:56

 

შინ დასაბრუნებლად გზას ეძებდა. თბილისში უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე პირველივე შესაძლებლობას ჩაეჭიდა. არხოტში არც ოჯახი ჰყავს და აღარც სახლი აქვს. მაინც დაბრუნდა. სისხლმა მიყივლაო, ამბობს.

 

6 თვეა ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერია. არხოტის უბანი აბარია.

 

23 წლის გაგა ცისკარაული ბოლო პერიოდში პირველი ახალგაზრდაა, ვინც ზამთარი ახიელში გაატარა.

 

„დენი არ არის, ჰესი ძველია და თავისი რესურსი ამოწურა. არც ტელეფონია, არც ინტერნეტი. შეშაც პრობლემაა, ალპური ზონაა და იმიტომ. გზაც არ გვაქვს. მოსახლეობა სასაზღვროს ვერტმფრენზეა დამოკიდებული. ისინიც გულისხმიერებას იჩენენ, თორემ ეს სოფლის ფრენა არ არის“.

 

არხოტის გზა, რომელიც 2017 წელს პირველად გაიჭრა, 9 თვე ჩაკეტილი იყო, ოქტომბრიდან ივნისის ჩათვლით. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი რომ არა, არხოტში მუდმივად მცხოვრები ათიოდე ადამიანისთვის ცხოვრება გაუსაძლისი გახდებოდა. ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას სამოქალაქო ფრენების დანიშვნაზე მაშინაც არ უზრუნია, როდესაც არხოტს დანარჩენ საქართველოსთან საავტომობილო გზაც კი არ აკავშირებდა.

 

გაგა არხოტში მეგობართან ცხოვრობს, ზოგჯერ კარავშიც. ყოველდღიურად კილომეტრებს გადის არხოტის ბუნების დასაცავად. ბრაკონიერობა ხეობისთვის მწვავე პრობლემაა, იმდენად, რომ ხუცესმა, ახიელში, მთავარანგელოზის სალოცავში ყველა გვარის წარმომადგენელი ხატზეც კი დააფიცა და ნადირობა აუკრძალა.

 

„თუ ეს არ ვქენით ხალხო, შვილებს ვზრდით, შვილიშვილებს, მოგვყვება თაობა და მასაყოლადღა დაგვრჩება ის, რომ აქ ნადირი იყო“, - ხუცესის ამ სიტყვებს ყველა არხოტიონი ეთანხმება. მათთვის არხოტი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ სანახავი ადგილი არაა. ინგუშეთის მოსაზღვრე ხეობის განვითარების ერთადერთ გზად ტურიზმი მიაჩნიათ.

 

„არხოტში ყველა ხეობა განსხვავებულია. აქეთ ჭიუხებია, იქით ძალიან ღრმა და ვიწრო ხეობაა, ტბებია, რომლებიც ტურისტების ყურადღებას იქცევს“, - გაგას არხოტში საოჯახო სასტუმროს აშენება სურს, რაშიც სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება.

 

სჯერა, რომ თუკი არხოტში ტურიზმი განვითარდება, მთაში დასაბრუნებელ გზას კიდევ ბევრი ახალგაზრდა იპოვის.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი