logo_geo
მეტოქეზე ჯიქურ მიდიოდა და რკინისებრი გამძლეობით გამოირჩეოდა - ბეჭდაუდებელი ფალავანი
- +

7 აგვისტო. 2018. 02:52

 

საქართველო ლეგენდარული ფალავნების სამშობლოა. საუკუნეების სიღრმიდან ამოჩქეფს­ ქართული ჭიდაობის გენია, რაც საერთაშორისო ასპარეზზეც არაერთხელ დამტკიცებულა. მაგრამ­ იმ სახელოვან­ მოჭიდავეებს შორის ცოტას თუ რგებია ბეჭდაუდებელი ფალ­ავნის ტიტული. სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო იოსებ ჯიმითელი-გეთიაშვილი, რომელიც XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დამდეგს თბილისში ცნობილ ქართველ მოჭიდავეთა ამქარში­ იდგა, ისეთი დიდი მოჭიდავეების­ გვერდით, როგორიც იყვნენ კულა გლდანელი-ყირიმელი, შაშო ვერელი, კოსტა მაისურაძე, თედო ლილოელი და სხვ.

 

იოსებ გეთიაშვილი კახეთის გულში, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში დაიბადა, კალოს პირას, ანეულში გაუგო­ გემო პირველად მამაპაპურ ტატამს. მას შემდეგ უამრავი ჯილდო აიღო არა მხოლოდ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც, მონაწილეობდა მეზობელ ქვეყნებში გამართულ შეჯიბრებებშიც და სამშობლოში დამარცხებული არასოდეს დაბრუნებულა.

 

მისი ჭიდაობის მხილველები ჰყვებოდნენ, რომ მეტოქეზე ჯიქურ მიდიოდა და რკინისებრი გამძლეობით გამოირჩეოდა. იმდროინდელ პრესაში, რომელიც სისტემატურად აშუქებდა დედაქალაქში გამართულ საჭიდაო ტურნირებს, ნათქვამია, თუ როგორ დაამარცხა ჯიმითელმა ერთმანეთის მიყოლებით თედო ლილოელი და შაშო ვერელი.

 

იოსებ გეთიაშვილს კვალში უდგას თავისი შვილთაშვილის შვილი, პატარა იოსებ­ გეთიაშვილი. ის სულ ორი წლისაა, მაგრამ თუ შეეკითხებით, ვინ უნდა გამოხვიდეო, ამაყად გიპასუხებთ: „დიიდ პაპასავით ბეჭდაუდებელი ფალავანიო".

წყარო : wyaro
big_banner
არქივი