logo_geo
„აგრესორი თუ მსხვერპლი?“ ყველაზე ცნობილი მოგზაურის ჩანაწერები 2008 წლის აგვისტოს ომზე
- +

7 აგვისტო. 2018. 20:29

 

2008 წლის 3 ოქტომბერს, ფრანგულ Monde-ში რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ჯონატან ლიტელის ვრცელი რეპორტაჟი გამოქვეყნდა სათაურით „მოგზაურის ჩანაწერები. აგრესორი თუ მსხვერპლი?“. თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ორენოვან (ფრანგულ-ინგლისური) მწერალს აგვისტოს ომზე რეპორტაჟის მომზადება Monde 2-მა დაუკვეთა. ის ექვსდღიანი ომის დასრულებისთანავე საქართველოში ჩამოვიდა და იმ მომენტისთვის არსებულ ვითარებაში გარკვევას ადგილობრივ მცხოვრებლებთან, სამხედროებთან და ჩინოსნებთან საუბრებით შეეცადა. პუბლიკაცია ქართულ ენაზე foreignpress.ge-მ თარგმნა. ამ ვებპროექტის თანხმობით imedinews-ი რუსეთ-საქართველოს ომზე დასავლურ პრესაში დაბეჭდილი ყველაზე ვრცელი და საინტერესო რეპორტაჟის სრულ ვერსიას გთავაზობთ.

პიშიწე პრავილნო

"პიშიწე პრავილნო" - ამ ფრაზას მუდმივად მიმეორებდნენ, დაწერეთ ის, რაც მართლაც მოხდა. ამას ყველგან მთხოვდნენ - სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში, საქართველოში. მეც ზუსტად იგივე მინდოდა, აღმეწერა ის, რაც რეალურად მოხდა, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. „ყველა საკუთარ ამბავს ყვება და ყველა ამ მონათხრობში სუბიექტურია“ - მიხსნის დენ კუნინი, პრეზიდენტ სააკაშვილის ამერიკელი მრჩეველი. კუნინს თბილისში, პრეზიდენტის ახალ რეზიდენციაში, მის ოფისში ვესაუბრები. ვინ არის აგრესორი და ვინ მსხვერპლი? საქართველოსთვის მსხვერპლი მისი ტერიტორიული მთლიანობაა და შესაბამისად ორი სეპარატისტული რეგიონის დასაბრუნებლად ყველა გზას უნდა, და შეუძლია მიმართოს - ეს უფლება წმიდათა წმიდაა. ოსებისა და განსაკუთრებით აფხაზებისთვის მთავარი პრობლემა ისტორიული უსამართლობა და გაურკვევლობაა: საქართველოს საზღვრებში დაბრუნების იდეა მათთვის ისევე მიუღებელია, როგორც მაგალითად, ესტონელებისთვის რუსეთის საზღვრებში დაბრუნებაა. „სრულიად არ მესმის ერთი რამ“, - მეუბნება სოხუმში ისტორიკოსი სტანისლავ ლაკობა, აფხაზეთის უშიშროების საბჭოს წევრი - “დასავლეთი სტალინს მიუღებლად თვლის და ამ დროს სტალინის მიერ დადგენილ საზღვრებს თავს გვახვევს“.

აფხაზებს მიაჩნიათ, რომ მათი სამშობლო, რომელიც მუდმივად უპირისპირდებოდა ქართულ სამთავროებს, არასდროს ყოფილა საქართველოს ნაწილი, მით უფრო, რომ ქვეყნის საზღვრები მუდმივად იცვლებოდა მანამ, სანამ ნაციონალ-მენშევიკებმა და მერე რევოლუციონერმა-ბოლშევიკებმა დღევანდელი საზღვრები არ დაადგინეს. აქ მიღებული თვალსაზრისის თანახმად, თუმცა მეცნიერები მას არ ეთანხმებიან, აფხაზეთი საქართველოს 1931 წელს იოსებ სტალინმა ჩააბარა. მას შემდეგ აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი მიანიჭეს, თუმცა მანამდე საქართველოსთან თანაბარი პოლიტიკური სტატუსი ჰქონდა. 1991 წელს სამი სლავური რესპუბლიკის მეთაურმა, ელცინმა და მისმა კოლეგებმა ბელარუსიდან და უკრაინიდან, გადაწყვიტეს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილი 15 საბჭოთა რესპუბლიკა თავის საზღვრებს შეინარჩუნებდა, ხოლო ავტონომიურ რესპუბლიკათა - აფხაზეთის, ჩეჩნეთის, მთიანი ყარაბაღის და სხვათა ინტერესები არავინ გაითვალისწინა. გადაწყვეტილება ცალმხრივად იყო მიღებული, დაინტერესებული მხარეებისთვის არაფერი უკითხავთ, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობამ ეს გადაწყვეტილება უსიტყვოდ მიიღო - მეორე მსოფლიო ომში საზღვრების გადასინჯვის მტკივნეული გამოცდილების შემდეგ მსოფლიოს პოზიცია გასაგებიც კი იყო. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ხანდახან ამ საზღვრებს ხშირად სრულიად თვითნებურად ადგენდნენ.

აფხაზების ვერსიას ქართველები ასე უპირისპირდებიან: 1991-ში აფხაზეთის ტერიტორიაზე ეთნიკური აფხაზები პოპულაციის მხოლოდ 17%-ს შეადგენდნენ, ხოლო ქართველები - 45,7%-ს. ამაზე აფხაზები ბერიას კოლონიზატორულ პოლიტიკას იხსენებენ, ქართველები 1993 წლის ეთნიკურ წმენდებს... დაუსრულებელი, გადაუწყვეტელი კონფლიქტები, რომელთაც აქამდე მხოლოდ ახალი კონფლიქტები მოჰქონდათ. კონფლიქტები, ტრაგიკული ისტორიები და შედეგად გაჩენილი კითხვები: ვინ წამოიწყო დაპირისპირება, რომელია მსხვერპლი და რომელი - აგრესორი? ვინ უნდა დავადანაშაულოთ დაღუპული ადამიანებისა და ზარალისათვის? ქართველების დღევანდელი ვერსიით, ისინი რუსული აგრესიისგან იცავდნენ თავს, აგრესიისგან, რომელიც კარგა ხნის წინ დაიგეგმა. „სხვაგვარად ფიქრი არც შეიძლება“, - ამბობს კუნინი. აგვისტოს დასაწყისში დაძაბულობამ ოსებსა და ქართველებს შორის პიკს მიაღწია, ყველაფერს ტერაქტები და ცხინვალის მიმდებარე ქართული სოფლების დაბომბვები ართულებდა.

საერთაშორისო საზოგადოება დუნედ რეაგირებდა და ქართველებს მუდმივად ერთსა და იმავეს უმეორებდა: „არ აჰყვეთ პროვოკაციას“, ხოლო რუსებს თავისი მოკავშირე ოსების დაოკებას არავინ სთხოვდა. მასობრივი შეტაკება 7 აგვისტოს საღამოს, ქართველთა მიერ ცხინვალის დაბომბვით დაიწყო, რასაც ნამდვილი შეტევა მოჰყვა. ქართველები ამბობენ, რომ სრულიად გამართლებული ნაბიჯი გადაგეს, რადგან იმ დროისთვის როკის გვირაბი, რომელიც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს აკავშირებს, საქართველოში შემოჭრის მიზნით, რუსულმა ტანკებმა უკვე გამოიარეს. ქართველებს ერთი რამ ჰქონდათ მიზნად, გაეჩერებინათ, ან თუნდაც შეეფერხებინათ რუსების თავდასხმა. ამ მოვლენებიდან ერთი თვის შემდეგ საქართველოს მთავრობამ თავისი სიტყვების დასტურად ნაწილობრივი მტკიცებულება წარმოადგინა: ოსი მესაზღვრეების სატელეფონო საუბრების ჩანაწერები. ეს საუბრები 7 აგვისტოს ღამის 3 საათზე შედგა - ოსები როკის გვირაბში შემოსულ რუსულ ტანკებზე ლაპრაკობდნენ. მაგრამ, როგორც აღნიშნა The New York Times-მა, რომელმაც ამ საუბრების ბეჭდური ვარიანტი გამოაქვეყნა, დღემდე არაფერია ცნობილი ტანკების რაოდენობასა და მათი შემოსვლის მიზეზებზე. ასე რომ ჩანაწერებით ბევრი ვერაფერი ირკვევა.

ოპერაციას მართლაც თავდაცვითი მიზნები რომ ჰქონოდა, წამოწყება მაინც თვითმკვლელობას უდრიდა. კი, მაგრამ გვქონდა არჩევანი? - გვპასუხობენ ამაზე ქართველები. „თბილისი მარიოტში“, მე და გიგა ბოკერია, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქართველი პოლიტიკოსი ბოთლ ღვინოს ვუსხედვართ, ის ყვება: გამოცხადებული ომის ქრონიკა იყო, ისე, როგორც გარსია მარკესთან - სცენარი ყველამ იცოდა - ჯერ პროვოკაციები უნდა დაწყებულიყო, რომელიც ქართველებს შეტევისკენ უბიძგებდა, შემდეგ რუსეთი საპასუხო შეტევაზე გადმოვიდოდა, სეპარატისტული რეგიონების ოკუპირებას მოახდენდა, გაანადგურებდა ქართულ არმიას, შეძლებისდაგვარად დაარბევდა ინფრასტრუქტურას და ხელისუფლებას დაამხობდა. „ასეთ მასშტაბს არ ველოდით, მაგრამ ვიცოდით, რომ დავმარცხდებოდით და მერე ამას ვაზღვევინებდით“, - განაგრძობს გიგა - „ახლა ისინი საფასურს იხდიან. ეს სოფლები და ათკილომეტრიანი ზოლი ძვირად დაუჯდათ, თუ საერთაშორისო საზოგადოების აზრს გავითვალისწინებთ. მათთვის რეალური გამარჯვება რეჟიმის შეცვლა იქნებოდა. ამის გარეშე ვერაფერსაც ვერ მოიგებდნენ“.

8 აგვისტომდე რუსულ ტანკებზე საჯაროდ არავინ ლაპარაკობდა

მოვლენათა ასეთი ინტერპრეტაცია ბევრ კითხვას თუნდაც იმიტომ ბადებს, რომ თავდაპირველად ქართული მხარე სრულიად საპირისპიროს აცხადებდა. 7 აგვისტოს ღამით, როდესაც ცხინვალზე შეტევა დაიწყო, გენერალი მამუკა ყურაშვილი, ქართული სამშვიდობო ძალების მეთაური, ტელევიზიით გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველომ „სამხრეთ ოსეთში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის“ ოპერაცია დაიწყო. მოგვიანებით, დიმიტრი სანაკოევმა, ყოფილმა სეპარატისტმა, რომელიც თბილისის მხარეზე გადმოვიდა, ოსებს ოსურ ენაზე მიმართა და უთხრა, რომ ქართველებს მათთვის დემოკრატია მოაქვთ.

8 აგვისტომდე რუსულ ტანკებზე საჯაროდ არავინ ლაპარაკობდა. სხვა საქმეა პირადი საუბრები, აქ ყველაფერი უფრო დახლართული იყო. საფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე კატეგორიულად აცხადებს: „ქართველებს თავისი დასვლელი მოკავშირეებისთვის არ დაურეკავთ და არ უთქვამთ: რუსები გვიტევენ“. მეთიუ ბრაიზამ, მაღალი ჩინის ამერიკელმა დიპლომატმა, რომელიც ბუშის ადმინისტრაციაში საქართველოს საკითხებზე მუშაობს, ასე ახსნა ეს ვითარება: „სავსებით გასაგებია, რომ ქართველები ჩვენთან უფრო გულწრფელნი არიან, ვიდრე ევროპელებთან, ჩვენ მათთან პრივილიგირებული ურთიერთობა გვაქვს. ეკა ტყეშელაშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 11:30 საათზე დამირეკა და მითხრა: რუსებს სამხრეთ ოსეთში ტანკები და 1000-ზე მეტი მეომარი შემოჰყავთ, ჩვენ არჩევანი აღარ გვრჩება, ვაუქმებთ გადაწყვეტილებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ (სააკაშვილმა ის 19:00 საათზე გამოაცხადა). მე მიღებული ინსტრუქციის თანახმად ვუპასუხე - ნებისმიერი გზით აარიდეთ თავი რუსებთან შეტაკებას. ქართველებს, იმის, რასაც ამბობდნენ, მართლა სჯეროდათ“.

რუსული ვერსია საოცრად ცხადი, უფრო მეტიც, სრულიად ერთმნიშვნელოვანია: სააკაშვილი ფსიქოპატი და ნარკომანია, მან შეტევა გენოციდის ჩატარების მიზნით წამოიწყო, რუსეთს არ შეეძლო წინააღმდეგობა არ გაეწია. საქმე ისაა, რომ სააკშვილს საომარი მოქმედებების დაწყებაში მხოლოდ რუსები როდი სდებენ ბრალს. მართლაც, მას შემდეგ, რაც „ვარდების რევოლუციის“ მეშვეობით ხელისუფლებაში მოვიდა, სააკაშვილი სეპარატისტულ რესპუბლიკებზე მტრული ტონით ხშირად ლაპარაკობდა. მისი ნაციონალისტური რიტორიკა ვიღაცეებს ზვიად გამსახურდიას, დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტსაც კი მოაგონებს. ის კი ოსებს „ინდოევროპელ ღორებს“ უწოდებდა, ხოლო სხვა ერების წარმომადგენლებს „უმადურ სტუმრებად“ ნათლავდა, რომელთაც გაქართველება არ უნდოდათ. პირველი ომი ოსებთან მან დაიწყო, მაშინ თბილისი დამარცხდა.

სააკაშვილის ნაციონალიზმი, რომელიც ფაქტობრივად სახელმწიფო-ნაციის ფრანგულ კონცეფციას ეფუძნება, ასეთ რასისტულ შეფერილობას არ ატარებს. მაგრამ იქნებ პრეზიდენტი, რომელიც თავს დავით აღმაშენებელთან აიგივებდა, მართლაც ოცნებობდა ამ მიწების ძალადობრივ დაბრუნებაზე? ოთხი წლის განმავლობაში მან მშპ-ს უშველებელი პროცენტი არმიას შეალია, იმაზე უფრო მეტი, ვიდრე ეს ნატოს სტანდარტებითაა განსაზღვრული. ერაყში ქართული ბაზის ყველა ქუჩას აფხაზური ქალაქების სახელები ერქვა - გაგრა, ბიჭვინთა, გალი. ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი ქართველი ჯარისკაცები მარშირებისას აფხაზეთის დაპყრობას უმღეროდნენ. „გულის სიღრმეში მიშა (საქართველოში ერთმანეთს ყველა, მათ შორის პრეზიდენტსაც სახელით მიმართავს) საკითხის სამხედრო გზით გადაწყვეტის მომხრე იყო“, - მითხრა ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა, რომელიც პრეზიდენტს დიდი ხანია იცნობს.

ზოგიერთს მიაჩნია, რომ სამხრეთ ოსეთზე შეტევა მხოლოდ დასაწყისი იყო. „ბევრი ოფიციალური პირი მეუბნებოდა, რომ აურზაურში აფხაზეთის აღებაც უნდოდათ“, - მითხრა ეროსი კიწმარიშვილმა, საქართველოს ელჩმა რუსეთში - „ოსების დამარცხებას 24-36 საათში აპირებდნენ, მერე კი აფხაზეთზე ორმაგი შეტევა უნდა წამოეწყოთ: სენაკის ბაზიდან და კოდორის ხეობიდან“. ესე იგი ის, რომ ქართული შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა, სულაც არ მიუთითებს მათ მოუმზადებლობაზე. კიწმარიშვილი უბრალო დამკვირვებელი როდია. 2003 წელს მან, როგორც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელმა, „ვარდების რევოლუციაში“ საკვანძო როლი ითამაშა. იანვარში, საარჩევნო კამპანიისას სააკაშვილის მრჩეველი იყო, შემდეგ კი მოსკოვშო ელჩად დაინიშნა, სადაც სანამ უკან არ გამოიძახებდნენ, პრეზიდენტ მედვედევთან და მის ლიბერალურ გარემოცვასთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობდა. აგვისტოს მოვლენების შემდეგ კიწმარიშვილი ოპოზიციაში გადავიდა. ის არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი რუსეთის მიერ დაგებულ მახეში გაება, ზუსტად ისე, როგორც ჩეჩენი სავალე მეთაური შამილ ბასაევი, რომელსაც 1999 წელს დაღესტანში შეჭრისკენ უბიძგეს, რამაც ვლადიმერ პუტინს ძალაუფლების მწვერვალზე ასვლის საშუალება მისცა და რის შედეგადაც ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო.

ის რომ, რუსები რაღაცას ამზადებენ, ყველამ იცოდა. საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების მერე, რასაც მოსკოვი საშინლად ეწინააღმდეგებოდა, პუტინმა პატიოსნად განაცხადა თავისი განზრახვების შესახებ: „ჩვენ მაიმუნობას არ დავიწყებთ ... უკვე გვაქვს რაღაც მომზადებული“ და იმის პირობაც დადო, რომ პასუხი „ასიმეტრიული“ იქნებოდა. საქართველო, რომელსაც ნატოში შესვლა ძალიან უნდოდა, რა თქმა უნდა, მიზანში პირველ რიგში ამოიღეს. მაისში რუსეთმა, ყველა სამშვიდობო მოლაპარაკების დარღვევით, აფხაზეთში მედესანტეები და რკინიგზის 400 სამხედრო სპეციალისტი გააგზავნა. მათ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ საზღვართან, ოჩამჩირესა და სოხუმს შორის განლაგებული უბანი უნდა აღედგინათ.

15 ივლისს, როცა სამხრეთ ოსეთის გარშემო პროვოკაციებმა ინტენსიური ხასიათი მიიღო, ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქმა ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებები „კავკასია 2008“ ჩაატარა. ეს სწავლებები რეგიონში შეიარაღებულ ელიტარულ ძალთა - ჯავშანტრანსპორტიორების, ტექნიკის, ავიაციის თავმოყრის შესანიშნავი საბაბი გახდა. ივლისის ბოლოს რუსმა სამხედრო ანალიტიკოსმა ფელგენჰაუერმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც ყველაფერი, რაც ერთი კვირის შემდეგ რეალურად მოხდა, დეტალურად აღწერა. ნუთუ სააკაშვილსა და მის გარემოცვას მართლა ეგონათ, რომ რუსები საპასუხოდ არ ირეაგირებენ.

„ქართველი მინისტრები სამხრეთ ოსეთს ხშირად სარძევე კბილს ადარებდნენ“, - მიხსნის ერიკ ფურნიე - „რუსებს ის სულაც არ სჭირდებათ, ერთხმად გაიძახოდნენ ისინი“. კონფლიქტის წინა დღეებში იმ რუსი პოლიტიკოსების ქცევა, რომლებიც ოსურ დოსიეზე აგებდნენ პასუხს, კიდევ უფრო არწმუნებდა მათ საკუთარ სიმართლეში. „ოსები საერთოდ უმართავები გახდნენ, სრულიად აღარ გვიგდებენ ყურს, თავი მოგვაბეზრეს“, - საჯაროდ აცხადებდნენ რუსები. კიწმარიშვილს ერთი ვარაუდიც აქვს - „შესაძლოა მიშას გარემოცვაში ვინმე გამიზნულად ავრცელებდა ამ დეზინფორმაციას“. ხაფანგი, რომელიც მიშას იმპულსური ხასიათის გათვალისწინებით დააგეს; ზუსტად ასე უფრიალებს ტორეადორი ხარს წითელ მოსასხამს, რადგან და ზუსტად იცის, რომ აგრესიული პირუტყვი პირდაპირ მასზე მიიტანს შეტევას და კისერში დანის ჩარტყმის საშუალებას მისცემს. იქნებ კავკასიური სულსწრაფობა სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. ამას მიუმატეთ ყოველმხრივი არაკომპეტენტურობა. ასე მგონია, ქართველებმა თვითონაც არ იციან, როგორ მოხდა ეს ყველაფერი.

მოწინავე ტექნოლოგიები

ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსიის მიღმა აბსოლუტურად რეალური პოლიტიკური ფსონებია დადებული. მხარეებმა პროცესში ყველა შესაძლო კომუნიკაციური ინსტრუმენტი ჩართეს. წინათ ამას პროპაგანდას უწოდებდნენ. რუსები დღემდე საკმაოდ მარტივ მეთოდოლოგიას იყნებენ: თუ ისე გავაკეთებთ, რომ ქვეყნის მთელ მოსახლეობას, მედიაზე სახელმწიფოს ტოტალური კონტროლის გამო, მხოლოდ მოვლენათა ერთ, ოფიციალურ ვერსიას მივაწვდით, მაშინ უცხოელ მიმოხილვლებს ის არასანდოდ მოეჩვენებათ ისევე, როგორც ეს „გენოციდში“ ქართველთა დადანაშაულების გამო მოხდა. ქართველები, თავის მხრივ, მაღალი ტექნოლოგიებით შეიარაღდნენ. მთავრობამ მსოფლიოში თავისი ვერსიის გასავრცელებლად ბელგიური PR კომპანია Aspect Consulting-ი დაიქრივა. მისმა დამფუძნებელმა პატრიკ ვორმსმა, რომელსაც რუსულმა მედიამ შავი PR-ის ბელგიელი ოსტატი უწოდა, ევროპის დედაქალაქებში საზგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტთა ჯგუფები განათავსა. ისინი ყოველდღიურად ავრცელებენ ინფორმაციას, ფაქტებს, რომელთაც სათანადოდ წარადგენენ და ცდილობენ მათი კლიენტის ვერსიას მაქსიმალურად რეალური სახე მისცენ.

ერთ-ერთი მთავარი პროექტის რეალიზაციაში გიგა ბოკერია მონაწილეობდა - შეიქმნა ფაქტების ოფიციალური ქრონოლოგია, რომელიც აგვისტოს ბოლოს თბილისში ჟურნალისტებსა და უცხოელ დიპლომატებს დაეგზავნათ. მაგრამ ამ ფაქტებში მხოლოდ ერთ რამეს თუ ამოიკითხავთ - 7 აგვისტოს, დაახლოებით 150-მა ჯავშნიანმა ტანკმა და რუსეთის რეგულარული არმიის სატვირთო მანქანებმა როკის გვირაბი გადამოლახეს და ცხინვალისკენ წაიწიეს. არანაირი მტკიცებულება არ ჩანს. პატრიკ ვორმსმა Monde-ს ამ დოკუმენტის სამუშაო ვერსია გადასცა, აქვეა ის შენიშვნები, რომლებიც ბოკერიასთვის გააკეთა.

მაგალითად: „ზუსტად როდის? როგორ შეიტყვეთ ამის შესახებ? როდის გახდა ეს თქვენთვის ცნობილი? მანამდე, სანამ როკის გვირაბში შევიდნენ, თუ უკვე მას შემდეგ, რაც გვირაბის მეორე მხარეს აღმოჩნდნენ? ეს საკვანძო მომენტებია, ამაზეა დამოკიდებული ყველაფერი რასაც ვამბობთ და ვაკეთებთ“. მართლაც კარგი შეკითხვებია, მაგრამ საბოლოო დოკუმენტში მათზე პასუხს ვერ მოიძიებთ.

თუმცა ქართველები მართლაც მზად არიან უცხოელ ჟურნალისტებთან თანამშრომლობისთვის, და თუ ფაქტები მაინც ითითხნება, მათ რუსების უხეშ მეთოდებს ვერც კი შეადარებ. ამაში დასარწმუნებლად, კონფლიქტის რეგიონში ორი მოგზაურობის ამბავს მოგიყვებით. გორში, სამხრეთ ოსეთის მეზობელ სამრეწველო ქალაქში 18 აგვისტოს ჩავედი. ნახევარი დღის თავგადასავლების შემდეგ, სხვა ჟურნალისტებთან ერთად იმ რუსული ბლოკპოსტების შემოვლა ვცადეთ, რომლებიც ქალაქში შემოსვლას ბლოკავდნენ.

საღამოს დიდ მოედანზე, სადაც იოსებ სტალინის დიდი ძეგლი იდგა, ქალაქის ადმინისტრაციის შენობის წინ, რომელსაც ყველა ფანჯარა ამას წინათ მომხდარი აფეთქების გამო ჩაემსხვრა, კახა ლომაიას, საქართველოს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს შევხვდი. მას ტელეფონით დავუკავშირდი და გორის ჩრდილოეთით, დანგრეულ ქართულ სოფლებში ჩემი წაყვანა ვთხოვე. ლომაიას 2004 წელს უკვე შევხვედროდი. მაშინ ის კულტურის მინისტრად დაინიშნა. იმ დროს საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციაზე ვსაუბრობდით - რევოლუციამდე ის ჯორჯ სოროსის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი იყო და საკითხზე თავის პრეზიდენტთან შედარებით უფრო ღია, კონსტრუქციული პოზიცია ჰქონდა.

45 წლის ლომაია ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული ქართველი პოლტიკოსია (სააკაშვილი სულ 40 წლისაა, ხოლო თავდაცვის მინისტრი - 30 წლის). თბილისში მომუშავე უცხოელები მას გონიერებისა და სერიოზულობისთვის დიდ პატივს სცემენ. „აი რუსების პასუხი “ვარდების რევოლუციაზე“ - შესძახა მან ჩვენი შეხვედრისას. მეორე დღეს ჩვენ მიერ დაგეგმილი და გაუხმაურებელი მოგზაურობა საჯარო კუთვნილება ხდება, არადა ჩვენ ამას თითქოს არ ვაპირებდით: მოედანზე ლომაიას ათობით ჟურნალისტი ელოდება და თან წაყვანს სთხოვს. რუსი გენერალი ვიაჩესლავ ბორისოვი, ამ ზონის მეთაური მასას შეერია, შემდეგ კი ლომაიასთან ერთად ადმინისტრაციულ შენობაში შევიდა. ბოლოს, საკმაო დაგვიანებით გრძელი კოლონა გზას დაადგება: სასწრაფო დახმარებების მთელი წყება, ჰუმანიტარული ტვირთით სავსე ყვითელი ავტობუსები (ჩვენი ვიზიტის საბაბი) და ბოლოს ჟურნალისტებით გადატენილი 12-მდე ავტომანქანა.

ბორისოვმა ლომაიას 4 მედესანტე გამოაყოლა. გორის ჩრდილოეთით ოსი მოხალისეების ბუდეა - ასე მიაჩნიათ ქართველებს. ისინი საშინლად თარეშობენ და სწორედ ამ თარეშით დატოვებული კვალის სანახავად მივდივართ. მედესანტეების დამსახურებაა, რომ საკონტროლო პუნქტს უპრობლემოდ გავდივართ. მე ლომაიას მანქანაში ვზივარ და გაჩერებებს შორის ვესაუბრები. სოფლებში ლომაია ჟურნალისტებს სრულ თავისუფლებას აძლევს, ის კი ამ დროს დაცვით გარშემორტყმული, სოფლის მცხოვრებლებს ელაპარაკება. ჟურნალისტები სახლებში მიმოიფანტნენ და მოსახლეობას კითხვებს უსვამენ. ასე გავხდით ნამდვილი კოშმარის მოწმენი, რომელიც თბილისის კაფეებიდან ასე შორეული და ხშირად უმნიშვნელო ჩანდა.

მას შემდეგ, რაც 11 აგვისტოს ქართველები დამარცხდნენ, ოსური შეიარაღებული ჯგუფები ამ სოფლებში სრულიად დაუსჯელად მოქმედებენ: ძარცვავენ და წვავენ სახლებს, მშვიდობიან მოსახლეობას, მათ, ვინც გაქცევა ვერ მოასწრო, ხოცავენ. ლომაია გაუპატიურებებზე გვიყვება და თუმცა ამის დამადასტურებელი ფაქტები ვერ მოვიძიეთ, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მით უფრო თუ აქ დატრიალებულ სისატიკესა და რისხვას წარმოვიდგენთ.

სახლებში ავეჯი, ლეიბები, კარადები თავდაყირაა ამოტრილებული, იატაკზე ოჯახური ფოტოები ყრია - უეცარი გაქცევის მოწმე ფოტოები. ეზოში მშიერი საქონელი და ქათმები დაძრწიან, ხილით დახუნძლული ხეები მოუკრეფავ ნაყოფს ვეღარ უძლებს. ერთ-ერთს ვწყვეტ და ამ უაზროდ დაღუპული, დაქცეული სიცოცხლეების გამო გული მწარე სინანულით მევსება. ხანდახან გულისამრევ სისხლის გუბეს ვაწყდებით, ბაღში ან სარდაფში - ცხედარს, რომელიც მეზობელმა და ნათესავმა ნახევრად ჩაფლა მიწაში.

მოკლულები სულ კაცები არიან, მოხუცები და ახალგაზრდები: თავის სახლთან, ტყვიავში მოკლული კობა წაქაშვილი 37 წლის იყო, მისი მეზობელი მიხეილ მელითაური - 71-ის. მათი ცხედრები 5 დღე სახლში ინახებოდა. მიხეილის ცოლი 70 წლის გულო გვამებს ძმარს ასხავდა, უბრალოდ ფიზიკურად ვერ შეძლო ცხედრების გადატანა და დაკრძალვა. ეს ლომაიას მცველებმა გააკეთეს, ტყვიავში მისი პირველი ჩამოსვლისას. ტყვიავში 12 მოკლული დავითვალეთ. სხვა სოფლებში რუსების დაბომბვების შედეგად დანგრეული სახლები ვნახეთ, მაგალითად კარბში, სადაც 8 ადამიანი დაიღუპა. აქვეა ოსების მიერ ძირფესვიანად დამწვარი სოფლები. ისინი ისე გაავებით მოქმედებდნენ, რომ ბენზინგადასხმული ბაღები ერთიანად აალდა და ახლა ბალახსა და გაშავებულ სახლებს შორის ძროხების ჩონჩხი და ქათმების დანახშირებული პატარა გვამები მოჩანს.

სოფლის შესასვლელში გადატრიალებული დაცხრილული მიკროავტობუსი ეგდო

როგორც ჩანს, სახლებს ამორჩევით ანგრევდნენ - ერთი სახლი გადამწვარია, სამი მომდევნო მხოლოდ გაძარცვულია, მაგრამ ხელუხლებელი. ლომაიას თქმით, რაც სოფლელებმაც დაადასტურეს, ოსებს ზუსტი სიები ჰქონდათ და პირველ რიგში გავლენიან ადამიანებს ერჩოდნენ - მასწავლებელს, პოლიციელს, მერიის თანამშრომელს. გადარჩენილები ჰუმანიტარულმა ტვირთმა და სიგარეტმა, რომელიც ლომაიამ დაარიგა, რა თქმა უნდა, გაახარა. მაგრამ ყველგან კარგად როდი გვხდებოდნენ. საშინელი კონფლიქტების მოწმენი გავხდით - სიშლეგემდე განრისხებული კაცები ლომაიას უყვიროდნენ: მიშამ მიგვაგდო, ჩვენც ოსებივით, რუსულ პასპორტს ვითხოვთ! რუსები, თქვენგან განსხვავებით, დაგვიცავენ მაინც. ლომაია მშვიდად და მოთმინებით პასუხობს, არც ერთ წუთს არ იცვლის მოჩვენებითად მორჩილ გამომეტყველებას.

ყველა სოფელი, რომელიც მოვიარეთ, „უსაფრთხოების ზონებშია“ განთავსებული. ამ ზონებზეა ლაპარაკი ნიკოლა სარკოზის შუამავლობით დადებულ ხელშეკრულებაში, მაგრამ რუსები ამ სივრცეებს ასეთად სულაც არ მიიჩნევენ: საზღვრის მეორე მხარეს, ნამდვილი ეთნიკური წმენდები მიდის. ედუარდ კოკოითიმ, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა, პირდაპირ განაცხადა: „ოსეთის ტერიტორიაზე“ არც ერთი ქართველი აღარ დაბრუნდება. სოფლებიდან, სადაც ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ, მოსახლეობას სისტემატურად დევნიან, მათ სახლებს კი, როგორც ამბობენ, მიწასთან ასწორებენ.

მერეთში კუისიდან დევნილებს ჟურნალისტები ელაპარაკებიან, ისინი ამტკიცებენ, რომ მათ სოფელში არც ერთი სახლი არ გადაურჩა ნგრევას. ლომაია იქით გამგზავრებას გვთავაზობს - უნდა, რომ ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახოთ, მაგრამ მცველებს ოსი სნაიპერების ეშინიათ, რუსი მედესანტეებიც ადასტურებენ, რომ იქ ჩვენს უსაფრთხოებას ვეღარ დაიცავენ. ზოგიერთი ჟურნალისტის ენთუზიაზმის მიუხედავად, ლომაია თავის იდეაზე უარს ამბობს. ამის ნაცვლად „ექსკურსიას“ ცხინვალის მახლობელ სოფელ თირძნისში ვასრულებთ. აქაც იგივე ვითარებაა, რაც ტყვიავში.

სოფლის შესასვლელში ტყვიით დაცხრილული, გვერდზე გადატრიალებული მიკროავტობუსი გდია, გარშემო ნამსხვრევები და პასპორტებია მიმოფანტული. ერთ-ერთი მგზავრის ცხედარი აქვე, ხეხილშია დაგდებული. ფოტოგრაფები და ოპერატორები, ერთმანეთის ხელს კრავენ, ცდილობენ მიცვალებულს სურათი გადაუღონ - ამაოდ, ამ კადრებს ვერსად გამოიყენებენ, ცხედარი უკვე გახრწნილია - გაშავებულ, ჭიებით სავსე სხეულს საშინელი სუნი ასდის.

ორი დღის მერე რუსებმა სამხრეთ ოსეთში ვიზიტის ორგანიზება გადაწყვიტეს. ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად ხდებოდა. ლომაია არაფერში ერეოდა, მხოლოდ ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდა, მაგრამ მათ თავის ვერსიას აღარ აჩეჩებდა: ნანახი სავსებით საკმარისი იყო. რუსულ ექსკურსიას სრულიად უცერემონიო ალექსანდრე მაჩევსკი ხელმძღვანელობდა, საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირი. დაბალი, ჩაფსკვნილი, გარუჯული მაჩევსკი ერთავად რაღაცას გაჰკიოდა. ჟურნალისტებმა სულ მალე „პატარა ჰებელსი“ შეარქვეს.

პირველსავე ქართულ სოფელში, რომელიც ლომაიასთან ერთად უკვე მოვინახულეთ, მან იმპროვიზებული პრესკონფერენცია მოაწყო და კამერების წინ განაცხადა, რომ შენობების ნგრევა გაზის აფეთქებამ, თუ მოკლე ჩართვამ გამოიწვია. კიდევ ერთი ვერსია ჰქონდა - ყველაფერი ქართულმა სპეცსამსახურებმა რუსეთის დისკრედიტირების მიზნით გააკეთეს. „საშა“ - ვერ მოითმინა ერთმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა სათვალის ზემოდან, ისე რომ უბის წიგნაკი ხელიდან არ გაუშვია - „ნუთუ გგონიათ, რომ თუნდაც ერთ თქვენს სიტყვას დავუჯერებთ“. „თქვენ მიგაჩნიათ, რომ ვცრუობ?“ - იკივლა საშამ. “სიმართლე გითხრათ - კი“, - ჩუმად უპასუხა ჟურნალისტმა, რამაც საშა ისე გააცეცხლა, რომ ჩვენი ჯგუფიდან ბრიტანელის გაძევებაც კი სცადა.

მოგვიანებით ცხინვალის დასავლეთით, ძალიან დანგრეული ოსური სოფელი ხეთაგუროვი მოვინახულეთ. ქართველები არ უარყოფენ, რომ ეს სოფელი დაბომბეს, მაგრამ ამტკიცებენ, რომ იქ რუსების მძიმე არტილერია იდგა. ადგილობრივები ამბობენ, რომ აქ მხოლოდ სამოქალაქო პირთა საომარი ჯგუფები იდგა, რომლებმაც პირველივე ზალპის შემდეგ დატოვეს სოფელი. მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მსგავს განცხადებებს მაინცდამაინც ვერ ენდობი - მშვიდობიანი მოსახლეობა დაშინებული იყო და სარდაფებში იმალებოდა, ხოლო საშას გაუთავებელი შეძახილები: „Go, guys, go! Go, go, go!!! Twenty minutes!“ - რაიმეს გადამოწმების საშულებას არ გიტოვებდა. ასეთ პრობლემებს მუდმივად ვაწყდებოდით. ცხინვალში 10 წლის ბიჭმა სრულიად სერიოზულად მითხრა, რომ ქართველები თავიანთ ტანკებს მოჭრილი თავებით ამკობდნენ. „შენ ეს თვითონ ნახე?“ - ვკითხე მე.

- არა, მეგობარმა მომიყვა.

- მან თვითონ ნახა?

- არა, მაგრამ მასაც მოუყვნენ.

ბიჭი აბსოლუტურადაა დარწმუნებული თავის სიმართლეში ისევე, როგორც ქართველი კაცი კარალეთიდან, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსებმა და ჩეჩნებმა მისი 100 თანასოფლელი დახოცეს, მაგრამ ვერც ერთის სხეულს ვერ გვიჩვენებს.

რუსებმა პირველ რიგში საშინლად დანგრეულ ებრაულ უბანში წაგვიყვანეს. აქ ებრაელები დიდი ხანია აღარ ცხოვრობენ, საბჭოთა ხელისუფლების დაფუძნების პირველივე წლებიდან. „მათ ამას წინათ გაიხსენეს ეს დასახელება“, - ამიხსნა თბილისში პატრიკ ვორმსმა - „საერთაშორისო საზოგადოებაზე ეს ყოველთვის საჭირო შთაბეჭდილებას ახდენს - ბომბებით დანგრეული ებრაული უბანი“.

რუსეთი არასდროს ღალატობს თავის მეგობრებს!

როგორც ცხინვალში ადრე ნამყოფმა ჟურნალისტებმა თქვეს, ეს კვარტალი ჯერ კიდევ 1991 წელს დაიბომბა და მას შემდეგ თითქმის არ აღუდგენიათ. ჩვენი მყისიერი ვიზიტისას ძველი ნანგრევების ახლებისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია. იმის გარკვევაც რთულია, რომელი შენობები დაინგრა ქართველთა დაბომბვებისას 7-8 აგვისტოს და რომელი რუსული კონტრშეტევისას - 9-10 აგვისტოს. აქაურებისგანაც ვერაფერს ვიგებთ - როგორც კი ფაქტების დაზუსტებას ვიწყებთ, ისტერიულ რეაქციას ვაწყდებით. ასე ჰგონიათ, რომ იმ „გენოციდის“ დაყენება გვსურს ეჭვქვეშ, რომლის მსხვერპლადაც თავი მიაჩნიათ. „ქართველები ყველას დაგვხოცავდნენ, მადლობა უფალს, რუსებმა გადაგვარჩინეს“, - მიაჩნია მსახიობ ფატიმა თადაევას. მერე კი იმასაც გვიყვება, რომ მისი ბიძაშვილი ფედელ თადაევი ცოლთან და სამ შვილთან ერთად ქართულმა ტანკმა გაქცევის დროს დახოცა. “იმედი მაქვს, მოხვალთ მიტინგზე“, - მკვეთრად წყვეტს ლაპარაკს და მიდის.

„მიტინგს“ ცენტრალურ მოედანზე გამართულ პოლიტიკურ დემონსტრაციას უწოდებენ. კოკოითი და მისი მთავრობის წევრები სიტყვით უნდა გამოვიდნენ - ეს ჩვენი პროგრამის ცენტრალური მომენტია. გამოსვლებს ცალი ყურით ვუსმენ - კოკოითი ქართველებს გმობს: „თუ 7 აგვისტომდე მოლაპარაკებების მცირე შანსი მაინც არსებობდა, დღეს ეს შანსი საბოლოოდ გაქრა“. ხალხში გარევა ვარჩიე: სამოქალაქო პირები დროშითა და ტრანსპარანტებით ხელში, ოსი მოხალისეების ჯგუფი, ბევრს ქართული სამხედრო ფორმა აცვია, ერაყიდან ჩამოტანილი და უდაბნოსთვის გამიზნული ეს ფორმები აქაურობას სულ არ უხდება.

ტრიბუნის მეორე მხარეს, ვლადიკავკაზიდან ჩამოსულ რუს ტურისტებს გადავეყარე. მათ ჩვენგან განსხვავებით ყურადღებით ეპყრობიან: მიკროავტობუსები და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ცხელი სადილი - ხორციანი ფაფა, რომელსაც საველე სასადილოში არიგებენ. მეც იქითკენ ვიღებ გეზს. მიტინგი გრძელდება. ტრიბუნაზე ანატოლი ბარანკევიჩია, გადამდგარი რუსი ოფიცერი, სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი და მტკიცედ აცხადებს: „რუსეთი არასდროს ღალატობს თავის მეგობრებს!“ საშა მოედანზე დაქრის და „თავის“ ჟურნალისტებს აგროვებს. „ახალბედები“, ისინი, ვინც პირველად მოხვდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, გაოცებულნი, უფრო მეტიც, სანახაობით შეურაცხყოფილნი არიან. ისინი, ვინც რეგიონს კარგად იცნობენ, ერთობიან, დეტალებს აგემოვნებენ.

პროგრამის შემდეგი პუნქტი - ქართული შეტევის დროს დანგრეული მშვიდობისმყოფელთა ბაზაა. რუსები მას მს-ს უწოდებენ. ჩვენი „ექსკურსავოდი“ პოლკოვნიკი იგორ კონაჩენკოვია, დაბომბილი შენობის კედელზე წითელი ყვავილების სამგლოვიარო გვირგვინები აწყვია. კონაჩენკოვი დანაკარგებზე გვიყვება - 15 დაღუპული და 150-მდე დაჭრილი.

უმეტესობას, მიგვანიშნებს გამომსვლელი, ეძინა, როცა ღამით დაწყებულმა დაბომბვამ იმსხვერპლა. ეჭვიც არ ეპარება, რომ ქართველებმა ეს გამიზნულად გააკეთეს: „ჩვენ სამშვიდობო ჯარების მოსამსახურეები უკვე ნახევარი წელია ვაფრთხილებდით ყველას, რომ ქართველები ომისთვის ემზადებიან. ისინი მეომართა, იარაღის, საბრძოლო მასალის რაოდენობას ზრდიდნენ. ცხადი იყო, რომ შეტევისთვის ემზადებოდნენ“.

სანამ ჟურნალისტთა უმეტესობა ნანგრევებს იღებს, ან ცდილობენ გაღიზიანებულ საშას ხელიდან დაუსხლტეს, მე ბაზის სიღრმეში შევდივარ. ჯარისკაცები ტანკებს არემონტებენ, გადარჩენილ შენობებში ისვენებენ. ერთი ჯგუფი ჭაჭას (60 გრადუსიან არაყს) და კომპოტს მთავაზობს. დეტალურად მიყვებიან ომის დღეებზე. ისინი პროფესიონალი მეომრები არიან, თვეში 77 ევროს იღებენ. რეალურად, როგორც კი 7 აგვისტოს ქართველების შეტევა დაიწყო, იმავე წამს საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს, პირველი დანაკარგები, დილით 8 აგვისტოს განიცადეს, როცა მტერმა ბაზას საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა. შენობის ნაწილი ჩამოინგრა და ამიტომ იძულებულნი გახდნენ, ბაზა მიეტოვებინათ. ნანგრევებზე კონტროლი დიდი კონტრშეტევის შემდეგ, 10 აგვისტოს დაიბრუნეს.

ქართველები ბაზის დაბომბვის ფაქტს არ უარყოფენ: აქ ოსურ არტილერიას იცავდნენ, რომელიც ქართულ მხარეს ესროდა. ამიტომ, ამბობენ ქართველები, სხვა გზა არ გვქონდა და საპასუხო ცეცხლი გავხსენით. ქართული მხარე იმასაც ამტკიცებს, რომ ქალაქი თითქმის არ დაუბომბავთ, მხოლოდ სამხედრო ობიექტებს უმიზნებდნენ. მაგრამ ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებს. საღამოს თბილისში, „მერიოტში“ დაბრუნებულმა, პატრიკ ვორმსის მიერ გადაღებული ცხინვალის აეროფოტო შევნიშნე. ფოტოზე ის ექვსი ზონაა აღნიშნული, რომელსაც ქართველები ესროდნენ. თითოეულთან დაკავშირებით მათ სერიოზული არგუმენტები აქვთ. მაგრამ საშამ ქართული რაკეტების დისლოკაციის ადგილი გვაჩვენა, სწორედ აქედან ისროდნენ „გრადს“. ლომაიამ წინა დღით ამას თავი აარიდა. ეს 122 მმ სისტემაა, არც თუ ისე ზუსტი დამიზნებით. მისი გამოყენებით ქალაქის დაბომბვას, სადაც უამრავი მშვიდობიანი მცხოვრებია, სხვას ვერას უწოდებ, თუ არა ბრმა ოპერაციას. მოედანზე უამრავი ცარიელი ყუთია, აქ ინახავდნენ სლოვაკური მარკერებით მონიშნულ რაკეტებს. 540-მდე დავითვალე. კონაჩენკოვმა მითხრა, რომ კიდევ 5 ასეთი მოედანი არსებობს, მაგრამ იმათ აღარ გვაჩვენებენ. ქართველები, რა თქმა უნდა, ამტკიცებენ, რომ „გრადს“ მხოლოდ ჯავის რაიონს ესროდნენ, რუსული ტანკების წინააღმდეგ, ხოლო ცხინვალს უფრო ზუსტი დამიზნების იარაღით ბომბავდნენ, ისეთებით, როგორიცაა სლოვაკური 152 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა-ზარბაზანი ДАНА. ამ ინფორმაციის გადამოწმებაც შეუძლებელი აღმოჩნდა.

ჩვენი Magical Mystery Tour-ი კლასიკური მუსიკის კონცერტით დასრულდა. პარლამენტის დანგრეული შენობის წინ ვალერი გერგიევი პეტრებურგის მარინის თეატრის სიმფონიურ ორკესტრს დირიჟორობდა. ქართველები წლების განმავლობაში სთხოვდნენ გერგიევს, რომელიც წარმოშობით ჩრდილო ოსეთიდანაა, შერიგების ნიშნად თბილისში დაეკრა, მაგრამ ამაოდ. ბავშვებით გარშემორტყმულმა გერგიევმა, კონცერტის დაწყების წინ მსმენელს ინგლისურად და რუსულად მიმართა. ის ქართველთა მიერ ჩატარებულ „გენოციდზე“ ლაპარაკობდა და მათ 11 სექტემბრის ორგანიზატორ ტერორისტებს ადარებდა. და მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი პროკურატურა, იმ დროს უკვე მხოლოდ 133 დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეზე ლაპარაკობდა, ის წარბშეუხრელად 2000 დაღუპულს ახსენებდა.

უკვე კონცერტზე შესასვლელად ვემზადებოდი, როცა საპირფარეშოში გასვლა გადავწყვიტე. შენობასთან მდგომმა სამმა ქალმა საჭირო სართულზე მითითა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიყავი, ამას მაშინვე მივხვდი, მაგრამ არავის გავუჩერებივარ და ამიტომ შეუფერხებლად ავედი ზევით. ფორმიანმა ოფიცერმა დამასწრო და კაბინაში შევიდა. სანამ ველოდები, ფანჯარაში გავიხედე. ეზო სატუსაღოდ იყო გადაქცეული. 40-50 სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პატიმარი, ქართველები, ძირითადად მოხუცები, ამ საპატიმროში ჰყავდათ დამწყვდეული.

ჩემი მობილურით რამდენიმე სურათი გადავიღე, უკანა ხედზე დროშები და პროჟექტორები საკონცერტო სცენას ამშვენებდნენ. პატიმრები კონცერტს ჩვენთან ერთად მოუსმენენ. „მაინცდამაინც კარგი პირობები არ გვაქვს“, - მომესმა ოფიცრის ხმა, მგონი, ტუალეტს გულისხმობდა. თვითონ კონცერტი საბჭოთა პროპაგანდის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენდა: კარგად შერჩეული მაყურებელი: ბავშვები, მოხუცები, ხელში ყველას სანთლები და მიცვალებულთა პორტრეტები უჭირავს, სამხედროები ნელ-ნელა არხევენ ალმებს, აქვე არიან ჟურნალისტები. ტელევიზიით ტრანსლირებისას, ორკესტრის გამოსახულება ცრემლიანი მაყურებლის მსხვილ ხედებსა და ქალაქის ნანგრევებს ენაცვლებოდა.

ყველაფერი დეტალურად იყო გათვლილი: ჯერ ჩაიკოვსკის მე-5 სიმფონიის მეორე ნაწილი - სევდიანი, მელანქონიური. მერე დამკვრელი ინსტრუმენტების დაფლეთილი რიტმი შოსტაკოვიჩის მე-7 სიმფონიიდან, რომელიც ლენინგრადის ბლოკადის დროს 1943-ში დაიწერა - ძლიერი, მხედრული სულის მუსიკა. მაგრამ საშამ არ გვაცალა: „Time to go! Time to go!“

ყველაზე მეტად ამ მოგზაურობის დროს რუსულმა არმიამ გამაოცა. 1996 წელს ჩეჩნეთში სულ სხვა სურათი იყო: წვევამდელები, მშიერი დაშინებული პატარა ბიჭები. 1999-2000-ში ისინი დაქირავებულმა ჯარისკაცებმა, მთვრალმა სასტიკმა, რუსეთის სოციალურ ფსკერზე მოძიებულმა კორუმპირებულმა კონტრაქტორებმა შეცვალეს. უფროსობა მათ ბინძურ საქმეებზე თვალს ხუჭავდა, რადგან თვითონაც ბინძურ საქმეს აკეთებინებდა. მაშინ მხოლოდ ერთ წესიერ ოფიცერს შევხვდი და ისიც თავისიანებმა, რომელთა ალაგმვასაც ცდილობდა, მოკლეს. რუსი ჯარისკაცები საქართველოში სრულიად საპირისპირო შთაბეჭდილებას ახდენენ: დისციპლინირებული, შედარებით თავაზიანები, პროფესიონალები, საკუთარ თავში დარწმუნებულები.

ერთ სოფელში, სადაც ლომაიასთან ერთად ვიყავი, ფსკოვის ცნობილი 76-ე დივიზიის სერჟანტთან მივედი და სიგარეტი შევთავაზე, მან მშვიდად მითხრა უარი. „ჯარისკაცი და არ ეწევა? არასდროს მინახავს მსგავსი რამ“, - გავეხუმრე მე. კალშნიკოვი მხარზე ეკიდა, უშფოთველად გამიღიმა დამითხრა: „ახლა მოწევა მოდაში აღარ არის. ახლა სპორტია მოდაში. იცით რაშია საქმე? საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ხალხი ეწეოდა, სვამდა, თავს არ უვლიდა. ახლა რუსეთი ფეხზე დგება და ადამიანებიც ცხოვრების ჯანსაღ წესს უბრუნდებიან“. გორსა და მის შემოგარენში განთავსებული ჯარისკაცებიც ასეთივე თვითდაჯერებულები და თავშეკავებულნი არიან.

როცა გორში ჩამოვედი, ლომაიასთან მოგზაურობამდე, ქალაქის ცენტრალურ ხიდთან მივედი. ხიდის მცველებთან, 42-ე დივიზიის ჯარისკაცებთან მინდოდა შეხვედრა. ჩეჩნურ შალიში ბაზირებულ ამ ჯარისკაცებთან ერთი კითხვა მქონდა, რომელიც ჯარების გაყვანაზე მედვედევის განცხადების შემდეგ, არავის ასვენებდა. „ამბობენ თქვენები შეგვცვლიან“, - მეუბნება ერთი ლეიტანანტი. კითხვას ისე სწრაფად მისვამს, პირის გაღებასაც ვერ ვასწრებ - „იცით რამე? რამე გსმენიათ? მივდივართ აქედან, თუ არა?“. როცა უარის ნიშნად თავს ვიქნევ, იმედგაცრუებული მტოვებს და სამუშაოს უბრუნდება. ნერვიულია, უხეში, მაგრამ ეფექტურად მოქმედებს. ჯარისკაცებს დალაგებას, პოზიციის დაკავებასა და ჯავშანტრანსპორტიორის გადაადგილებას უბრძანებს. „დაგვღალა ამ ყველაფერმა, შინ გვინდა დაბრუნება“, - ამბობს ოლეგი ალტაიდან. არც ერთი მათგანი თავს ოკუპანტად არ გრძნობს, ბევრი მათგანი თავისი უფროსების ოფიციალურ ვერსიას სკეპტიკურად უყურებს, განსაკუთრებით მუსლიმები ჩრდილო კავკასიიდან.

მუსა, ახლაგაზრდა ინგუში ლეიტენანტი იგოეთთან ბლოკპოსტს მეთაურობს. მისი განაყოფი ხანკალაშია ბაზირებული. ქალაქი ჩეჩნეთის დედაქალაქთან გროზნოსთან მდებარეობს. ხანკალას ბაზა გიგანტურია, სამხედროები ბაზიდან ფაქტობრივად არ გადიან. ბინძურ საქმეებს გასაკეთებლად ჩეჩნეთის პრეზიდენტს კადიროვს უტოვებენ, ურთიერთობა სამხედრო ბაზასა და პრეზიდენტს შორის აშკარად დაძაბულია. მუსას ვეკითხები, რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც ოსების დასახმარებლად წელს გროზნოში გააგზავნეს. 1992 წელს ინგუშებსა და ოსებს შორის, რომელთაც მოსკოვი უჭერდა მხარს, ხანმოკლე, მაგრამ სისხლისმღვრელი ომი გაჩაღდა. ინგუშების მეხსიერებას ამ ომით დარჩენილი ნაიარევი ჯერ კიდევ ცხადად ატყვია. ბოლოსდაბოლოს მუსას ალაპარაკება შევძელი. „როცა ბრძანება მივიღე, მეგობრებს დავურეკე და ვუთხარი, რომ ომში გვაგზავნიან. მკითხეს ვის იცავ, ოსებს, თუ ქართველებსო. ვუპასუხე ოსებს-მეთქი. მითხრეს, რომ სულელი ვარ. რა ვქნა, რა ჩემი ბრალია, ბრძანება, ბრძანებაა. მაინც სულელი ხარო, მითხრეს, იცი, ოსებმა რაც გაგვიკეთეს და მაინც მათ დასაცავად მიდიხარო.

ჩეჩნური სპეცდანიშნულების რაზმებიც კი, რომლებიც ჩეჩნეთში საზარლად იქცეოდნენ, ცდილობენ აქ საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინონ თავი. ერთხელ გორში სტალინის ძეგლთან ასეთი ეპიზოდის მოწმე გავხდი: მიკროავტობუსიდან კბილებამდე შეიარაღებული ექვსი სამხედრო გადმოვიდა, სხვადასხვა უნიფორმა ეცვათ. ისინი ადგილობრივ მცხოვრებლებს მიუახლოვდნენ და უთხრეს - ჩვენ ქალაქის გარეუბანში, თევზის მეურნეობაში ვართ დაბანაკებულნი, თევზები კვდებიან. იქნებ ვინმე სპეციალისტი გყავდეთ და გამოაგზავნოთ? საჭმელი სჭირდებათ, სამი დღე კი ვაჭმევდით, მაგრამ მარაგი გაგვითავდა. ჩამოვა ვინმე? ცოდოა თევზი, კარგი თევზია, ვინმემ უნდა აჭამოს. ერთმა ქართველმა უპასუხა: „კარგი, ხვალ ჩამოვალთ, როგორ მოგძებნოთ? „იკითხეთ ბატალიონი “დასავლეთი“, ყველა გვიცნობს“ - გაისმა პასუხად.

მათი მეთაური, გენერალი ვიაჩესლავ ნიკოლოზის ძე ბორისოვი - ძველი ყაიდის ოფიცერია. სქელი, ლოყაწითელა, მოუვლელი, სახეზე ეტყობა, რომ ალკოჰოლისადმი გულგრილი არ არის, უხეში მეტყველება აქვს, სულ იგინება. ბორისოვი მეთაურთა მაღალ რანგს განეკუთვნება, თავის მედესანტეებთან ერთად ოპერაციის ჩასატარებლად რეგიონში სპეციალურად გადმოისროლეს. როგორ ინაწილებენ ფუნქციებს ბორისოვი და მარატ კულახმეტოვი, ძნელი გასარკვევია. უკანსაკნელი საქართველოში რუსულ სამშვიდო ძალებს ხელმძღვანელობდა. ისეთი განცდა გიჩნდება, რომ ისინი პარალელურად მოქმედებენ და მერე ანგარიშს სამხრეთ კავკასიის სამხედრო ოლქის მეთაურს გენერალ სერგეი მაკაროვს აბარებენ. მაკაროვი, როგორც ჩანს, საქართველოში მიმდინარე ოპერაციაზე მთავარი პასუხისმგებელი პირია. ეშმაკი და თვალთმაქცი ბორისოვი, გორიდან რუსული ჯარების გაყვანაზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში წარმოქნილ გაუგებრობებს სათავისოდ კარგად იყენებს. მუდმივად ერთსა და იმავეს მეუბნება: „მე გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებ, უამრავი უფროსი მყავს. აქედან გასასვლელად მზად ვარ, მაგრამ, ბრძანება არ მიმიღია“, - გადმომცემს ბორისოვის სიტყვებს კახა ლომაია - გაუგებრობა მართლაც ბევრია, მაგრამ ამას დროის გასაყვანად იყენებენ“.

კონფლიქტის მეორე კვირა - ნერვების ომია. სარკოზის შუამავლობით ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, რუსული არმია ძველ პოზიციებს უნდა დაუბრუნდეს და საქართველოს ტერიტორიიდან მაინც გავიდეს. თუმცა მთავარ ავტომაგისტრალზე თბილისი-გორი-ფოთი, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეებს ერთმანეთთან აკავშირებს, კვლავ საკონტროლო გამშვები პუნქტი დგას, რომელიც აფერხებს კომუნიკაციას, ადგილობრივ ვაჭრობას, ხელს უშლის ჟურნალისტების, ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენელების და მაღალი რანგის დასავლელი დიპლომატების გადაადგილებას. ყველაფერთან ერთად, გასულ კვირას რუსებმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სარკინიგზო ხიდიც ააფეთქეს, რითაც დაბლოკეს ტვირთების არამხოლოდ თბილისისთვის, არამედ აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის მიწოდებაც.

და ბოლოს, ისინი გორის ჩრდილოეთით მთელ რეგიონს აკონტროლებენ, და როგორც ჩანს, არც აპირებენ ოსი მებრძოლების უღირსი ქმედებების აღკვეთას, მაშინ როდესაც ქართველებს, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას უკრძალავენ, არადა მათ სერიოზული საფრთხე ემუქრებათ. ისინი სისტემატურად ძარცვავენ შენობებს, რომელშიც თავად არიან, გააქვთ ყველაფერი, უნიტაზების ჩათვლით. „ბორისოვი თვლის, რომ ძარცვა - ომის კანონია“, - გვიხსნის ლომაია. მას რუსული ბლოკადის ეკონომიკური შედეგების ეშინია: გარდა იმისა, რომ ქვეყანა ორ ნაწილადაა გაყოფილი, რუსები ფოთსაც აკონტროლებენ, ერთადერთ ყველაზე მსხვილ პორტს ქვეყანაში, რომლის საშუალებითაც ის მთელ თავის საგარეო ვაჭრობას აწარმოებს; ბაქოს ნავთობის გარკვეული ნაწილის ექსპორტიც ფოთის პორტის გავლით ხდება.

სომხეთმა, რომლის თითქმის მთელი იმპორტის ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიაზე გადის, უკვე იგუდება. თურქებმა კეთილი ნება გამოხატეს, და სომხურ-თურქული საზღვარი გახსნეს, მაგრამ ეს სომხეთს მხოლოდ ნაწილობრივ ეხმარება. ლომაია ყოველ საღამოს ტელეფონით ესაუბრება მის სომეხ კოლეგას არტურ ბაგდასარიანს და ახალ ინფორმაციას აწვდის: „დიახ, ბატონო ბაგდასარიან, საღამო მშვიდობისა... არა, არაფერი შეცვლილა, ისინი ადგილიდან არ იძვრიან... დიახ, ჩვენც ძალიან შეშფოთებულები ვართ. ხიდი? ამ საკითხზე ვმუშაობთ. ისინი ჩვენც გვახრჩობენ - ფოთი ტვირთითაა სავსე, მაგრამ ყველაფერი პარალიზებულია. დიახ, საქმის კურსში ჩაგაყენებთ. ნახვამდის, ბატონო ბაგდასარიან. ხვალამდე“.

სიტუაცია სისტემატურად იცვლება. ოთხშაბათს, 20 რიცხვში ლომაია, რამდენიმე ჟურნალისტთან და ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად, ისევ ცდილობს გორის ჩრდილოეთით არსებულ სოფლებში გამგზავრებას. პირველივე საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, ოფიცერი, რომელიც წინა დღით ბორისოვის მედესანტეებს უსიტყვოდ დაემორჩილა, დღეს აღარ გვიშვებს „მე ბორისოვს არ ვემორჩილები, - უთხრა მან ლომაიას. - მისი ზონა იქით არის (და გორის მიმართულებით იხედება). ჩემი უფროსი კულახმეტოვია. ამ ზონას ახლა ის აკონტროლებს. თქვენი საკითხი არავის გადაუწყვეტია“. მოგვიანებით ლომაიამ ბორისოვს დაურეკა, რომელმაც დაუდასტურა, რომ იმ ტერიტორიას მართლაც აღარ აკონტროლებს. „ეს - ცუდის ნიშანია, - თქვა მოკლული სახით ლომაიამ - გუშინ ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი. დღეს - პესიმისტურად“.

საღამოს 5 საათისთვის რუსებმა ყველა ბლოკპოსტი მოხსნეს და გაქრნენ, ისე რომ არავინ გაუფრთხილებიათ. ადმინისტრაციაში განერვიულებული ქართველი ჩინოსნები თათბირობენ. ლომაია ღელავს, რომ ოსი მოროდიორები ხელისუფლების ვაკუუმით ისარგებლებენ და ქალაქს დაიკავებენ. „და თქვენი პოლიცია?“, - ვკითხულობ მე. „არ ვიცი რა ვქნა, - მპასუხობს ლომაია, - გუშინდელს აქეთ რუსები გაუთავებლად იმეორებენ, რომ მათი გასვლისთვის პროვოკაციებს მოვაწყობთ. მეშინია - ხაფანგი არ იყოს“. თბილისთან პირდაპირ დაკავშირება არ შეუძლია - სატელეფონო ხაზები დაუცველია და რუსები ყველას ლაპარაკს უსმენენ. „თქვენ ჯონატან, - უცბად მე მომმართავს, - რას მირჩევთ?“. დავფიქრდი: „არ ვიცი... თუკი ქალაქის უსაფრთხოებაზე ფიქრობთ, მაშინ თქვენი პოლიცია უნდა გამოიძახოთ. ბორისოვს ვერ დაურეკავთ და ვერ ჰკითხავთ, თანახმაა თუ არა?“. ლომაიამ უსიტყვოდ მომისმინა და შენობაში გაუჩინარდა.

მოედანზე ათამდე ადამიანი დაბოდიალობს, მათ შორის ვლადიმერ ვარძელაშვილი, რეგიონის ახალგაზრდა გუბერნატორი, ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც აბრეშუმის ვარდისფერ მაისურში ძალიან ელეგნატურად გამოიყურება. მაისურს ოქროსფერი სამაგრები აქვს. 19:50 საათზე მას მანქანით კაცი უახლოვდება და დიდ ფოტოაპარატს აწვდის. ლადო, აქ მას ყველა ასე ეძახის, ეკრანზე გამოსახულებას მაჩვენებს: „შეხედე“. ეს - ახალი სამხედრო ბაზის ფოტოა, რომელიც ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ის ხელუხლებელი იყო მანამ, სანამ გორს აიღებდნენ და იქ ბორისოვის ხალხი დაბანაკდებოდა. იმ დღის შემდეგ ბაზას რეგულარულად ძარცვავენ. „შეხედე, - ლადო გამოსახულებას ადიდებს, ეკრანზე შენობის კარის მსხვილი კადრია, თხილისფრად შეღებილი. - აი აქ“. შემინული კარის ცენტრში თეთრი გადღაბნილი ლაქაა, იგივე ჩანს სხვა კარებებზეც. „ბაზა დანაღმეს. წავლენ და ყველაფერს ააფეთქებენ“.

ლომაია მუდმივად აწარმოებს მოლაპარაკებებს ბორისოვთან, რომ მან ბაზა დაინდოს და არწმუნებს, რომ შენობა დევნილების განსათავსებლად დასჭირდება. თუმცა მოსკოვმა მყარად გადაწყვიტა მთელი ინფრასტრუქტურა გაანადგუროს, ამიტომ ბორისოვი დაპირებებს ვერ იძლევა. ლომაია გზის დასაზვერად მიდის, მეც მივყვები: ყველა ბლოკპოსტი გაქრა, ჩვენ გზის განაპირას ჩაწყობილი რუსული ტანკების და სატვირთო მანაქანების რიგს გავცდით, რომლებზეც ნაძარცვი ავეჯი აწყვია. გორში დაბნელებისას ვბრუნდებით. ძლიერი ქარი ამოვარდა. ლადო კიბეებზე, მწეველების გარემოცვაში ზის და მათ რაღაცაზე ესაუბრება.

ოდნავ მოგვიანებით ის ლომაიას და სხვა ოფიციალურ პირებს შემოუერთდა და ყველანი მის კაბინეტში თათბირზე გაემართნენ. კაბინეტში სრულიად ახალი იკეას ტყავის სავარძლები დგას და ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი. კედლებზე რეგიონის დიდი რუკა, უამრავი ხატი და ეგზოტიკური იარაღი კიდია - სამურაის ხმალი, XIX-ე საუკუნის თოფი და შუა საუკენეების კომბალი. თათბირზე ისეთი საკითხები იხილება, როგორებიცაა ქალაქის მომარაგება, მეზობელ სოფლებამდე ავტობუსის მარშრუტების აღდგენა, იმ შემთხვევაში თუ ჯარის გაყვანის ფაქტი დადასტურდა.

21:30 საათზე მოედნიდან ძრავის საშინელი ღრიალი ისმის და ყველა - ჩინოსნები, ჟურნალისტები, დაცვის თანამშრომლები - ფანჯარასთან მიცვივდა: ჯავშანმანქანების და ტანკების კოლონა შენობის გასწვრივ გადის, მას სხვა ტექნიკაც მიჰყვება. ყველა ბლოკპოსტი აღადგინეს, ეს ახალი ჯარისკაცები არიან, ახალი ხელმძღვანელობით. ლომაია თავს აქნევს: „კატა-თაგვობანას გვეთამაშებიან“. მოგვიანებით ვარძელაშვილი ყვება, რომ საღამოს ბორისოვმა დაურეკა და ჰკითხა: „სად არის თქვენი პოლიცია? რატომ არ გამოიძახეთ?“. ლომაია ღიმილით მსაყვედურობს: „ხედავთ ჯონატან, ცუდი მრჩეველი ხართ. ახლა დავრწმუნდი, რომ ეს პროვოკაცია იყო. ჩვენ რომ პოლიციისთვის დაგვეძახა - ყველას დაგვაპატიმრებდნენ“. რადგან ასე თუ ისე, ჭამა აუცილებელია, ვარძელაშვილი ქალაქში დარჩენილ რამდენიმე ჟურნალისტს თავისთან ბინაში ეპატიჟება, რომელსაც გუბერნატორად დანიშვნის დღიდან ქირაობს. ბინა ძალიან კიჩურია - ნაძერწი ნივთებით გაფორმებული. საჭმელი ძალიან უბრალო - ძეხვი, ფაფა, კარტოფილი, პამიდორები და პური. მაგრამ დესერტზე მასპინძელმა ფრანგული კონიაკის ბოთლი ამოიღო. „დიდი კოლექცია მაქვს - ორასი სხვადასხვა ბოთლი“, - ტრაბახობს ის, ვიდრე ჩვენ ვსვამთ და ვეწევით. სტალინზე ლაპარაკობს, რომელსაც ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა ეთაყვანება: „ყველაფერი ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ამ ძეგლს მოვხსნიდი. ვერ ვიტან სტალინს. მის გამოა რომ ყელამდე ნაგავში ვართ, მან მოაწყო ეს - აფხაზეთი, ოსეთი... 1952 წელს რუსებს სოჭი მისცა, და ასე შემდეგ“.

შუაღამით სტალინის თემა კვლავ განახლდა. ჩვენ ლომაიას და მისი დაცვის თანამშრომლებს დავყვებოდით, რომლებიც ქალაქს პატრულირებდნენ. მოედანზე დაბრუნებულები, მე და ვარძელაშვილი სასტუმროს გახსნას ველოდებით. სანამ ჩვენ წვიმის ქვეშ ვიდექით, ჯიპი მოგვიახლოვდა. მანქანიდან ორმა მთვრალმა რუსმა თავი გამოყო. „გზა აგვებნა, - დაიყვირეს მათ. - ცხინვალისკენ გზას ხომ ვერ მიგვასწავლით?“

და მათსა და ვარძელაშვილს შორის უცნაური დიალოგი გაიმართა. „ასეთ დროს აქ რას აკეთებთ?“ - იკითხა ერთ-ერთმა რუსმა. „ქალაქს ვიცავთ, - ჩუმად უპასუხა ლადომ. - „რისგან? ქალაქი ხელუხლებელია. აი თქვენი სტალინიც - დგას როგორც იდგა“. - „მაგას ვერ მოსპობ. - თქვენი ქალაქი მაგან გადაარჩინა. მადლობა უთხარით“.

ჯარისკაცი უფრო გაცხარდა: „თქვენ ნახეთ ცხინვალი? 1500 მოკლული ქალი!“ ლადომ არ უპასუხა და ერთ-ერთ მის კაცს სთხოვა რუსებისთვის გზა ეჩვენებინა. მეორე დილით გაქუცულ სასტუმროში წვიმის ჩუმი ხმის ქვეშ გაგვეღვიძა.

გორში წახემსება ღირს

გრილა. ქუჩიდან უცნაური ჭრიალი ისმის: მეეზოვე კეთილსინდისიერად წმენდს კლუმბებს ბორდიურებზე. ლომაია სამხრეთ ოსეთის ოფიციალურ პირებთან შესახვედრად ემზადება. მათ სამოქალაქო ტყვეების საკითხი უნდა განიხილონ და თანახმაა წამიყვანოს. წინა დღეს, საფრანგეთის ელჩის ერიკ ფურნიეს ეგიდით გამართული სამხედრო ტყვეების გაცვლისას, ქართველებმა რუსებს ორი სამხედროს ცხედარი გადასცეს, რომელთაგან ერთი ჩამოგდებული თვითმფრინავის პილოტი იყო. დღეს მათ იმედი აქვთ, რომ ოსები სამოქალაქო ტყვეებს მოიყვანენ. შეხვედრა ქალაქთან ახლოს, ერთ-ერთ რესტორანში უნდა გაიმართოს. სანამ დაცვის ოთხი თანამშრომლით გარშემორტყმული ლომაია ტელეფონზე ლაპარაკობს, სამზარეულოსკენ მივდივარ იმ იმედით რომ ვაშლს და პურის ნაჭერს ვიშოვი: ამ დღეებში გორში წახემსებაზე უარის თქმა არ ღირს. თუმცა შეხვედრა გადაიდო და ქალაქში ვბრუნდებით. გადაწყდა, რომ შეხვედრა სადილის შემდეგ, სამხედრო ჰოსპიტალში გაიმართება.

ბორისოვი რამდენიმე ჯარისკაცის თანხლებით მოდის. აქვეა კიდევ ერთი გენერალი, ვინმე სანაკოევი, რომელიც გაგვეცნო როგორც პრეზიდენტ კოკოითის „მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში“. სანაკოევი ორ ყვითელ ავტობუსთან ერთად მოვიდა, რომელშიც უამრავი ქართველი მშვიდობიანი მოსახლე - ქალები, მოხუცი კაცები და ბავშვები ისხდნენ. მხარეები ხელის ჩამორთმევის შემდეგ მოლაპარაკებათა ოთახში მიდიან. ქართულ დელეგაციაში შედიან ლომაია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე და პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, სააკაშვილთან დაახლოებული პირი გივი თარგამაძე. ოთახში ერთადერთი არაოფიციალური პირი მე ვარ, რომელიც არავინ წარმადგინა. მთელი ამ მოლაპარაკებების განმავლობაში მეორე გენერალი თვალს არ მაშორებს, როგორც ჩანს გადაწყვიტა, რომ - ამერიკელი მრჩეველი ვარ. ტონი ზრდილობიანია, ოფიციალური, მხარეები ერთმანეთს დავით გიორგის ძით, ვიაჩესლავ ნიკოლოზის ძით მიმართავენ. ასე შევიტყვე რომ კახა - ალექსანდრე ბორისის ძე ყოფილა.

ბორისოვი მთავარ როლშია, ცენტრში ზის, საუბარში იშვიათად, მაგრამ მოკლე, დამაჯერებელი რეპლიკებით და საკმაოდ მოხერხებულადაც ერთვება, მხოლოდ მაშინ როდესაც მოლაპარაკებები ჩიხში შედის. სანაკოევი ამბობს, რომ დარჩენილ სამოქალაქო ტყვეებს არ გაათავისუფლებს, ისე, როგორც მე ეს ცხინვალში ვნახე, ვიდრე ისინი არა მხოლოდ ტყვედ ჩავარდნილ მეომრებს, - რისთვისაც ქართველები მზად არიან, - არამედ 20-მდე კრიმინალ ოსს არ გაათავისუფლებენ, რომლებიც დიდი ხანია, რაც ქართულ ციხეებში სასჯელს იხდიან. თარგამაძე აღშფოთდა, სანაკოევი შეცბუნებული პასუხობს: „სიტუაციის პოლიტიზება არ მინდა... მაგრამ გამიგეთ, თუკი ცარიელი ხელებით დავბრუნდები, პროცესის დასრულება გართულდება. ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია„. თარგამაძე აწყვეტინებს: „ეს დამნაშავეები გაასამართლეს და სასჯელს იხდიან, მათი ხელაღებით გათავისუფლება არ შეგვიძლია“. ბორისოვი ერთვება: „„ლადნო“. მანქანების რამდენიმე გამტაცებლის გამო პრობლემას ნუ ვქმნით. ორი სია შეადგინეთ, გადაეცით ამათ ქურდები და ნარკომანები, დანარჩენები ციხეებში დატოვეთ. ყველა კმაყოფილი დარჩება".

შემდეგ საუბარი რუსეთის არმიის გაყვანის საკითხზე იწყება: ბორისოვი ადასტურებს, რომ გორს დატოვებენ და ლომაიას მომავალი „უსაფრთხოების ზონების“ სწრაფ მონახაზს უკეთებს: რვა საკონტროლო გამშვები პუნქტისგან შემდგარი შიდა რკალისებრი ზოლი, სამხრეთ ოსეთის საზღვრიდან 10-15 კილომეტრის დაშორებით. (იმ დროს როდესაც ამ სიტყვებს ვწერ, ეს ბლოკპოსტები ადგილზე რჩება, თუკი მედვედევი სარკოზისთვის მიცემულ პირობას შეასრულებს მათ 10 ოქტომბრამდე დაშლიან). ლომაია ბორისოვს წინა დღის ფაქტის ახსნას სთხოვს: რუსული არმიის აუხსნელ გასვლას რამდენიმე საათით და შემდეგ უკან დაბრუნებას. გენერალმა მოკლედ და უხეშად ამოღერღა: „ააა, ეს ისე, უბრალო შემთხვევა იყო. გენერალი რომელმაც შემცვალა, 42-ე დივიზიიდან, ახალგაზრდაა, არაფერი ესმის. უთხრეს, კოლონის გასატარებლად ერთი პოსტი გაეუქმებინა, მან კიდევ ყველა პოსტი მოხსნა. მაკაროვი გაცეცხლდა და კარაგად „გაუდო“ (აქ ის შესაბამის ჟესტს იყენებს), და ყველა დააბრუნეს. ეს იყო და ეს“. სიმართლე თქვა? მოლაპარაკებების დასრულებისთანავე ბორისოვმა გორელ ჟურნალისტს განუცხადა, რომ ბლოკპოსტების ხელახლა განთავსება ქართველებმა სთხოვეს“, “მითხრეს, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეუძლიათ“.

მეორე დღეს, პარასკევს, 22 აგვისტოს - მედვედევის დათქმული ჯარების გაყვანის დღეს - თამაში გრძელდება. გზატკეცილზე ბლოკპოსტებთან ჟურნალისტები ჯარისკაცებს ესაუბრებიან და იცდიან. არავის არ ატარებენ, მაგრამ მე გორისკენ მიმავალ ვარძელაშვილს ვაწყდები, რომელსაც მასთან ერთად მივყავარ. დღის მეორე ნახევარმა გაურკვევლობასა და ყოყმანში ჩაიარა. ლომაია თბილისშია. ჰოსპიტალში თავდაცვის მინისტრის მოადგილე და სანაკოევი ტყვეების გაცვლის პროცესს იწყებენ - სამოქალაქო ტყვეების ხუთ ოს მებრძოლზე მორიგი გაცვლა, რომელთაგან ერთ-ერთს ქართულ ციხეში აშკარად მოხვდა - გათავისუფლებისთანავე ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება. მეორეს ცოლი ხვდება და მეუღლეს ხელზე ეფერება, ის კი ჰაერში, სიცარიელეს მიაშტერდა. მათთან საუბარს ვერ ვახერხებ - თანმხლები პირი ჟურნალისტებს ადგილიდან ყრის.

კოლეგასთან ერთად სანაკოევის დათანხმებას ვახერხებთ, რომ ცხინვალში წაგვიყვანოს: „გაუთავებლად ჩივით, რომ დასავლური მედია მიკერძოებულია, მაგრამ თავად არ გვაძლევთ მოახლოების საშუალებას! როგორ დავწერთ ობიექტურად, თუკი მხოლოდ ერთ მხარეს ვხედავთ და ვუსმენთ?“. „მართალი ხართ, მაგრამ რჩევა უნდა ვიკითხო, მარტო ვერაფერს ვწყვეტ, დამირეკეთ“, - გვაპასუხობს ის. საბოლოო ჯამში, ვზივარ გზატკეცილზე ამერიკელი ფოტოჟურნალისტებით გატენილი მანქანის საბარგულში და ვუყურებ უკანასკნელი რუსული არმიის კოლონების გასვლას და გორში ქართული პოლიციის პირველი მანქანების დაბრუნებას, რომლებიც ცარიელ ქუჩებში საპატიო წრის შემოვლის შემდეგ ქალაქის უბნებში განაწილდნენ.

რუსული პოზიციები დაცარიელდა. ღამის დადგომასთან ერთად ლომაია ქალაქში ბრუნდება და მომენტალურად იმპროვიზებულ პრესკონფერენციას მართავს: უკანასკნელი ბლოკპოსტი ერთი საათის განამავლობაში გაუქმდება, ამის შემდეგ ქალაქი პოლიციის სრულ კონტროლს დაექვემდებარება. იქვე შორიახლოს, ახალი ბაზიდან უცბად საშინელი აფეთქების ხმა ისმის, ლომაიასთან ერთად ადგილზე მივდივართ: ბაზის ევაკუაციის შემდეგ რუსებმა ტყვიაწამლის საწყობი ააფეთქეს. ვიდრე აალებულ საწყობს ვუყურებთ, უცბად მეორე საშინელი აფეთქება ისმის. ლომაიას დაცვა მასზე გადაფარებას ცდილობს. ის გაღიზიანებულად მათ თავიდან იშორებს. ჩვენ ვხედავთ ხანძარი როგორ ვრცელდება, აფეთქებები გრძელდება, მაგრამ ნაკლები სიძლიერის, ოპერატორი ყველაფერს იღებს. მოგვაინებით ლომაია სამხედრო ჰოსპიტალში მოვძებნე, მე და ჩემი კოლეგა თბილისში უნდა გამოვყოლოდით.

ვლაპარაკობთ პოლიტიკაზე, მეკითხება, თუ რა შანსი აქვს საქართველოს ამ მოვლენების შემდეგ ნატოში გაწევრიანების. მე მას ერთი ევროპელი დიპლომატის აზრს ვუზიარებ: ნატოში კითხულობენ, როგორ შეიძლება ენდო ქვეყნას, რომელიც ისე იწყებს ომს, რომ მოკავშირეებს არ აფრთხილებს. „დასავლური მთავრობები არ გენდობიან, - ვეუბნები მე. - და კიდევ იმის თქმა მინდა, რომ დასავლეთში ბევრს მიაჩნია, რომ თქვენი პრეზიდენტი გიჟია, შესაბამისად მას ვერ ენდობი“. ლომაია რომელიც აქამდე ცალი ყურით მისმენდა, უცბად შეხტა „გიჟი? ეს ვინ არის გიჟი?“, „ნუ რავიცი... ვიღაცეები ამბობენ, რომ მიშა გიჟია“, - ვპასუხობ მე. „მიშა? პრეზიდენტი? გიჟია?“, - გაღიზიანებული და აშკარად შოკირებული უცბად შეტრიალდა და ჰოსპიტალის შესასვლელში გაუჩინარდა. ნახევარ საათში ბრუნდება და უსიტყვოდ გვსვამს თავის მანქანაში.

გზაზე ფარების შუქი სიბნელეს აპობს. ლომაიამ კიდევ ერთხელ დაურეკა ბაგდასარიანს, კიდევ ვიღაცას ელაპარაკა და შემდეგ დიდი ხნით სიჩუმემ დაისადგურა. უცბად მომიტრიალდა და ჩუმად მეუბნება, „იცით ჯონატან, ახლა თქვენ ნათქვამზე ვფიქრობდი. მესმის, რომ მიშა გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. ობიექტურად რომ ვთქვათ, ის... სრულად გაწონასწორებული ადამიანი არ არის (ამ დროს ხელით სასწორს მიჩვენებს. მე და ჩემი კოლეგა ჩუმად ვუსმენთ). ის... არაპროგნოზირებადი, ძალიან ემოციურია. პირადად მე, ამ თვისებებს მისი ხასიათის ყველაზე ძლიერ მხარედ არ მივიჩნევ. მაგრამ უნდა გაიგოთ, რომ არსებობს მომენტები, როდესაც საჭიროა ადამიანი, რომელსაც შეუძლია... უბრალოდ მოქმედება და იმის გაკეთება, რასაც სხვა ვერ შეძლებს. ან იგივეს გაკეთება, ოღონდ ახლებურად. მიშას ეს შეუძლია და აკეთებს. ყველას მიაჩნია, რომ ჩვენ გიჟები ვართ, რადგან ამხელა ქვეყნის - რუსეთის წინააღმდეგ წავედით; რომ ჩვენს პატარა ქვეყანას არ აქვს უფლება ამდენად დიდ და საშიშ სახელმწიფოს დაუპირისპირდეს. ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც საერთაშორისო სიტუაცია მთლიანად იცვლება. ის ერთპოლარული სამყარო, სადაც ამერიკა ერთადერთი სუპერსახელმწიფო იყო, ბევრი მიზეზის გამო იცვლება - აშშ-ს შეცდომები, ნავთობი და გაზი, და ასე შემდეგ. რუსეთი და სხვა ქვეყნები ხვდებიან, რომ მათი დროც დადგა, როდესაც მათ, სიტუაციის, საერთაშორისო კლიმატის შემოტრიალება შეუძლიათ. ჩვენ კი... ჩვენ ამდენი ადამიანი დავკარგეთ, ამდენი სიცოცხლე გავიღეთ, შეიძლება სწორედ იმიტომაც, რომ მსოფლიოს ეს გაეგო, რუსეთის რეალური სახე დაენახა, რომ ახალ სიტუაციაში შესაბამისად ემოქმედა“.

მისი ხმა სულ უფრო აღელვებული და მგზნებარე ხდება. და მიუხედავად იმისა, ვეთანხმები თუ არა სიტუაციაზე მის წარმოდგენებს, ვგრძნობ, რომ მისი თხრობა გულის სიღმიდან მოდის, რომ მას გულწრფელად სჯერა იმის რასაც ამბობს, ეს პროპაგანდა არ არის, ეს მისეული სიმართლეა სამყაროზე, რომელშიც ცხოვრობს: საქართველომ საკუთარი თავი სამსხვერპლოზე მიიტანა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას გაეგო, თუ რას შეეჯახა, რომ რეაგირება შეძლოს. მან საკუთარი თავი მსხვერპლად გაიღო, რომ მთელი მსოფლიოსთვის თვალი აეხილა.

სტალინური ეპოქის ატავიზმი

შემეძლო თხრობა აქ დამესრულებინა, მაგრამ ოდნავი პერსპექტივა საქმეს არ ავნებს, ამიტომ ოსი მებრძოლის ღვარძლიან გამოხტომაზეც გიამბობთ. თავზე ბერეტი ეხურა, ჩეგევარას პორტრეტის გამოსახულებით. მეორე დღეს ის ახალგორის შესასვლელთან განთავსებულ ბლოკპოსტთან შემხვდა. ახალგორი ქართული ქალაქია, რომელსაც დღეს ოსები აკონტროლებენ. როდესაც დაინახა, რომ ქართულ ღვინოს ვსვამდი, მკითხა „გემრიელია?“. “ნორმალური“, - ვუპასუხე მე. „არა, ის გემრიელი არ არის. და იცი რატომ? იმიტომ რომ ქართულია“.

შემდეგ ოთხშაბათს სოხუმში ვიყავი, სადაც რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობას საოცარი სიხარული მოჰყვა. „როგორც კი მედედევმა პირი გააღო, ახალგაზრდობა ქუჩაში გამოვიდა. მღეროდნენ, ჰაერში ისროდნენ, ქალაქში მანქანებით დაქროდენ და დროშებს აფრიალებდნენ“, - მიყვება მანანა გურგულია, აფხაზური საინფორმაციო სააგენტოს „აფსნიპრესის“ ხელმძღვანელი.

ზეიმი არ ცხრებოდა: ღამით, გრანდიოზული ფეიერვერკის - მოსკოვის საჩუქრის - შემდეგ, ახალგაზრდობა ისევ საბჭოთა მთავრობის სასახლის, 1993 წელს დამწვარი და მიგდებული შენობის წინ დიდ მოედანზე შეიკრიბა. მანქანის ღია საბარგულებიდან „ლეზგინკა“ ისმოდა. ისინი გიჟურ და შესანიშნავ კავკასიურ ცეკვებს ასრულებდნენ. მოცეკვავეებმა ფეხსაცმლები მოისროლეს, გოგოები და ბიჭები ბზრიალებდნენ, ერთმანეთს უახლოვდებოდნენ და შორდებოდნენ. ერთმანეთს სილამაზეში, მოქნილობასა და სიხარულში ეჯიბრებოდნენ. სოხუმიდან საქართველოს პრეტენზიები ამ რეგიონზე მართლაც წააგავს „სტალინური ეპოქის ატავიზმს“, როგორც ეს ირონიულად აღნიშნა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ.

ოსებისგან განსხვავებით, აფხაზებს ნამდვილი მთავრობა ჰყავთ, ეროვნულობის ნამდვილი განცდა და ისინი რუსეთის ამბიციებთან დაკავშირებით არ ტყუვდებიან. „რა თქმა უნდა, კოლონიზაციის საფრთხე არსებობს, - აღიარებს შამბა. - მაგრამ თუკი არჩევანი რუსეთსა და საქართველოს შორისაა, ჩვენ უპირატესობას რუსეთს ვანიჭებთ“. რუსეთი კი არჩევანს არავის უტოვებს. „საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის საკითხი დასრულებულია“, - იმეორებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი. „ან რა უნდა გვექნა, ამ შემთხვევაშიც სისხლიანი წვინტლები უნდა მოგვეწმინდა... და თავები დაგვეხარა?“, - თავისი განუმეორებელი მანერით აცხადებს პუტინი. „სააკაშვილი პოლიტიკური გვამია“, - ამბობს მედვედევი და მკაფიოდ მიანიშნებს იმაზე, რომ ყველაფერი ამით არ დასრულდება. ბოლოს კი რეჟი ჟანტეს, ფრანგი ჟურნალისტის სიტყვებს გავიხსენებ, რომელმაც თბილისში მრავალი წელი იცხოვრა: „ქართველები შეპყრობილები არიან თავისი სეპარატისტული რესპუბლიკების დაბრუნების იდეით. მათ ეს იდეა ათი, თხუთმეტი წლით მაინც უნდა დაივიწყონ, რომ საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე, მის ეკონომიკაზე, ინსტიტუტებსა და დემოკრატიაზე კონცენტრირება შეძლონ. დრო გადის და საბოლოოდ, მათ შეიძლება ხელიდან გაუშვან ყველაფერი, რისკენაც სინამდვილეში მიისწრაფვიან“.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი