logo_geo
რატომ დაეძაბა გიორგი ნაკაშიძეს გაბუნიასთან და გვარამიასთან ურთიერთობა?!
- +

17 აგვისტო. 2018. 21:55

დაეძაბა გიორგი ნაკაშიძეს გაბუნიასთან და გვარამიასთან ურთიერთობა?!

 

გიორგი ნაკაშიძე ცოტა ხნის წინ „იმედზე“, პროექტ „X ფაქტორში“ გამოჩნდა მეგობრის, ანრი გუჩმანიძის საგულშემატკივროდ, რასაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა თავად გიორგის მიაჩნია, რომ მისი ადგილი იქაა, სადაც მისი მეგობარი და საქმეა.

 

გიორგი ნაკაშიძე: შემოქმედებაში არაფერი ხდება. ყურადღებას არავინ გვაქცევს. ბათუმში ვარ, ბენდთან ერთად ვმუშაობ და კონცერტებზე გამოვდივართ, მაგრამ სამწუხაროდ, კონცერტები იშვიათობაა. ვცდილობთ, ისევ ჩვენ გავაკეთოთ რამე დამოუკიდებლად, საქველმოქმედო კონცერტებში ვიღებთ მონაწილეობას. აგვისტოში ქობულეთში მაქვს ჩემს ბენდთან ერთად კონცერტი. მაგრამ ზოგადად, თუ რამე პროექტში ან კონცერტზე შენით არ გაექანე, რასაც არ უნდა მიაღწიო და რაც არ უნდა მაგარი მომღერალი იყო, ყურადღებას არ მოგაქცევენ, დაიკარგები. ზუსტად ასეთ სიტუაციაში ვარ. ხალხს ჰგონია, დავიკარე, რადგან აღარ ვჩანვარ. სინამდვილეში, არ მაჩენენ და რატომ? არ ვიცი. ალბათ, პოლიტიკის გამო, რადგან „რუსთავი 2-ში“ ვიყავი. იქაც არეულობაა და პროექტები აღარ არის, შესაბამისად, აღარც ვჩანვარ. ახლა ანრი გუჩმანიძის გამო გამოვჩნდი „X ფაქტორში“, თორემ ისე არავის არ დაუძახია. ამიტომ გადავწყვიტე სხვა ქვეყანაში წავიდე. ჩემი გამარჯვებიდან სამი წელი ისე გაიქცა, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი. ამ პერიოდის განმავლობაში საინტერესო არაფერი მომხდარა. გადავწყვიტე, სექტემბრიდან საფრანგეთში ვცადო ბედი. იქ მეგობრები მყავს. მაგრამ უბრალოდ წასვლა არა, მინდა, იქ კარგ პროექტში მივიღო მონაწილეობა.

 

– „იმედზე“ შენს გამოჩენას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

 

– პირდაპირ გეტყვით, მე არავის ვუსმენ. სადაც ჩემი ძმაკაცია, მასთან ერთად ვარ ყველგან.

 

– ამ ნაბიჯით ხომ არ გაანაწყენე გვარამია და გაბუნია, რომლებთანაც მეგობრობდი?

 

– არა მგონია, რომ სწყენოდათ. უბრალოდ, ძველებურად მეგობრული ურთიერთობა და ყოველდღიური მოკითხვა აღარ გვაქვს. თუმცა, მანამდეც აღარ გვქონდა. ალბათ, მათაც თავის საქმეები აქვთ. მე ჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს. არავისთვის მიკითხავს, როცა „იმედზე“ გამოვედი. მე ტელევიზიას არ ვუყურებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, სად არის ჩემი ძმაკაცი. საქმე სადაც წამიყვანს, იქ მივდივარ.

 

– „რუსთავი 2-ის“ მხარდამჭერი აქციებიდან ყველას ახსოვს ნიკა გვარამიას ფრაზა: გიორგი გააგონე შენი ხმაო და ამის შემდეგ „იმედზე“ შენს გამოჩენას გარკვეული კითხვები მოჰყვა.

 

– მგონი გასაგებია, რომ „იმედზე“ ჩემი ძმაკაცის – ანრის გამო გამოვედი და ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაგვემარჯვა ორივეს. ჩემი გამარჯვება ანრის გამარჯვება იყო და ანრისი – ჩემი. ჩვენ ისეთი მეგობრები ვართ, ერთმანეთის წარმატება საკუთარივით გვიხარია. შეიძლება, ჩემი აქ გამოჩენა „რუსთავი 2-ზე“ არ მოეწონოთ, მაგრამ ანრი ბავშვობის ძმაკაცია, ეს მათაც იციან და ამიტომ არა მგონია, სწყენოდათ. დანარჩენი, ყველაფერი კარგად გამოვიდა. გაიმარჯვა ანრიმ, ანუ გავიმარჯვეთ ჩვენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი