მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის გარდაცვალებამ ყველა გააოგნა და დაამწუხრა - გული დასწყდათ, რომ ხალისიანი, ნიჭიერი და კეთილი ზუზუ ასე მოულოდნელად წავიდა... მსახიობი 40 წლის იყო.
AMBEBI.GE ესაუბრა ადამიანებს, რომლებსაც მასთან საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა წლების განმავლობაში აკავშირებდათ. კოლეგები და მეგობრები ასე იხსენებენ ზუზუ ბეჟაშვილს:
ლენუკა ყიფშიძე, მოდელი: „ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. ზუზუსთან მე და ჩემი ძმა ვმეგობრობდით. მახსოვს, ყოველთვის პოზიტიური, სულ მოღიმარი, თან, ემოციური და ძალიან კარგი ადამიანი. დიდი ხანია, ასე გული არ დამწყვეტია... ჩვენ ერთად ვმონაწილეობდით ფილმში „გოგონა სლაიდიდან“. მის დას ვთამაშობდი. იმის მერე მეტად დავახლოვდით და დაოს მეძახდა, მე ძმაოთი მივმართავდი და სულ ასე ვიყავით. ერთმანეთს ხშირად ვხედავდით, ვმეგობრობდით. მისი გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე, სერიოზული შოკი მქონდა.“