მხიარული და შრომისმოყვარე ზურაბ ჟვანია
ბავშვობაში ზურა ჟვანიას ხან მსახიობი უნდოდა გამოსულიყო, ხანაც - მწერალი. ბოლოს გადაწყვიტა, ცხოველების ფსიქოლოგიის სპეციალისტი - ეთოლოგი გამხდარიყო. სხვადასხვა დროს მათ სახლში უამრავი ცხოველი ბინადრობდა. ჰყავდათ: ზაზუნები, ძაღლები, ჭიანჭველები სპეციალურ აკვარიუმში, თეთრი ვირთხები, გველხოკერა, ფრთამოტეხილი არწივი, შხამიანი პატარა გველებიც... ერთხანს ცდილობდა, სამეცნიერო საქმიანობა პოლიტიკურ ცხოვრებასთან შეეთავსებინა, მაგრამ საბოლოოდ, არჩევანი პოლიტიკაზე შეაჩერა. გავიხსენოთ ზურა ჟვანია მისი ახლობლების მოგონებებით...
ზურას პირველი მოგზაურობა
რემა ჟვანია:
„ზურას სიყვარულს სამშობლოსადმი, ალბათ, ისიც განაპირობებდა, რომ საქართველოს ყველა კუთხე ფეხით ჰქონდა შემოვლილი, რასაც საფუძველი მამამისმა ჩაუყარა. თბილისში გავიზარდე, სოფელი თვალით არ მენახა. ეტყობა, ბუსამ გადაწყვიტა ამ "ხარვეზის" გამოსწორება და ულამაზესი ადგილები სულ ფეხით შემომატარა. ცხოვრების წესად გვექცა, ყოველ შაბათს ან კვირას ქალაქგარეთ გავსულიყავით. პირველად, როცა ზურა ასე "გავასეირნეთ", 8 თვისა იყო. იმხანად წყნეთში, ბიძაჩემის აგარაკზე ვისვენებდით. იქიდან ბეთანიაში ფეხით გადავედით. ჩემმა მეუღლემ ფიცრითა და მსხვილი ღვედებით "კენგურუს" მსგავსი მოწყობილობა გააკეთა, რომლისთვისაც ლეიბი შევკერე. ჩავსვით ბავშვი, მოვიკიდეთ ზურგჩანთები და გავუყევით გზას. დილაადრიან გავედით, შეღამებისას დავბრუნდით - ეს ზურას პირველი მოგზაურობა გახლდათ".
აფრიკაში გამგზავრების გეგმა
დავით ლორთქიფანიძე:
„ზურას განსაკუთრებულობას ყველა აღიარებს. მე, როგორც თანაკლასელმა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვობიდანვე გამოხატული თვისებები ჰქონდა. სკოლაში სწავლის დაწყებისთანავე სიღრმისეული ცოდნით გამოირჩეოდა, ვიდრე მისი თანაკლასელები. თუ ჩვენი ინტერესები მაინ რიდის ან ჟიულ ვერნის კითხვით შემოიფარგლებოდა, ზურა უკვე კარგად იცნობდა ქვეყნის ისტორიას, ზეპირად ახსოვდა სახელმწიფოთა სიმბოლიკა, გერბი, დროშა.
განსაკუთრებით იტაცებდა სათავგადასავლო ამბები და ახლის ძიება. მისი შთაგონებით, ჯერ კიდევ სულ პატარები ვოცნებობდით დედამიწის გარშემო მოგზაურობაზე, განსაკუთრებით კი აფრიკის სავანებში მოხვედრაზე, რაც იმჟამად საბჭოთა ბავშვებისთვის წარმოუდგენელი რამ იყო. მეოთხე კლასში ვიყავით, როდესაც ზურას ინიციატივით, ცნობილი მოგზაურის, ტურ ჰეიერდალის მიბაძვით ტივის აგება გადავწყვიტეთ. მოგვიანებით მივხვდით, რომ ტივით თბილისიდან აფრიკაში მოხვედრა ძალიან გაგვიჭირდებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, სოხუმამდე ჩავსულიყავით, იქ რომელიმე გემზე ავპარულიყავით და ტრიუმში დამალულებს, აფრიკამდე მიგვეღწია. ამ გეგმის განხორციელებას მატერიალური უზრუნველყოფა სჭირდებოდა. სოხუმამდე მატარებლით მგზავრობის პრობლემა გადაჭრილი გვქონდა. გემით მოგზაურობისთვის კი საგზლად, ბლომად ორცხობილა უნდა წაგვეღო. ამ მიზნით, ზურამ დედას, ქალბატონ რემას 10 მანეთი სთხოვა. დედის შეკითხვაზე: რისთვის გჭირდებაო? უპასუხა, - ორცხობილის საყიდლადო. პასუხმა ქალბატონი რემა, რა თქმა უნდა, დააეჭვა - ამ თანხით ხომ უამრავი ორცხობილის ყიდვა შეიძლებოდა. ამის შემდგომ, ზურა გულწრფელად მოუყვა ჩვენს განზრახვაზე და შესაბამისად, აფრიკაში გამგზავრების გეგმაც დროებით გადაიდო".
პირველი სტუდენტური ლაბორატორია
დავით გუგუშვილი:
„ურთიერთობის საოცარი ნიჭით დაჯილდოებული ზურა, გამორჩეული იყო განათლებით, ნიჭიერებით, შრომისმოყვარეობითა და სილაღით. მესამე კურსის სტუდენტმა შეძლო ჩვენს უნივერსიტეტში საბჭოთა კავშირის მასშტაბით, პირველი სტუდენტური და ასევე, პირველი ოფიციალური ეთოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია შეექმნა. ამას მართლაც, პოლიტიკოსის ტალანტი სჭირდებოდა. რადგან სტუდენტური ერქვა, იქ სტუდენტებს უნდა ემუშავათ ენთუზიაზმის ხარჯზე. ზურას კი ნამდვილად შეეძლო ენთუზიაზმით ხალხის ანთება. შეკრიბა ათიოდე პირველკურსელი და დაასაქმა.
მღრღნელების ქცევაზე დაკვირვება საკმაოდ რთული და შრომატევადია. განსაკუთრებით მძიმე იყო "შავი სამუშაო" - მიწის ხშირი ცვლა უზარმაზარ საცდელ აკვარიუმებში. 30-40 ვედრო საკმაოდ შორი მანძილიდან ხელით უნდა ეზიდათ. ხშირად ჩავდიოდით ლაბორატორიაში ლექციების შემდეგ. გვაინტერესებდა და თან, დროს ვკლავდით. ზურა ღიზიანდებოდა, რადგან მომთხოვნი იყო და სტუდენტებს შორის დისციპლინა მაღალ დონეზე ჰქონდა დაყენებული, ჩვენ კი უსაქმური ლაზღანდარობით ავტორიტეტს ვუფუჭებდით. ერთი-ორჯერ გვთხოვა, მიწის მოტანაში მივხმარებოდით. შორს დავიჭირეთ. ბანქოს თამაშს რომ ვიწყებდით, სულ გიჟდებოდა, მაგრამ ვერაფერს გვიხერხებდა. ერთხელ ლაბორატორიაში ჩავედით და კარტის თამაში დავაპირეთ. მოდი, მეც ვითამაშებო, - თქვა. გაგვიკვირდა, რადგან კარტს ვერ იტანდა და არც იცოდა წესიერად. ოღონდ, - სურვილებზე ვითამაშოთ. თუ წავაგებ, სამივეს სათითაოდ შეგისრულებთ სურვილს, თუ მოვიგე, მაშინ სამივემ მე შემისრულეთო.
მოკლედ, აგებს და აგებს: ხან მღერის, ხან ლექსს ამბობს, ხან ბუქნავს. ჩვენც უკვე დავიღალეთ სურვილების გამოგონებით, რომ ერთხელაც გაუმართლა და მოგვიგო. მაშინვე წამოხტა: აბა, ახლავე აიღეთ ვედროები, ნიჩბები და მიწა გამოცვალეთო! რაღას ვიზამდით, საქმეს შევუდექით. მას შემდეგ, ზურა ლაბორატორიაში აღარ შეგვიწუხებია".
სახელი
ალა ტოკაჩიროვა:
„იანვრის პირველ რიცხვებში მეგობართან შევირბინე ახალი წლის მისალოცად. თანაც, მოვინახულე და ცხოვრებაში პირველი ახალი წელი მივულოცე ოჯახის ახალ წევრს, წინა წლის 9 დეკემბერს დაბადებულ ადამიანს. ის უკვე მეოთხე კვირაში იყო, მაგრამ ჯერ სახელი არ ჰქონდა. მისმა მშობლებმა, რემამ და ბუსამ ვერაფრით შეარჩიეს შესაფერისი სახელი. დავსხედით და ფიქრი დავიწყეთ. როდესაც სახელი ზურიკო ვახსენე, მშობლებმა ერთმანეთს შეხედეს და ერთდროულად თქვეს: ზურაბი შეიძლება, რატომაც არაო! შემდეგ რემამ დასძინა: ოღონდ, ზურიკო კი არა, ზურაო!.. შემდეგ ზურა "დედიკოს" მეძახდა, მე კი მას "შვილიკოთი" მივმართავდი".
ორვიეტოს ტაძრის ფრესკები
რუსუდან ლორთქიფანიძე:
„იტალიაში ელჩად მუშაობის პერიოდში, სასიამოვნო მოგონებად დამრჩა ზურა ჟვანიასთან დაკავშირებული ერთი სრულიად არაპოლიტიკური ეპიზოდი: რომში საკმაოდ დატვირთული სამუშაო ვიზიტის დროს, რამდენიმე თავისუფალი საათი გაგვიჩნდა და ბატონმა ზურაბმა მოინდომა წასვლა ორვიეტოში, რათა დაეთვალიერებინა ქალაქი და ტაძარში ლუკა სინიორელის ახლად აღდგენილი ფრესკები ენახა.
შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვი და ეს ეპიზოდი, რომელსაც პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა, სწორედ პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად გამოვიყენე. რომში აკრედიტებული დიპლომატებისათვის ერთგვარი სახუმარო ტესტი მოვიგონე და სხვა ქვეყნების მეგობარ ელჩებს ვეკითხებოდი, - თქვენმა პრემიერ-მინისტრმა თუ იცის, ვინ იყო ლუკა სინიორელი და რა სიუჟეტის ფრესკებითაა მოხატული ორვიეტოს ტაძარი-მეთქი? ვერც ერთმა ელჩმა ვერ გაიხსენა მსგავსი რამ, მე კი გულწრფელად ამაყი ვიყავი, რომ ჩემს ქვეყანას გაუმართლა და ჰყავს ფართოდ განათლებული, დახვეწილი გემოვნების მქონე პრემიერ-მინისტრი, რომელიც საქმის კეთებასთან ერთად, ერკვევა ხელოვნების ნაკლებად პოპულარულ, მაგრამ რაფინირებულ დეტალებში და მისთვის სულიერი ღირებულებანი მატერიალურს არაფრით ჩამოუვარდება".
ჟვანიურა და გოგალე პაპა
ეთერ მაისაშვილი:
„ზურა თავისუფალ დროს იპოვიდა თუ არა, საქართველოში იწყებდა მოგზაურობას. უფრო მთა უყვარდა, განსაკუთრებით - თუშეთი. პირველად თუშეთში ჩვენი მასპინძელი სოფელი ხახაბო იყო. იქ დავბინავდით ერთი თუშის, გოგალე პაპას ოჯახში. სექტემბერი იყო და თუშები უკვე ალვანში ბრუნდებოდნენ. გოგალე პაპა ამბობდა, - შარშან მე, ჩემმა ცოლმა და მეზობლის ქალმა ანამ ზამთარი აქ გავატარეთ, მთელი სოფელი მხოლოდ ჩვენ ვიყავითო. მაშინ მთელი გაღმა-გამოღმა თუშეთი მოვიარეთ. სოფლებში ზურა ხვდებოდა თუშებს და ყველას ყურადღებით უსმენდა. რომ მოსაღამოვდებოდა, სუფრას შემოუსხდებოდნენ და ქეიფი იწყებოდა. ანა უკრავდა გარმონს და მღეროდა. არავინ ამქვეყნად არ იცის ისეთი მოლხენა და არავინ არის ისეთი მეინახე, როგორიც ზურა იყო. თუშები მისით აღფრთოვანებულები იყვნენ და როგორც კი წამოვედით, ხახაბოს ჟვანიურა შეარქვეს. ასე ეძახდნენ მრავალი წლის განმავლობაში.
შემდეგ ზურა და გოგალე პაპა ძალიან დამეგობრდნენ. ერთხელ ზურა მეუბნება (უკვე აღარ იყო პარლამენტის თავმჯდომარე და აღარც წყნეთში ცხოვრობდა): წუხელ გოგალე, მისი შვილი და რძალი სტუმრად გვეწვივნენ. მერე ისე მოხდა, რომ ჩვენთან დარჩნენ. რა უნდა გვექნა, ნინო და ბავშვები ნუნუსთან წავიდნენ, გოგალე ჩემ გვერდით საწოლზე იწვა, მისი შვილი და რძალი - დედაჩემის საძინებელში, რემა ბავშვების საწოლზეო, - ამას ამბობდა და იცინოდა. - რა გაცინებს, ადამიანო? - ვეუბნები: - კაცი ამდენი წელი პარლამენტის თავმჯდომარე იყავი, ბებიაშენის სახლში ცხოვრობ, ორი კაცისთვის ღამე ვერ გაგითენებია და არ იფიქრებდა გოგალე, ეს ჟვანია სულელი ყოფილაო? - იმან რა იფიქრა, არ ვიცი, მაგრამ წუხელ გოგალეს ხვრინვის ფონზე, ეს მე თვითონ გავიფიქრეო, - ამბობდა და სიცილს ვერ იკავებ