logo_geo
„გამიჭირდება მაგრამ...“ - დატოვა თუ არა ირაკლი მაქაცარიამ „პრაიმ შოუ“?
- +

28 აგვისტო. 2018. 23:46

 

 

სულ მალე უკრაინის წამყვან არხზე პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დაიწყება, რომლის ერთ-ერთი მონაწილე პროდიუსერი და ტელეწამყვანი, ირაკლი მაქაცარიაა. ირაკლი რამდენიმე წლის წინ უკრაინულ პროექტ „ხოლოსტიაკში“ მონაწილეობდა და თავისი ხასიათით, ქცევებით, უკრაინელი მაყურებლის გული ძალიან მარტივად მოიგო. უკრაინაში მისი პოპულარობა დღემდე გრძელდება და შესაბამისად, „ცეკვავენ ვარსკვლავებშიც“ მის მიმართ საკმაოდ დიდი მოლოდინია. „თბილისელები“ წარმატებებს უსურვებს ირაკლის და გულშემატკივრობს. 


ირაკლი მაქაცარია: ამ ეტაპზე უკრაინაში ვიმყოფები, გარდა იმისა, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გადაღებები დაიწყო, ინდურ პროექტზეც ვმუშაობ, მისი გადაღებებიც მიმდინარეობს. 


ანუ დროებით უკრაინაში გადასახლდი?


– ასე გამოდის. პროექტის განმავლობაში აქ მომიწევს ყოფნა. 


რატომ გადაწყვიტე, „ცეკვავენ ვარსკლავებში“ უკვე მეორედ მიგეღო მონაწილეობა, იგივე ნერვიულობისა და საკმაოდ დიდი დატვირთვის გავლა?


– ადრეც მქონდა ამ პროექტიდან შემოთავაზება. ორი წელი ზედიზედ მთავაზობდნენ. ერთხელ უარი ვთქვი, რადგან ქართულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ვმონაწილეობდი, პლუს „პრაიმ შოუ“ იყო, სხვა მიზეზებიც მქონდა. ძალიან უნდოდათ მონაწილეობა მიმეღო. გარკვეული კვლევა ჩაატარეს, თუ ვისი ნახვა უნდოდა მაყურებელს „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ და როგორც აღმოჩნდა, ჩემს კანდიდატურას უკრაინაში საკმაოდ ბევრი ხმა ჰქონდა. მოკლედ, არხმა დაჟინებით მთხოვა პროექტში მონაწილეობა. ისეთი შეთავაზება გამიკეთეს, რომ უარი აღარ მითქვამს.


რა შემოგთავაზეს?


– მონაწილეობის სანაცვლოდ საკმაოდ კარგი პირობები შემომთავაზეს, თუმცა ამას ვერ ვიტყვი. ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები პირობები იყო და ვფიქრობ, რომ უკრაინაში იმ ცნობადობის, პოპულარობის დაკარგვა, რომელიც მანამდე მქონდა, არ იქნებოდა კარგი. ამიტომაც დავთანხმდი და მიმაჩნია, რომ ჩემი აქ ყოფნა, სწორი გადაწყვეტილებაა. 


როგორც მე ვიცი, უკრაინულ პროექტში ქართველს ჯერ არ მიუღია მონაწილეობა. 


– არ ვიცი, არც მე გამიგია. ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ საქართველოზე, ქართველებზე უკრაინაში კიდევ ერთხელ შევქმნათ კარგი წარმოდგენა. ყოველ შემთხვევაში მე ვეცდები, კარგ შედეგს მივაღწიო. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის ცუდ საქმეს არ უნდა ვაკეთებდე. მართლაც ძალიან რთული პროექტია, ამაზე ბევრს ვფიქრობდი. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ოჯახი დიდი სიხარულით შეხვდა. მშობლებს, ჩემს დას ახსოვს ის ფიზიკური დატვირთვა, რაც ამ პროექტს მოჰყვება, აქედან გამომდინარე, მითხრეს: იქნებ არ ღირდეს ამის გაკეთებაო. მაგრამ მე ერთპიროვნულად გადავწყვიტე. ზოგადად, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების წინ ადამიანი ბევრს ფიქრობს, გარკვეული აზრები აქვს,  მაგრამ მე მჯერა ჩემი თავის, ჩემი შესაძლებლობის და შიშს არ მივცემდი საშუალებას, რომ გადაწყვეტილება შეეცვლევინებინა. წინა პროექტში 16 კილოგრამი დავიკელი, რა თქმა უნდა, მარტივი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი. 


– „პრაიმ შოუს“ ახალ სეზონში ვეღარ გნახავს მაყურებელი?


– საკმაოდ რთული იქნება ჩემთვის, „პრაიმ შოუში“ იმ დოზით ჩავერთო, რა დოზითაც მანამდე ვიყავი, მაგრამ შევეცდები, თვეში ორი დღე გამოვყო, ჩამოვფრინდე, გადაღებაში მივიღო მონაწილეობა და უკან გავფრინდე. ასეთი გრაფიკი უნდა მქონდეს, რაც საკმაოდ რთულია და დამღლელი. თან, ამ დროს, ასეთ რეჟიმში, როცა ფიზიკური დატვირთვა ძალიან დიდია, მოგზაურობა, წასვლა-წამოსვლა დიდ ძალისხმევას საჭიროებს. 


ვინ არის შენი მეწყვილე და ამ კუთხითაც თუ გქონდა გარკვეული მოთხოვნები? 


– სიმართლე გითხრათ, მოცეკვავეების შესახებ ინფორმაცია არ მქონია, რადგან აქაურ მოცეკვავეებს არ ვიცნობ. ჩემი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ყოფილიყო ძლიერი მოცეკვავე. სალომეს შემდეგ, ბუნებრივია, მინდოდა შრომისმოყვარე ყოფილიყო, არ დაზარებოდა საათობით ვარჯიში. ჯერ ვერ ვიტყვი, ვინ არის ჩემი მეწყვილე, მაგრამ ძალიან კარგი პიროვნებაა, ძალიან კარგი მოცეკვავე და მთავარია კარგი შედეგის დადებაზეა მომართული. უკვე გავიცანით ერთმანეთი, რეპეტიციებიც დაგვეწყო, ვვარჯიშობთ. მასთან ურთიერთობა არ გამიჭირდა, მეგობრულად შევეწყეთ. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.


როგორი გოგონაა, შენსავით შრომისმოყვარე და სიმპათიურია?


– ძალიან კარგი გოგონაა, პოზიტიური. იმ კუთხით, რომ ჩვენს შორის რამე ურთიერთობა შეიძლება დაიწყოს, ეს გამორიცხულია. ოჯახი ჰყავს და ცეკვის გარდა, სხვა რაიმე ურთიერთობა არასწორი იქნება. როცა ცეკვავ, იმაზე უნდა იყო კონცენტრირებული, რასაც აკეთებ. 


ალბათ, ჭორებიც გაჩნდება.


– აუცილებლად გავაქარწყლებ ყველა იმ ჭორს, რომელსაც გავიგებ. ყოველთვის მზად ვარ, ღიად ვისაუბრო იმაზე; რაც არის და რაც – არა. 


შენთვის გათხოვილ ქალთან ურთიერთობა მიუღებელია, ეს ტაბუდადებული თემაა?


– რა თქმა უნდა, სხვა აზრი არ არსებობს.


უკრაინელ გოგონებთან ურთიერთობაც გეხერხება და კარგად გამოგდის.


– ღმერთს მადლობა, რომ მგონი, არავისთან მეშლება ურთიერთობა. როგორი აღზრდილიც ვარ, ყველასთან ისეთი ურთიერთობა მაქვს. არავის სჭირდება რამე განსაკუთრებული, მთავარია, გულწრფელი იყო და ამბობდე იმას, რასაც ფიქრობ. პატივს სცემდე იმ ადამიანს – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

 
როგორია კონკურენცია?


– ძალიან დიდი, რადგან 40-მილიონიან ქვეყანაში ბევრი ცნობილი ვარსკვლავი ჰყავთ. არიან ადამიანები, რომლებსაც 3-4 მილიონი „ფოლოვერი“ ჰყავთ სოციალურ ქსელებში. ძლიერი კონკურენტები არიან, თუმცა მე არ ვაპირებ უკან დახევას. ვეცდები, ცეკვის ხარისხით, მაყურებელთა სიმპათიებით კარგი შედეგი დავდო. 


როგორია შენ მიმართ მოლოდინი, რას წერენ?


– სიმართლე გითხრა, რას წერენ, არ ვიცი, რადგან არასდროს ვკითხულობდი და დიდ დროსაც არ ვუთმობდი ამას. ახლაც ისეთ რთულ რეჟიმში ვარ, იმდენად დატვირთული, რომ ამის დროც არ მაქვს. ჩემგან დიდი მოლოდინი აქვთ, ელოდებიან, რომ კარგად უნდა ვიცეკვო. იციან, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ვმონაწილეობდი, შესაბამისად, ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მთელი ჩემი გამოცდილება ერთკვირიანი შრომის შედეგი იყო. იმედი მაქვს, რომ პროექტი ობიექტური იქნება. პირველი ლაივი 26 აგვისტოს იქნება და ბოლო ლაივი კი – ნოემბერში. 


როგორ ახერხებ, ამდენმილიონიან უკრაინაში ისევ პოპულარული იყო?


– სიმართლე გითხრა, არაფერს ვაკეთებ, რომ პოპულარობა შევინარჩუნო. ძირითად დროს საქართველოში ვატარებ, აქ მხოლოდ ინდურ პროექტებზე ჩამოვდივარ. მაგრამ უკრაინაში სულ ვგრძნობ ხალხის კარგ დამოკიდებულებასა და სითბოს. ამიტომაც ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა, რომ მაყურებელს თუნდაც, იმის საშუალება მივცე, რომ ჩემს ცეკვას ადევნონ თვალი. 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი