logo_geo
რა მოხდა ხორავას 4 ნომერში - კომისიის დასკვნის პროექტი
- +

2 სექტემბერი. 2018. 19:38

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმის შემსწავლელი  პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დასკვნის პროექტს აქვეყნებს.

 

დასკვნის თანახმად, 2017 წლის 1 დეკემბერს, დილის საათებში თბილისის 51-ე საჯარო სკოლის საპირფარეშოში მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება მე-9 კლასელ თ.ჩ.-სა და მე-11 კლასელ დ.ნ.-ს შორის.

 

სიტყვიერი შელაპარაკების დროს საპირფარეშოში ასევე იმყოფებოდა მე-9 კლასელი ა.ს. და მე-11 კლასელი დ.ღ., შელაპარაკების მიზეზი იყო ის, რომ დ.ღ.-ს თან ჰქონდა სათამაშო პისტოლეტი, რითაც პლასტმასის ბურთულა ესროლა ერთ-ერთ მე-9 კლასელს.

 

აღნიშნულზე სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ დ.ნ.-მ უთხრა თ.ჩ.-ს, რომ საპირფარეშოში „ჩააყოფინებდა თავს“. კომისიის ხელთ არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს დავით სარალიძის საპირფარეშოში ყოფნა არ დასტურდება.

 

სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ დ.ნ.-მ უთხრა თ.ჩ.-ს, რომ შეხვდებოდა გაკვეთილების დასრულებისას. თ.ჩ.-მ ამის შესახებ აცნობა ა.ს.-ს, რომელსაც არ სურდა გაკვეთილების დასრულების შემდეგ მე-11 კლასელებთან მარტო შეხვედრა და ამის გამო გადაწყვიტა დაკავშირებოდა თავის დეიდაშვილს - მ.კ.-ს, რომელიც იყო 61-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე. ა.ს.-მ სოციალური ქსელის - ინსტაგრამის მეშვეობით მიწერა მ.კ.-ს საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის თაობაზე (მიმოწერის შინარსი უცნობია, რადგან გამოძიებამ არ ამოიღო მიმოწერა და არ შეამოწმა ჩხუბის მონაწილე მოზარდებს შორის არსებული კომუნიკაცია, რომელიც ძირითადად სოციალური ქსელებით მიმდინარეობდა).

 

მ.კ., რომელიც ამ დროს იმყოფებოდა სახლში, ასევე სოციალური ქსელის ფეისბუქის მეშვეობით დაუკავშირდა თავის მეგობარ გ.ჯ.-ს და სთხოვა მისვლა 51-ე სკოლასთან. გ.ჯ., თავის მხრივ, ასევე ფეისბუქით დაუკავშირდა გ.მ.-ს, რომელიც ამ დროს აცდენდა სკოლას და იმყოფებოდა თავის მეგობარ ა.დ.-სთან ერთად სხვა მეგობრის - თ.ქ.-ს. სახლში. გ.ჯ. თავად იმყოფებოდა სახლში, ხოლო გ.ბ. და გ.ი. - პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში, საიდანაც ისინი წავიდნენ პეკინის ქუჩაზე მ.კ.-სთან შესახვედრად.

 

ბუკიას ბაღის ტერიტორიიდან ოთხივე მოზარდი ტაქსით გაემგზავრა 51-ე სკოლისკენ, სადაც მათ შეუერთდათ გ.მ. და ა.დ.. 51-ე სკოლასთან 13:30-13:40 დროის მონაკვეთში მივიდა 6 მოზარდი - მ.კ., გ.ჯ., გ.ბ., გ.მ., ა.დ. და გ.ი..  კომისიის მიერ მიღებული ახსნა-განმარტებების მიხედვით 51-ე სკოლის წინ მ.კ.-მ მეგობრებს უთხრა, რომ თან ჰქონდა „ტარი“ და აჩვენა გარკვეული საგანი, რასაც შეიძლება ჰქონოდა მჭრელი პირი, ან ყოფილიყო მის გარეშე.

 

მ.კ. აჩვენებს 51-ე სკოლის წინ შეკრებილ მეგობრებს გ.ი.-ს, გ.ბ.-ს და გ.ჯ.-ს რაღაც ნივთს, რომელიც თან აქვს. ეს ნივთი აღწერილია, როგორც „ტარი“.

 

გაკვეთილების დასრულების შემდეგ, 51-ე სკოლიდან გამოვიდნენ მე-9 კლასელები თ.ჩ. და ა.ს., რომლებმაც მ.კ.-ს და დანარჩენ მოზარდებს მოუთხრეს ინციდენტის შესახებ.

 

ამ დროს სკოლის გარეთ ასევე შეიკრიბნენ სხვა 51-ე სკოლელებიც. მე-9 კლასელების მხარეს ასევე იყვნენ მათი მეგობრები თ.ბ. და ს.ფ. სკოლის წინ მისულმა ექვსეულს ასევე შეხვდა 51-ე სკოლის მოსწავლე თ.ნ., რომელიც იყო როგორც მ.კ.-ს და გ.ჯ.-ს ნაცნობი, ისე საპირფარეშოს ინციდენტში მონაწილე მე-11 კლასელების - დ.ნ.-ს და დ.ღ.-ს ახლობელი. თ.ნ.-მ უთხრა მოზარდებს, რომ შეარიგებდა მათ, რადგან ორივე მხარესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

 

ამის შემდეგ, „საქმის გასარჩევად“ მოზარდების დიდი ჯგუფი (დაახლ. 30-35 მოსწავლე) გაემართა სკოლის უკან, ბაქრაძის ქუჩაზე მდებარე ე.წ. „ნანგრევებთან“, სადაც, როგორც კომისიამ დაადგინა, ხშირად იმართება „გარჩევები“ და ზოგჯერ ჩხუბებიც.

 

მოზარდების დიდი ჯგუფი მიემართება 51-ე სკოლიდან საქმის გასარჩევად. კადრები აღებულია 51- სკოლის გარე მეთვალყურეობის კამერიდან

 

„ნანგრევებთან“ მისულმა მოზარდებმა გადაწყვიტეს, რომ, რადგანაც ბევრნი იყვნენ, წასულიყვნენ სხვა ადგილისკენ. მოსწავლეებს თ.ნ.-მ და სხვა მოზარდებმა უთხრეს, რომ ამდენი არ წამოსულიყვნენ, ამიტომ მათი ნაწილი დაბრუნდა სკოლაში, მოზარდების მეორე ნაწილმა კი გზა განაგრძო ხორავას 4-სკენ, სადაც არის შიდა ეზო, რომელიც მდებარეობს ხორავას, ტატიშვილისა და თარხნიშვილის ქუჩებზე გამავალ საცხოვრებელ კორპუსებს შორის.

 

ეს ტერიტორია ცნობილი იყო 51-ე სკოლის მოსწავლეებისთვის, რადგან მის მახლობლად ხშირად ყიდულობდნენ საკვებს და მიდიოდნენ სიგარეტის მოსაწევად.

 

საბოლოოდ ხორავას 4-ისკენ გაემართნენ მ.კ., გ.ჯ., გ.ბ., გ.მ., ა.დ., გ.ი., ა.ს., თ.ჩ., თ.ბ., ს.ფ. (მე-9 კლასელების და მისული 6 მოზარდის მხარე, სულ 10 ადამიანი) და დ.ნ., დ.ღ., დავით სარალიძე, თ.ნ., დ.შ., გ.მ.2, ი.ნ., ლ.ს., ლ.ბ., გ.ჯ.2 და ლევან დადუნაშვილი (51-ე სკოლის მე-11 კლასელები, სულ 11 ადამიანი). ხორავას ქუჩისკენ ასევე წავიდნენ 21-ე სკოლის მოსწავლეები ი.ჯ., ზ.ტ., ლ.ნ. და ლ.ე, რომლებიც 51-ე სკოლის წინ შეხვდნენ თავიანთ ნაცნობებს - გ.ი.-ს და გ.ბ.-ს. ხორავას 4-ის ეზოში შესვლის შემდეგ თავდაპირველად ფარდულის მიმდებარედ განლაგდა ამ მოზარდების მხოლოდ მცირე ჯგუფი - თ.ჩ., ა.ს., მ.კ. და გ.ჯ. – 51-ე სკოლის მე-9 კლასელების და მოსული მოზარდების მხრიდან, ხოლო 51-ე სკოლის მე-11 კლასელების მხრიდან კი - დ.ნ., დ.ღ., დ.შ., თ.ნ. და დავით სარალიძე.

 

ფარდულის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ჯერ მიდიოდა საქმის გარჩევა, შემდეგ კი დაიწყო ჩხუბი.

 

დანარჩენი მოზარდები იმყოფებოდნენ ამ ჯგუფის უკან, ხორავას ეზოში და შესასვლელ თაღთან. პირველ ეტაპზე თ.ნ. ცდილობდა შეერიგებინა მოზარდები, თუმცა მ.კ.-მ განაახლა საქმის გარჩევა, რის შემდეგაც საუბარი დაიძაბა დავით სარალიძესა და გ.ჯ.-ს შორის. რაღაც მომენტში გ.ჯ. ხელით შეეხო დავით სარალიძეს, საპასუხოდ მან სიგარეტის ნამწვი ესროლა გ.ჯ.-ს, ამის შემდეგ გ.ჯ.-მ შეაგინა დავით სარალიძეს და დაიწყო ჩხუბი. დ.ღ.-მ დაარტყა გ.ჯ.-ს, ხოლო დავით სარალიძე სხეულით დაეჯახა გ.ჯ.-ს და ფარდულში შეაგდო, სადაც მოჩხუბრებს შეყვნენ მ.კ. და დ.ღ..

 

ჩხუბის დაწყების მომენტისთვის ეზოს ბოლოში, თაღთან იმყოფებოდნენ გ.ბ., ა.დ., გ.მ. და გ.ი., რომლებიც თავიდან არ მონაწილეობდნენ ეზოში მიმდინარე საუბარში, თუმცა კონფლიქტის დაწყებისას შეუერთდნენ თავიანთ მეგობრებს. ეზოში ასევე იმყოფებოდნენ 51-ე სკოლის მე-11 კლასელები - ი.ნ., ლ.ს., ლ.ბ., გ.ჯ.2, და გ.მ.2. მათ გარკვეული დროის შემდეგ ასევე შეუერთდა ლევან დადუნაშვილი. ჩხუბის ყველა დეტალის ამ ეტაპზე სრულად აღდგენა შეუძლებელია, განსხვავებული ჩვენებებისა და გასული დროის გამო, თუმცა რამდენიმე ეპიზოდი კომისიას დადგენილად მიაჩნია, კერძოდ:

 

- დავით სარალიძემ შებოჭვის მსგავსი ილეთით შეაგდო გ.ჯ., ფარდულში. გ.ჯ. დავით სარალიძეს მოქცეული ჰყავდა მოხრილ მდგომარეობაში და მას ზემოდან იჭერდა ხელებით. ამ მდგომარეობაში გ.ჯ.-მ ამოიღო დანა და მუცლის ღრუსა და 11

გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა სარალიძეს, რის შემდეგაც დანა დაუვარდა.

 

ხორავას 4-ის ეზოში მდებარე ფარდული

 

- ფარდულში ასევე იმყოფებოდა მ.კ., რომელმაც, როგორც კომისიამ დაადგინა, ჩხუბის დაწყებისას ხელი ჩაიყო ჯიბეში. შემდეგ ჩხუბის დროს მ.კ.-ს ხელში ჰქონდა საგანი, ზემოთაღნიშნული ე.წ. ტარი, რომელსაც ურტყამდა დავით სარალიძეს, შემდეგ კი ამ საგანს სახელოში მალავდა.

 

1- გ.ბ.-ს დანა 2 - გ.ჯ.-ს დანა

 

„ტარი“, რომელიც ჰქონდა მ.კ.-ს (ესკიზი, რომელიც კომისიას დაუხატა ერთერთმა

გამოკითხულმა მოწმემ)

 

- ფარდულში დავით სარალიძეს ეხმარებოდა დ.ღ., რომელიც შემდეგ

გადაერთო ეზოში მიმდინარე ჩხუბზე.

 

- ფარდულში ასევე იმყოფებოდა გ.მ., რომელმაც დავით სარალიძესთან ჩხუბის დროს მიიღო ჭრილობა ზურგის არეში.

  1. გ.მ. უშუალო ფიზიკურ შემხებლობაში იყო დავით სარალიძესთან. მის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე აღმოჩნდა დავით სარალიძის სისხლი.
  2. - გ.ბ.-ს დავით სარალიძესთან ფიზიკური შემხებლობა გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება.

 

- მას შემდეგ, რაც მოზარდებმა დაინახეს მძიმედ დაჭრილი დავით სარალიძე, რომელსაც 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ისინი გაიქცნენ ხორავას ქუჩის მიმართულებით. გაქცევისას თაღთან მოხდა დაპირისპირება გ.ბ.-სა და ლევან დადუნაშვილს შორის, რომლის დროს გ.ბ.-მ მუცლის ღრუსა და გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა ლევან დადუნაშვილს.

 

- ხორავას 4-ის ეზოში ფარდულსა და თაღთან მომხდარი დაპირისპირების გარდა, მიმდინარეობდა ჩხუბი ეზოს სხვადასხვა ლოკაციაზე, რომელშიც 51-ე სკოლის მე-11 კლასელების მხრიდან მონაწილეობდნენ დ.ღ., დ.ნ., დ.შ., თ.ნ., ი.ნ., ლ.ს., გ.მ.2, გ.ჯ.2 და ლ.ბ., ხოლო 51-ე სკოლის მე-9 კლასელების და მათ დასახმარებლად მისული უფროსკლასელების მხრიდან - ა.ს., თ.ჩ., ს.ფ., თ.ბ., გ.ბ., ა.დ., გ.მ., და გ.ი..

 

ეზოში მომხდარ ჩხუბს ჰყავდა ათეულობით თვითმხილველი, ჩხუბს თან ახლდა ლანძღვა-გინება, მანქანებზე სირბილი და ფიზიკური დაპირისპირება, მათ შორის, სხვადასხვა საგნებისა და ცივი იარაღების გამოყენებით, მოზარდებს ადგილობრივი მაცხოვრებლები მოუწოდებდნენ ჩხუბის შეწყვეტისკენ, უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი.

 

ჩხუბის ბოლო ეპიზოდში თაღის შესასვლელში ასევე იმყოფებოდნენ ი.ჯ., ლ.ე., ლ.ნ. და ზ.ტ., რომლებიც მაშინვე გარბიან ეზოდან, როდესაც მოზარდების პირველმა ნაწილმა დაიწყო გაქცევა.

 

ხორავას 4-ნომერში მდებარე ეზოში შემავალი თაღი, რომლის გავლით მოზარდები შევიდნენ და შემდეგ დატოვეს ეზო

 

ჩხუბის შემდეგ ეზო მოზარდებმა სხვადასხვა თანმიმდევრობით დატოვეს. ეზოს პირველი ტოვებენ თ.ნ და დ.შ., რომლებიც კვეთენ ხორავას ქუჩას და სწრაფი ნაბიჯით მიემართებიან თარხნიშვილის ქუჩის და ხორავას ქუჩის კუთხისკენ. მათ მალევე სირბილით მიჰყვნენ ლ.ე., ლ.ნ., ზ.ტ., ი.ჯ., გ.ი., გ.ბ., გ.მ., ა.დ., გ.ჯ., ა.ს., ს.ფ., თ.ბ., თ.ჩ., და მ.კ., რომლებიც გაიქცნენ ხორავას ქუჩით და აუხვიეს სვანიძის ქუჩაზე, სადაც ცოტა ხნით შეჩერდნენ, რა დროსაც მათ ჩამოშორდნენ თ.ჩ., თ.ბ., ს.ფ. და ა.ს.. სვანიძის ქუჩით მოზარდები ავიდნენ გუდაურის ქუჩაზე, სადაც ზ.ტ. დაეხმარა გ.მ.- ს, რომ გაეწმინდა ზურგი, საიდანაც სდიოდა სისხლი ჩხუბის დროს მიღებული ჭრილობიდან. იქვე გ.ჯ.-მ აღნიშნა, რომ დანა დაუვარდა შემთხვევის ადგილზე. მოზარდებიდან ბევრი იყო სისხლიანი. ა.დ.-ს სისხლი სდიოდა ხელებიდან, გ.მ.-ს სისხლით ჰქონდა დასვრილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სისხლიანი ჰქონდა ფეხსაცმელი გ.ი.-ს, ხელებზე სისხლი ჰქონდა გ.ბ.-ს, ხოლო სისხლით ჰქონდა თავი და ტანსაცმელი მოსვრილი გ.ჯ.-ს.

 

გუდაურის ქუჩაზე მოზარდებს გამოეყო მ.კ., რომელმაც სისხლიანი დანა გამოართვა გ.ბ.-ს და წავიდა წყლის საყიდლად იქვე მდებარე მაღაზიისკენ. მას თან წაჰყვა ზ.ტ.. დანარჩენი მოზარდები ჯანაშიას ქუჩის გავლით ჩავიდნენ ხორავას ქუჩაზე და გაემართნენ ხორავას 26-ში მდებარე ონკანიანი ეზოსკენ.

 

მას შემდეგ, რაც მ.კ.-მ იყიდა წყალი, ის და ზ.ტ. ასევე გაემართნენ ხორავას 26-ში მდებარე ეზოსკენ. გზაში მათ შეხვდათ ლ.ჯ., ზ.მ., და ი.კ., რომელსაც ჩხუბის შემდეგ დახმარების სათხოვნელად დაურეკა გ.ჯ.-მ. შესაბამისად, მ.კ., ზ.ტ., ლ.ჯ., ზ.მ., და ი.კ. ერთად მივიდნენ ხორავას 26-ში და შეუერთდნენ დანარჩენ მოზარდებს. ეზოში გ.ჯ.-მ ონკანზე დაიბანა სისხლიანი თავი.

 

ხორავას 26-ში მისულმა მ.კ.-მ დანა დაუბრუნა გ.ბ.-ს. კომისიამ დაადგინა, რომ ონკანიან ეზოში მ.კ.-ს ხელში ეჭირა ნივთი, ე.წ. ტარი, რომელიც აჩვენა თავის მეგობრებს და უთხრა, რომ ამ საგანს ურტყამდა დავით სარალიძეს. ეზოში შეკრებილი მოზარდები აღელვებულები იყვნენ და განიხილავდნენ ჩხუბის დეტალებს.

 

გ.ჯ. ნერვიულობდა, რომ დანა დარჩა შემთხვევის ადგილზე, ხოლო მ.კ. ამბობდა, რომ სარალიძე ძალიან დიდი იყო და „ვერ დააგდო“. ონკანიანი ეზოდან მ.კ.-მ დაურეკა თავის ძმას ლუკა კალანდიას და სთხოვა მისვლა დასახმარებლად.

 

ონკანიანი ეზო, რომელშიც ხორავას 4-დან გაქცეულმა მოზარდებმა გარეცხეს იარაღები და ჩამოიბანეს სისხლი

 

ხორავას 26-დან ტაქსით სახლებში წავიდნენ გ.მ., გ.ბ., გ.ი., ა.დ., და ლ.ნ.. მალევე ხორავას და პეტრიაშვილის კვეთაზე მივიდნენ მ.კ.-ს მამა თენგიზ კალანდია, ძმა ლუკა კალანდია და მამის მეგობარი გიორგი თურქია, რომლებმაც კალანდიებთან სახლში წაიყვანეს გ.ჯ. და მ.კ..

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი