logo_geo
ვალერი ხაბურძანია: დაახლოებით, ივნისის თვიდან ვიცოდი ყველაფერი, შევარდნაძეს ვუთხარი, რომ...
- +

10 იანვარი. 2017. 13:06



„ამერიკელებს ის ადამიანები უყვართ, რომლებიც საუბრობენ ინგლისურად, აქვთ ამერიკაში მიღებული სერთიფიკატი და შეიძინეს ამერიკული მენტალობა ან, ყოველშემთხვევაში, გარეგნულად აჩვენებენ ამას", - ამის შესახებ უშიშროების ყოფილმა მინისტრმა და იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა, ვალერი ხაბურძანიამ შალვა რამიშვილის ინტერნეტ-გადაცემა „პიანი ბაზარში" ისაუბრა.


მისი თქმით, ამერიკულ ხაზზე ყველას ხელი არ მიუწვდება და ამ ხაზის გაჭრა მხოლოდ რამდენიმე კაცმა მოახერხა.


„ამერიკა მოსკოვივით არ არის, 37 მანეთად რომ ჩაფრინდე ვაშინგტონში. არის ადამიანთა გარკვეული კატეგორია, რომლებმაც იქ თავიანთი ლობი შექმნეს. მე გეტყვით, აქ დასამალი არაფერია, თედო ჯაფარიძე ძველი თაობიდან ერთადერთი იყო, რომელმაც ეს ხაზი თავისით გაჭრა, ირაკლი ალასანიასაც ჰქონდა ეს ხაზი და მათ შორის დიდი დაპირისპირება იყო, როდესაც ორივე მათგანი საელჩოში მუშაობდა. მესამე ხაზი იყო ბოკერიასი, მეოთხე მიშასი, მერე იყვნენ პატარ-პატარა ხაზუკები და აი, ამ ოთხ-ხუთ ხაზს შორის მიმდინარეობდა რეალური კონკურენცია. ვერ ვიტყვი, რომ ამ ამბავში მთავარი მიშა იყო, უბრალოდ, ის ისეთი ადამიანია, რომელიც ყველაფრის მითვისებას ახერხებდა", - განაცხადა ხაბურძანიამ.


შალვა რამიშვილის კითხვაზე, თუ რატომ გაურიგდა ის სააკაშვილს, ვალერი ხაბურძანიამ უპასუხა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა.


„მე არ გავურიგდი სააკაშვილს. მე ის მოვახერხე, რომ ხრამში გადამხტარ ადამიანებს არ ჩავყევი, მე მათ ვაფრთხილებდი. დაახლოებით, ივნისის თვიდან ვიცოდი ყველაფერი, შევარდნაძეს ვუთხარი, რომ ის საპარლამენტო სია, რომელსაც ავთო ჯორბენაძე და მარიამ ცაცანაშვილი ადგენდნენ, არგამსვლელი სია იყო. შევარდნაძემ მკითხა თუ რას ვთავაზობდი. ასეთ იდეა მქონდა, იყო ერთი ქარიზმატიკული კაცი, სულხან მოლაშვილი, რომელიც გადადგებოდა თანამდებობიდან და შეიქმნებოდა ალტერნატიული სია. შევარდნაძეს ვუთხარი, რომ ის არ უნდა ჩასდგომოდა არც ერთ სიას სათავეში, ვინც გაიმარჯვებდა, ყველა პარტია მას ეკუთვნოდა, ეს იყო ამ სიტუაციის ჩვეულებრივი ლოგიკა.

 

სააკაშვილი ამ დროს ავთო ჯორბენაძეს ევაჭრებოდა სიის პირველ და მეორე ადგილზე. მე ვიცოდი ეს, ისიც ვიცოდი, შემომსვლელები რომ იყვნენ, თუმცა შენობის ფიზიკური დაცვა მე არ მევალებოდა, ეს თავის თავზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აიღო და კობას მე ისიც ვუთხარი, რომ ამას ვერ შეძლებდნენ. სანამ თათბირი ჩატარდებოდა, შევარდნაძეს ვუთხარი თუ როგორ უნდა შეგვეპარებინა დეპუტატები პარლამენტში, შევარდნაძემ კი მითხრა, რომ იცოდა ჩემი აზრი და თითქოს მე ყველაფერს ვაბუქებდი.

 

საერთოდ ურთიერთობებიც დაყოფილი იყო, სააკაშვილთან კონტაქტი ჰქონდა ავთო ჯორბენაძეს, მე ვურთიერთობდი ეროსი კიწმარიშვილთან, რადგან, ვთვლიდი, რომ ტელევიზია უმთავრესი კომპონენტი იყო", - განაცხადა ვალერიან ხაბურძანიამ.

 



 

big_banner
არქივი