logo_geo
რატომ მარხავდნენ ჩვენს ქვეყანაში რომაელი და სპარსელი დიდებულები თავის განძეულს...
- +

4 სექტემბერი. 2018. 03:14

 

 

627 წელს, როცა კეისარი ჰერაკლე და ხაზარები ცდილობდნენ, აეღოთ ტფილისი და დაემარცხებინათ სტეფანოზ ერისმთავარი (რომელიც ვერ გადაუდგა სპარსელებს) და მასთან ერთად ტფილისის სპარსული გარნიზონი, ჰერაკლე კეისარმა მოიმხრო „ქართველთა მეფის, ბაკურის ძე, ვახტანგის ძის, დაჩის, ნათესავი, რომელიც კახეთის ერისთავი იყო და ადარნასე ერქვა, მისცა ტფილისი და ქართლის მთავრობა“.

სტეფანოზი ტფილისის გალავანთან ბრძოლაში მოკლეს. ჰერაკლემ დაიკავა მთელი ქართლი და დასავლეთ საქართველო. ადარნასეს მთავრობა გავრცელდა იბერიის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. მაგრამ, ბიზანტიელებმა მიითვისეს ჩვენი ქვეყნის ისტორიული ტერიტორიები, სპერი და კლარჯეთის ბოლო, ზღვისპირი. სტეფანოზის შვილები გამაგრდნენ კლარჯეთის კლდეებში. ადარნასე ბაკურის ძემ ვერ გაბედა მეფის სახელი მიეღო. ერისთავები ისევ ერისთავობდნენ და ადარნასე ვერ ცვლიდა მათ, თუმცა, ერისთავები მაინც მას ემორჩილებოდნენ.

ჰერაკლე კეისარმა დაამარცხა სპარსელები. ბოლოს შეთქმულებმა მოკლეს შაჰი ხოსროვ მეორე ფარვიზი და ტახტზე მისი უფროსი ვაჟი, კავად მეორე აიყვანეს. მან აღიარა ჰერაკლეს გამარჯვება, გადაიხადა კონტრიბუცია და დათმო დაპყრობილი ტერიტორიები. ჰერაკლე მეფემ სპარსეთის ტყვეობიდან გამოიხსნა ძელიცხოველი, მაცხოვრის ჯვარი, რომელზეც ევნო იესუ ქრისტე და დიდი ზეიმით წააბრძანა უკან.

ამ დროისთვის ადარნასეს დამთავრებული ჰქონდა ჯვრის ეკლესია მცხეთაში და სიონის ტაძარი ტფილისში.

მირიან მესამის დროიდან ჩვენს სამშობლოში ინახებოდა კონსტანტინე იმპერატორის მიერ ქართლში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების დროს საჩუქრად გამოგზავნილი ქრისტეს ჯვრის ფერხთა ფიცარი და სამსჭვალები (ლურსმნები), რომლებითაც ავნეს მაცხოვარი. ისინი დაბრძანებული იყო ერუშეთსა და მანგლისში. ჰერაკლემ გადაწყვიტა, ეს განსაკუთრებული სიწმიდეები მიესაკუთრებინა. შეწუხდა ადარნასე მთავარი, ბევრს ევედრა კეისარს, მაგრამ, არ ისმინა ბიზანტიის მბრძანებელმა მისი ვედრება და წაიღო სიწმინდეები.

გარდაიცვალა ადარნასე და მეფედ (მთავრად) გამოცხადდა მისი ძე – სტეფანოზი.

სტეფანოზი ქართლის ყველა მეფეზე და მთავარზე მეტად მორწმუნე ყოფილა, რჯულის განმწმენდელი და ეკლესიების მაშენებელი. მან ჯვრის ეკლესიას ზღუდეები შემოავლო. ააშენა დარბაზები და დააწესა ყოველ პარასკევს შეკრება იმ ადგილისა და მხარის ეპისკოპოსებისა და მღვდლებისა. ყველა ეპისკოპოსი, მღვდელი და კათალიკოსი იკრიბებოდნენ პატიოსანი ჯვრის წინაშე და ადიდებდნენ ჯვარს, როგორც დიდ პარასკევს.

ყოველ ხუთშაბათს იკრიბებოდნენ საკათალიკოსოში და ადიდებდნენ წმიდა სიონს, როგორც დიდ ხუთშაბათს, ქრისტეს სისხლითა და ხორცის საიდუმლოსთან ერთად.

მცხეთაში, საეპისკოპოსოში ყოველ ხუთშაბათს იმართებოდა კრება და ახსენებდნენ სტეფანე პირველმოწამესა და ყოველ მოწამეს, რომლებიც სპარსელთა შემოსევების დროს ეწამნენ.

ამით ხაზი ესმებოდა ქართველთა ქრისტიანობასა და სპარსელების სარწმუნოებრივ მტრობას.

ახსენებდნენ აბიბოს ნეკრესელს, რომელმაც სპარსელ მოგვებს დიდი შეურაცხყოფა მიაყენა, მივიდა და მათთვის წმიდა ცეცხლს წყალი დაასხა და ჩააქრო. ამით აჩვენა, რომ ცეცხლი არ არის ღმერთი. მან მთიულები მოაქცია ქრისტიანობაზე. აბიბოს ნეკრესელის წმიდა ნაწილები მცხეთაში, ეპისკოპოსთა სამარხავში დაკრძალეს. მისი ხსენების დღე ყველა დღესასწაულზე მეტად აღინიშნებოდა.

ამგვარად, ცდილობდა მთავარი სარწმუნოების განმტკიცებას სახელმწიფოში.

იმ ხანებში არაბეთში ცხოვრობდა ისლამის დამაარსებელი მუჰამედი. რომელმაც საფუძველი ჩაუყარა დიდ და ძლიერ სახელმწიფოებრივ-რელიგიურ გაერთიანებას, სახალიფოს. მან დაიპყრო არაბეთი და იემენი. მისი გარდაცვალების შემდგომ ხალიფად დაჯდა აბუბაქრი და შეიჭრა სპარსეთში. სპარსეთი ჰერაკლეს ლაშქრობების გამო დასუსტებული იყო და არაბებს მისი დაპყრობა გაუადვილდათ. დაიპყრო შუამდინარეთიც. ჩვენი მემატიანის თქმით, მან სპარსელებს ძალით დაათმობინა ცეცხლთაყვანისმცემლობა და მიაღებინა ისლამი. აბუბაქრის მერე ხალიფად დაჯდა ომარი. მან უფრო გააძლიერა მაჰმადიანები.

მოახსენეს ჰერაკლე კეისარს, რომ აგარიანები შეიჭრებოდნენ შამში (სირია) და ჯაზირეთში (ზემო შუამდინარეთი). კეისარი პალესტინაში გაემგზავრა, რომ იქ შებრძოლებოდა არაბებს. რომის იმპერიაც დასუსტებული იყო სპარსეთთან ომით. პალესტინაში იყო ერთი ბერი, წმიდა კაცი. მან განაცხადა: „თავს უშველეთ, რადგან ღმერთმა აღმოსავლეთი და სამხრეთი მისცა სარკინოზებს, რომელთა სახელიც განიმარტება, როგორც „სარას ძაღლები“. (აქ, არაბთა ერთ-ერთი ტომის სახელწოდება, რომელიც მერე სხვა ტომებზეც გავრცელდა, სარკინოზი (სარაკინი, სარაცინი) ახსნილია ძველი ბერძნულით, სადაც კინოსი, თურმე, ძაღლს ნიშნავს. არაბულად კი შარკ აღმოსავლეთი ყოფილა). ბერის სიტყვები ვარსკვლავთმრიცხველებმა და მისნებმა ამცნეს კეისარს. კეისარმა დიდი სვეტი ააშენა და წააწერა ზედ: „მშვიდობა, შუამდინარეთო და ფილისტიმო, სანამ ჩაივლის შვიდი შვიდეული“. რაც ფილოსოფოსებმა განმარტეს შემდეგნაირად, რომ ეს უდრის ორას ორმოცდაათ წელს. ამის შესახებ უპოვიათ ჰერმეს ტრისმეჯისტონის (ჰერმეს ტრისმეგისტი, სამგზის დიდებული) წიგნში. ჰერმეს ტრისმეჯისტონი ადრე სინკრეტული ღვთაების სახელი იყო. შემდეგში, ქრისტიანული ტრადიციით, ბრძენი ჰერმეს ტრისმეჯისტონი მიიჩნეოდა საიდუმლო სწავლების ავტორად. მას მიეწერებოდა სხვადასხვა გამოთვლები და წინასწარმეტყველებები. ანუ, ჰერმეს ტრისმეჯისტონის წინასწარი გამოთვლით, მაჰმადიანები ამდენ ხანს იბატონებენო.

იმ დროს ბიზანტიელი წარჩინებულები მიწაში ფლავდნენ განძს, რადგან, როცა გამოვიდოდნენ აღმოსავლეთიდან, განძი არაბებს არ ჩავარდნოდათ ხელში. მერე კი, რომ დაბრუნდებოდნენ, ეპოვათ და უკან წაეღოთ. ამისთვის შეადგინეს გუჯარები, სადაც მითითებული იყო ადგილმდებარეობა განძებისა.

ჰერაკლე კეისარი მოვიდა რანში, იქიდან კი ქართლში. აქ შეხვდა სპარსელებს, რომლებიც გამოქცეოდნენ არაბებს და უთხრა მათ: „თუ ხვდებით, რომ თქვენი მეფობა დასრულდა, დატოვეთ ჩრდილოეთი და ჩვენთან შემოდითო.“

მათაც ისმინეს კეისრის სიტყვები და განძი შეინახეს. ზოგი გაჰყვა კეისარს, ზოგი დარჩა. შეადგინეს გუჯარი, სადაც აღწერეს, რა განძი დატოვეს. ასევე, აღწერეს ხალხი და მიწა, რათა, როცა ბიზანტიელები ისევ შემოვიდოდნენ, იმ გუჯარებით მოეძიებინათ ქონება, მიწა და განძი.

ბიზანტიელი დედებულებიც მარხავდნენ მიწაში განძს, რათა, თუ წასვლა მოუწევდათ, მერე დაბრუნებულებს, ისევ ეპოვათ. წაღება და მოტანა რომ არ დასჭირვებოდათ.

ალბათ, რომაელთა ჯარმა, რომელიც სპარსეთიდან რანის გავლით შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, სისწრაფის გამო ჩვენთან გადამალა ნაძარცვი, რაც სპარსეთში ან შუამდინარეთში იშოვეს.

ყველა ელოდა არაბების გამანადგურებელ შემოსევებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი