logo_geo
გიორგი გოგოლაშვილი: ყურადღებას ვთხოვთ განათლების მინისტრს და არა მხოლოდ მას...
- +

6 სექტემბერი. 2018. 02:44

 

 

პირველ კლასში შეიძლება თუ არა უცხო ენის სწავლება (იხ.: „საქართველოს რესპუბლიკა“, 27 აგვისტო, #163)

 

დედაენა და უცხო ენანი; ყურადღებას ვთხოვთ განათლების მინისტრს და არა მხოლოდ მას...

 

„დაუდევრები ვართ ქართველები და კიდევაც ეს მოგვიღებს ბოლოს, თუ ჩვენ საუბედუროდ არ გავსწორდებით როდისმე"...

 

ილია ჭავჭავაძე

 

2010 წლიდან ქართულ სკოლაში პირველკლასელები მშობლიურ ენასთან ერთად იწყებენ ინგლისური ენის სწავლას. სამი თაობა ვაქციეთ ამ "ექსპერიმენტის" მსხვერპლად; წელს მეოთხე თაობას ვწირავთ... სამი წელია ვსაუბრობთ ამის შესახებ... არანაირ კრიტიკას, რჩევას, არგუმენტირებულ მსჯელობას აზრი არა აქვს; თითქოს არ თქმულა, არც დაბეჭდილა... წინა ხელისუფლებაში კანცელარიის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა "გაგვაფრთხილა", ამ შენობაში გაზეთებს არ კითხულობენო... ეს იმის თქმა იყო, რაც გინდათ წერეთო... იმ ხელისუფლებისათვის წაყრუება ყველაზე მომგებიანი პოზა იყო...

როდემდე გაგრძელდება ასე.

 

7 7 7

 

ორიოდე წლის წინათ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი თავის მშობლიურ სკოლას სტუმრობდა საირმის ქუჩაზე. შეხვედრას ამერიკიდან მოწვეული ინგლისური ენის პედაგოგიც ესწრებოდა. პირველკლასელებს ხვდებოდნენ. პრეზიდენტი მიუბრუნდა ამერიკელ პედაგოგს და ჰკითხა, ამერიკაში პირველკლასელებს თუ ასწავლიან კომპიუტერსა და უცხო ენასო. არაო, უპასუხა უცხოელმა პედაგოგმა. პირგაბადრული პრეზიდენტი ახლა ქართველებს მოუბრუნდა და ამაყად თქვა: აი, ხომ ხედავთ, ამ საქმეში ჩვენ ამერიკას გავუსწარითო...

 

მოდით, კომპიუტერს თავი დავანებოთ ამჯერად და კითხვა ასე დავსვათ: ხუთი წლის ბავშვს უცხო ენას რომ ვასწავლით პირველ კლასში, ამით მართლა გავუსწარით განათლებულ მსოფლიოს.

 

ეს კითხვა არაა იოლი საპასუხო.

 

7 7 7

 

როგორც ვთქვით, პირველ კლასში ინგლისური ენა 2010-2011 სასწავლო წლიდან ისწავლება. განათლების სამინისტრომ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რა კვლევები თუ მოსაზრებები დაედო მას საფუძვლად, რა კონსულტაციების შედეგი იყო ეს, არავინ იცის. ვიცით მხოლოდ ის, რომ ეს იყო ერთი კაცის - პირველი პირის - პირადი მოსაზრება... იმჟამინდელმა მინისტრმა, დ. შაშკინმა, სცადა ამ ინიციატივის გამართლება: საბჭოთა პერიოდში პირველი კლასიდან ისწავლებოდა რუსული ენაო... აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა იმ მინისტრის არაპროფესიონალიზმი და დილეტანტობა იმ სფეროში, რასაც განათლება ჰქვია: საბჭოთა საქართველოში რუსული ენა პირველი კლასიდან რუსულ სკოლებში ისწავლებოდა, ქართულ სკოლებში რუსულ ენას მეორე კლასიდან ვიწყებდით... მაგრამ აქ ერთი ფაქტიც არის გასათვალისწინებელი: იმ პერიოდში მეორე კლასში რვა წლის ბავშვი სწავლობდა!.. ასე რომ, რუსიც კი რუსეთის იმპერიაში თავის ენას (ჩვენთვის უცხო ენას) რვა წლის ბავშვებს მეორე კლასიდან გვაწყებინებდა... რუსმაც კი ვერ შეძლო, ვერ გაბედა თავის იმპერიაში უგულებელყოფა იმისა, რომ პირველი კლასიდან არ შეიძლება მშობლიურ ენასთან ერთად უცხო ენის სწავლება... დღეს 5 წლის ბავშვს მშობლიურ ენასთან ერთად ვაწყებინებთ ინგლისურს...

 

რა ხდებოდა უახლოეს წარსულში,

 

2010 წლამდე ჩვენში.

 

ვარდების რევოლუციის შემდეგ ნაციონალურმა ხელისუფლებამ შეცვალა საგანმანათლებლო სტანდარტები; ახალი წესები 2006 წელს აამოქმედა. ამ სტანდარტების მიხედვით, მოსწავლეს სკოლაში ერთდროულად შეიძლება ესწავლა მხოლოდ ორი უცხო ენა; ნორმა ასეთი იყო: "პირველი უცხოური ენის სწავლას მოსწავლე იწყებს მე-3 კლასში, მეორისას კი - მე-7 კლასში. მეათე კლასიდან ნებადართულია პირველი უცხო ენის სწავლისათვის თავის დანებება და მესამე უცხო ენის სწავლის დაწყება (მე-10-12 კლასებში). ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მესამე კლასამდე დაიწყონ სკოლებმა უცხო ენის სწავლება, ან მეშვიდე კლასამდე ასწავლონ ორი უცხოური ენა. თუ სკოლა გადაწყვეტს, რომ მას აქვს ამის საშუალება და ხედავს ამ საგნების შეთავაზების მნიშვნელობას. თუმცა, პირველ ორ კლასში უცხოური ენის სწავლება არ არის რეკომენდებული". ეს არის სწორედ ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებული სტანდარტი, თუმცა "ქართული დაზუსტება" აქაც გვაქვს: ხაზგასმული წინადადება ფაქტობრივ ეწინააღმდეგება ძირითადს და ჩანს, ისეთი კერძო სკოლების ქმედების "გასაპრავებლად" ჩაიწერა, როგორიც იყო იტალიური სკოლა, ეგზიუპერის სკოლა, დემირელის კოლეჯი და ა. შ. მაგრამ ძირითადად მაინც მისაღები სტანდარტი იყო: "პირველ ორ კლასში უცხოური ენის სწავლება არ არის რეკომენდებული".

 

ეს სტანდარტები სწორედ ევროპულ გამოცდილებაზე არის დაფუძნებული. რამდენიმე წლის წინათ ინგლისის პარლამენტში აქტიურად განიხილებოდა საკითხი, ბავშვებს 8 წლის ნაცვლად 9 წლის ასაკიდან დაეწყოთ უცხო ენის შესწავლა. და საბოლოოდ საკითხი 9 წლის სასარგებლოდ გადაწყდა!.. თურმე ჰოლანდიაში უფრო რთული საგანმანათლებლო სისტემაა; 4 წლისანები სკოლაში შედიან, ორი-სამი წლის შემდეგ იწყებენ წერა-კითხვას; ხოლო უცხო ენის (ინგლისურის) შესწავლას 10 წლისანები იწყებენ; და, თქვენ წარმოიდგინეთ, ინგლისური ყველამ იცისო... ე. ი. ინგლისში 9 წლის ბავშვს აწყებინებენ უცხო ენას, ჰოლანდიაში - 10 წლისას... ყოველ შემთხვევაში მე ვერ მოვიძიე შემთხვევა, მშობლიურ ენასთან ერთად უცხო ენას რომ ასწავლიდეს ვინმე თავის პატარას პირველივე კლასში...

 

იქნებ, იმ "დიდი კაცის" თქმისა არ იყოს, ვერ ხვდებიან უცხოეთში ამგვარი მეთოდის სიკეთეს და წინა ვართ მართლა.

 

სამწუხაროდ, არაა ასე. ეს თემა - როგორი უნდა იყოს მშობლიური და უცხოური ენების სწავლების ურთიერთმიმართების საკითხი, აქტიურად განიხილებოდა ჯერ კიდევ X|X საუკუნეში.

გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში მასობრივად დაიწყეს ქართველი ბავშვების არაქართული სკოლებიდან გამოყვანა და ამას პოლიტიკური ხასიათი მიეცა... და ყურადღება არ მივაქციეთ არსებითი მნიშვნელობის ფაქტს - საკითხის მეცნიერულ მხარეს. ასე რომ, ეს დადებითი მოვლენა პოლიტიკურ ფაქტად იქნა გააზრებული და როცა მოგვარდა ეროვნული დამოუკიდებლობის საკითხი, მივივიწყეთ ეს თემა; მეტიც, უკუღმა წავიყვანეთ საქმე... არადა ეს ეროვნული მნიშვნელობის პრობლემაა... კითხვა ასე დავსვათ: რა მნიშვნელობა აქვს, სწავლების ენა მშობლიური იქნება თუ უცხო ენა. კერძოდ პირველდაწყებით განათლებას დედაენაზე მიიღებს ბავშვი თუ არა. გავხაზავთ - მშობლიურ ენაზე, როგორც ქართველთათვის, ისე - არაქართველთათვის.

 

აქაც იაკობ გოგებაშვილი უნდა მოვიშველიოთ; მის პუბლიცისტურ მემკვიდრეობაში ერთ-ერთი მთავარი თემა არის დედაენისა და უცხო ენის სწავლების ურთიერთმიმართების საკითხი. ძირითადი თეზისი ასე ჟღერს: "ბავშვმა მას უკან უნდა იწყოს უცხო ენის შესწავლა, როცა უკვე კარგად აქვს შეთვისებული თავისი დედა-ენა". იაკობი მოგვიწოდებს: "საჭიროა, საქართველოს ეროვნულ ეტლში შევაბათ ძირში ქართული ენა და კევრად მივუბათ რუსული ენა და სხვა ენები". და ეს არა თუნდაც იმიტომ, რომ "მხოლოდ დედა-ენა არის ენა სულისა და გულისა. ყველა უცხო ენანი კი არინ ენანი მეხსიერებისა"; არა... იაკობი განმარტავს: "დედა-ენის გაცვლა უცხო ენაზედ ადაბლებს კაცის გონებასა და უსუსტებს ზნეობრივ ძალასა... ამ შემთხვევაში იბადება წინააღმდეგობა კაცის ეროვნული აგებულებისა და მის მეტყველების შუა და ამ წინააღმდეგობის წყალობით ეს პირი რამდენიმე ხარისხით ძირს ჩამოდის სულიერად. თუ იგი გენიოსად იყო დაბადებული, გამოვა მხოლოდ შესანიშნავი ნიჭის პატრონი; თუ ნიჭიერად იყო გაჩენილი, საშუალო ნიჭის ადამიანი შეიქმნება და თუ ბუნებისაგან დაყოლილი ჰქონდა უბრალო ნიჭი, მტკნარ სიტუტუცეზე ჩამოხტება"... ანუ: ბავშვის ბუნებითი შესაძლებლობა ერთი საფეხურით ჩამოქვეითდება, თუკი იგი პირველდაწყებით განათლებას არ მიიღებს მშობლიურ ენაზე... როგორც ვთქვით, ეს ერთ-ერთი ძირითადი თემაა იაკობისათვის; ი. გოგებაშვილი ემყარება პედაგოგიკური მეცნიერებების მამამთავრების - უშინსკის, კომენსკის და სხვათა - მოძღვრებას...

 

ერთ საუბარში, როცა ამ თემაზე ვლაპარაკობდით და ი. გოგებაშვილი მოვიშველიე, ერთმა ჩინოვნიკმა მითხრა, ეს X|X საუკუნის აზროვნებააო... მისი აზრით, დღევანდელი ევროპა ჩარჩენილა X|X საუკუნეში... მოდით სხვა კითხვა დავსვათ:

 

როგორ უყურებენ ამ საკითხს დღეს პედაგოგები, ფსიქოლოგები, ენათმეცნიერები, გენეტიკოსები. საგაზეთო წერილში ყველა თვალსაზრისს ვერ წარმოვადგენთ; მხოლოდ რამდენიმე ამონარიდს მოვიყვან თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი ფსიქოლოგის, აკადემიკოს შოთა ნადირაშვილის წერილიდან: "პიროვნების განვითარებისა და ჩამოყალიბებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მშობლიური ენის სიღრმისეულ შესწავლას. უცხო ენის სწავლების დაწყება კი შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვმა კარგად იცის წერა-კითხვა, თვლა-ანგარიში და აზროვნება მშობლიურ ენაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უცხო ენის შესწავლა მავნე ზემოქმედებას მოახდენს მოზარდის ფსიქიკაზე და შეაფერხებს მის გონებრივ განვითარებას". და როცა დადგა საკითხი ქართულ სკოლაში უცხო ენის პირველი კლასიდანვე სწავლებისა (დედაენის პარალელურად!), ფსიქოლოგმა გაგვაფრთხილა: "თუ ინგლისური ენა მშობლიური ენის კონკურენტად აქციეს, ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს ბავშვების ფსიქიკაზე და მათი აზროვნების მთლიანობაზე"... აქედან გამომდინარე დასკვნა ის არის, რომ "დიდი კაცის" ახირების გამო ცუდ ზემოქმედებას ვახდენთ მოზარდის ფსიქიკაზე და ვარღვევთ მისი აზროვნების მთლიანობას. ასე რომ, ის, რასაც იაკობი ქადაგებდა X|X საუკუნეში, უტყუარი ჭეშმარიტებაა დღესაც, მეტიც - სასიცოცხლო აუცილებლობა ერისათვის...

გაგვიგრძელდა საუბარი. ეს არ არის უბრალო საკითხი, კერძოობით გადასაწყვეტი; ეს ერის მომავლის საკითხია: ამგვარი გადაწყვეტილებით რისკის ქვეშ ვაყენებთ, ვაჩლუნგებთ მომავალი თაობის გონებით შესაძლებლობებს, ვურთულებთ მათ წიგნიერების სამყაროში შესვლას... ეს მძიმე შედეგს ათწლეულების შემდეგ გამოიღებს...

 

დასკვნა: ყოვლად დაუშვებელია პირველ კლასში დედაენის ხარჯზე (მასთან ერთად) უცხო ენის სწავლება.

 

მოვუწოდებთ განათლების მესვეურებს, ყურად იღონ განათლებული სამყაროს გამოცდილება, ჭეშმარიტი მეცნიერების რჩევა და ნუ გაწირავენ ქართველ ბავშვებს... ეროვნულ სკოლაში თავთავიანთი ადგილი მიეჩინოს დედაენასა და უცხო ენას!

 

ავტორი: გიორგი გოგოლაშვილი (2013 წელი)

 

 

big_banner
არქივი