logo_geo
როგორ მუშაობდნენ „ჩეკისტები“ ივანე ჯავახიშვილის ფიზიკურად გაქრობაზე
- +

7 სექტემბერი. 2018. 00:13

 

 

30-იანი წლების საბჭოური რეჟიმი ვერ იტანდა ინტელექტით, მოქალაქეობრიობითა და პატრიოტიზმით გამორჩეულ პიროვნებებს. ჩვენ დღეს ივანე ჯავახიშვილის დღიურებიდან იმ გვერდებს შემოგთავაზებთ, საიდანაც გაიგებთ ქართველი პროფესორის, უნივერისტეტის დამაარსებლის, ინტელიგენტის ბედს სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე. როგორ, ვისი და რისი წყალობით გადარჩა დიდი ისტორიკოსი. 

 

ივანე ჯავახიშვილი, მიუხედავად მისი ზომიერებისა, საბჭოთა ხელისუფლებას არ ეპიტნავებოდა. ამიტომ 1926 წელს იგი რექტორის პოსტიდან გადააყენეს, ხოლო ხუთი წელიც არ იყო გასული, რომ საერთოდ დაატოვებინეს მის მიერვე დაარსებული უნივერსიტეტი. მის მიმართ შეურიგებლობას იჩენდა ფილიპე მახარაძე, ამ მხრივ არც ლავრენტი ბერია ყოფილა გამონაკლისი… ივანე ჯავახიშვილი სამეცნიერო თანამდებობებსა და აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას წლების განმავლობაში იყო ჩამოშორებული. 1928 წლის 5 აპრილს, ჯერ კიდევ საქართველოს სსრ მთავარი პოლიტიკური სამმართველოს უფროსად ყოფნის დროს, ლავრენტი ბერია ლევან ღოღობერიძეს – საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანს, სპეციალური მოხსენებით მიმართავდა. მიმართვის ტექსტის ნაწილი, რომელიც უნივერსიტეტს ეხება ასეთია: „მიუხედავად ყველა წმენდისა და შეზღუდვებისა, მაინც სტუდენტობის შემადგენლობის ნაწილი – კარგა ნახევარი, ჩვენი არაა. უმეტესობა სტუდენტების მასისა, რომელიც 8 000 ადამიანს მოიცავს, იდეოლოგიურად იმყოფება მოსახლეობის შოვინისტურ-ანტისაბჭოურად განწყობილი ფენების გავლენის ქვეშ. სტუდენტთა არამცირედი ნაწილი, ამა თუ იმ ფორმით, მონაწილეობს ანტისოციალისტური პარტიების მუშაობაში. სტუდენტთა შორის ყველაზე დიდი გავლენით ძველებურად სარგებლობენ შოვინისტურ-ანტისაბჭოურად განწყობილი პროფესორები. პროფესორი ჯავახიშვილი გაღმერთებულია. იგი სტუდენტობისათვის ნამდვილი კერპი გახლავთ… სტუდენტობამ საკმაოდ ცივად მიიღო ამხანაგები ფილიპე მახარაძე, თედო ღლონტი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, მაგრამ საკმარისი იყო ვიღაცას წამოეყენებინა წინადადება პრეზიდიუმზე ივანე ჯავახიშვილის არჩევისა, რომ დარბაზი პირდაპირი აზრით ახმაურდა ხანგრძლივი, შეუწყვეტავი ტაშისკვრითა და მისასალმებელი წამოძახილებით. ამან ძალზე შეაცბუნა ამხანაგი ფილიპე…“

 

 ივანე ჯავახიშვილის ბედ-იღბალით ძალიან დაინტერესდა ალექსანდრე სვანიძე (1886-1942). მას უმაღლესი საისტორიო და ფილოსოფიური განათლება გერმანიაში ჰქონდა მიღებული და იყო ავტორი რამდენიმე ურარტუოლოგიური და რუსთველოლოგიური ნაშრომისა. ალექსანდრე სვანიძე იოსებ სტალინის პირველი ცოლის ძმა გახლდათ. სავარაუდოა, რომ ამ ფაქტმა დიდი როლი შეასრულა ივანე ჯავახიშვილის გადარჩენაში. 1935 წლის ნოემბერში ალექსანდრე სვანიძემ წერილი მოსწერა ივანე ჯავახიშვილს, სადაც აღნიშნავდა: „დამაღონა იმ გარემოებამ, რომ თქვენი კალიბრის მოღვაწეს ისეთ უწმაწურ პირობებში უხდება მუშაობა, რომ მას წლობით საშუალება არა აქვს გამოაქვეყნოს ყველასათვის საინტერესო გამოკვლევები. შევეხვეწე, რაც შემეძლო გერმანე მგალობლიშვილს, სახკომსაბჭოს თავმჯდომარეს, რომ ყურადღება მოგაქციონ თქვენ და გაგიადვილონ მუშაობა. რაც შეეხება ქალდების (ურარტუელების) საკითხს, მგალობლიშვილი ფიქრობს სპეციალური კათედრა გახსნას უნივერსიტეტში. ძალიან კარგი იქნება, თუ სპეციალისტები ხელს შეუწყობთ მთავრობის ამ დაწყებულებას. მგალობლიშვილი ფიქრობს, აგრეთვე, დაავალოს უნივერსიტეტს „შედარებითი გრამატიკის“ გამოშვება ქართველური ენებისა და აგრეთვე, პარალელური ლექსიკონისა. გთხოვთ შეამზადოთ ჩვენი სპეციალისტების აზროვნება საამისოდ და თქვენი რჩევით ხელი შეუწყოთ ამ საქმეს“…

 

…1938 წლის 1 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე ზოდელავა მიმართავდა ლავრენტი ბერიას – უკვე სსრ კავშირის შინსახკომის შეფს, რომ საქართველოში აღმოჩენილია მსხვილი კონტრრევოლუციური ფაშისტური ფორმირება, რომელიც თავის ანტისაბჭოურ საქმიანობას წარმართავს ძირითადად თბილისის უნივერსიტეტში, რომ „ძიების ყოველმხრივ შემოწმებული მასალებით დადგენილია, რომ იდეოლოგი და შთამგონებელი ამ კონტრრევოლუციური ორგანიზაციისა მთელი მისი ანტისაბჭოური საქმიანობის მანძილზე გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, რომელმაც თავის გარშემო შეაკოწიწა ქართული ინტელიგენციის ყველაზე რეაქციულად განწყობილი ნაციონალისტური ნაწილი. პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, დაკავშირებულია რა ფაშისტური გერმანიის მთავრობის წრეებთან, ახორციელებს აქტიურ საჯაშუშო საქმიანობას გერმანიის დაზვერვის სასარგებლოდ. დასასრულს, თქვენი ბრძანების მიხედვით დაპატიმრებულმა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მონაწილემ კონტრრევოლუციურ-ფაშისტური ორგანიზაციისა, მთლიანად აღიარა რა თავისი ანტისაბჭოური საქმიანობა, სავსებით დაადასტურა ჩვენს ხელთ არსებული ყველა მასალა ჯავახიშვილის ფაშისტური საქმიანობის შესახებ.“ ამ დოკუმენტზე ბერიამ დაადო სათანადო რეზოლუცია, რომ ივანე ჯავახიშვილის „ჯგუფის“ ორი დაპატიმრებული პირი (შალვა ნუცუბიძე და სიმონ ყაუხჩიშვილი) მოსკოვში ეტაპით  გაეგზავნათ. საბჭოთა „ჩეკისტები“ ვერ ამჩნევდნენ, რომ ივანე ჯავახიშვილის მიმართ საბჭოთა ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის პოზიცია შეიცვალა – მისი კანდიდატურა წამოაყენეს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრად, 1938 წლის ივნისში ივანე ჯავახიშვილი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად აირჩიეს  და სულ მალე კი – მისი პრეზიდიუმის წევრად… 1936 წლის 26 იანვრიდან, ივანე ჯავახიშვილი დაინიშნა ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მუდმივ სწავლულ კონსულტანტად. მალე მას დაავალეს ძველ ქართველ ისტორიკოსთა თხზულებების კრიტიკული გამოცემაც. 1936 წლის 29 მაისს ივანე ჯავახიშვილის მიერ ვარლამ დონდუასადმი გაგზავნილი წერილიდან ვგებულობთ შემდეგს: „ამ ცვლილებასთან (იგულისხმება მისდამი ხელისუფლების დამოკიდებულების დადებითად შეცვლა) დაკავშირებით, შოთა რუსთაველის დღესასწაულისათვის მოსაწყობი გამოფენის ზოგად ხელმძღვანელობაზე დათანხმება მომიხდა, თუმცა ექიმები მუშაობას მიკრძალავენ და იმ ავადმყოფობის შემდგომ ჯერაც კარგად ვერ ვგრძნობ თავს, მაგრამ რაკი საქართველოს ყოფა-ცხოვრებისა და ნივთიერი კულტურის ისტორიაზე ჩემ გარდა არავინ მუშაობს, ამიტომ უნებლიეთ ამ მძიმე ტვირთის აღება მომიხდა. დიდხანს უარს ვეუბნებოდი, მაგრამ დათანხმება მომიხდა – სხვა გზა არ იყო. რასაკვირველია, ხელმძღვანელობის გაწევა, რაკი ამ დარგში მომზადებული პირები არ გვყვანან, უმეტესად მე მომიხდება, და ეს გარემოება მაფიქრებს და მაღელვებს“. ცხადია, აქ ლავრენტი ბერიასთან შეხვედრაზეა ლაპარაკი, რაც თავის მხრივ, შესაძლოა, სტალინის მიერ იყო პროვოცირებული. მკვლევარ-ისტორიკოსი გიორგი ციციშვილი, რომელმაც 20-30-იანი წლების საინტერესო დოკუმენტები გამოავლინა ჩვენს დიდ წინაპარზე, ერთი მხრივ უპირისპირდება ტრადიციულ წარმოდგენას – სიმონ ჯანაშიას მეშვეობით ლავრენტი ბერიას მიერ ივანე ჯავახიშვილის გადარჩენის შესახებ და თითქოს იზიარებს შეხედულებას ამ საქმეში ალექსანდრე სვანიძის დიდ როლზე… მეორე მხრივ, იგივე მკვლევარი ასეთ კითხვას სვამს: „როგორ შეეძლო ალექსანდრე სვანიძეს ეხსნა ივანე ჯავახიშვილი, როცა 1937 წლიდან მას დევნიდნენ და 1938 წლის 1 იანვარს დააპატიმრეს კიდეც?“. პასუხი შემდეგნაირი უნდა იყოს: „1935-1936 წლებში ალექსანდრე სვანიძემ შეძლო დაეინტერესებინა სტალინი ჩვენი დიდი მეცნიერით და ამან, რასაკვირველია, შედეგი უკვე გამოიღო. ეს სრულიად არ ეწინააღმდეგება თვითონ ალექსანდრე სვანიძის ტრაგიკულ ბედ-იღბალს. მაგრამ „ჩეკისტები“ 1937-38 წლებშიც განაგრძობდნენ „საქმის კეთებას“ ივანე ჯავახიშვილის ფიზიკურად მოსპობისთვის. გავმეორდები და ვიტყვი, რომ 1938 წლის 12 ივნისიდან ივანე ჯავახიშვილი საქართველო სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ხოლო 10 ივლისიდან ამ ორგანოს პრეზიდიუმის წევრიც გახლდათ. აგრეთვე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 20 წლისთავთან დაკავშირებით, ამავე წლის 15 ივნისს, იგი დაჯილდოებულ იქნა შრომის წითელი დროშის ორდენით. ამ მხრივ ივანე ჯავახიშვილის ბედი გრიგოლ წერეთლის, შალვა ნუცუბიძის, სიმონ ყაუხჩიშვილისა და ვუკოლ ბერიძისაგან (რომლებიც დაპატიმრებულ იქნენ 1938 წელს) სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. ასეთ ვითარებაში მავან „ჩეკისტთა“ თავგამოდება ივანე ჯავახიშვილის საწინააღმდეგოდ აშკარა უაზრობას წარმოადგენს“ (ავტ.თ. ბიკაშვილი).

 

…ვასილ ბარნოვის უმცროსი ძმა, ალექსანდრე, რომელიც ახლოს იყო ივანე ჯავახიშვილთან, გადმოგვცემდა: როცა ბერია მიმხვდარა ივანე ჯავახიშვილისადმი „ზემოდან“ გამოჩენილ აშკარა კეთილგანწყობას, იგი თავისთან დაუბარებია და უთქვამს: თქვენზე ნაწყენი ვარ, თურმე, გაწუხებენ და მე კი არაფერი ვიცოდი ამის შესახებო. თანაც, მისთვის გარკვეული თანხა მიუცია, რაც ივანე ჯავახიშვილს გამოუყენებია მცხეთის არქეოლოგიური გათხრებისთვის. ბარნოვი ორჯერ ელაპარაკა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცეკას ყოფილ პირველ მდივანს კანდიდ ჩარკვიანს და კითხვაზე – გამოიჩინა თუ არა ბერიამ ინიციატივა ივანე ჯავახიშვილის ბედ-იღბლის სასიკეთოდ შემოტრიალებაში, მან ღიმილით თქვა: „ვინც ბერიას ახლოს იცნობდა, მისთვის მსგავსი რამის დაშვება აბსოლუტურად გამორიცხულია, ასეთ საქმეებში იგი ინიციატივას არ იჩენდაო.“ მანვე დაადასტურა, რომ ჩვენი დიდი მეცნიერის ყოფნა-არყოფნის საკითხი მოსკოვში გადაწყდა… ასე ასცდა ივანე ჯავახიშვილი, ბევრ გამოჩენილ ქართველთა სიცოცხლის ტრაგიკულ (პოლიტიკურად) აღსასრულს. 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი