„ჩემს კოლეგებს მივულოცავ საპარლამენტო სესიების დაწყებას და მათ ჩემი ჩათვლით ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას",- ამ სიტყვებით მიულოცა კოლეგებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომის დაწყება
როგორც წილოსანმა ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში განაცხდა, თითოეული დეპუტატის ამოსავალი წერტილი იქნება, ის 4 პუნქტიანი გეგმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" წარადგინა.
„მე როგორც ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი, ორივე რაიონი ძალიან მნიშვნელოვანი და უსაყვარლესია ჩემთვის. წინასაარჩევნო პერიოდში საკმაოდ ძირეულად გავეცანი ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის იმ 6 სოფლის პრობლემებს, რომელიც ჩემს ოლქში შემოდის.
თითოეული ჩვენგანის ამოსავალი წერტილი იქნება, ის 4 პუნქტიანი გეგმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" წარადგინა და ეს ყველაზე აქტუალური საკითხები, რაც ჩვენს მოსახლეობას ადარდებს. ჩემი როგორც მაჟორიტარის პრიორიტეტი იქნება - დასაქმება, ჩვენი ახალგაზრდებისთვის საინტერესო გარემოს შექმნა, იმისთვის რომ მათ არ დატოვონ სოფლები, არ დაიცალოს სოფლები და რა თქმა უნდა, ის მიმდინარე საკითხები, რაც პერიოდულად გამოჩნდება", - განაცხადა ნინო წილოსანმა.