logo_geo
შალვა ხუციშვილი: მთავრობის სახლის წინ შეკრება შეიძლება შეიზღუდოს მაშინ, თუ...
- +

11 იანვარი. 2017. 11:17


 

 

 

„მოქალაქეებს უფლება აქვთ, პროტესტის გამოსახატავად, წინასწარი ნებართვის გარეშე, შეიკრიბონ საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ", - აღნიშნა გაზეთ „ასავალ-დასავალთან"  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა. მან ინტერვიუში, კანონის ფარგლებში მოქალაქეების მიერ პროტესტის გამოხატვის საშუალებებზე ისაუბრა.

 

„ყოველი ადამიანის უფლებაა, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვა საშუალებით. საქართველოს კანონის ინტერპრეტირება ხდება საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად.

 

მოქალაქეებს უფლება აქვთ, პროტესტის გამოსახატავად, წინასწარი ნებართვის გარეშე, შეიკრიბონ საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. მთავრობის სახლის წინ შეკრება და მანიფესტაცია შეიძლება შეიზღუდოს შენობის ბლოკირებისა და საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, მაგრამ არაუმეტეს 20 მეტრისა.

 

დაუშვებელია, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისას და ჩატარებისას მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ ან ძალადობით შეცვლისაკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ან ისეთი მოწოდება, რომელიც არის ომისა და ძალადობის პროპაგანდა, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს", - აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი