logo_geo
ანი მიროტაძე: კარგი რამ ყოფილა ეს ბედი, კარგ ბიჭს შემახვედრა
- +

11 იანვარი. 2017. 11:18


 

 

 

„ეროვნული ფორუმის" წევრმა ანი მიროტაძემ ჟურნალ „თბილისელებთან" ინტერვიუში მეუღლის, ყოფილი ფეხბურთლის, დავით შეყილაძის გაცნობის ისტორია მოჰყვა.


როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, დათო მისი მხარდამჭერი იყო და მეუღლე მას პოლიტიკურ მოედანზე გამოეცხადა.


„არასდროს მიფიქრია, რომ ცხოვრებას ფეხბურთელს დავუკავშირებდი. თუმცა, არც ის მდომებია, ჩემი მეუღლე პოლიტიკოსი ყოფილიყო. სამსახურს მიღმა, სახლშიც პოლიტიკა მეტისმეტი იქნებოდა. ახლა უკვე მჯერა, რომ არსებობს ბედი. კარგი რამ ყოფილა ეს ბედი, კარგ ბიჭს შემახვედრა. ფეხბურთსა და პოლიტიკას ერთი რამ ჰქონია საერთო - ეს აზარტია. მოგებისა და წაგებისთვის ორივე მოედანზე მზად არიან და წაგების შემდეგაც, ბოლომდე იბრძვიან გამარჯვებისთვის.

 

ჩვენ ერთმანეთი გავიცანით ამ ზაფხულს, ივლისში, როცა შტაბი შეიკრიბა და უკვე აქტიურად ჩავერთე საარჩევნო კამპანიაში. ჭიათურა ჩემი მშობლების ქალაქია. შესაბამისად, იქ ბევრ ხალხს ვიცნობ, თუმცა დათოს აქამდე არ ვიცნობდი. ის გამაცნეს, როგორც ჩემი მხარდამჭერი, ჩვენი შტაბის წევრი, რომელიც სულ თან დაგვყვებოდა, ჩემს უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. აღმოჩნდა, რომ დათომ კარგად იზრუნა ყველაფერზე", - განაცხადა მიროტაძემ.

 

პოლიტიკოსის თქმით, არჩევნების ჩავლის შემდეგ, ბევრი რამ გადააფასა, მსგავს რთულ ვითარებაში კი მის გვერდით, დათო იდგა.


„დათო არა მხოლოდ ჩემი ამომრჩეველი, ჩემი აქტიური მხარდამჭერიც იყო. იმ პერიოდში ჩვენ ისეთ ბრძოლაში ვიყავით ჩართული, არავის ეცალა სიყვარულისთვის. მერე, ისე განვითარდა მოვლენები, დათომ გადაწყვეტილება სამ თვეში მიმაღებინა. სიყვარული ისე შემოგვეპარა არჩევნების ეიფორიაში, ვერცერთი ვერ მივხვდით. არჩევნების ჩავლის შემდეგ, ჩემთვის ბევრი რამ გადაფასდა - აღმოვაჩინე, რომ ბევრი ადამიანი, ვინც ახლობელი, მეგობარი და გულშემატკივარი გგონია, უცებ შეიძლება, გაქრეს. ზოგი პირიქით, ბოლომდე შენ გვერდითაა. როცა ასეთ რთულ ბრძოლაში გაიცნობ ადამიანს, რომელიც დღე და ღამე გვერდით გიდგას, ამას სხვა ფასი აქვს. ასეთი აღმოჩნდა დათო ჩემთვის - რთულმა პერიოდმა უფრო დაგვაახლოვა. ასე გამოვიდა, რომ ამ არჩევნებმა ყველაზე დიდი არჩევანი გამაკეთებინა - ყველაზე მნიშნელოვანი ადამიანი ვიპოვე", - განაცხადა ანი მიროტაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი