logo_geo
შალვა ხუციშვილი: პროტესტი მაღალი თანამდებობის პირის სახლთანაც დასაშვებია
- +

11 იანვარი. 2017. 14:16


„მოქალაქეს აქვს უფლება, გამოხატოს პროტესტი მაღალი თანამდებობის პირის სახლის სადარბაზოსთანაც, დაჯდეს იქ მდუმარედ ანდა საშიმშილოდ" - განაცხადა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა. შეუძლია თუ არა საქართველოს ყველა მოქალაქეს ნებისმიერ ადგილზე განახორციელოს ჩანაფიქრი და შეკრება ან მანიფესტაცია ჩაატაროს? საინტერესოა, კანონის ფარგლებში, პროტესტის გამოხატვის რა უფლებები გააჩნია საქართველოს მოსახლეობას.


აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება შემდეგ შენობებსა და მათი შესასვლელებიდან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე: ა) საქართველოს პროკურატურა, პოლიცია, პენიტენციური დაწესებულებები და სამართალდამცავი ორგანოები; ბ) რკინიგზის სადგურები, აეროპორტები, პორტები. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სამხედრო ნაწილებსა და ობიექტებში და მათი შესასვლელებიდან ასი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას, შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირება. 

 

მოქალაქეს აქვს უფლება, გამოხატოს პროტესტი მაღალი თანამდებობის პირის სახლის სადარბაზოსთანაც, დაჯდეს იქ მდუმარედ ანდა საშიმშილოდ, დაიკავოს ლოზუნგები, ისაუბროს მეგაფონით და ა.შ. ეს მოქმედებები უნდა შეესაბამებოდეს „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" საქართველოს კანონს", - ისაუბრა მინისტრის მოადგილემ.

 

„ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, დასჯადია", - განაცხადა ხუციშვილმა და მოქალაქეების მიერ სტიკერებისა და პლაკატების გაკვრის, ტუშით და ცარცით კედლებზე წერის შესახებ ისაუბრა.


„აღნიშნული ქმედება ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, დასჯადია.

 

დაუშვებელია, ისტორიული, არქეოლოგიური, არქიტექტურული, სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობის, ძეგლის, მემორიალის ვიზუალური მხარის დამახინჯება, დაზიანება და სხვაგვარი ხელყოფა", - აღნიშნა შალვა ხუციშვილმა. 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი