logo_geo
ჰარუკი მურაკამი: ჯონ ირვინგმა მითხრა, თუ მკითხველს ერთხელ მოეწონება შენი წიგნი, ის შემდეგს ყოველთვის დაუცდისო
- +

17 სექტემბერი. 2018. 02:38

 

ჰარუკი მურაკამიმ 1978 წელს, ბეისბოლის თამაშის ყურების დროს უცბად იგრძნო, რომ მზად იყო რომანის დასაწერად. თავის ბარში დაიწყო „ყური მიუგდე ქარის სიმღერის“ წერა, რომელიც შემდგომ ასიათასობით ტირაჟით გაიყიდა.

 

გთავაზობთ ამონარიდს მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან:

 

რეალისტური ამბები არასოდეს მომწონდა, თუმცა მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ასეთი ამბების მოყოლა შემეძლო და სწორედ ასე შეიქმნა „ნორვეგიული ტყე“. შეიძლებოდა საკულტო მწერალი გავმხდარიყავი, თუ მხოლოდ სიურრეალისტურ რომანებს დავწერდი, მაგრამ რეალისტური რომანის წერა ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო.

 

„ნორვეგიული ტყე“ ძალიან მარტივად იკითხება და ადვილი გასაგებია, ის ბევრს მოსწონს. მისი მკითხველები ჩემი სხვა ნამუშევრებითაც ინტერესდებიან.

 

იაპონელი მკითხველი ჰგავს ამერიკელ მკითხველს? მათაც მარტივი ამბები სჭირდებათ?

 

ჩემი ბოლო წიგნი „კაფკა პლაჟზე“ სამასი ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. ამ შედეგით გაოცებული ვიყავი, ეს ჩვეულებრივი რამ არ არის. წიგნის სიუჟეტი ძალიან რთულია და არ არის ადვილი მისი მიყოლა. თუმცა ჩემი პროზა მსუბუქად იკითხება, იუმორისა და დრამის სინთეზია. მათ შორის მაგიური ბალანსია დაცული. შეიძლება ესეც იყოს ჩემი წარმატების მიზეზი, მაგრამ მაინც წარმოუდგენელი ფაქტია. რომანს სამ-ოთხ წელში ერთხელ ვწერ და ხალხი ამას უცდის. ერთხელ ჯონ ირვინგმა მითხრა, თუ მკითხველს ერთხელ მოეწონება შენი წიგნი, ის შემდეგს ყოველთვის დაუცდისო.

 

გინდა, რომ შენი მკითხველები შენს წიგნებზე იყვნენ დამოკიდებულნი?

 

სწორედ ეს თქვა ჯონ ირვინგმა.

 

იცი წინასწარ, შენი რომანი როგორ დასრულდება?

 

როდესაც წერას ვიწყებ, არანაირი გეგმა არ მაქვს. არასდროს ვირჩევ, როგორ განვითარდება სიუჟეტი. წერის დროსაც შთაგონებას ვუცდი. „ნორვეგიული ტყე“ გამონაკლისია, რადგან წინასწარ მქონდა გადაწყვეტილი, რომ რეალისტური ნოველა დამეწერა.

 

 

big_banner
არქივი