logo_geo
„ჩემი შვილი ჩემი გაზრდილია“ - კახა თოლორდავას უცნაური ოჯახის ამბები
- +

18 სექტემბერი. 2018. 00:55

 

 

ცოტა ხნის წინ, თბილისში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ქორწილი, რომლის „მოქმედი პირები“ საზოგადოებისათვის მეტნაკლებად ცნობადი სახეები იყვნენ. 1 სექტემბერს პოპულარული რუსი მსახიობისა და ტელეწამყვანის, ლარისა გუზეევასა და ქართველი ტელესახის, კახა თოლორდავას, ვაჟმა, გიორგიმ, ცოლი მოიყვანა.

გიორგი თოლორდავა მოსკოვში ცხოვრობს, ცოლად რუსი გოგონა შეირთო, მაგრამ ქორწილის გადახდა წყვილმა საქართველოში ისურვა.

კახა თოლორდავა, რომელიც ძირითადად მუსიკალურ სფეროში მუშაობს და მუსიკის კრიტიკოსადაა ცნობილი, დაახლოებით ნახევარი წლის წინ სერიალ ჩემი ცოლის დაქალებშიფილოსოფოს ბაჩოს როლით გამოჩნდა. 

მას ვაკის საზოგადოება ჭკუას ეკითხება, ისიც სრული სერიოზულობით იძლევა აბსურდულ რჩევებს და შაგუსა და ჩიკას წრე მისი მითითებებით მოქმედებს.

58 წლის კახა თოლორდავას მისი თაობა კარგად იცნობს, გასული საუკუნის 80-იანების დასაწყისში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბიჭი იყო, რომლის გატაცების - მუსიკის შესახებ ყველამ იცოდა.

 

უნივერსიტეტის შემდეგ მისი საქმიანობა მრავალმხრივ არ გაგრძელდა, თანამშრომლობდა სარეკლამო სააგენტოებთან, მუშაობდა ბუნების დაცვის სფეროში, წერდა მუსიკაზე, 6 წელი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა „ უცნობი მუსიკა“ მიჰყავდა...

პარალელურად კი ზრდიდა ერთადერთ ვაჟს, რომელიც თბილისში მამას ხშირად სტუმრობდა და, როგორც კახამ გვითხრა, მთელი საქართველო ფეხით აქვს მოვლილი.

- ბატონო კახა, პირველ რიგში, გილოცავთ ვაჟის გაბედნიერებას. როგორ და რატომ გადაწყვიტეს მან და მისმა რჩეულმა ქორწილის გადახდა საქართველოში?

- უკვე 9 წელია, ჩემი ვაჟიშვილი და ამჟამად უკვე მისი ცოლი ერთად არიან. ორივე მოსკოვში ცხოვრობს და რუსეთის მოქალაქეები არიან, მაგრამ რატომღაც გადაწყვიტეს, თბილისში ჰქონოდათ ქორწილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო გრანდიოზული ქორწილი და სულ რაღაც 75 ადამიანი ესწრებოდა, საკმაოდ დიდი ხანი დაგვჭირდა მის მოსამზადებლად.


გიორგი ძირითადად აქ გაიზარდა. მას ფეხით აქვს მოვლილი მთელი საქართველო, კარგად იცნობს აქაურობას და უამრავი ახლობელიც ჰყავს, რომელმაც დიდი ზეგავლენა მოახდინეს მის ჩამოყალიბებაზე. ამიტომაც ბუნებრივად მოხდა, რომ თბილისში მოუნდა ქორწილის გადახდა.

-
თქვენი წვლილი როგორია შვილის გაზრდა-აღზრდაში?


- შეიძლება ითქვას, რომ შვილი ჩემი გაზრდილია. არავითარ შემთხვევაში არ ვაკნინებ დედის როლს. სკოლაში აქ არ სწავლობდა, მაგრამ მთელ ზაფხულს და ყველა არდადეგებს აქ ატარებდა. ორივემ ერთნაირად მივიღეთ მის აღზრდაში მონაწილეობა და არ ვარ ცუდი მამა. პატარ-პატარა შეცდომებს ალბათ ყველა ვუშვებთ, მაგრამ შვილის მიმართ ჩემს მიერ დაშვებულ დიდ შეცდომას მე ნამდვილად ვერ ვხედავ. 

- მოდი, გაიხსენე ის წლები, როცა გიორგის დედა, მსახიობი ლარისა გუზეევა გაიცანით და იქორწინეთ?


- საქართველოში ფილმის გადაღებაზე გავიცანით ერთმანეთი. მიხეილ კალატოზიშვილი იღებდა ფილმს „რჩეული“ და მეც ამ ფილმის ნაწილი ვიყავი, როგორც მსახიობი. დავახლოვდით, შეგვიყვარდა ერთმანეთი.

- რუს გოგონაზე დაქორწინდით მაშინ, როცა თბილისში ძალიან პოპულარული იყავით და თურმე თქვენზე უამრავი ქართველი გოგონა იყო შეყვარებული...

- ეს იყო ქიმია. ეს არის ერთი ნახვით შეყვარება. ეს არ ყოფილა ისე, რომ თითქოს დავჯექი, ავწონ-დავწონე, იქით ქართველი ქალები და აქეთ რუსი-მეთქი...

 

- მერე კი რუსეთში ცხოვრობდით.


- დიახ, რუსეთში წავედით. ლენინგრადში ვცხოვრობდით, რომელიც მერე სანკტ-პეტერბურგად გადაიქცა. მაშინ საკმაოდ რთული დრო იყო. მას კი სპეციფიკური პროფესია ჰქონდა, ამიტომაც რუსეთში გადავედი და გიორგიც იქ დაიბადა. 8 წელი ვიცხოვრეთ ერთად, რაც ცოტა დრო არ არის.

- 8 წელი რას საქმიანობდით რუსეთში?


- ძირითადად შვილის გაზრდით ვიყავი დაკავებული და ბევრ სხვა რამესაც ვაკეთებდი. შეკვეთებსაც ვიღებდი ჟურნალისტიკის კუთხით, ძირითადად თარგმანებს ვაკეთებდით. ეს იყო ძალიან რთული პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ უფრო რთული რუსეთისთვის. მახსოვს, იქ 7 თვით, როგორ გაქრა დახლებიდან ყველაფერი, სანამ ამერიკამ არ მისცა სესხი, რამაც ცოტა წამოაყენა ფეხზე რუსეთი.

 

- როგორი ურთიერთობა გაქვთ ახლა ლარისა გუზეევასთან?


- დიდებული. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. ჩვენ კარგ მეგობრებად დავრჩით. მასაც უყვარს საქართველოში სტუმრობა ისე, როგორც ჩემს შვილს.

- საკმაოდ თბილი წერილები აქვს დაწერილი საქართველოზე...
- დიახ, რადგან ამ ქვეყნიდან კარგის გარდა არაფერი მიუღია. ჩვენ ცოტა უცნაური ოჯახი ვართ. მისი ქალიშვილიც გვსტუმრობს, მისი მეუღლე ჩემი მეგობარია...

- და ბოლოს, სერიალჩემი ცოლის დაქალებისმიხედვით, თქვენს ფილოსოფოს გმირს ჭკუას ეკითხებიან. როგორ ფიქრობთ, მასთან რაიმე მსგავსება გაქვთ?

- არა. ეს როლია, რომელსაც დავთანხმდი იმიტომ, რომ იმ მომენტში მქონდა პაუზა და ამის გაკეთება შემეძლო. თან მაინტერესებდა, თორემ ამ პერსონაჟს არანაირი კავშირი არ აქვს ჩემთან. სრულიად განსხვავებული ვარ. თურმე ნახევარი საქართველო უყურებს ამ სერიალს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი