logo_geo
„...აპირებენ, ამ სიბერეში გამოფენით გამახარონ“ - გაიცანით 95 წლის რაჭველი ქალბატონი, რომელიც ულამაზეს ნამუშევრებს ქმნის
- +

18 სექტემბერი. 2018. 23:25

 

 

რაჭველი ქალბატონი, ვისზეც დღეს უნდა გიამბოთ, 95 წლის გახლავთ და დღესაც 8-9 საათს შრომაში ატარებს. მისი ნამუშევრები გულგრილს არავის ტოვებს. ულამაზესი მოქარგული ტილოები, ვაზები, სამოსი, ჩარჩოები და ა.შ. თამამად შეიძლება ითქვას, მნახველის აღტაცებას იწვევს და კიდევ უფრო გაოცდებით, როცა მუშაობის პროცესს იხილავთ: ასეთ დროს ბამბის ქულასავით თეთრთმიან მოხუცს თვალები უციმციმებს, ყოველი ახალი საქმის დაწყებას დიდი სიყვარულით, მონდომებით უდგება და იმისათვის, რომ უწვრილესი მძივები აკინძოს, სათვალეც კი არ სჭირდება. ამბობს, - როცა ვმუშაობ, არაფერი მტკივაო...

 

წლების წინ ამბროლაურის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ამ სათნო ქალბატონზე ადგილობრივ გაზეთში ასეთი სიტყვები დაწერეს (სტილი დაცულია): "ქალების ტრადიციული სამოსი გამოირჩევა ფერთა უზადო შეხამებით. განსაკუთრებით თავსაბურავები იქარგებოდა ათასნაირი ორნამენტით. დღეს რაჭაში მქარგავები თითო-ოროლა თუღაა შემორჩენილი. ერთ-ერთთან მეგზურობა გაგვიწია რაჭველების საყვარელმა პოეტმა, ქალბატონმა ანა ერისთავმა.

 

თურმე ონში ცხოვრობს უმშვენიერესი ქალბატონი მერი (დოდო) ჯაფარიძე. ის 82 წლისაა, მაგრამ წლების მატებას ვერაფერი დაუკლია მისი გარეგნობისთვის. ქალბატონ დოდოს მეტყველ და სიყვარულით აღსავსე თვალებს ჯერ დაღლა არ ეტყობა. არადა, რამდენი უძილო ღამე გაუთევია ალბათ, ძაფებითა და მძივებით მშვენიერებათა იმ სამყაროს შესაქმნელად, რომელიც მისი სახლის ყველა კუთხე-კუნჭულიდან იმზირება. პაწაწკინტელა ქოშები თუ ხელჩანთები, სკივრები, საყვავილეები, სურათის ჩარჩოები, უზადოდ მოქარგული ხალათები თუ ბალიშის პირები და უამრავი სხვა რამ. ხელოვნების ამ უზადო ნიმუშებში ისეა ჩართული დახვეწილი გემოვნებით შემოსილი თოჯინები, რომ გაგაოცებთ: მორცხვად თავდახრილი "საპატარძლო", ამაყი პრინცესა, ზოგიც ყვავილების საკრეფად გეპატიჟებათ, თითოეული მათგანი განუმეორებელია და ერთად კი ზღაპრული სამყარო.

 

როგორ არ უნდა იცნობდეს ფართო საზოგადოება მისი ხელით-ხელ საგოგმანებელ ნამუშევრებს?..."

 

ბავშვები რომ ყველაზე გულწრფელები არიან, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როცა ეს სტატია წავიკითხე და მერე ხელოვანს შინ ვეწვიე: ქალბატონი დოდოს სახლი ჯადოსნურ, მიმზიდველ სამყაროდ უქცევია მის ნაქარგებს. მასპინძელი არა მარტო თვალებიდან აფრქვევს სიყვარულს, არამედ სიტყვებიც ისეთი თბილი აქვს, ყინულს რომ გაადნობს და კიდევ არაერთხელ გაგიჩნდება მასთან სტუმრობის სურვილი. რა ვქნა, ძალიან მიყვარს ასეთი ოქროსგულიანი მოხუცები, რომლის მსგავსებიც ყველასთვის საკუთარ ტკბილ ბებიასთან ასოცირდებიან...

 

დოდო (მერი) ჯაფარიძე: 5 წლის ვიყავი, როცა დედამ პატარა სკამზე დამსვა, პატარა მაგიდა დამიდგა წინ, მომცა ნემსი, მახათი, ძაფი და ტილო, რომელზეც პატარა კურდღელი იყო დახატული. მითხრა: შვილო, დღეს აი, ამას მოგაქარგვინებო. პირველ რიგში, მასწავლა ნემსის ხელში დაკავება. იმ დღის შემდეგ, ქარგვა შემიყვარდა და სულ საქარგავი მეჭირა ხელში. მე და ჩემი და ორივე კარგად ვქარგავდით, მაგრამ დედას საუკეთესო ნამუშევრები ჰქონდა. სამწუხაროდ, ბოლშევიკებმა ჩვენი სახლი დაარბიეს და ყველაფერი დაიკარგა...

 

როცა გავთხოვდი და შვილები შემეძინა, ხელსაქმე დროებით გვერდზე გადავდე... 26 წლის ვიყავი, მეუღლე რომ გარდამეცვალა და 2 პატარა ბავშვი დამრჩა. გაჭირვებამ ხელსაქმე გამახსენა და ქარგვა დავიწყე, რომ ცოტაოდენი ფული გამომემუშავებინა.

 

- გასაყიდად ძირითადად, რისი მოქარგვა გიწევდათ?

 

- ცხვირსახოცების, საყელოების, ბლუზების და ა.შ. თითქმის ყველაფერს ვქარგავდი, რასაც მთხოვდნენ. მერე ცხოვრებამ ისე მოიტანა, რომ ამ საქმეს თავი დავანებე. მხოლოდ რამდენიმე წლის წინ, დარდის გასაქარვებლად მივუბრუნდი ხელსაქმეს. ეს მამშვიდებს.

 

- დიდი დრო გჭირდებათ ერთი სურათის მოსაქარგად?

 

- ნამუშევარს გააჩნია, შვილო. ისე კი, ძალიან რთული საქმეა. მხოლოდ ძაფით როცა ვმუშაობ, გაცილებით იოლია, ბისერებით კი ძნელია, დიდი შრომა სჭირდება. თითო ყვავილზე 100-ზე მეტი მძივია აცმული...

 

- შვილიშვილებს არ ასწავლეთ ხელობა?

 

- ერთადერთი შვილიშვილი მყავს, ისიც ვაჟი. მის ცოლს, ნინოს კი ვასწავლე და მალევე აითვისა. ისე, როცა რაჭაში ვცხოვრობდით, სოფელში ბავშვებს მოვისვამდი და ქარგვას ვასწავლიდი. სხვათა შორის, ბევრი ჩემი ნამუშევარი რაჭაში მაქვს დატოვებული.

 

- ალბათ, ხატვაც გეხერხებათ...

 

- ძირითადად, ყვავილებს ვხატავ. პატარა რომ ვიყავი, დედა მიხატავდა, მერე მე თვითონ ვცდილობდი ამას, მაგრამ გამოგიტყდებით და, ყვავილების გარდა ვერაფერს ვხატავ.

 

- ახლა რომ გთხოვონ, შეკვეთას მიიღებთ?

 

- 95 წლის ვხდები შვილო და როგორ ვიმუშაო შეკვეთებზე? რაღა დროს ჩემი ეგეთებია.

 

- შეგიძლიათ, ბავშვობა და ის პერიოდი გაიხსენოთ, როცა დედასთან ერთად ქარგავდით?

 

- ბავშვობაში ბევრი სიხარული და ბევრი ტკივილი მაქვს გადატანილი... მეშვიდე კლასში გახლდით, მამა რომ დაიჭირეს და გადაასახლეს, 10 წელი იხდიდა სასჯელს ტყუილად, მართლა უდანაშაულოდ. 10 წლის მერე გაათავისუფლეს და თან, საბუთი მისცეს, რომ არავითარი დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ ეს საბუთი იმ ტკივილს ვერ გააყუჩებდა, რაც მისმა ოჯახმა გადაიტანა.

 

ყველაფერი თვალნათლივ მახსოვს. ძალიან კარგად ვსწავლობდი სკოლაში, ხუთოსანი ვიყავი. ვიდრე დააკავებდნენ, მამამ მკითხა, რა გიყიდო საჩუქარი იმისთვის, რომ ასე მახარებო? თოჯინები მიყვარდა ყველაზე მეტად, ეს იცოდა და მე რომ არაფერი ვუთხარი, ღიმილით მითხრა, - ჩვენთან ძალიან ლამაზი თოჯინები მოიტანეს და იმას გიყიდიო. მაშინ კარგ ადგილას მუშაობდა: წარმოების უფროსი იყო, მაღაროებიდან მადანი ამოჰქონდათ. წავედით, გამყიდველს მაღაზია გავაღებინეთ და წამოვიყვანე ჩემი არაჩვეულებრივად ლამაზი თოჯინა, რომელიც მერე ბიძაშვილმა გამიტეხა და ამის გამო იმდენი ვიტირე, ლამის გავსკდი...

 

- მამა სახლიდან წაიყვანეს?

 

- კი, სახლიდან, ღამით, როგორც იცოდნენ ხოლმე. მამამ დაგვამშვიდა, ნუ გეშინიათ, არ ინერვიულოთ, არაფერში დამნაშავე არ ვარო. ვინც უჩივლა, ისიც ვიცოდით, მაგრამ რას ვიზამდით? მერე იმას დაუპირისპირეს, ვინც უჩივლა. ის კაცი ამბობდა, 24 წელში მონაწილეობდა გამოსვლებშიო. მამას უთქვამს, - არ გრცხვენიაო, 24 წელში აქ არ ვყოფილვარ, ხომ იცი, რომ ჭიათურაში ვცხოვრობდითო. იმ კაცმა თავი იმართლა, - რა ვიცი, მე ასე მეგონაო. - რას ჰქვია, გეგონა? - უყვირია მილიციის უფროსს, - მეგონაზე დამაჭერინე კაციო? თურმე, გამოშვებას უპირებდნენ მაშინვე, მაგრამ მერე მილიციის უფროსი შეიცვალა და რატომღაც, მამა აღარ გამოუშვეს, გადაასახლეს.

 

ამ ამბის გამო მე ორმაგად დავიჩაგრე: კომკავშირში რომ იღებდნენ ბავშვებს, ერთი კომკავშირის მდივანმა შავიშვილმა ჩემზე თქვა, - ეს არ მივიღოთ, მავნებლის შვილიაო. გული შემიწუხდა. ამ დროს სკოლის დირექტორი შემოსულა ოთახში და უკითხავს, - რა დაემართა ჯაფარიძესო? - კომკავშირში არ ვიღებთ, რადგან მავნებლის შვილიაო. გადარეულა კაცი, - რას ამბობთ? ბავშვი თითით საჩვენებელია სკოლაში და არ გრცხვენიათ, იმ მდგომარეობაში როგორ ჩააყენეთ, გული რომ შეუწუხდაო?.. მიკვირს, მაშინ ის სკოლის დირექტორიც რომ არ დაიჭირეს ჩემი დაცვის გამო...

 

- მამა გადასახლებიდან რომ დაბრუნდა, რამდენი წლის იყავით?

 

- უკვე გათხოვილი გახლდით, შვილიც მყავდა (19 წლისა გავთხოვდი). მამა რომ დავინახე, სიხარულისგან ლამის გადავირიე. ის ემოციები დაუვიწყარია...

 

- სიყვარულით გათხოვდით?

 

- გათხოვების ამბავიც უნდა დაწეროთ? არა შვილო, არ ვიყავი მასზე შეყვარებული... სამსახურში ვიყავი და მამიდაშვილმა მომაკითხა, მთხოვა, ჩემთან ისადილეო. თურმე, ჩემი მომავალი ქმარი მოუპატიჟებია. ჩემს საქმეში ყველა იყო ჩარეული, რაიკომის მდივნის ჩათვლით. ძალიან უყვარდათ ეს კაცი რაიონში და ყველა ხელს უწყობდა, მილიციის უფროსიც კი რომ დავინახე შეკრებილებს შორის, მამიდაშვილს ვკითხე, - რა ამბავია ქეთო-მეთქი? - დაჯექიო. დავინახე, შემოვიდა ეს კაცი და შემოიყვანა მმაჩის ბიუროს თანამშრომელი. - რა ხდება-მეთქი, - უკვე ხმამაღლა ვიკითხე. უნდა დაქორწინდეთო. გავგიჟდი, არავითარ შემთხვევაში, სანამ დედაჩემი არ მოვა, ხმასაც არ ამოვიღებ-მეთქი... მერე ყველა ერთად შემომიჩნდა და ხელი მომაწერინეს მოწმობაზე, რომელსაც დღემდე ემჩნევა ჩემი ცრემლის კვალი. არ მინდოდა გათხოვება, შვილო...

 

- სხვა გიყვარდათ?

- არა, მაგრამ დედის უკითხავად გათხოვება არ მინდოდა... მოკლედ, იმ დღე მომაწერინეს ხელი თანხმობაზე და მერე ამ ფურცლის დახევას ვაპირებდი, მაგრამ ვინღა დამანებებდა? ჩამოვიდა მერე დედაჩემიც და ჩემი ამხანაგის ქმარს სილა სტკიცა, - შენ მიქენი ეგ საქმეო.

 

- სიძემ შეძლო მისთვის თავი მოეწონებინა?

 

- კი, მერე ძალიან შეუყვარდა... ჩემი ქმარი ვეტექიმი გახლდათ. იმისთანა კაცი იყო, მთელ რაიონში ნებისმიერ ადამიანს თვალში რომ ჩავარდნოდა, ხელს არ ამოისვამდნენ. 10 წელი ვიცხოვრეთ ერთად და მისგან ცუდი 10 სიტყვა არ მახსოვს. ქმრის სიკვდილის შემდეგ ჩემს გულს არ გაუხარია (ცრემლებს ვერ ფარავს, თვალებს მორცხვად იწმენდს. - ავტ.). აღარაფერი მახარებს და რა ვქნა? ახლა კიდევ შვილიც გარდამეცვალა, რამ უნდა გამახაროს, შვილო?..

 

- პროფესიით ვინ ხართ?

 

- საშუალო რომ დავამთავრე, ძალიან მინდოდა სწავლის გაგრძელება. საბუთები ჩავაბარე, გამოცდებიც გავიარე და შედეგების გაგების მოლოდინში ვიყავი... თბილისში წამოსვლას რომ ვაპირებდი, სწორედ იმ დღეს გამოცხადდა ომი და დედამ აღარ გამომიშვა. თუ ჭკუიდან არ შევიშლებოდი, არ მეგონა. თურმე, დეპეშა მომივიდა უნივერსიტეტიდან, რომ ჩავირიცხე, მაგრამ დამიმალეს. აღარც ვჭამდი იმ დღეებში, აღარც ვსვამდი. ვნერვიულობდი, რადგან არ ვიცოდი, ჩავირიცხე თუ არა, არავინ არაფერს მატყობინებდა და მეც არ მიშვებდნენ თბილისში. იმ დროს და ჩემს განცდებს რომ ვიხსენებ, დღემდე გული მტკივა. მერე მუშაობა დავიწყე და იქ მომთხოვეს, რომ რაიმე პროფესია უნდა მქონოდა, ამიტომ ტექნიკუმში მოწყობა მოვინდომე. ჩემს საბუთებს რომ ეძებდნენ, ატესტატი ვერ ნახეს. მერე თქვეს, - მოიცა, იქნება "მოწყობილების" სიაში ხარ და ამიტომ ვერ ვნახულობთ ატესტატსო. გადაშალეს სია და არ წერია "ჯაფარიძე მერიკო"?! გული შემიწუხდა, ძალიან ვიდარდე, რომ უკვე მოწყობილმა უნივერსიტეტში სწავლის შანსი გავუშვი ხელიდან... ფილოლოგიურის დამთავრებაზე ვოცნებობდი და ფინანსებზე ვისწავლე. მერე ვმუშაობდი შემნახველ სალაროში, მთავარ ბუღალტრად, მოგვიანებით კი მათემატიკის ინსტიტუტშიც, ბუღალტერიაში.

- რაჭიდან რატომ წამოხვედით?

 

- მას მერე, რაც ქმარი და მერე შვილი, რძალიც მომიკვდა, მეორე ვაჟმა და შვილიშვილმა იქ აღარ გამაჩერეს, თბილისში ჩამომიყვანეს...

 

- ნამუშევრების გამოფენა არასდროს გქონიათ?

 

- ჯერ არ მიფიქრია გამოფენაზე, მაგრამ შვილიშვილის ცოლი აქტიურობს. აპირებენ, ამ სიბერეში გამოფენით გამახარონ. შვილი, შვილიშვილი პატივს მცემენ, რძალიც არაჩვეულებრივი გოგო გამომადგა, ყველას ვუსურვებ, მისნაირი კარგი რძალი ჰყოლოდეს.

 

- კერვაც გეხერხებათ? კედელზე ულამაზესი ხალათები კიდია, რომელიც თქვენი მოქარგულია...

 

- მე არა, მაგრამ დედა კერავდა არაჩვეულებრივად. რაც უნდა პატარა ქსოვილი ყოფილიყო, არ გადააგდებდა, აუცილებლად რაღაცაში გამოიყენებდა. მახსოვს, ქალი მოვიდა, ქსოვილი აჩვენა და უთხრა, - სადაც მივიტანე, ყველამ უარი მითხრა შეკერვაზე, თქვენ რამეს მოუხერხებთო? დაჯდა დედა და ძვირფასი კაბა შეუკერა. გაგიჟდა ის გოგო სიხარულით. დედის სულს ვფიცავ, რომ მეთხოვა კლიენტის ქსოვილს სულ ცოტა მოაჭერი და მომეცი-მეთქი, არ მომცემდა, მომეჭრება თავიო. ძალიან პატიოსანი ქალი იყო და ჩვენც გვმოძღვრავდა, რომ პატიოსნებას არაფერი სჯობს...

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი