logo_geo
„გავიხედე – გამცილებელს რაღაცას ევედრება ზურგჩანთიანი ქერა ტურისტი, ორმეტრიანი ბიჭი“
- +

19 სექტემბერი. 2018. 21:57

 

 

დღეს გავაცილეთ ბაქოელი ახლობლები სადგურში, ჰოდა სანამ ქალები ერთმანეთს ვემშვიდობებით ბაქანზე და ვჟიჟინებთ, ეს შალვა დადის მოკლე ბოლთებით და რაღაც გვერდულად იყურება, ანათებს თვალებს.

 

გავიხედე – გამცილებელს რაღაცას ევედრება ზურგჩანთიანი ქერა ტურისტი, ორმეტრიანი ბიჭი და შალვას იმათკენ აქვს ყურადღება.

 

მივუგდე ყური – ტიპი ეხვეწება, ვიზა გაუკეთებია, კისრისტეხით გამოქცეულა სალაროსკენ, სალაროში კი ბილეთს არ აძლევენ, მატარებლის გასვლამდე 10 წუთით ადრე აღარ ვყიდითო.

 

ტიპს ფულიც აქვს, დოკუმენტებიც – წესრიგში, მატარებელში ადგილები არის და არ უშვებენ. ჩვენთან მატარებელშიც იყიდება ბილეთებიო, ლამის ატირდეს ტიპი, გაწითლებულია, ას ევროს იხდის, ოღონდ შეუშვან.

 

არაო, პრავადნიცამ, არ შემიძლიაო.

 

დაიძრა მატარებელი, ეს ტიპი მიჰყვება და ისევ ეხვეწება, შალვაც მიაცილებს, აკვესებს თვალებს, გიჟები არიანო, კაცს ფული აქვს, საბუთები აქვს და არ მიყავთო.

 

წავიდა მატარებელი. ტიპი დადგა, კანკალებს ნერვიულობისგან. მიადგა შალვა, წამოდი სალაროშიო, წაიყვანა სირბილით, აცვივდნენ კიბეზე, ორ-სამ საფეხურს ერთად ახტებიან. მეც გავეკიდე აღშფოთებული და საფეხურებზე თანდათან ვღშფოთდები... ბილეთი მოეცით ამას ბაქოს მატარებელზეო, შალვამ. მოლარემ უპასუხა, ბაქოს მატარებელი უკვე გავიდაო. გარდაბანში ხო დგას ერთი საათიო, ჰოდა გარდაბნიდან მომეცით ბილეთიო. ეეეე, მოვტვინე, რაც მოიფიქრა, შევუტიეთ ამ მოლარეს, შენ რა გინდაო, შალვა ჩააჟინდა, მოასწრებს, თუ ვერ მოასწრებს, ეს ამის პრობლემააო, ბილეთი მოგვეცი, იქაც 10 წუთი ხომ არაა დარჩენილიო. გარდაბნიდან მატარებლის გასვლამდე 2 სთ. იყო დარჩენილი და უფლება არ ჰქონდა, არ გაეყიდა.

გაგვიფორმა ბილეთი გაშტერებულმა მოლარემ, თან ბუზღუნებდა, ეგ გერმანელები ისეთი ცივები არიან, გარმანიაში ჩვენ რო ჩავდივართ ცივად გვექცევიანო. მოკლედ ავიღეთ ბილეთი.

 

ამ ტიპს ისე უნდოდა წასვლა, აი შონ პენი რომ მოხვდება სადღაც ჩიხ ქალაქში და ვეღარ გააღწევს, ისე იყო დაზაფრული. დაგვყვებოდა ხბოსავით, არც უკითხავს, ვინა ხართო, ოდნავ არ დაეჭვებულა და არ დაუხევია, ეგრევე გვენდო.

 

მოკლედ ცოტა რუსული იმას ესმოდა, ცოტ–ცოტა გერმანულ–ინგლისურ–პოლონური ჩვენ, შეანახვინა ის თავისი 100 ევრო შალვამ, ბენზინი ჩამისხი და წავედით გარდაბანშიო. ჩვენი სამყოფი ბენზინიც ძლივს გვქონდა, ბოდიში უხადა, არ ჩაგასხმევინებდიო. ასე ამოვყავი თავი დღეს გარდაბანში.

 

პოლონური წარმოშობის ფრანკფურტელი აღმოჩნდა, მაგის მშობლიური ქალაქის (რაღაც პოლონური ქალაქი დაგვისახელა, კრაკოვთან ახლოს) ფეხბურთის გუნდი თავის ისტორიაში პირველად გავიდა რაღაც ლიგაში თურმე, ბიჭებს გეცოდინებათ, რა ლიგაში, გუშინ აქ ითამაშა და ხვალ ბაქოში თამაშობსო, გუნდს დავყვები და ვგულშემატკივრობო. ცუდად თამაშობს, მაგრამ მე მაინც ვგულშემატკივრობო. აი, გულშემატკივარიო, შალვამ. კაი კაცი ხარ შენო! გამონახეს გზაში საერთო ენა – კობიაშვილიც იცოდა, იაშვილიც... რუსთავის ციხეს რომ ჩავუარეთ, მთლად გაიბადრა, კოშკურაზე მიგვითითა, მაგ პონტში ვმუშაობ გერმანიაშიო, მაგრამ გერმანიის ციხე კლასიაო, გინდა ინსტიტუტს დაამთავრებ იქ, გინდა სპორტს მისდევ, გინდა შენი რელიგიის მიხედვით სერვისს მოითხოვო, თუ მუსულმანი ან ებრაელი ხარ, მენიუში ღორის ხორცს შეგიცვლიან ძროხის ხორცითო…

 

მოკლედ, დავეწიეთ გარდაბანში მატარებელს, სიხარულით ფეხზე ძლივს იდგა. მე ვუთხარი შალვას, პრინციპში წითელ ხიდამდეც რო წასულიყო ტაქსით, შეიძლებოდა–მეთქი. რა ტაქსით, ნინოო, ნახე, რა დებილივით ეჭირა ფულიო? აქეთ ეს ტაქსისტები გაწეწავდნენ, იქით აზერბაიჯანელები, თან მატარებელში გამოიძინებსო.

 

ეს ჩვენი თბილისში ხელდაქნეული, გადაკოცნილი და ყველა წესის დაცვით გაცილებული სტუმარი ფანჯრის მინაში კინაღამ გამოდნა გაოცებისგან, გარდაბანში რომ ისევ დავადექით და მივუკაკუნეთ.

 

ბაქომდე ასე უნდა გდიოთ და ხელი გიქნიოთო, შალვამ უთხრა.

 

მოკლედ, ჩავაბარეთ იქ ხალხს ტურისტი და წამოვედით. მაგარი კმაყოფილი დარჩა, ვერ აგიწერთ – როგორი. ფრენით გაჰყვა მებაჟეებს...

გზაში შალვას ვუთხარი, სახელი მაინც გვეკითხა–მეთქი.

 

რა ფეხებად მინდა მაგის სახელი, კლოსი ერქმეოდაო.

 

კი გავდა კლოსს.

 

ნინო გუგეშაშვილი

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი