logo_geo
რა განძი გადამალეს ქართველმა ხელმწიფეებმა არაბთა შიშით...
- +

19 სექტემბერი. 2018. 23:33

 

 

სტეფანოზ ერისმთავარს ორი ვაჟი ჰყავდა – მირი (მიჰრ) და არჩილი. სტეფანოზმა გაყო სამეფოს განძი, საგანძური ოქროსი და ვერცხლისა და პატიოსანი თვლებისა. ნახევარი წაიღო ეგრისში და თან წაიყვანა თავისი პირმშო – მირი. ნახევარი კი მისცა არჩილს, უმცროს ძეს.

 

არჩილმა დაფლა საგანძურის დიდი ნაწილი კახეთის ხევში. ხოლო ოქროსა და ვერცხლის სამსახურებელი ნივთები კი – უჯარმის ხევში. ქართლისა და ჯავახეთის საგანძურნი დაფლა მთაზე, სადაც ჰერაკლე კეისარს ჰქონდა თავისი საგანძური გადამალული, რომლის წაღებაც ვერ მოახერხა ჩვენს ქვეყანაში დაფლა. ამ მთას ჰქვია ტონთიო, რაც ბერძნულად, თურმე, ნიშნავს „ოქროს მთას“. ეს მთა მდებარეობს ჯავახეთში, სოფელ ტონთიოსთან. საგანძურის დასაცავად მთაზე თილისმა დადო, რომ საგანძურის გამოღება ვერავის შეძლებოდა. ქართლის საეკლესიო საგანძური დაფლა მცხეთის სიონის საფარველში და რამდენიმე ხანში არჩილიც ეგრისში გადავიდა.

 

დიდი შიშიანობა იყო რეგიონში, ყველა სახელმწიფოში. ძლიერდებოდა მაჰმადიანთა სახალიფო და სულ უფრო და უფრო დიდ ტერიტორიებს იპყრობდა.

 

საქართველოში არაბები პირველად 642–643 წლებში შემოიჭრნენ, თუმცა, ფაქტობრივად, უშედეგოდ.

 

651-652 წლებში მათ დაიპყრეს ირანი, სომხეთი და 654 წელს ისევ შემოუტიეს ჩვენს ქვეყანას. სტეფანოზ მეორემ მათთან შებრძოლება უაზროდ ჩათვალა და საჩუქრები გაუგზავნა მტერს.

 

არაბთა სახალიფოს სახელით ჩვენს ქვეყანას ებოძა „დაცვის სიგელი“, რომლის მიხედვითაც ქართლის მცხოვრებლებს უნდა გადაეხადათ ხარკი არაბთა სახალიფოსთვის.

 

 ამის მერე, ქართველები გააფთრებით იბრძოდნენ თავისუფლებისა და ქრისტიანობისთვის და არაერთი მარცხიც აწვნიეს დამპყრობლებს.

 

ეგრისში ყოფნისას გარდაიცვალა სტეფანოზი, ქართლის მთავარი და მის მაგიერ გამეფდა მისი უფროსი ძე, მირი.

 

კავკასიის მმართველად ახლად დანიშნული მურვან ყრუ, როგორც მას არაბები ეძახდნენ „მარვან ჯორი“ ცდილობდა, დაემორჩილებინა ქართველები და დიდი ხარკი დაედო მოსახლეობისთვის. ამ მიზნით, 735–737 წლებში ილაშქრა საქართველოში.

 

 როგორც გვიამბობს „ქართლის ცხოვრება“, ამ დროს მირი და არჩილი გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდნენ არაბებს.

 მაგრამ დამარცხდნენ ჩვენი წინაპრები ურიცხვ მტერთან ბრძოლაში. ამიტომ საქართველოს დიდებულები მთებში იხიზნებოდნენ. აღმოსავლეთ საქართველოდან უამრავი ადამიანი გადაიხვეწა აფხაზეთში.

 

შემუსრა ქალაქი ცხუმი მურვან ჯორმა და ანაკოფიის ციხეს მიადგა. იქ იყო დაბრძანებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, ხელთუქმნელი, სასწაულებრივად შექმნილი, რომლის შესახებაც არავინ იცოდა, საიდან მობრძანდა. არავინ იცოდა ვინ იპოვა მთაზე, რომელსაც სამხრეთიდან ზღვა აკრავს, ხოლო ჩრდილოეთიდან – წყლიანი ჭალა.

 

ანაკოფიის ციხეში გამაგრებული იყვნენ მეფეები, მირი და არჩილი. ბიზანტიელთა მოხელე ერისთავი შესული იყო სობღის ციხეში, ოსეთში გადასასვლელ გზაზე. ვერავინ ახერხებდა წინ აღდგომოდა მურვან ყრუს არმიას, რადგან მრავალრიცხოვანნი იყვნენ არაბები.

 

მურვან ყრუმ შეუტია ანაკოფიის ციხეს.

 

მაშინ არჩილმა უთხრა თავის უფროს ძმას, მირს.

 

„ეს ციხე-ქალაქი მიმწყვდეულია და ასაოხრებლად არის განწირული. თუ ჩვენ შეგვიპყრობენ, გამოგვკითხავენ ყველა დამალული საგანძურის შესახებ. რომელიც დავმალეთ და რომელიც არის ნაშოვნი მირიან და ვახტანგ ღმრთივგანბრძნობილი მეფეებისა და მათი შთამომავლების მიერ, რომლებმაც ჩვენ დაგვბადეს. გამოგვკითხავენ კეისარ ჰერაკლეს მიერ დამალული განძის სამყოფელსაც, რომლის აღწერაც დავდეთ ზურმუხტისა და ძოწეულის იაგუნდის გვირგვინებთან ერთად, რომლებიც ჩვენმა დიდმა წინაპარმა, ვახტანგ გორგასალმა გამოიტანა ინდოეთიდან და სინდეთიდან. ისინი ხომ უჯარმაში დავმალეთ, ორ დაუცველ კოშკს შორის, შუა ადგილის მახლობლად. ყველაფერი ეს ჩემს გონებაში მაქვს დამარხული. შენ წაიღე ის ორი გვირგვინი, ოქროსი და ანთრაკისა (ძვირფასი ქვააა), ერთი მირიან მეფისა და ერთი ვახტანგისი, რომელიც სპარსთა მეფემ ვახტანგს აჩუქა ოქროსა და ვერცხლთან ერთად. რომელიც ხუთას სატვირთავ და ორი ათას მკვირცხლ ცხენს აჰკიდეს.

 

შენ და მამაჩვენმა ეს განძი ქუთაისში და ციხე-გოჯში დადეთ. ხოლო მე ჩემი გვირგვინები და ტყვიის გუჯრები სხვაგან შევინახე.

 

ჩვენ თუ აქ დავიხოცებით, ის საგანძური დაიკარგება. ბერძენთა დაბრუნებისას კეისარი მოიკითხავს ჩვენს შთამომავლებს და მისცემს მეფობასაც და განძსაც.

 

ჩვენ არ გავხდეთ ქართლისა და საბერძნეთის მოოხრების მიზეზი, გავიდეთ და ზღვის მხრიდან ვიბრძოლოთ. თუ ღმერთი ინებებს, ერთით ათასს გავაქცევთ და ორით კი – მრავალს“.

 

მივიდნენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელ ხატთან, თაყვანი სცეს და შეჰღაღადეს: „გავალთ საომრად შენი ძისა და ჩვენი ღმერთის, შენგან შობილის, იმედით. ევედრე მას ჩვენთვის, რათა მოგვცეს მან წყალობა!“

 

ხელმწიფეებთან ერთად, მცირე რაოდენობით იყვნენ ტაძრეულის, ერისთავებისა და დიდებულების ნათესავები, დაახლოებით ათასი ადამიანი. ხოლო აფხაზთა ლაშქრიდან – ორი ათასი მებრძოლი.

 

მეორე დილას სასწაული მოუვლინა ღმერთმა ქართველებს, დიდი წვიმა მოვიდა, ადიდდა მდინარე და არაბთა ჯარის ნაწილი დაახრჩო. სხვები კი მირმა და არჩილმა დაამარცხეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი