logo_geo
მანანა კობახიძე პოლიტიკიდან მიდის?
- +

11 იანვარი. 2017. 18:05


 



საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მანანა კობახიძე შესაძლოა პოლიტიკიდან წავიდეს. საკითხთან დაკავშირებით კობახიძემ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მისი კანდიდატურის დასახელება ჯერ გადაწყვეტილი არ  არის, თუმცა მისთვის ამაზე საპატიო და საპასუხისმგებლო პოზიცია არ არსებობს.


 „მოსამართლის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჯერ ნამდვილად არაფერი არ არის გადაწყვეტილი, ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოში რა ვაკანსიაც არის, ეს კვოტა უნდა შეავსოს პარლამენტმა. ამიტომ უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკანონმდებლო ორგანო. უხერხულიცაა საკუთარ თავზე საუბარი.

 

მე, როგორც იურისტი, მთელი აპოლიტიკური საქმიანობის განმავლობაში აქტიურად ვიყავი ჩართული ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ახლო შეხება მქონდა კონსტიტუციურ სამართალთან, გახლდით არაერთი კონსტიტუციური სარჩელის ავტორი. სწორედ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმართულებით დავიწყე ჩემი იურიდიული პრაქტიკა „კონსტიტუციის 42-ე მუხლში".

 

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეზე მეტად საპატიო და საპასუხისმგებლო პოზიცია რა უნდა იყოს?! თუმცა ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა და სხვა არაფერი, დანარჩენი პარლამენტის გადასაწყვეტია", - განაცხადა კობახიძემ.


„პრაიმტაიმთან" საუბრისას მანანა კობახიძემ აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკაში მოსვლის უმთავრესი მიზეზი ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაცია იყო, რომლის შეცვლაში თავადაც მიუძღვის წვლილი.


„ჩემი პოლიტიკაში მოსვლის მიზეზი გახდა ის მძიმე ვითარება, რომელიც მაშინ ქვეყანაში სუფევდა. ყოველი ფეხის ნაბიჯზე უხეშად ირღვეოდა ადამიანის უფლებები. პოლიტიკური ნების გარეშე ამ ქვეყანაში პრაქტიკულად შეუძლებელი ხდებოდა რაიმეს შეცვლა. დღეს ვითარება მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციის შეცვლაში მცირე და მოკრძალებული წვლილი მეც შევიტანე. ძალიან დიდი გარღვევაა სასჯელაღსრულების სისტემაში, სასამართლოში და ზოგადად, ადამიანის უფლებების მხრივ. ცხადია, ასეთ ვითარებაში შეიძლება მქონდეს კიდეც სურვილი, რომ სამართლის სფეროს დავუბრუნდე. ამაში გასაკვირი არაფერია", - განაცხადა მანანა კობახიძემ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი