logo_geo
ფრიდონ სულაბერიძე: დღეს მთელი საქართველო დათუნიკას „რაჭულს“ ცეკვავს!
- +

12 იანვარი. 2017. 11:57


 

„დიდი ხელოვანი ხომ იყო, მაგრამ ადამიანიც შესანიშნავი გახლდათ. ყველას აოცებდა მისი ცეკვის მანერა, რომელიც რაჭული ფესვიდან მოდიოდა", - ასე იხსენებს ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე გარდაცვლილ ნიჭიერ პედაგოგსა და რაჭული ფოლკლორის უბადლო მცოდნეს დათუნიკა სხირტლაძეს. როგორც სულაბერიძე ინტერვიუში ამბობს, ის არა მხოლოდ ცეკვავდა, არამედ შესანიშნავად მღეროდა, საკრავებზე უკრავდა, პოეზია კი ზედმიწევნით იცოდა.


„ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რა მოხდა. მუხლამდე თოვლსა და უგზოობას არავინ მორიდებია - დათუნიკა სხირტლაძე სრულიად საქართველომ დაიტირა, რადგანაც უყვარდა! მსგავსი ფოლკლორისტი იშვიათად შემხვედრია - შესანიშნავად ცეკვავდა, მღეროდა, საკრავებზე უკრავდა - ყველაფერში ნიჭიერი იყო. როგორ არ მიხედა თავს და ასე უცნაურად როგორ წავიდა 58 წლის კაცი, ვერ წარმომიდგენია!

 

დიდი ხელოვანი ხომ იყო, მაგრამ ადამიანიც შესანიშნავი გახლდათ. ყველას აოცებდა მისი ცეკვის მანერა, რომელიც რაჭული ფესვიდან მოდიოდა. ცეკვა რა არის? ხასიათი! დათომ სწორედ ეს ხასიათი დაიჭირა", - აღნიშნა ქორეოგრაფმა.

 

„დათოს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ გაგონილი მქონდა და ბიჭებს ვუთხარი, ის კაცი მომიყვანეთ, საოცრად რომ ცეკვავს-მეთქი", - იხსენებს სულაბერიძე დათუნიკა სხირტლაძესთან დაკავშირებით ერთ ისტორიას.


„დღეს მთელი საქართველო მის „რაჭულს" ცეკვავს. სხვათა შორის, ეს ცეკვა პირველად ჩემთან შეასრულა. ისტორია კი ასეთია: რაჭული ცეკვა დავდგი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც აკლდა. დათოს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ გაგონილი მქონდა და ბიჭებს ვუთხარი, ის კაცი მომიყვანეთ, საოცრად რომ ცეკვავს-მეთქი. მართლაც, მოკრძალებული ადამიანი აღმოჩნდა. ვუთხარი - რაჭულ ცეკვას გაჩვენებ და თუ საჭირო იქნება, მთლიანად დავშლი და თავიდან დავდგამ-მეთქი. თან ვთხოვე, მისეული მოძრაობები ეჩვენებინა და გავოცდი: ეს იყო საოცრება! მაშინ ვთხოვე - პრემიერის დროს გამოსულიყო და ჩვენთან ერთად ეცეკვა.

 

დათუნიკა ფილარმონიის დიდ დარბაზში გამოვიდა და „რაჭულს" ისეთი წარმატება ერგო, მთელი დარბაზი ფეხზე ადგა! დღეს ამ ცეკვას ყველგან ნახავთ: სცენაზე, ლხინში, ქორწილში - სრულიად საქართველომ აიტაცა და ესაა ამ ადამიანის დიდი გამარჯვება!

 

ცეკვაზე ვსაუბრობთ და არ დაგვავიწყდეს, რომ ძალზე განათლებული ადამიანი იყო, პოეზია ზედმიწევნით იცოდა: არ არსებობდა ლექსი, ზეპირად რომ არ სცოდნოდა. შექსპირის სონეტებს ისე წაგიკითხავდათ, გაგაოცებდათ!

 

ვთვლი, რომ ქართული ხელოვანების ოჯახს უნიკალური ადამიანი გამოაკლდა. რა არის 58 წელი? - არაფერი! სულ ვიმეორებ, ამ დიდმა კაცმა თავს როგორ არ მოუარა?.. სხვათაშორის, ქვეყანას დათოს ტყუპი ქალ-ვაჟი უნდა მოვლენოდა, მაგრამ პატარა გოგონა დაბადებისას ვერ გადარჩა, სამაგიეროდ, ვაჟკაცი დაიბადა და ისაა დღეს სხირტლაძეების ოჯახის იმედი", - საუბრობს ინტერვიუში ფრიდონ სულაბერიძე.  

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი