logo_geo
ირაკლი შიხიაშვილი: ჩვენი გლეხი ზარმაცი არ არის, მაგრამ გული უცრუვდება, რადგან სიზიფეს შრომით შრომობს და იღებს გროშებს!
- +

26 სექტემბერი. 2018. 12:40

 

 

 

„ეს პროექტი არ მოიცავს მარტო ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას, არამედ გახლავთ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის სისტემური გზა, რომელიც სახელმწიფოს აძლევს საშუალებას, დაასახლოს დაასაქმოს და შეაკავშიროს ადამიანები, იმავდროულად კი, მათ დააცვევინოს კიდეც ის მიწა, რომელიც საზრდოს აძლევს!“, - ამის შესახებ „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა, სახალხო მოძრაობის „გეორგია - შენი პროექტია“ დამფუძნებელმა ირაკლი შიხიაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა და პროექტის არსსა და მისი განხორციელების გზებზე ისაუბრა.

 

„ისრაელის სახელმწიფოს დაარსებისთანავე ამ ქვეყნისკენ დაიძრა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ტრადიციებზე და კულტურაზე აღზრდილი უამრავი ებრაელი, რომლებიც თვლიდნენ, რომ ერს სჭირდება სახელმწიფო იმისთვის, რათა გადარჩეს და გააჩნდეს მომავალი. ერთმანეთისგან განსხვავებულმა ადამიანებმა სწორედ ამ სისტემით შეძლეს ერთმანეთთან დაახლოვება და გახდნენ ერთმანეთის მეგობრები, ახლობლები და თანამებრძოლები იმგვარად, რომ ერთმანეთთან ერთობით ქმნიან ქვეყნის საერთო მომავალს. ეს პროექტი არ მოიცავს მარტო ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას, არამედ გახლავთ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის სისტემური გზა, რომელიც სახელმწიფოს აძლევს საშუალებას, დაასახლოს დაასაქმოს და შეაკავშიროს ადამიანები, იმავდროულად კი, მათ დააცვევინოს კიდეც ის მიწა, რომელიც საზრდოს აძლევს! ქართველებს ნაყოფიერი მიწები გვაქვს, ამის მიუხედავად, ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტები მხოლოდ 4 თვეს გვყოფნის, დანარჩენი - უცხოეთიდან შემოგვაქვს. არადა, ამ ინოვაციური პრინციპის საშუალებით, ხრიოკზე მდებარე ისრაელს მოყავს ისეთი მოსავალი, რომ საკუთარ მოსახლეობასაც აკმაყოფილებს და დამატებით, 100 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქციას საზღვარგარეთ ყიდის! ჩვენი გლეხი ზარმაცი არ არის, მაგრამ გული უცრუვდება, რადგან სიზიფეს შრომით შრომობს და იღებს გროშებს! წარმოიდგინეთ, ჩვენს ნაყოფიერ მიწებზე რა შედეგი შეიძლება მივიღოთ! უთუოდ გავხდებით მოწინავე ქვეყანა სრულიად კავკასიაში!“ - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

 

შიხიაშვილის განცხადებით, წამატების პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე თითოეულ მშრომელს თავისი კონკრეტული ფუნქცია აქვს, რითაც პასუხისმგებელია კოლექტივის წინაშე.

 

„პირველ რიგში, ვიდრე კონკრეტულ ტერიტორიაზე რაიმეს კეთებას დაიწყებენ, იკვლევენ მოსახლეობის რაოდენობას, რომელი კულტურა უნდა მოშენდეს და კულტურის გადამუშავებით რა პროდუქცია შეიძლება იქნას მიღებული. დათესილი არ არის და მყიდველს უკვე ნაყიდი აქვს, რადგან წინასწარ იციან, რომელ ტერიტორიაზე რა რაოდენობით მოსავალი უნდა მიიღონ. ამ პრინციპის განსახორციელებლად, მშრომელებში შეაქვთ სათანადო განათლება, ქმნიან და ნერგავენ უახლეს ტექნოლოგიებს, რათა ჭირნახული დაიცვან სეტყვის და გვალვისგან, ირიგაციის სპეციალური სისტემები იქმნება, რათა მინიმალური რაოდენობის წყლით მორწყან რაც შეიძლება ვრცელი ნაკვეთები. იციან, როგორ და სად შეინახონ ჭირნახული, რათა არ დაკარგოს კვებითი ღირებულება. შრომის გადანაწილება ხდება ცოდნის, პროფესიონალიზმის და კვალიფიკაციის გათვალისწინებით. თითოეულ მშრომელს თავისი კონკრეტული ფუნქცია აქვს, რითაც პასუხისმგებელია კოლექტივის წინაშე და თავის მხრივ, კოლექტივიც, დაინტერესებულია, რომ მშრომელს სამუშაოს შესრულების ოპტიმალური პირობები შეუქმნას“, - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

 

როგორც ირაკლი შიხიაშვილმა აღნიშნა, ასეთი კოლექტივის ნებისმიერი თანამშრომელი თავისი მიწის დასაცავად მოტივირებული ხდება, რაც თავის მხრივ, თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს.

 

„თუ გარეშე მტრისგან საფრთხე დაემუქრება პირადად საარსებო წყაროს, ნებისმიერი ადამიანი მას კბილებით დაიცავს. ამიტომ, ასეთი კოლექტივის ნებისმიერი თანამშრომელი თავისი მიწის დასაცავად მოტივირებული მეომარი ხდება და თავის გასაწირად მზად არის. გამორიცხულია, ასეთი კოლექტივის თანამშრომელმა უცხოელს, თუნდაც ათმაგი ფასის სანაცვლოდ დაუთმოს მიწა! რომც მოინდომოს, მას კოლექტივი, საზოგადოება არ დაათმობინებს! ჩვენთან, ხელისუფლება დამუშავების მაგივრად ადამიანებს მიწის მიტოვების და გაყიდვისკენ უბიძგებს. ავიწყდებათ, რომ ათასობით წლის განმავლობაში ქართველებმა დიდძალი სისხლი დაღვარეს, რათა ეს მიწები შთამომავლობისთვის შეენარჩუნებინათ. არცერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, უცხოტომელებისთვის მიწის მიყიდვა დაუშვას და შვილებს არ დაუტოვოს, რაც წინაპრებმა შეუნარჩუნეს!“ - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი