logo_geo
ქეთევან დუმბაძე: ჩემი შვილი მამაჩემს უნდა ეშვილებინა, მაგრამ...
- +

26 სექტემბერი. 2018. 17:12


მწერალთა სახლში ახალგაზრდა ქართველი მწერლის, ნოდარ მაჭარაშვილის წიგნის „ავი მუსაიფი“ პრეზენტაცია გაიმართა. ავტორის ფსევდონიმი, რომლითაც მანამდე რამდენიმე წიგნი გამოსცა, თორნიკე გურჯინთახი გახლდათ და მკითხველმა არ იცოდა, რომ ის დიდი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის შვილიშვილია. ავტორის ცხოვრება გასაიდუმლოებულია და მხოლოდ ახლობლებმა იციან, სად იმყოფება. დედამ, ქეთევან დუმბაძემ ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში მწერლის ცხოვრებას ფარდა ოდნავ ახადა და შვილის შემოქმედებაზე, პიროვნულ თვისებებსა და ნოდარ დუმბაძესთან მსგავსებაზე ისაუბრა.

„ნოდარი უცხოეთში ცხოვრობს და რა მნიშვნელობა აქვს, სად?! წიგნს მიგზავნის და მე გამოვცემ. ეს უკვე მისი მეხუთე წიგნია. ველოდებით, რომ თვითონაც დაბრუნდება. „ავი მუსაიფი“ სერიოზული განაცხადია. თვითონაც დაღვინებულია უკვე და ეს რომანი სხვა განწყობით დაიწერა. შემოდგომაზე დაჯდა და გაზაფხულზე უკვე მე წავიკითხე. რომ არ მომწონებოდა, არ დავბეჭდავდი. ფსევდონიმით წერა საზოგადოებისგან დამალვას არ ნიშნავს. მას არ უნდოდა, რომ მისთვის ვინმეს შეღავათი გაეწია, როგორც ნოდარ დუმბაძის შვილიშვილისთვის, ამიტომაც მოიგონა ფსევდონიმი. ნოდარი 10 წელია წასულია და ძალიან მძიმე შესაგუებელია. საბედნიეროდ, ინტერნეტის ეპოქაში მუდმივი კონტაქტი გვაქვს. მამა რომ გარდაიცვალა, ფეხმძიმედ ვიყავი. ამიტომაც ჰქვია მამაჩემის სახელი, მე არ ვაპირებდი ნოდარის დარქმევას. მისთვის ჩვენი გვარი უნდა მიმეცა და არა სახელი. მე დავპირდი მამას, რომ გავაჩენდი შვილს, რომელსაც მამა იშვილებდა და თავის გვარს მისცემდა, მაგრამ მის დაბადებას ვერ მოესწრო. მერე შემეძლო გვარის მიცემა, მაგრამ ასე აღარ მოვიქეცი, რადგან მამაჩემის შვილი უნდა ყოფილიყო და მისი გვარი ეტარებინა. როგორც მწერალი, მამაჩემს არ ჰგავს. აბსოლუტურად თავისი ხელწერა აქვს. სიკეთით ჰგავს მამაჩემს, ღმერთისა და მშობლების სიყვარულით და საქციელითაც. ჩვენ ყველა ვცდილობთ, მამაჩემს ვგავდეთ, გენეტიკურადაც მოგვდგამს ეს ყველაფერი“, - განაცხადა ქეთევან დუმბაძემ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი