logo_geo
„რამდენიმე წლის წინ ძმა გარდაეცვალა“ - რას ჰყვებიან დიმიტრი ტატიშვილზე ახლობლები?
- +

26 სექტემბერი. 2018. 18:51

 

 

 

დიმიტრი ტატიშვილი, რომელიც საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ყველას იმ გახმაურებული სიკეთით ახსოვს, როცა მან დიღომში ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრები ბავშვებისთვის საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა.

 

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა ახლობლებს არ სჯერათ, რომ დიტომ თავი მოიკლა.

 

როგორც mshoblebi.ge-სთან მისი მეგობარი, გიორგი სამხარაძე ამბობს, ის ძალიან მოსიყვარულე და ყურადღებიანი ადამიანი იყო. ასევე მისი ინფორმაციით, დიტოს ძმა ჰყავს გარდაცვლილი რამდენიმე წლის წინ, ავარიაში.

 

„გაგიჟებული ვარ, ეს რა მოხდა, გული მეწვის, შოკირებული ვართ მთელი სამეგობრო, რა გითხრათ, არ ვიცი. სულ იცინოდა, შრომობდა, უდიდესი ადამიანი იყო, ძალიან მოსიყვარულე, ბოლოს „სკაიპით“ ვისაუბრეთ და ვესიყვარულეთ ერთმანეთს. პირადად დიდი ხანია აღარ მინახავს, ემიგრაციაში ვარ სამი წელია. ძალიან გული მწყდება, რომ ამ დროს არ ვარ აქ“.

 

დიტოს გარდაცვალების ამბავს ახლობლები და მეგობრები მის facebook-გვერდზე ეხმაურებიან:

 

„რატომ დაგვადუმე და გაგვიჩერე ძარღვებში სისხლი, რას გვერჩოდი? ბიჭებს ვერ ვუყურებ თვალებში, შენ მაგის გამკეთებელი რომ არ იყავი, ყველას გვეჯერა, უფალს ებარებოდეს შენი ლამაზი და სიცოცხლით აღსავსე სული. სხვას ვერაფერს ვამბობ, გაციებული მაქვს მთელი სხეული...“

 

„შენ ხომ მეცოდები და მეცოდები, მაგრამ ასმაგად შენი შვილები და დედა, რომელსაც სამუდამოდ ჩაუქრე ცაზე მზე. სამუდამოდ აუკრძალე მზის ყურება, რომ არაფერი ვთქვათ მეგობრებზე, რომელთათვისაც მეგობრობის კულტი იყავი. დაე, უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი, სადაც ყველაზე მართალნი განისვენებენ. ის კი ვიცი, რომ შენი სურვილით შენს ოჯახს ამ ტკივილს არ მიაყენებდი. მებრძოლი კაცი იყავი!"

 

„რა სისულელეა, რა თავის მოკვლა, ახალი ბიზნესისთვის ახალი მიწის ნაკვეთიც კი ვაპოვნინე და სანახავადაც კი იყო. რა ვალი... სირცხვილია, ხალხო".

 

„გულში დანას როგორ ჩაირტყამდა? დიტოს სხვის ცხოვრებას ალამაზებდა და თავს როგორ მოიკლავდა".

 

„როგორ გაიმეტე შენი შვილები, დედა, რომელმაც უკვე იცოდა, რაც იყო შვილის სიმწარე და შენ ხომ ყველა უსაზღვროდ გიყვარდა, ვერავის ცუდად ყოფნას ვერ ეგუებოდი ახლა კი რა დღეში ჩააგდე ყველა. ვერაფრით დავიჯერებ, რომ ეს შენი ხელით გააკეთე“, - წერენ გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი