logo_geo
„რა მიზეზია, რომ ილია იგებს, აკაკი კი სულ აგებს?“ - რა შემოსავალი ჰქონდათ ილიასა და აკაკის?
- +

26 სექტემბერი. 2018. 21:22

 

 

"რუბლი" (რომლის ქართული შესატყვისი იყო "მანეთი") - ასი კაპიკისგან შედგებოდა. იმპერიაში მიმოიქცეოდა როგორც ქაღალდისგან დამზადებული ფულის ნიშნები - სახელმწიფო საკრედიტო ბილეთ­ები, ასევე ოქროს, ვერცხლისა და სპილენძისგან მოჭრილი მონეტები.

 

სპილენძისგან დამზადებული იყო მონეტები ნომინალური ღირებულებით - 1/4; 1/2; 1; 3 და 5 კაპიკი. ვერცხლისგან - 5; 10; 20; 25; 50 კაპიკი და 1 რუბლი, ხოლო ოქროსგან - 5; 7,5; 10 და 15 რუბლი. ამ უკანასკნელს იმპერიალი ეწოდებოდა.

 

ქაღალდის ფულის ნიშნებს შორის იყო სახელმწიფო საკრედიტო ბილეთები ნომინ­ალური ღირებულებით: 1; 3; 5; 10; 25; 50; 100 და 500 რუბლი.

 

1 რუბლი ოფიციალურად შეესა­ბ­ამებოდა­ 0,7742 გრამ სუფთა ოქროს. ამის გათვალისწინებით, სახელმწიფო საკრედიტო ბილეთების ავერსზე (წინა მხარეზე) დატანილი იყო წარწერა: "სახელმწიფო ბანკი ახურდავებს საკრედიტო ბილეთებს ოქროს მონეტაზე თანხის შეუზღუდავად", ხოლო რევერსზე (უკანა მხარეზე) ეწერა: "სახელმწიფო საკრედიტო ბილეთები მიმოიქცევა მთელ იმპერიაში ოქროს მონეტის თანაბრად". ამასთან, მონეტები მოჭრილი იყო 900-იანი სინჯის მქონე ოქროსგან, ანუ შეიცავდა სხვა ლითონის მხოლოდ 10%-იან მინარევს.

 

მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მი­ღ­ებუ­ლი კანონით რუსეთში შეწყდა ქაღალდის ფულის ნიშნების გადაცვლა ოქროს მონეტებზე. მზარდი საომარი ხარჯების შედეგად რუბლი თანდათან უფასურდებოდა. თუ 1914 წლის 1-ლ იანვარს მიმოქცევაში იყო 1 მილიარდ 633 მილიონი რუბლის საერთო ღირებულების საკრედიტო ბილეთები, სამი წლის შემდეგ, 1917 წლის 1-ლ იანვარს, ამ მაჩვენებელმა 9 მილიარდ 103 მილიონი რუბლი შეადგინა. ამ პერიოდში ქაღალდის 1 რუბლის მყიდველობითი უნარი შემცირდა ომამდელ 26-27 კაპიკამდე, ანუ თითქმის 4-ჯერ გაუფასურდა.

 

არადა, რუსეთის იმპერიის სახელით მოჭრილი ოქროს თუმნიანის დღევანდელი­ საბაზრო ღირებულება საშუალოდ 380 აშშ დოლარს უტოლდება, რაც ამჟამინდ­ელ ათასამდე ლარს შეადგენს. რუსეთის იმპერიის 1-კაპიკიანის ღირებულება კი 1914 წლამდე არსებული მდგომარეობითა და ოქროს მსყიდველობითი უნარით დაა­ხლოებით 38 ცენტს შეადგენს, რაც, თავის მხრივ, თითქმის 1 ლარს უტოლდება.­

 

მუშათა ანაზღაურება

 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის თხზულებაში "საქართველოს ეროვნული მეურნეობა" მოყვანილია სტატისტიკური ცნობები 1914 წლის თებერვალში თბილისში არსებული საშუალო დღიური ხელფასებისა და პირველი მოთხოვნილების საგნების ფასების შესახებ. ამ მონაცემების მიხედვით, საშუალო დღიურ ანაზღაურებად მუშა იღებდა 2 რუბლსა და 39 კაპიკს, კონკრეტულად კი სხვადასხვა სპეციალობის მუშა დღიურად საშუალოდ იღებდა შემდეგ ხელფასს (რუბლებში): გამთბობი - 3,5; დურგალი, ხარატი და მლესავი - 3; ქვის მთლელი, მხურავი, მღებავი და ხურო - 2,5; მჭედელი - 2; მხერხავი - 1, ხოლო დღიური მუშა - 80 კაპიკს.

 

პირველი მოთხოვნილების საგნები იყიდებოდა გირვანქობით, რაც 409 გრამს შეადგენდა. ერთი გირვანქა ყველი თბილისში საშუალოდ ღირდა (კაპიკებში) 20; ერთი გირვანქა ზეთი - 18; ხორცი - 14; ბრინჯი - 11; ლობიო - 8; ხახვი - 5; პური - 4; მარილი - 4; კომბოსტო - 3,8; კარტოფილი - 1,7; ნავთი - 4; ერთი გირვანქა ნახშირი - 60 კაპიკი.

 

ამ მონაცემებით, ზემოთ ჩამოთვლილი თორმეტივე დასახელების პირველი მოთხოვნილების საქონლის თითო გირვანქის შეძე­ნა შეიძლებოდა საშუალოდ 1 რუბ­ლად და 53,5 კაპიკად. ამდენად, მუშას საშუალო დღიური ანაზღაურებით, 2 რუბლითა და 39 კაპიკით, შეეძლო შეეძინა­ ყველა აქ დასახელებული პროდუქტი თითო გირვანქის­ ოდენობით და თან დაუხარჯავი დარჩებოდა საშუალოდ 85,5 კაპიკი.

 

მეცნიერ-პედაგოგთა ხელფასები

 

ქვეყნის უპირველეს უმაღლეს სასწავლებელში, პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიე­რ-პედაგოგთა შრომის საშუალო ანაზღაურება, ბუნებრივია, უფრო მაღალი იყო.

 

ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით, ნიკო მარს "სტუდენტობაში მარტო სტიპენდია - 25 მანეთი ჰქონდა. ამით ცხოვრობდა, რასაკვირველია, ღარიბად. უნივერსიტეტში რომ დატოვეს, 50 მანეთი ჰქონდა და როცა პრივატ-დოცენტი გახდა - 100 მანეთი".

 

ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით, 1908 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტში დაფუძნდა ქართული სამეცნიერო წრე. ის ზრუნავდა გაერთიანების წევრებზე, რომელთაც თავის ბინაში პატიჟებდა. წრის ერთ-ერთი წევრთაგანი, მომავალში გამოჩენილი მეცნიერი­ გიორგი ჩიტაია, იგონებდა: "ივანე ჯავახიშვილი ქართველ სტუდენტებს ყველაზე საპატიო ლექტორად, კერპად მიგვაჩნდა... სამეცნიერო წრის წევრები მაშინ გამალებით ვმუშაობდით ქართული­ პერიოდული პრესის ბიბლიოგრაფიის შედგენაზე. წრის გამგეობა ყოველ ორ კვირაში ერთხელ იკრიბებოდა ივანე ჯავახიშვილის ბინაზე წრის სამუშაოების მოსაგვარებლად. ყოველთვის, სხდომის დამთავრებისას, სუფრა იშლებოდა ჩვენთვის. მართალია, სუფრა არ იყო მდიდრული, რადგან ბატონი ივანე თავისი ოჯახის წევრებით ხელმოკლედ ცხოვრობდა, მაგრამ ეს ჩვენთვის დიდი პატივი იყო. მისი ხელმოკლეობა იქიდანაც ჩანდა, რომ იგი პეტერბურგის სუსხიან ზამთარში საზაფხულო პალტოთი დადიოდა".

 

შალვა ამირეჯიბი შენიშნავ­და, რომ ივანე ჯავახიშვილის "მოკრძალება, მოთმინება, მომჭირნეობა მიდიოდა იქამდის, რომ პეტერბურგში ცხოვრების დროს, როცა უკვე ცოლ-შვილი ჰყავდა, მამის დახმარებაზე უარი თქვა და მხოლოდ პრივატ-დოცენტის არადიდი ჯამაგირით ცხოვრობდა. დილით ის გამოდიოდა კარში ორი შაურით ჯიბეში. ეს იყო ტრამვაის ფული. მისი პირადი სიამოვნება მისმა სამეცნიერო ღვაწლმა შეიწირა".

 

ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით, ილია ჭავჭავაძეს "არა ჰყოფნიდა არც საგურამოს მამულის შემოსავალი, არც ბანკიდან აღებული ჯამაგირი და არც თავისი დის - ელისაბედისგან მიღებული დახმარება. და იგი სულაც არ აზვიადებდა, როცა ამბობდა: "ვალები მაქვსო"... ბანკში წინათ მაინცდამაინც დიდი ჯამაგირები არ ჰქონიათ მოსამსახურეებს, მაგრამ როცა "ბანკობიადა" მოთავდა და აქციების კონვერსია მოახდინეს, ბანკის შემოსავალმა ერთობ მოიმატა, ისე, რომ ყველა ხარჯის გამოკლებით ნახევარი მილიონი მანეთი რჩებოდა საქველმოქმედო საქმეებისთვის და მოსამსახურეებსაც ჯამაგირი მოემატათ. მაგალითად, ილია, როგორც თავმჯდომარე, წელიწადში უკვე 5 ათასს იღებდა წინანდელი 3 ათასის მაგიერ. ამას გარდა, ბანკის მოგების გარკვეული პროცენტი მოსამსახურეებს ეძლეოდათ ზედმეტად, რაც მათ თვიურ ჯამაგირს აღემატებოდა".

 

მისივე ცნობით, იმ დროისთვის თბილისის ვიცე-გუბერნატორის წლიური ხელფასი შეადგენდა 3 ათას მანეთს.

 

ცნობილია, რომ აკაკი წერეთელს ხელგაშლილი ცხოვრება უყვარდა, რის გამოც თითქმის ყოველთვის ვალები ჰქონდა. ექვთიმე თაყაიშვილი იგონებდა: "აკაკის ილიასავით უყვარდა კარტის თამაში. ხშირად ღამესაც ათენებდა. მანამ ჯიბეს არ ამოიცარიელებდა, თამაშობას არ მიატოვებდა. თუ ილია უმეტეს შემთხვევაში იგებდა, აკაკი თითქმის ყოველთვის აგებდა. მე ვეკითხებოდი კარტის მოთამაშეებს: "რა მიზეზია, რომ ილია იგებს, აკაკი სულ აგებს?" ისინი მეუბნებოდნენ: "შეუძლებელია აკაკიმ მოიგოს, რადგან მან "ფასი" არ იცის. ქაღალდი მოუვა თუ არა, მისთვის სულერთია, მაინც თამაშობსო"...

 

ერთხელ მას ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკმა პენსია დაუნიშნა და თანხა წერა-კითხვის საზოგადოებას გადასცა, რომ ყოველთვე ეძლიათ განსაზღვრული რაოდენობით. ამან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა საზოგადოება და მისი ხაზინადარი. აკაკი თხოულობდა ბევრ ფულს, ისინი არ აძლევდნენ განსაზღვრული თანხის მეტს...

 

აკაკის ქართველი ხალხის პატივისცემა­ და სიყვარული არ დაჰკლებია. სასტუმროებისა და რესტორნების პატრონები მას სთავაზობდნენ კარგ ბინას, მოწყობილობას და საჭმელ-სასმელს, ხოლო ფულს არა სთხოვდნენ".

 

საყურადღებოა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის (1866-1931) მოგონებაც: "როცა "ივერიაში" ვმუშაობდი,­ აკაკიმ რამდენჯერმე ლექსები მოგვიტანა დასაბეჭდად. ჰონორარს კარგს ვაძლევდით, ჩვეულებრივზე ბევრად მეტს, მაგალითად, 3-4-ჯერ მეტს, ვიდრე ვაჟა-ფშაველას. თურმე ამ ნიადაგზე უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა ადგილი ილიასა და აკაკის შორის და ილიას განკარგულება მოეხდინა: "აკაკის მიეცით, რაც მოითხოვოსო". მიუხედავად ამისა, აკაკი მაინც უკმაყოფილო იყო. მე თვითონ გამიგონია მისგან: "ივერიაში" არაფერს მაძლევენო. ეს ჩვეულებრივი სენი იყო ჩვენი დიდი მგოსნისა, მუდამ ჩიოდა - ნაკლებ ყურადღებას მაქცევენო, თუმცა საქართველოში აკაკიზე მეტად არც ერთი პოეტი არ უყვარდათ, არავის ისეთ პატივს არ სცემდნენ, როგორც მას...

 

აკაკი მუდამ ფულის ძებნაში იყო. მას ქუთაისის საადგილმამულო ბანკიდან პენსია ეძლეოდა თვეში 100 მანეთი, მაგრამ, რასაკვირველია, ეს ფული არ ეყოფოდა. ბევრს ხარჯავდა. ცხოვრობდა ხან ქუთაისში, ხან საჩხერეში, ხან ტფილისში. მოგზაურობასა და ხშირად სასტუმროებში ცხოვრებას ბევრი ფული უნდოდა. კარტის თამაშიც უყვარდა. რუს პოეტ ნეკრასოვივით ისიც ხშირად ღამეებს ათენებდა კლუბებში, მაგრამ მეტად გულკეთილი იყო: ფულს, თუ გაჭირვებულებისთვის იყო საჭირო, არ დაიშურებდა, უკანასკნელსაც მიაწოდებდა". გაგრძელება

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი