logo_geo
რა პრობლემებს შეგიქმნით ოჯახში დამტვრეული და დაჭეჭყილი, ან სრულიად ახალი, მაგრამ ნაჩუქარი ჭურჭელი
- +

27 სექტემბერი. 2018. 23:55

 

 

ჯადო, მისტიკა, მაგია – ცალ-ცალკე და ზოგჯერ ერთადაც კი, სად არის ჩასაფრებული და როდის შემოგიტევს, ძნელია, წარმოიდგინო. ზოგჯერ ბნელი ძალა ისეთი უწყინარი მოვლენისა თუ ნივთის „უკან“ იმალება, შეუძლებელია, ამოიცნო და მით უმეტეს, თავიც დაიცვა მისგან... და ისევ საუკუნოვან ხალხურ მინიშნებებსა და გადმოცემებს მიმართავ. ამჯერად, კიდევ ერთხელ მივუბრუნდებით თემას, რომელიც ოჯახის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ატრიბუტს, ჭურჭელსა და მასთან დაკავშირებულ მისტიკას ეხება: როდის და რის გამო მოდის მისგან ნეგატივი; რა დროსაა მისი გამოყენება სიკეთის მომტანი და რა მოხდება დაზიანების შემთხვევაში; ვის უნდა აჩუქო და როგორ მოუარო ახალშეძენილს... ამ ყველაფერს შეიტყობთ ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგის, ქალბატონი მანანა დ.-ს ინტერვიუდან.  


ვიცი, რომ ბოროტ ძალასა და ნეგატივს ჭუჭყიანი ჭურჭელი იზიდავს...  


– ჭუჭყიანი ჭურჭელი, შეიძლება ითქვას, ნეგატიური ენერგეტიკის ბუდეა, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. ამიტომ, გაფრთხილებთ, არ დატოვოთ ჭურჭელი დიდხანს გაურეცხავი, თორემ მასში არსებული ნეგატიური ენერგეტიკის „მაგიური ჭუჭყი“ თქვენზეც გადმოვა. თუმცა, გააჩნია: რა, როდის და სად დაგრჩათ გაურეცხავი. მაგალითად: ჭუჭყიანი ფინჯანი თუ ჩხუბის საწინდარია მეუღლესთან, შეყვარებულთან, მეგობართან, რასაც ჭორებიც მოჰყვება; თეფში – შური და არაკეთილმოსურნეთა გააქტიურებაა; ბევრი გასარეცხი ჭურჭელი ერთად – ფინანსური პრობლემებია; კოვზები და დანა-ჩანგალი კი – ცუდი დამოკიდებულება ოჯახის წევრებს შორის. ღამით დატოვებული ჭუჭყიანი ჭურჭელი – შური, გათვალვა და ჯადოა ახლობელთა მხრიდან. ხოლო, იმის მიხედვით, თუ სად დააწყვეს, პროგნოზი ასეთია: საწოლქვეშ – წყვილს შორის ინტიმური პრობლემებია; მაგიდაზე – ჯანმრთელობის გაუარესება, ცუდი წინათგრძნობა და დეპრესიული მდგომარეობაა მოსალოდნელი; სამზარეულოს ნიჟარაში – ეს ადგილი ყველაზე „უწყინარია“, რადგან პირდაპირ უკავშირდება კანალიზაციას, სადაც ნეგატიური ენერგეტიკა ჩაირეცხება. ამიტომ, ასეთი მინიშნება დიდად ვერ დაგაზარალებთ, მაგრამ არც პატარ-პატარა უსიამოვნებას მოგაკლებთ.  


რაც შეეხება ჭურჭლის გაჩუქებას, ამასაც ნეგატივი მოაქვს?


– ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა ენერგეტიკული თვალსაზრისით, ერთი გამონაკლისის გარდა – თუ ჭურჭელს ქორწილზე ან ქორწინების წლისთავზე გაჩუქებენ, ანდა მშობლები გაატანენ ქალიშვილს მზითევში. სხვა შემთხვევაში, ნაჩუქარი ჭურჭლის „ნომინაციები“ ასე ნაწილდება: ფინჯნების ნაკრებს ოჯახში – ქალის მხრიდან ღალატი მოჰყვება; თეფშებს – ფინანსური პრობლმები, ვალი და სესხი; ქვაბებსა და ტაფებს – კამათი მშობლებთან, ავადმყოფობა, მატერიალური პრობლემები, შური და გაუგებრობა; მინის ჭიქებს, ფინჯნებსა და ბოკლებს – შეხვედრა, ახალი ნაცნობობა; კოვზებსა და დანა-ჩანგალს – სკანდალი, ურთიერთობების გაფუჭება. ხოლო, როცა ნაჩუქარი ჭურჭელი ფაიფურისაა – ფულადი შემოსავლის ზრდა და გამოჯანმრთელებაა მოსალოდნელი; ბროლის შემთხვევაში – სასიკეთო ცვლილებები, მატერიალური მდგომარეობის ნორმალიზება და ურთიერთობების გაუმჯობესება; ვერცხლი – მძიმე სენს ამარცხებს და ურთიერთობები დალაგდება; ხის – მცირე კამათითა თუ სკანდალებით, ნეგატიურ ატმოსფეროს ქმნის სახლში. 


გატეხილი თეფში და ჭიქა რომ არ უნდა გააჭაჭანო სახლში, გამიგია. რას გვეტყვით დაზიანებული ჭურჭლის სინდრომზე?


– განვიხილოთ ცალ-ცალკე: თუ გაბზარული ან გატეხილი ფინჯანი ძირითადად ღალატზე მიანიშნებს, რასაც შეიძლება, განქორწინებაც მოჰყვეს; თეფშის შემთხვევაში – პრობლემა ფინანსებს ეხება: სესხი, ვალი, გაფლანგვა, დანაკარგი. დაჭეჭყილი ქვაბი ან ტაფა – ნდობისა და ყურადღების დეფიციტია ოჯახში; დაღუნული დანა-ჩანგალი და კოვზები – ნათესავ-მეგობრებთან, მეზობლებთან და კოლეგებთან გაგიფუჭებთ ურთიერთობას; გატეხილი ან გაბზარული მინის ჭურჭელი – ძალას, აღმაფრენას, ღირსებასა და სიყვარულს დაგაკარგვინებთ.


ამბობენ, ჭურჭლის ფერსაც არანაკლები მნიშვნელობა აქვსო...


– დიახ, ასეა. შავი ჭურჭელი თუ – ავადმყოფობა და დაშორებაა; თეთრი – სიკეთე და დადებითი ძვრებია ოჯახში. განსაკუთრებული მისია კი ლურჯს აკისრია: ნაყიდი ან ნაჩუქარი ლურჯი ჭურჭელი კარგი ურთიერთობები, მატერიალური უზრუნველყოფა და ბედნიერი ცხოვრებაა. 


ვისაც ხშირად უტყდება თეფში თუ ჭიქა და მარცხიანი ხელი აქვსო, რომ აბობენ, ეს რისი მინიშნებაა?.. და აქვე, იქნებ ახალ ჭურჭლზეც გვითხრა რამე.


– თუ შენიშნეთ, რომ არა მარტო სახლში, სამსახურშიც ხშირად გიტყდებათ ჭურჭელი – ეს ნიშნავს, რომ პროფესიონალიზმის თვალსაზრისით ყველაფერი რიგზე არ გაქვთ. ჩამონათვალი კი ასეთია: ფინჯანი თუ გაგიტყდათ – მოშურნეები გყავთ; თეფშის შემთხვევაში – ხელმძღვანელობას არ აწყობს თქვენი თანამდებობაზე დარჩენა. გაბზარვისა და ჩამომტვრევის შემთხვევაში კი, – ყურადღება კოლეგებს მიაქციეთ, შეიძლება, მათგან რომელიმეს თვალი თქვენს ადგილზე უჭირავს. რაც შეეხება ახალ ჭურჭელს, უნდა იცოდეთ, რომ თავად შეიძენთ თუ საჩუქარად მიიღებთ, ორივე შემთხვევაში გარკვეული სახის მინიშნებები უნდა გაითვალისწინოთ: ახალი ჭურჭლის გარეცხვით, მას იმ ნეგატიურ ენერგიას ჩამორეცხავთ, მაღაზიაში დებისგან რომ დაუგროვდა; თუ ზედ მარილს მოაბნევთ – გათვალვასა და ჯადოს გაანეიტრალებთ, რომელიც შეიძლება, თან მოჰყვა; შაქრის მოყრით ახალი ჭურჭელი ტკბილსა და მსუყე ცხოვრებას შეეჩვევა. ჭურჭლის მაგიდაზე დაწყობა – სახლის ახალი, დადებითი ენერგეტიკით დამუხტვაა; იატაკზე დალაგება – ცუდია, უიღბლობას იწვევს. სულ ახალი თუ ხმარებამდე გატყდა – ესე იგი, გაგთვალეს; ახლისა და ძველის ერთად შენახვისას კი, ყურადღება მიაქციეთ, ერთმანეთს თუ ეხამება. თუ არ მოგეწონათ, ცალ-ცალკე თაროებზე განალაგეთ და ყველაფერი კარგად იქნება. 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი