logo_geo
გიორგი ანდრიაძე: სტუდიას ვტოვებ, რადგან მსგავსი ტიპის უსინდისო არჩევნები მასმედიას ჯერ არ ჩაუტარებია!
- +

29 სექტემბერი. 2018. 02:01

 

 

„გადაცემაში იმისთვის მოვედი, რათა საზოგადოებას იმ აბსოლუტური ბლოკირების შესახებ ვაცნობო, რომელიც ტელევიზიების, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ხორციელდება“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი ანდრიაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

 

„თქვენ ეთერში ჩემს ყოფნას გაიხსენებთ?! 3 სექტემბერს თურქეთში მცხოვრებმა ქართველებმა ჩემ შესახებ კამპანია აწარმოეს, რაც უპრეცედენტო კამპანია იყო, მაგრამ ეს ინფორმაცია არც ერთ არხზე არ გაშუქდა და ეს ყველაფერი თქვენ ნიუსის სახითაც კი არ გაუშვით“, – განაცხადა ანდრიაძემ.

 

მისი თქმით, მასზე და სტუდიაში მყოფ კანდიდატებზე ხუთ-ხუთი წუთია გამოყოფილი, მაშინ, როცა პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი თორმეტი წუთის განმავლობაში იყო ჩართული.

 

„პარადოქსია ის, რომ ბავშვივით დამსვით და დავით უსუფაშვილის ლექციას მაყურებინეთ. რა, იქედან მე ვერ ჩაგერთვებოდით თუ კაბინეტი არ მაქვს?!“ – განაცხადა ანდრიაძემ.

 

როგორც ანდრიაძემ განაცხადა, ის დებატებში მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ და დავით უსუფაშვილს იწვევს, რადგან სასაუბრო მხოლოდ ულტრალიბერალებთან აქვს.

 

იმის ნიშნად, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მასმედიის როლს აპროტესტებს, პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიორგი ანდრიაძემ განცხადებების გაკეთების შემდეგ სტუდია დატოვა.

 

„ძალიან ზრდილობიანად და თქვენთან დიდი პატივისცემის ნიშნად, აღნიშნულ სტუდიას ვტოვებ, რადგან მსგავსი ტიპის უსინდისო არჩევნები მასმედიას ჯერ არ ჩაუტარებია“, – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.

 

big_banner
არქივი