logo_geo
ირაკლი შიხიაშვილი: ყველა მარტო პლანზე ლაპარაკობს...
- +

2 ოქტომბერი. 2018. 16:54


როგორ უნდა მივიტანოთ პროექტი - „გეორგია - შენი პროექტია“ საზოგადოებამდე, დარჩა თუ არა მიწები საქართველოში პროექტის განსახორციელებლად - ამ თემებზე
თბილისის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ვეტერანთა დეპარტამენტის ყოფილმა დირექტორმა, „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა და სახალხო მოძრაობის „გეორგია - შენი პროექტია“ დამფუძნებელმა ირაკლი შიხიაშვილმა რადიო „საქართველოს ხმის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა და სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება.  

„წალკაში ვიყავი და იქ სოფლის მეურნეობის გასავითარებლად საუკეთესო გარემოა. საზოგადოების ყველა ფენას მივმართავ, ეს არის ჩვენი სამშობლო და ეს პროექტი უნდა მოვითხოვოთ. კაშიას სამკლაურზე მთელი ერი ქაქანებს და 300 ათასი ირანელი რომ გვყავს ქვეყანაში მოქალაქეობის მაძებრად და ჰექტრობით მიწები იყიდება უცხოტომელებზე, საზღვრებზე გამუდმებით იტაცებენ ტერიტორიებს, ეს არ არის უფრო მნიშვნელოვანი? ვინმე საუბრობს ჯანსაღი ცხოვრების სიკეთეზე ან ქმნის ამ გარემოს? 24 საათი 150 დეპუტატი მარტო პლანზე ლაპარაკობს.
ხალხო, მივხვდეთ, რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის პატრონი. ნუ შევყურებთ, რომ ვიღაცა უცებ გადმოდგება და ხონჩით მოგვაყრის თავზე ოქროს მონეტებს. ჩვენ თუ გვინდა, რომ გვყავდეს ნამდვილი მეგობარი, ეს უნდა დავიმსახუროთ. ეს არის ხალხის პროექტი, ყველა ამ საქმეს დავუდგეთ გვერდში. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ემიგრანტებო, იაქტიურეთ, საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს პროექტის განხორციელება და ეს მოგვიტანს ხვალინდელი დღის იმედს. ხალხმა უნდა თქვას, რომ ჩვენ გვჭირდება ეს პროექტი. ძალიან მალე გავაკეთებთ ვიდეორგოლებს, რომ მოსახლეობას დავანახოთ, თუ როგორ არის  ეს პროექტი განხორციელებული ისრაელში. ეს საქმე ასე იწყება: განათლება, შემდეგ მაღალი ტექნოლოგიების და ინოვაციური პროგრამების დანერგვა, სწორი კვლევები, რა მოდის კონკრეტულ ტერიტორიებზე, რა პირობებში ვინახავთ ამ ყველაფერს, რა გადამამუშავებელი წარმოებები უნდა აშენდეს. ესაა პროექტის არსი. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პროექტში ადამიანები ჩაერთვებიან და ებრაელებთან ერთად მის განხორციელებას დაიწყებენ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ერთი სოფელი აშენდეს და მერე ამას ვეღარავინ გააჩერებს. უახლოეს პერიოდში რამდენიმე რეგიონში საინიციატივო ჯგუფებს დავაფუძნებთ, საზოგადოება დაინახავს, რამდენი ღირსეული ადამიანი ჩაერთვება პროექტში. ეს ინიციატივა მოქალაქეებისგან მოდის, ადამიანები მზად არიან, გადადონ პირადი საქმეები და დრო დაუთმონ პროექტის გავრცელებას.
ამ პროექტის განხორციელება ჩვენი დაკვეთა უნდა იყოს  და ჩვენ უნდა ვიყოთ ბევრნი“,
- განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.





big_banner
არქივი