logo_geo
როგორ შევინარჩუნოთ სილამაზე და მომხიბვლელობა - ოქროს რჩევები კირა ანდრონიკაშვილისგან
- +

5 ოქტომბერი. 2018. 02:55

 

 

მას ერთხმად აღიარებენ ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ და და ელეგანტურ ქალბატონად. წლების განმავლობაში მისი სახელი და გვარი არა ერთი გამოკითხვის სათავეშიაღმოჩენილა, როგორც ყველა დროის ულამაზესი ქართველი ქალი. 



კირა ანდრონიკაშვილს ულამაზესი ქალებით უხვად დაჯილდოებულ ქართულ კინოში თავისი განსაკუთრებული ადგილი უკავია. მაყურებელს დღემდე განსაკუთრებით უყვარს მის მიერ განსახიერებული როლები, ფილმებში: " მე ბებია ილიკო და ილარიონი", "მთვარის მოტაცება", "ერთი ცის ქვეშ", "მოლანდება" და მრავალი სხვა.



კირა ანდრონიკაშვილი დღესაც შესანიშნავად გამოიყურება, კვლავ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, ახლახანს 

 

დაამთავრა გადაღებები რეჟისორ ბიძინა ჩხეიძის ფილმში "ბუდე", რომელსაც მაყურებელი მალე იხილავს. კირა ანდრონიკაშვილი Reitingi.ge -ს მკითხველს სილამაზისა და მომხიბვლელობის შენარჩუნებაზე ესაუბრება.



" რა თქმა უნდა, ყველაფრის საწყისი გენეტიკაა, მნიშვნელობა აქვს, თუ რა გადმოგეცა შენი წინაპრებისგან, არ მინდა იფიქროთ, რომ მე ჩემს წინაპრებს ან ოჯახის წევრებს ვაქებ, უბრალოდ ნამდვილად ხელს მიწყობდა გენეტიკა. 


იმის მიუხედავად, რომ მშობლები, მამიდები (კირა ანდრონიკაშვილის მამიდა - ნატო ვაჩნაძე. 20-30-იანი წლების ქართული კინოს მეგავარსკვლავი, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი ქართულ კინოში) თუ სხვა ოჯახის წევრები სილამაზით გამოირჩეოდნენ, ამაზე არასდროს არ იყო საუბარი ოჯახში, არასოდეს მახსოვს განხილვები ამასთან დაკავშირებით, მეც არასდროს არ მქონია წარმოდგენა იმაზე, რომ გამორჩეულად ლამაზი ვიყავი. თუმცა, გენეტიკასთან ერთად, აუცილებელია თავის მოვლა, რაც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს შესისხლხორცებული.

 





- იქნებ გაგვიზიაროთ თქვენი რჩევები, რას ურჩევს მკითხველს ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური ქალბატონი?



- იცით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განწყობას, როგორ განეწყობი ამა თუ იმ საკითხის მიმართ, განწყობის თეორია ტყუილად ხომ არ დაწერა დიმიტრი უზნაძემ? მნიშვნელოვანია პოზიტიური აზროვნება, ეს პირდაპირ აისახება ადამიანის გარეგნობაზე. აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს შინაგან სამყაროს.



ასევე, საყურადღებოა დასვენების კულტურა, რომელიც უნდა გამოიმუშაო ადამიანმა, მე მაგალითად როდესაც ჩემს შვილებს ვზრდიდი, არასოდეს მყოლია დამხმარე, ყოველთვის ყველაფერს მარტო ვუძღვებოდი, მაგრამ ამის პარალელურად აუცილებლად მქონდა ჩემი საქმე, რითაც ვიყავი დაკავებული და როდესაც ვიღლებოდი, აი, ვთქვათ როდესაც პატარები მყავდნენ ბავშვები, მთელი დღის გaნმავლობაში ძალიან დავიღალე და ვიცი, რომ საღამოს თეატრში ან გამოფენაზე ვარ წასასვლელი, ამ დროს აუცილებლად 10-15 წუთი წამოვწვებოდი ხოლმე, ამ დროს ერთგვარი გადატვირთვა ხდება და ეს შეიძლება ხანგრძლივ ძილსაც უდრიდეს, 15-წუთიანი წათვლემა, შემდეგ ავდგებოდი და წავიდოდი თეატრსა თუ ოპერაში. 



ასევე, ძალიან დიდი ძალა აქვს მაგარ ჩაის, ყველას ვურჩევ, იცით ზოგჯერ ახალგაზრდებს ჩაის განსაკუთრებულ ძალაში ეჭვი ეპარებათ ხოლმე, მაგრამ თავად დარწმუნდებიან მის საოცარ თვისებებში.

 




- სტილთან და ჩაცმის კულტურასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
- უნდა იპოვო შენი სტილი, ის, რაც ყველაზე მეტად გიხდება და შენს ღირსებას წარმოაჩენს, შესაბამისად ნაკლს დაფარავს. კოკო შანელისგან ვიცით, რომ ბრმად, ფეხაკრეფით ვინც მისდევს მოდას, მას გემოვნება არ აქვს. უნდა ეცადო, გეცვას, რაც გიხდება. 
ახლა როცა ჩემს ძველ ფოტოებს ვადარებ ახლანდელ ჩაცმის სტილს, ვხვდები, რომ დღესაც ისევე ვიცვამ ,როგორც წლების წინ, რა თქმა უნდა, არის რაღაცეები, რასაც ასაკის მატებასთან ერთად ვითვალისწინებ, მაგრამ ამ შემთხვევაში, მე ვამბობ რაღაც საერთო ხაზს, რასაც არ ვღალატობ.



- ჩვენი დროს ერთ-ერთი ელეგენტური ქალბატონი თავად ვის მიიჩნევთ გემოვნებიან, ელეგანტურ ქალბატონად?



- თუ ელეგანტურობაზე მიდგება საქმე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ნანის დავასახელებ, მან ზუსტად იცის, რა უხდება, მისთვის ამ ყველაფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, გამორჩეულად ელეგანტურია მისი როგორც ყოველდღიური ჩაცმულობა, ისე ის საოცარი სასცენო კოსტიუმები, რასაც ის ატარებს. ნანი ბრეგვაძეს გვერდით ჰყავს ნიჭიერი ადამიანები, ვინც ურჩევენ, ეხმარებიან მაგრამ მთავარი აზრი ყოველთვის ნანისია.

 




- ქალბატონო კირა, პლასტიკურ ქირურგიასთან დაკავშირებით რა აზრის ხართ
- მივესალმები პლასტიკურ ჩარევებს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ეს სჭირდება, მას ძალიან სურს, რომ შეცვალოს რაღაც მის გარეგნობაში, ზომიერების ფარგლებში, ცხადია, მაგრამ რაც არ მომწონს, ეს არის ამაზე მუდმივი საუბარი, ვინ, როდის რა გაიკეთა, ამ ადამიანმა კორექტირება იმიტომ არ შეიტანა, რომ უნდოდა შეცვლა? ამიტომ შემდეგ საუბარი არ მომწონს.



ქალბატონებმა აუცილებლად უნდა იზრუნონ მათ გარეგნობაზე, თუნდაც სახლის პირობებში, აუცილებელია, ეცადო, იყო მოწესრიგებული, მახსოვს ამას წინათ, ერთ-ერთ ცნობილი და გამოჩენილი ადამიანის მეუღლესთან ერთად მოვხვდი, რომლის სახელსა და გვარს არ დავასახელებ, სიამაყით მითხრა, საერთოდ არაფერი არ მისვია სახეზე, ასე გამოვედიო, ძალიან გახარებული იყო, გამეღიმა, შენ რომ გიხარია, სხვა ადამიანს უხარია მოუვლელს რომ გხედავს?


სახლის პირობებში ძალიან კარგია ნიღბები, სახისთვის და თმისთვის. ყოველთვის გრძელ თმას ვატარებდი და როდესაც ზღვიდან ვბრუნდებოდი, ყოველთვის გამომშრალი მქონდა თმა ზღვისგან, თბილისში დაბრუნებისთანავე, თმას ვიცოცხლებდი ნიღბებით, რომელსაც კვერცხის გულით, რამდენიმე წვეთი ლიმნითა და აბუსალათინის ზეთით ვამზადებ.


ძალიან არ მომწონს, როდესაც გაუთავებლად ეწევიან სიგარეტს, მე პირადად მირჩევნია, ფეხით ვიარო, როცა გაბრაზებული და გაღიზიანებული ვარ და ამით გამოვიდეს ეს გაბრაზება, ვიდრე სიგარეტი მოვწიო. კარგად ვიცით სხვა მავნებელ რიგ თვისებებთან ერთად ნიკოტინი ძალიან მალე აბერებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი