logo_geo
საუკეთესო ბაზიერის ტიტულის მფლობელი ქალი
- +

16 ოქტომბერი. 2018. 23:32

 

 

გვანცა ვაჩეიშვილს ბაზიერობისადმი ინტერესი და ფრინველების სიყვარული ბაბუასა და მამისგან ერგო, 13 წლისას უკვე საკუთარი ფრინველი ჰყავდა. გურიაში, განსაკუთრებით ჩოხატაურში ეს საქმე მეტად პოპულარულია. როგორც გვანცამ მითხრა, სწორედ აგვისტოში იწყება ფრინველების დაჭერის სეზონი. ბაზიერთა კავშირის თაოსნობით წინა წლებში ხშირად იმართებოდა შეჯიბრებები და ჩემპიონატები. გვანცას უკვე ყველაზე ნორჩი ბაზიერისა და საუკეთესო ქალი ბაზიერის სტატუსი აქვს. 


- მხოლოდ მამა კი არა, ჩემი ბაბუა და დიდი ბაბუაც წარმატებული ბაზიერები ყოფილან. ბაბუა რამდენჯერმე გამხდარა საქართველოს ჩემპიონი. მოკლედ, ვაჩეიშვილები ჩოხატაურში ცნობილები არიან, ბაზიერობა ჩვენი საგვარეულო ტრადიციაა. მამას ფრინველები ძალიან უყვარს. როდესაც სეზონი იწყება, აღარავინ და აღარაფერი ახსოვს.


- ბაზიერისთვის სეზონის დაწყება რას ნიშნავს?


- ფრინველების დაჭერის სეზონი მახრას დაჭერით იწყება. სწორედ მახრას საშუალებით იჭერენ პატარა ჩიტ ღაჟოს, რომელსაც კარგად მართავენ - ეს ნიშნავს, რომ ღაჟოს ასწავლო ჯოხზე კარგად ჯდომა, ფრინველის დანახვისას რომ არ შეშინდეს და ჯოხზე არ ჩამოეკიდოს, მან ბადეში უნდა შემოიტყუოს ქორი, მიმინო... შევარდენს იშვიათად იჭერენ ბადით. 


- გვანცა, რამდენი წლის იყავი, ბაზიერობით რომ დაინტერესდი და პირველი ფრინველი როდის გაწვრთენი?


- ფრინველი, ძირითადად, ხელზე ჯდომითა და მიჩვევით იწვრთნება, რაც შეიძლება მეტი დრო უნდა გაატარო მასთან, რომ მოგეჩვიოს და ადამიანების შიში აღარ ჰქონდეს. ბავშვობიდან ხელზე ხშირად მეჯდა მამას ფრინველი - ვმეცადინეობდი, ვთამაშობდი, ვკითხულობდი თუ სხვა საქმეს ვაკეთებდი, ფრინველი სულ თან მყავდა. ადრე, ბაბუას დროს ერთი ქალი ბაზიერი, გვარად ბერძენიშვილი, საქართველოს ჩემპიონი ყოფილა. მას შემდეგ აღარავინ გამიგია. სხვათა შორის, გვანცა ბაბუამ დამარქვა. გადმოცემის თანახმად, ყოფილა დედოფალი გვანცა, რომელსაც ფრინველები ძალიან ჰყვარებია. ბაბუამ იცოდა ეს ლეგენდა და ამიტომ აურჩევია ჩემთვის ეს სახელი. ალბათ მეექვსე კლასში ვიქნებოდი, მამამ რომ შემომთავაზა პირველად, ფრინველი გამეწვრთნა. "რიჟა" ვარ და ყოველთვის ჩემი ფერის ფრინველი მყავდა - მამა რომ დაიჭერდა, მე მჩუქნიდა. თანდათანობით დავოსტატდი, ბაზიერთა შეჯიბრებებშიც აქტიურად ვმონაწილეობდი და სამჯერ გავხდი საქართველოს ჩემპიონი. ერთხელ მე და მამამ ერთნაირი ქულები დავაგროვეთ, მსაჯებმა გაგვამეორებინეს ნომერი და მე ვაჯობე.


- მერე მამას არ ეწყინა?


- მსაჯებმა უთხრეს, გოგოა, თანაც შენი შვილი და უპირატესობა მას მივანიჭეთო. მამამ კი, შვილი ვიცი სახლში და აქ, შეჯიბრებაში, სტადიონზე ობიექტურად შეგვაფასეთო. ეს ხუმრობით, თორემ, რა თქმა უნდა, გაუხარდა ჩემი წარმატება. მე, მამაჩემს და ჩემს ძმას, სამივეს ერთად რომ გვაჯილდოებდნენ, ხუმრობით ამბობდნენ, ვაჩეიშვილებისთვის ჩაგვიტარებია ეს ჩემპიონატიო. 


- . . ერთ ოჯახში 3 ბაზიერი ხართ. დედასაც ხომ არ შეასწავლეთ ეს ხელობა?


- დედა ბაზიერი არ არის, მაგრამ მამას სახლში არყოფნისას, ის ბებიასთან ერთად აქტიურად იყო ჩართული ამ საქმეში - ფრინველი თოკზე რომ არ დახვეულიყო, მზეს არ დაესიცხა, წყალი ჰქონოდა და ა. შ. 


- მტაცებელი ფრინველი უფრო ერთგულია? თუმცა, ზოგჯერ ნადირობის შემდეგ ის პატრონს აღარ უბრუნდება?


- ასე მგონია, რომ უფრო მეტი ერთგულება შეუძლიათ, თუმცა ზოგჯერ კარგად მიჩვეულმა ფრინველმაც შეიძლება დაგტოვოს, მაგრამ იშვიათად. გააჩნია მტაცებელი ფრინველის ხასიათსაც. მაგალითად, მიმინოს მარტო კვებით ვერ მიიჩვევ. ქორს 1-2 დღეს თუ კარგად აჭმევ, მესამე დღეს არ მოგშორდება, უფრო ჭამაზეა ორიენტირებული. შევარდენს განსხვავებული ხასიათი აქვს, ფსიქოლოგიურად უნდა მიუდგე - ამაყია, იოლად ვერ დაიმორჩილებ და მისი გაწვრთნის მეთოდიც განსხვავებულია. 


- როგორ გამოხატავენ პატრონის მიმართ სიყვარულს?


- მე უფრო მიმინოსა და მარჯანის გაწვრთნა მიწევს. 3 წელი მყავდა ერთი მარჯანი, რომ დამინახავდა, მცნობდა, მეფერებოდა, ხან საყურეზე მეთამაშებოდა, მწიწკნიდა, სიყვარულს თავისებურად გამოხატავდა. მეც განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა მის მიმართ, ფერადი და ულამაზესი იყო. მერე ეზოში კატამ შემიჭამა, რის გამოც ძალიან ვინერვიულე. ისედაც არ მიყვარდა კატები და მას შემდეგ ხომ საერთოდ... სხვათა შორის, შევარდენმა უფრო იცის პატრონის შეყვარება. ისე გეჩვევა, რომ შეიძლება შენს სახეზე, თავზე ნისკარტი ისე მშვიდად გაიწმინდოს, ვითომც არაფერიაო.


- გაწვრთნის პროცესი ალბათ დიდ მოთმინებას მოითხოვს. სხვა რა უნარ-ჩვევებია საჭირო ფრინველის გასაწვრთნელად?

- ზოგჯერ შეიძლება ფრინველს არ მოეწონო, არ მიგიღოს, დღეების მანძილზე არ შეჭამოს არაფერი, წყალი არ დალიოს და მაშინ იძულებული ხდები, გაუშვა. ასეთი რთული ხასიათის ფრინველებს უფრო მამა წვრთნის ხოლმე. თუ ფრინველი რამდენიმე დღის განმავლობაში საჭმელს არ ჭამს, ბაზიერი უნდა იყოს მომთმენი და მშვიდი, ემოციები და აგრესიული დამოკიდებულება საქმეს აფუჭებს, უნდა უყვარდეს ფრინველი, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხულია მისი გაწვრთნა. აგრესია არ უყვარს ფრინველს, ის ამას გრძნობს. ყოველი შეჯიბრების დროს მე ძალიან ვნერვიულობდი, რასაც ფრინველი გრძნობდა - ხელზე ბრჭყალებს მიჭერდა, ღიზიანდებოდა. მახსოვს, შეჯიბრების დროს ჩემი ფრინველი გუბეში წყლის დასალევად გადახტა, მეც მექანიკურად ხელი გავუშვი და გაფრინდა. მამა, მიშველე-მეთქი, ვიყვირე. მე ჯერ არ ვიყავი შეჯიბრებაზე გასული და უფრინველოდ ვრჩებოდი. მთელი სტადიონი ჩაერთო მისი ხიდან ჩამოყვანის საქმეში.


- რისკიანი პროფესიაა, ხომ?


- ხელზე რამდენიმე ნაიარევი მაქვს, ძირითადად, მარჯვენა ხელზე ვისვამთ ფრინველს. ჩემს ძმას ქორი ჰყავდა. საქნიერს ვეძახით, ფრინველს დასვამ, შენ გარბიხარ და ის ან მოგდევს, ან დანიშნულების ადგილას რომ მიხვალ, დაუძახებ და მოდის. ისე გყავს მიჩვეული, რომ შენს ხელზე მოდის საჭმელად. მახსოვს, ერთხელ ხორცი დაუმალა, რომ ჰაერში ავარდნილიყო და იქიდან წამოსულიყო. ქორი ამაზე ძალიან გაბრაზდა და ჩემს ძმას სახეზე ბრჭყალები დაუსვა. 


- ალბათ ბევრს უკვირს შენი ბაზიერობა. არა მგონია, ბევრი ქალი იყოს ბაზიერი.


- ჩოხატაურში უკვე არავის უკვირს ეს, სხვაგან კი ყველა მეკითხება, არ გეშინიაო? არაფერია იმაზე სასიამოვნო, როდესაც ფრინველს, რომელსაც შენი ენა არ ესმის, ეძახი და მოდის, ეუბნები და იგებს... 


- ამჟამად რას საქმიანობ?


- პროფესიით სტომატოლოგი ვარ, მაგრამ მოლარე-ოპერატორად ვმუშაობ ერთ-ერთ ბანკში. ჯერჯერობით გასათხოვარი ვარ და ვიცი, ჩემს რჩეულსაც შევაყვარებ ფრინველებს... 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი