logo_geo
რეზო გაბრიაძე - „ჩვეულებრივი გენიოსი“
- +

22 ოქტომბერი. 2018. 16:42

 

 

სცენარისტი, რეჟისორი, მოქანდაკე, უნივერსალური ნიჭის მქონე ადამიანი - ასე აფასებს რეზო გაბრიაძეს „Deutche Welle“-ს სტატიის ავტორი.

 

„DW“ გვახსენებს, რომ გაბრიაძე ისეთი ფილმების სცენარისტია, როგორებიც არის „არ დაიდარდო“, „მიმინო“, „ქინ-ძა-ძა!“, ასევე ის არის ილუსტრატორი, რეჟისორი, თბილისში თოჯინების თეატრის დამაარსებელი, ლიტერატორი.

 

თუმცა, წერს მასალის ავტორი, მიუხედავად იმისა, რომ რეზო გაბრიაძემ დახატა ასობით ფერადი, ორიგინალური ნახატი და მისი გამოფენები საქართველოს, რუსეთის და სხვა ქვეყნების საუკეთესო მუზეუმებში გამართულა - ის ნაკლებად არის ცნობილი, როგორც მხატვარი, ფერმწერი.

 

მიუნხენის გამომცემლობა „Sieveking Verlag“-მა გერმანულ და ინგლისურ ენებზე გამოუშვა წიგნი-ალბომი სახელწოდებით „გაბრიაძე. საქართველოს მხატვარ-პოეტი“.

 

 

„DW“ აღნიშნავს, რომ ალბომი მხოლოდ ქაღალდზე აღბეჭდილი მდიდარი გალერეა არ არის, მასში თავად გაბრიაძეს შესახებაც არის მოთხრობილი. გაბრიაძისადმი მიძღვნილი თავის სათაურია „ჩვეულებრივი გენიოსი“.

 

„DW“ წარმოგვიდგენს ალბომში შესული გაბრიაძის ნახატების ნაწილს.

 

„გვირგვინი დეზდემონასთვის“ - 1984 წელი. რეზო გაბრიაძის ერთ-ერთი ნამუშევარი.

 

 

„ოცნების კოშკი“, 1991 წელი.

 

 

„შემთხვევით დაშვებული პარაშუტისტი“ - 1973 წელი.

 

 

„ცირკი-შაპიტო“ - 2011 წელი;

 

 

„დესტალინიზაცია“ - 1976 წელი;

 

 

„ჩხუბი ორ მკერავს შორის“ - 1982 წელი;

 

 

„ზამთარი ბულვარის ერთ მხარეს“ - 2011 წელი;

 

 

„მოწყენილი ქალაქი“ - 1979 წელი;

 

 

რეზო გაბრიაძე, როგორც მხატვარი, მრავალ გამოფენაში მონაწილეობდა: გერმანია, (მიუნხენი), საფრანგეთი (რენე, დიჟონი), შვეიცარია (ლოზანა), რუსეთი (მოსკოვი და პეტერბურგი), მათ შორის პეტრე დიდის „ჩაის სახლში“ და რუსულ-ამერიკულ გამოფენაში „ერმიტაჟში“.

 

2012 წელს მოსკოვში პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების ნაციონალურ მუზეუმში რეზო გაბრიაძის ნამუშევართა დიდი პერსონალური გამოფენა გაიხსნა, რომელზეც მხატვრის 182 ფერწერული, გრაფიკული, კერამიკული, სკულპტურული და თოჯინური ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

 

მხატვრის ნამუშევრები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული: სანქტ-პეტერბურგის თეატრალური და მუსიკალური ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში; ანა ახმატოვას მუზეუმში „შადრევნის სახლში“ ფონტანკაზე (სანქტ-პეტერბურგი); ფიოდორ დოსტოევსკის მემორიალურ მუზეუმში (სანქტ-პეტერბურგი); ალექსანდრე პუშკინის სახელობის მუზეუმში (სანქტ-პეტერბურგი); ბულატ ოკუჯავას სახლ-მუზეუმში (პერედელკინო); ა. ბახრუშინის სახელობის თეატრალურ მუზეუმში(მოსკოვი).

 

ფერწერული ნამუშევრების გარდა რეზო გაბრიაძის სკულპტურები ოდესასა და სანქტ-პეტერბურგშია.

 

მხატვარი 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორიცაა: საქართველოში, საფრანგეთსა და რუსეთში.

 

რეზო გაბრიაძეს მიღებული აქვს საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი