logo_geo
სიტყვები, რომლებიც ქართლში სტუმრობისას გამოგადგებათ
- +

23 ოქტომბერი. 2018. 01:47

 

 

ქართული სიტყვიერება განსხვავებულია სხვადასხვა კუთხეში და ამ კუთხურ მეტყველებას ენათმეცნიერები კილოს ანუ დიალექტს უწოდებენ.

დიალექტები ბევრია, თუმცა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას ერთი სამწერლობო და სალიტერატურო, ქართული ენა გააჩნია, რომელსაც თავისი წესები აქვს.

ხშირად ამ წესებს, კუთხური მეტყველების დროს, არ იცავენ. გთავაზობთ, იმ სიტყვებს, რომლებსაც ქართლის სოფლებში იყენებენ. ქართლური დიალექტის ლექსიკონის ავტორებმა ეს სიტყვები ძველ სოფლებში მოისმინეს.

მასალები მოაგროვა და ლექსიკონი შეადგინა მერი მესხიშვილმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატმა. გამოქვეყნებული აქვს წერილები "ქართული დიალექტიზმები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში" (1962), "მასალები ქართული დიალექტოლოგიური ლექსიკონისათვის" (1970), "ქართული ლექსიკონი" (1981, თ. ბეროზაშვილსა და ლ. ნოზაძესთან ერთად).

იგი მონაწილეობდა "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის"(ტ. 1-8, 1950-1964) მომზადებაში. (VI ტომის ერთ-ერთი რედაქტორია). ლექსიკოგრაფი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.


1. აგრალე - აი მანდ (შედარ: ამდე, ემდე)
2. ააბოლავებს - ააყირავებს
3. ააკოკოლავებს - ბევრს დაყრის
4. ააშურშურებს - სწრაფად, მაგრამ ზერელედ გააკეთებს
5. აბრაგანი - პანღური
6. აბუეტი - მიუხვედრელი
7. აბუქა - მფლანგველი, ვინც ანიავებს
8. ავყური - ქათმის სიბრმავე
9. აზგამო! - ძაღლისთვის შეძახილი, რომ წავიდეს
10. აზირ - ჯობს, ბარემ
11. ბაზო - ჩაწეული ადგილი კვლებს შორის
12. ბათარა - სქელკისერა, დიდთავა ძაღლი
13. ბაიბურში - არაფერი გაეგება
14. ბრაგანაობს - ფეხარეული დადის
15. გაამთავნიერებს - კარგად დაამუშავებს მიწას
16. გააფშიკინებს - ძალიან გაახმობს
17. გააწარეულებს - გააბინძურებს
18. გაბაზრებული - ბაზარში მოსიარულე
19. გაბერტყილა -  გასულა (მაგ. მთელი დღე)
20. გაბიბღული - უშნოდ ჩასუქებული
21. გაბრექილი - წელში გამართული
22. დააბევებს - დანიშნავს (ქალს)
23. დააემინებს - დაამშვიდებს
24. დააავარანგებს - მოიღრუბლება და მოთბება ზამთარში
25. დაანარნარებს - სუფთად დაგვის, დაასუფთავებს
26. დააჟიებს - კარგად მორწყავს, გაჟღენთს, დაალბობს
27. დაასორსოლავებს - გრძლად დაამრგვალებს (თიხას, მიწას)
28. დააქიმატებს - აშიმშილებს, მოაშიებს
29. დააჩოფინებს - აჯობებს, დაჩაგრავს
30. დააწაწებს - დააკარებს ხელს
31. დაახამებს - დააყოვნებს, დააგვიანებს
32. ებე - გაკვირვების ნიშანი
33. ედაგება - წვალობს, იტანჯება
34. ეკნაჭება - ეკითხება, ესაქმება.
35. ეკნიწება - შიშით გული მისდის
36. ენაქლარცი - ენაგრძელი
37. ენდელა - ამოდენა
38. ვირგლა - ზამთრის მსხალი
39. ვირიგვერდა - გაუგებარი, რეგვენი, კერპი, ჯიუტი
40. ვიქსაჰა! - შეძახილი ღორს
41. ზადიანი - პირგაქუშული, მუწუკიანი
42. ზედახორა - ერთ ადგილზე თავმოყრა
43. ზმუკუტუნი - წყევლა ბავშვის, რომელიც გამბით ტირის
44. თავბროლი - საღი (კაკალი)
45. თავპირწაჭმული - ვინც ზომიერება არ იცის საუბარში
46. იარშიებს - შეიფერებს
47. იზმუზნება - ულაზათოდ ჭამს
48. ითანიებს - შეეჩვევა, შეეგუება
49. იკიკნება - ცოტას ჭამს
50. იმსააჩი - მაშინვე
51. იმტკიცავს - უარზეა
52. ისამე - ისემე, ისა(სიტყვის მასალა)
53. კაირამას - მადლობა ღმერთს
54. ლახიწი - გამხდარი
55. მავანი - ვინმე, ვიღაც
56. მარტოკინა - მარტოდმყოფი
57. მაშინისთვინ - იმ დროისათვის
58. ნაფაცუცევი - ნაჩქარევი
59. ოხერი - მარჯვე, მოხერხებული
60. პირკატანაცემი - მოულოდნელი
61. ჟუჟუნკლები - მცირეწლოვანი შვილები
62. რათახანია - დიდი ხანია
63. რჩენულობს - თავს ირჩენს
64. სადანამდისინ - სადამდე
65. საკლისობს - რისამე ნაკლელობას განიცდის
66. სალეველი - სანოვაგე
67. ტარაბუცა, ტარამანა - მეტიჩარა
68. ტორღიალი - უმიზნოდ სიარული
69. ურამეობა - უქონლობა
70. ურატრატებს - თავბრუ ეხვევა
71. ფათაფუთით - სწრაფად, ნაჩქარევად
72. ქვეყანათაზე - სრულიად, სავსებით
73. ქიციც - ქიციც იცის და ქიცმაცურიც. ამბობენ იმაზე, ვინც ამა თუ იმ საკითხზე, ყველაფერი იცის
74. ღატრაკუნა - ღარიბი
75. ღვარძლა - სარეველა ბალახი
76. ყაიდა - კარის ზემოთა და ქვემოთ ფიცრები
77. შაშკვლავი - რეჰანი
78. შეთიანი - ფეთიანი
79. შეიწევს - მიითვისებს
80. ჩაიჯაჯავს - ტანზე მოუხერხებლად ჩაიცვავს
81. ჩამოაროხროხებს - მსხვილად დაფქვავს
82. ჩასკდი! - მსუბუქი წყევლაა
83. ცხენთავა - თამამი, თავაშვებული ქალი
84. ძაღთოდენი - ბევრი
85. ძუძუანასხლეტა - უძუძოდ გაზრდილი.
86. წაეტოტება - წასწვდება
87. წაეხირება - იმიზნოდ წავა სადმე
88. წამოუბოლებს - საყვედურს ეტყვის, წამოსძახებს
89. ჭორიაჭყატუნე - ჭორიკანა
90. ჯუჯულა - კაცი, ვინც ქალის საქმეში ერევა
91. ჯირკელა - დაბალი, მაგრამ ღონიერი ადამიანი
92. ჯარიჯარამათი - დიდი ჯარი.

 

 

წყარო - http://www.qartli.ge

 

 

 

 

 

big_banner
არქივი