logo_geo
მაგდა მჭედლიძე: დედამ დიდუბის პანთეონს მის საყვარელ მხარეში დაკრძალვა არჩია
- +

15 იანვარი. 2017. 18:33


 

 

„საკუთარი წარმატებაც და უიღბლობაც მისთვის ირონიის საბაბი იყო. ალბათ, სწორედ ეს დამოკიდებულება შველოდა ძნელბედობის ჟამს", - საუბრობს ჟურნალ „სარკესთან" მაგდა მჭედლიძე, რომელიც გასული საუკუნის ცნობილი ფილმების სცენარების ავტორის და დამდგმელი რეჟისორის ნანა მჭედლიძის ქალიშვილია. რეჟისორი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა და დედას უკანასკნელი სურვილი მისმა ერთადერთმა ქალიშვილმა აუსრულა - ის მშობლიურ და საყვარელ მხარეში დაკრძალეს.


ნანა მჭედლიძეს კიდევ ერთი სურვილი დარჩა, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ განახორციელა - თავისი წინაპრის, ახალმოწამე სიმონ მჭედლიძის შესახებ ფილმის გადაღება სურდა.

 

„დედა 2016 წლის 29 მარტს გარდაიცვალა, თავისი 90 წლის იუბილედან რამდენიმე დღეში. ძლიერი ხასიათის, დამოუკიდებელი ადამიანი იყო და საშინლად განიცდიდა იმას, რომ ძალები თანდათანობით აკლდებოდა.

 

ბოლო დღესაც კი თავს ძალა დაატანა და ადგა, მაგრამ მალევე დაწვა. სრულიად საღ გონებაზე მყოფი, გულის უკმარისობით გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მისი დაკრძალვა დიდუბის პანთეონში იყო განსაზღვრული, ყველაფერი დედაჩემის სურვილის მიხედვით მოხდა. მას ნათქვამი ჰქონდა, რომ ხონში, დედისა და გამზრდელის გვერდით დაგვეკრძალა და ეს ბოლო ოცნება ავუსრულეთ.

 

ნანა მჭედლიძეს ერთი განუხორციელებელი ოცნებაც დარჩა. წმინდა სიმონ მჭედლიძეზე ფილმის გადაღება სურდა. მასალების მოგროვებისას, საკუთარი ხელით გადაწერა რამდენიმე რვეული, ახალმოწამეთა დაკითხვის ოქმები. როგორც ამბობდა, ფილმისთვის ფინალიც ჰქონდა მოფიქრებული, მაგრამ არ დასცალდა.

 

ამას წინათ, კინომცოდნე გოგი გვახარიას ძალიან ზუსტი შეფასება წავიკითხე - თვითირონიით გამორჩეული რეჟისორი იყოო. საკუთარი წარმატებაც და უიღბლობაც მისთვის ირონიის საბაბი იყო. ალბათ, სწორედ ეს დამოკიდებულება შველოდა ძნელბედობის ჟამს, რაც ცხოვრებაში არცთუ იშვიათად ჰქონდა.

 

მისი ირონია მისსავე შემოქმედებაში, ფილმებსა და მოთხრობებში ჩანს. წელს ნანა მჭედლიძის მოთხრობების კრებული „შემოქმედებითი დავიდარაბა" გამოვიდა, რომელშიც სხვა ამბებთან ერთად, მისი პირადი კინოშემოქმედებითი დავიდარაბაც არის გაშარჟებული.

 

დედა სიცოცხლის ბოლო წლებშიც წერდა მოთხრობებს. უკანასკნელ თვეებში იშვიათად, მაგრამ წერდა. 2015 წელს გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში" მისი ბოლო მოთხრობა გამოქვეყნდა. ასევე აქვს ჩანაწერები, რომლებიც დასრულებული არ არის. ოდესმე იმასაც მოვუყრი თავს და ფრაგმენტების სახით გამოვცემ", - საუბრობს ინტერვიუში მაგდა მჭედლიძე.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი