logo_geo
ლია ელიავას გამორჩეული ხიბლი და „აკრძალული სიყვარული“
- +

3 ნოემბერი. 2018. 01:23

 

 

ლამაზი წყვილი იყო... მსახიობები ქუჩაში წამით არ რჩებოდნენ ყურადღების გარეშე. მათ ერთმანეთი ლეო ესაკიას ფილმ ''ბაში-აჩუკის'' გადაღებებზე გაიცნეს და დაახლოებით ერთ წელიწადში დაქორწინდნენ. 28 მაისი ლია ელიავას დაბადების დღე იყო. ოთარ კობერიძემ მეუღლის გარეშე 17 წელი იცხოვრა და 2015 წლის 9 მარტს გარდაიცვალა...

 

ლიას ბებია-ბაბუა ზრდიდნენ, ვინაიდან 1937 წელს მამამისი შალვა ელიავა დაიჭირეს და დახვრიტეს, ხოლო დედა, ეკატერინე კერესელიძე, ციმბირში გადაასახლეს. შალვა ელიავამ გერმანიაში ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა, კარგა ხანს იქვე მოღვაწეობდა, საქართველოში დაბრუნებული 34 წლისა

ფინანსთა მინისტრად დანიშნეს, მაგრამ 1937-ში 37 წლის შალვა დაიჭირეს, გერმანიის ჯაშუშობაში, დივერსიების დაგეგმვასა და მსგავს ''ფაქტებში'' დაადანაშაულეს.

 

ბებია-ბაბუას ანაბარა დარჩენილი ლიას ბავშვობამ რთულად განვლო, ყოველგვარ ზეიმსა და სილაღეს იყო მოკლებული. სამშობლოში დაბრუნებული ეკატერინე კერესელიძე შვილის მაშინ შეხვდა, როცა ლია 17 წლის იყო. ბუნებრივია, წლების განმავლობაში მათ შორის დიდი გაუცხოება მომხდარიყო და თავიდან ''დედის'' დაძახებაც კი უჭირდა.

 

სკოლის დამთავრების შემდეგ ლია მოსკოვში ჩავიდა და ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა. სწავლის პერიოდში მარტო ცხოვრობდა. იქვე გათხოვდა, თუმცა მხოლოდ ერთი წელი იცხოვრა ქმართან. ესეც მისი სტუდენტური ცხოვრების პატარა ეტაპი იყო...

 

არც ოთარ კობერიძის ბავშვობა ყოფილა ლაღი. ძალიან პატარა იყო, როცა ჯერ მამა გარდაეცვალა და ცოტა ხანში- დედაც. ის და უმცროსი და ლეილა დედის მშობლებმა გაზარდეს. მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, ფრონტზე წასვლა მოისურვა, მაგრამ ვინაიდან სრულწლოვანი არ იყო, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს ამის უფლება არ მისცეს. ორი წელი როგორღაც გაძლო, მერე დაბადების მოწმობაში ერთი წელი მიიმატა და მაინც წავიდა. იბრძოდა ჩეხოსლოვაკიაში, სწორედ იქ, სადაც მოგვიანებით ფილმი ''შეწყვეტილი სიმღერა'' გადაიღეს. ომიდან დაბრუნებულმა მსახიობობა გადაწყვიტა და მალევე გადადგა პირველი ნაბიჯები კინოში...

 

ლია ელიავამ ''ბაში-აჩუკის'' დამდგმელი რჟისორებისგან შეთავაზება მოსკოვში ყოფნისას მიიღო. თავდაპირველად დაფიქრდა, ვინაიდან მისი გეგმები რუსეთის დედაქალაქში დარჩენასა და იქვე მუშაობას უკავშირდებოდა, მაგრამ გადაიფიქრა, თბილისში დაბრუნდა და დარჩა კიდეც...

 

''ბაში-აჩუკის'' ერთ-ერთი სცენის გადაღებისას ლიას კარგა ხნით დაუგვიანია. ოთარს ჯერ არ ჰყავდა პარტნიორი ნანახი და რეჟისორისთვის გაბრაზებულს უკითხავს, – კი მაგრამ, ვინ არის ეს ლია ელიავა, მე ვარ მთავარ როლში თუ ისო. ესაკიას უპასუხა: აი, მოვა და ნახავ, ვინც არისო. როგორც მოგვიანებით ოთარ კობერიძე იხსენებდა, ლიამ გამოჩენისთანავე მიიპყო მისი ყურადღება, მეტიც, ეს ერთი ნახვით სიყვარულს ჰყავდა. ლიასაც იგივე რეაქცია ჰქონია. შემდეგ ''მამლუქში'' მოუწიათ პარტნიორობამ, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ რამდენიმე ფილმში არიან ერთად გადაღებული.

 

მართალია, იმ დროს ლია უკვე გაშორებული იყო ქმართან, მაგრამ ოთარს ოჯახი ჰქონდა. ''ბაში-აჩუკის'' გადაღებებისას, ყველა მსახიობების სიყვარულზე ალაპარაკდა. იმ დროს საქართველოში ამგვარი ''აკრძალული სიყვარულის'' გამჟღავნება, რბილად რომ ვთქვათ, არ იყო მარტივი. დიდი მითქმა-მოთქმის, ემოციური თუ ფიზიკური ბარიერების გადალახვის შემდეგ მსახიობმა წყვილმა ერთად ყოფნა გადაწყვიტა.

 

მას შემდეგ, რაც ლიას მამა დახვრიტეს და დედა გადაასახლეს, მათ სოლოლაკში მდებარე ბინა ჩამოართვეს. გადასახლებიდან დაბრუნებულ ეკატერინეს იმავე უბანში სარდაფი მისცეს, სადაც თავდაპირველად ის, ლია და ოთარი ერთად ცხოვრობდნენ. ქორწილი არ გადაუხდიათ, საშუალება არ ჰქონდათ. იქვე შეეძინათ ქალიშვილი- ნანა. რამდენიმე წლის შემდეგ ცოლ-ქმარს ბინა უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე მისცეს. სახლი 33 თბილისში მსახიობების სახლად იყო ცნობილი, სადაც სულ რეჟისორები, ოპერატორები და მსახიობები ცხოვრობდნენ. ბოლოს ბინა გამოიცვალეს და ვაკეში დასახლდნენ.

 

ლია და ოთარი ბევრს მუშაობდნენ. ქალი დაახლოებით 40-მდე ფილმშია გადაღებული, ორჯერ მეტში აქვს მონაწილეობა მიღებული მის მეუღლეს. თვეობით იმყოფებოდნენ გადაღებებზე, უმთავრესად ცალ-ცალკე. მიუხედავად ამისა, თურმე ეჭვიანობა არც ერთს ახასიათებდა.

 

ლია თეატრში როლებით განებივრებული არ ყოფილა, თუმცა ოთარი ამ თვალსაზრისით აქტიური იყო და წლების განმავლობაში მუშაობდა სოხუმისა და მარჯანიშვილის თეატრებში.

 

ლია უაღრესად ქალური და განსაკუთრებული ხიბლის მატარებელი გახლდათ. ისეთი გარეგნობა ჰქონდა, რომელიც ყველა დროს შეეფერება. მისი გარემოცვიდან ცნობილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ნაზი ჩანდა, პრინციპული და ძლიერი ხასიათი ჰქონია. მიმნდობი იყო, თუმცა არაერთმა გაუმტყუნა იმედი. ერთხელ მათ სახლში ერთი ქალი მივიდა, რომელიც სამსახურს ეძებდა. დიასახლისისთვის არ დაუმალავს, რომ ციხიდან ახალი გამოსული იყო, სადაც სასჯელი ქურდობისთვის მოიხადა და არც ის, რომ სვამდა. ლია ენდო, ბევრი არ უფიქრია, ისე დატოვა თავისთან. დამხმარე ქალი სმას გადაეჩვია და წლების განმავლობაში მუშაობდა მათ ოჯახში სახლს ალაგებდა, სადილს ამზადებდა, მსახიობების შვილს უვლიდა.

 

ყველა ქალს თავისი ''სისუსტე'' აქვს. ალბათ, ბევრისთვის ისიც საინტერესოა, თუ როგორი იყო ლია ელიავა ყოფაში და არა ეკრანზე: მსახიობი ტანსაცმელს ყოველთვის საზღვარგარეთ ყიდულობდა. თუ იქ რამე მოეწონებოდა და შესაძენად შესაბამისი თანხა არ ჰქონდა, შემდეგ ისეთ კაბებსა და კოსტიუმებს თბილისში იკერავდა. უყვარდა ატმის ყვავილისფერი, ლურჯი და ძირითადად, პასტელის ფერები. შავი ძალიან უხდებოდა და როცა ამ ფერის კაბა ეცვა, ყველაზე მეტ კომპლიმენტს მაშინ იღებდა. წონის პრობლემა არასოდეს ჰქონია, ხანში რომ შევიდა, ცოტა მოიმატა. ამის გამო წუხდა და საკვების მიღებისას თავის გაკონტროლებას ცდილობდა. ცოტას ეწეოდა, დღეში ერთ-ორ ღერს. სუნამოებს განწყობის მიხედვით იცვლიდა.

 

არ უყვარდა ყვავილების ტკბილი და მძიმე არომატები, რამე მსუბუქი და გრილი ერჩივნა. ყოველთვის კარგი ხარისხის კოსმეტიკა ჰქონდა, ძირითადად, საზღვარგარეთიდან ჩამოჰქონდა და იმხანად ერთ-ერთი ცნობილი კოსმეტიკური ბრენდის ''მაქს ფაქტორის'' კოსმეტიკური საშუალებების მომხმარებელი იყო. სახლიდან მაკიაჟის გარეშე არასოდეს გადიოდა, თუმცა ხშირად ამბობდა თურმე, ვერა და ვერ ვისწავლე მაკიაჟის გაკეთებაო. თვალის შავი ფანქარი, ტუში და პომადა- ეს ნივთები მუდამ ეწყო მის ოთახში სარკესთან.

 

შეიძლება, ბევრმა არც ის იცოდეს, რომ ლია ელიავას კარგი ხმის ტემბრი ჰქონდა. მეგობრები ურჩევდნენ, რამდენიმე სიმღერა მაინც ჩაწერა, მაგრამ თავი ვერ მოაბა თუ ეს უბრალოდ არ სურდა, ძნელი სათქმელია, ფაქტია, რომ ეს არ მოხდა. მიკროინფარქტის შემდეგ თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ 65 წლის ასაკში გულმა კვლავ უმტყუნა. ლია ელიავა 1998 წელს გარდაიცვალა. ოთარ კობერიძემ მეუღლის გარეშე 17 წელი იცხოვრა. ლიაზე ლაპარაკი უჭირდა, ''ანგელოზიო'', იტყოდა და თვალზე ცრემლი ადგებოდა...

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი