logo_geo
პატარა კახის მარცხი ლეკთა სომეხ ბელადთან და „ავი მუსაიფი კახთ ბატონი ირაკლისა“
- +

3 ნოემბერი. 2018. 14:07

 

 

 

ისტორიულ თემაზე მომუშავეებისთვის მეფე ერეკლეს ცხოვრება ამოუწურავი წყაროა. ამ დიდებული პიროვნების 54-წლიანი მმართველობა იმდენად სავსეა მოვლენებით, რომ მწერალი ნებისმიერ თემაზე იპოვის სათავისო საზრდოს.

 

უაღრესად საინტერესო პირადი ცხოვრება, სახელმწიფო მართვის ახლებური სისტემა, პირველი „მორიგე ჯარი“, თოფ-იარაღის პირველი ფაბრიკა-ქარხნები, დიპლომატიური ურთიერთობები ევროპა-აზიის მოწინავე ქვეყნებთან, ასზე მეტი გადახდილი ომი და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენ სიახლეს დაუდო სათავე ამ მრავალჭირნახულმა „პატარა კახმა“.

 

 

ერეკლე მეორე

 

მის მიერ გადატანილი ომები ვახსენე, ასზე მეტიო, მემატიანეები წერენ, თუმცა, რამდენით მეტი, არავინ უწყის. ამ დიდ-პატარა ბრძოლებიდან სულ რამდენიმეში დამარცხდა. მიზეზი, როგორც წესი, ყოველთვის ღალატი გახლდათ.

 

დღეს ერეკლესა და თეიმურაზის აგრი-ჩაისთან წაგებულ ბრძოლაზე გიამბობთ. ეს ამბავი 1752 წლის 15 თებერვალს მოხდა, თუმცა, ჯერ მის წინაპირობაზე მოგახსენებთ.

 

ქართველობას ლამის არასდროს ჰყოლია ისეთი მოუსვენარი და შემაწუხებელი მტერი, როგორებიც ლეკები იყვნენ მეთვრამეტე საუკუნეში. უბედურება ის გახლდათ, რომ ეს მტერი საქართველოს მეზობლად ცხოვრობდა და ყოველ წამს შეეძლო, ფარულად გადმოევლო მისი საზღვრები, უეცრად დასცემოდა მოსახლეობას, აეკლო და ტყვედ გაერეკა ხალხი.

 

 

დოკუმენტური ფილმი „ერეკლე მეორე“

 

რასაკვირველია, ქართველები გულხელდაკრეფილნი არ მსხდარან. ფშავ-ხევსურნი და თუშები კედლად ედგნენ ქვეყანას, მრავალმა ლეკმა საუკუნოდ დახუჭა თვალები საქართველოს მთიანეთში, მაგრამ ქართველებს მაინც უფრო მეტი ზარალი მოსდიოდათ ამ განუწყვეტელი ომიანობისგან, ვიდრე ლეკებს. საქმე ისაა, რომ საქართველოს გაშლილ დაბლობში ლეკები ადვილად ახერხებდნენ ნავარდს, ხოლო ქართველებისთვის მეტად ძნელი იყო უზარმაზარ მთებსა და დაბურულ ტყეებში მოქცეულ დაღესტანში შესვლა. ამის გამო თუმცა ხშირად მარცხდებოდნენ ლეკები, მაგრამ მათი ბუნაგი მაინც მუდამ უვნებელი რჩებოდა.

 

თავიდან კახეთის საზღვრებს უწყეს აოხრება ლეკებმა, მაგრამ მალე ქართლშიც გადავიდნენ სათარეშოდ და იმერეთსაც უწიეს. ამის მოთმენა უკვე აღარ შეიძლებოდა და ქართლ-კახეთის მეფეებმა, მამამ და შვილმა  — თეიმურაზმა და ერეკლემ ჭარ-ბელაქნიდან ლეკთა ამოძირკვა გადაწყვიტეს. მოხარკე ერევნისა და განჯის ხანებსაც მოუწოდეს და ხუთიათასიანი ჯარით გასწიეს ნუხისკენ.

 

იმ დროს იქ ჰაჯი-ჩალაბი ბატონობდა — შთამომავლობით სომეხი, რომელიღაც ტერტერას შვილი. ერთხელ მაჰმადიან მლოცველებს გაჰყოლია მექაში, მაჰმადიანობა მიუღია და რჯულგამოცვლილი, ჰაჯიდ (მლოცველი) სახელდებული დაბრუნებულა დაღესტანში. თუმცა, ესეც არ იკმარა გადასასხვაფერებლად და ახალ სახელს „ჩალაბიც“ მიუმატა, რაც წინასწარმეტყველ მაჰმადის შთამომავლობას ნიშნავს.

 

ცხადია, რა გავლენასაც მოახდენდა იგი დაღესტნელ მაჰმადიანებზე მარტო ამ სახელწოდებითაც კი.

 

ჰაჯი-ჩალაბს მაშინდელ დროში სხვა დიდად მოსაწონი და სასარგებლო თვისებანიც ჰქონია. მხნე, ხერხიანი, ეშმაკი, ვერაგი, ცბიერი და გაიძვერა ყოფილა, მოუსვენარი ხასიათი ჰქონია და დიდების მოყვარულიც იყო თურმე. ამიტომ თავზეხელაღებული ავაზაკები შეკრიბა და კახეთის საზღვრების, საინგილო-ნუხის მიდამოების აკლებას მიჰყო ხელი, რასაც სარწმუნოებრივი სარჩული დაუდო...

 

 

საინგილოს მისულ ქართველ მეფეთა ჯარმა აღმოაჩინა, რომ ჭარ-ბელაქნის მთელი მოსახლეობა დედაბუდიანად გამქრალიყო — ზოგი სიმაგრეებში შესულიყო და ზოგიც ნუხში გაეხიზნა ჰაჯი-ჩალაბს. მეფეებს კი მოციქული აახლა და შეუთვალა:

 

„თუ მოეცლებით და მოეშვებით ჭარელთა, ხომ კარგი, თუ არა და, ჭარელებთან ახლა მეც ვდგავარ და თუ ამოწყვეტაა, მეც ჩემი ქვეყნით მაგათთან ერთად ამოვსწყდებიო“.

 

ქართველთა ლაშქარიც შაქ-შირვანისკენ შებრუნდა და აგრი-ჩაის მიადგა. და იქ უეცრად, თითქოს მიწიდან ამოძვრა თავად ჰაჯი-ჩალაბი. უკან შაქ-შირვანის მხედრობა ედგა, მარჯვნივ — კაკის სულთანი, მარცხნივ — ჭარელი ლეკები, ქუდზე კაცით გამოყრილნი სააბრაგო ბუდეებიდან.

 

მყისვე საომრად დალაგდნენ ქართველები: წინ ქვემოქართლელნი და ქიზიყელნი — რევაზ ორბელიანისა და თამაზ ანდრონიკაშვილის სარდლობით, მარჯვნივ — ზემო ქართლელნი, მარცხნივ — მუხრანელნი, ზურგში — სამეფო ლაშქარი და „თათრული ჯარები“.

 

წინ ერეკლე დადგა, უკან — თეიმურაზი.

 

1751 წლის 15 თებერვალს სუსხიანი ორშაბათი გათენდა. მტრის შუაგულს მიაწვა ერეკლე მეფე. მძლავრად უტევდნენ რევაზ ორბელიანი და თამაზ ანდრონიკაშვილი, „ასე იყვნენ, ქება აღარ უნდა“.

 

 

უეცრად გატყდნენ ლეკები, ჰაჯი-ჩალაბმა ცხენი უკან გაატრიალა, ადგილიდან მოწყდა სრულიად ლეკთა მხედრობაც და გაჰყვა ბატონს. დაედევნნენ ქართველები ყიჟინითა და უწყალო ჩეხვით. მალე უნდა დასრულებულიყო კიდეც ბრძოლა, მაგრამ...

 

მაგრამ უეცრად ლეკი მხედრების დევნაში გართულ ქართველებს ყოვლის მხრიდან საშინელი ყიჟინით მიესივნენ „მიწიდან აღმოხდენილი“ ქვეითი ჯარები. თეიმურაზმა ბრძოლაში ჩააბა სამეფო ჯარიც, ყაზახ-ბორჩალოსა და განჯა-ყარაბაღის „თათრობაც“.

 

მეწინავე ქართველები მხნედ მიეტევნენ სამი მხრიდან გააფთრებით მომდინარე მტერს:

 

მაშინ მოწინააღმდეგის მარჯვენა ფრთისკენ წამოუძღვა თავის მხედრობას ჰაჯი-ჩალაბი, სადაც თათართა ჯარები იდგნენ სქელ კედლად განჯის ხანის შავერდის სარდლობით. მაგრამ როგორც კი მიუახლოვდნენ ლეკები, „კედელი“ დაირღვა — განჯის ხანი გაიქცა და უკან გაიყოლა თათართა სრული მხედრობა.

 

მერეღა შეიტყვეს ქართველებმა, რომ თურმე წინასწარ ყოფილან გარიგებული ჰაჯი-ჩალაბი და შავერდი-ხანი: როგორც კი ნუხელი შეუტევდა, განჯელს ქართველები უნდა მიეტოვებინა და ბრძოლის ველს გაცლოდა.

 

ღალატმა თავისი გაიტანა. ძალიან კი ეცადა ორივე მეფე, მაგრამ „ჯარი ვეღარ დააყენეს“. უკან დახევა მოუხდათ ქართველებს.

 

ადიდებული ალაზნის შლამში ჩაეფლო ერეკლეს ცხენი. მალე ლეკთა მდევარი წაადგებოდა თავს დაქვეითებულ მეფეს. მაგრამ უეცრად ვიღაც მხედარი ჩამოხდა ცხენიდან, მეფეს მიჰგვარა და შებრძანდი, ბატონო, შენი ჭირიმე, თავს უშველეო, უთხრა.

 

 

ვინა ხარო, ჰკითხა პატარა კახმა. ქვემო მაჩხაანელი გაბრიელ ბოსტაშვილიო, იყო პასუხი. მერე, შენ რა გეშველება, ლეკები მოგკლავენო, იუარა ერეკლემ. ამაზე საოცარი პასუხი გასცა ქიზიყელმა გლეხმა პატრონს:

 

— თუნდაც რომ მომკლან, არა უშავს-რა, შენი ჭირიმე. ჩემისთანებს ქართველი დედა წელიწადში ათასსა შობს. თქვენ გადირჩინეთ თავი, ბატონო. ერეკლე ბატონიშვილს ძნელათღა გაზრდის ქართველი ქალის ძუძუ...

 

აგრი-ჩაისთან მარცხი დიდი დაღი იყო ქართველი მეფისთვის, რომლის სახელიც ქუხდა არა მარტო აზიაში. ევროპელი მონარქები ახალ ალექსანდრე მაკედონელს უწოდებდნენ პატარა კახს და ქრისტიანობის მხსნელად ესახებოდათ.

 

იმავე წლის გაზაფხულზე ერეკლემ ყირბულახთან აზატ-ხანის ძლევით პრესტიჟი კი აღიდგინა, მაგრამ ჰაჯი-ჩალაბის ჯავრი არ ასვენებდა. ამიტომ მომდევნო წლის შემოდგომაზე ქართლ-კახელთა ჯარს დაქირავებულ ჩერქეზთა და ცოტაც ოსების ჯარი მიაშველა, რომელთა გასამრჯელოსთვის სამეფო ხაზინის ნივთებზე ოქრო ააძრობინა და ფული მოაჭრევინა. მერე კი, 1752 წლის სექტემბერში ყაზახ-შამშადილუს საზღვარზე თულქითეფეს ბრძოლაში ჰაჯი ჩალაბის ჯარი, რომელსაც მისი ვაჟი აღა-ქიში სარდლობდა, სასტიკად დაამარცხეს ქართველებმა და შამქორამდე სდიეს ოტებულ მტერს.

 

იმ დღის მერე ჰაჯი-ჩალაბის სახელი ისტორიაში აღარ ჩანს, ერეკლე მეორეს კი კიდევ დიდხანს არ ჩაუგია ხმალი ქარქაშში, კიდევ მრავალ წელს „ოთხივ კუთხით აელვებდა“ თავის სახელგანთქმულ მახვილს, რომელსაც ფრიად ნიშანდობლივი წარწერა ამშვენებდა:

 

„მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონის ირაკლისა“.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი