logo_geo
მეფე ერეკლეს საბრძოლო ხმალი: ნადირ შაჰის ნაჩუქარი „ვეფხვის კლანჭი“
- +

3 ნოემბერი. 2018. 18:33

 

 

ქართველ მეფეთა უმეტესობა ერისა და ბერის დიდი სიყვარულით სარგებლობდა, თუმცა ერეკლე მეორე ამ მხრივ მაინც გამონაკლისი იყო. ხალხის სიყვარულით პატარა კახს მხოლოდ თამარ მეფე თუ შეედრება, თუმცა მის სადიდებლად გამოთქმული ლექსებისა და ლეგენდების რაოდენობას თუ ავიღებთ, აქ უპირატესობა ერეკლეს მხარესაა.

 

ასობით ლექსი, მითი, მოთხრობა თუ რომანი შექმნა მადლიერმა ერმა. უფრო მეტიც, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენმაც კი მიუძღვნა ლეგენდარული სიმფონია…

 

 

შემონახულია საქართველოში მოღვაწე ფრანცისკელი ბერის, ბეთჰოვენის მეგობრის ბონიფაციუს ებერჰარდტის წერილები, რომელიც მას კომპოზიტორისთვის მიუწერია.

 

„ძალზე გამახარა იმ ამბავმა, რომ ირაკლიზე, რომელსაც ჩვენმა მეგობარმა მათიამ „აღმოსავლეთის ნაპოლეონი“ უწოდა, სიმფონიის შექმნა გქონია განზრახული და კიდევაც შესდგომიხარ მუშაობას...“

 

სიმფონიაზე მუშაობა რომ მოუთავებია, კომპოზიტორს მართლაც წაუწერია მასზე „ეძღვნება აღმოსავლეთის ნაპოლეონსო“, მაგრამ ევროპაში ბევრი ვერ ჩაწვდა მიძღვნის შინაარსს და სიტყვა „აღმოსავლეთი“ ამოუღიათ, დაუტოვებიათ მხოლოდ „ეძღვნება ნაპოლეონს“. ამას ბეთჰოვენი ისე გაუგულისებია, რომ სულაც სახელი გადაურქმევია სიმფონიისთვის...

 

ბევრზე ბევრმა სცადა პატარა კახის ისტორიის აღწერა, მაგრამ ყველა მიხვდა, რომ ეს მარტივი საქმე არ იყო - თავად მეფის ურთულესი და უმძიმესი, მოვლენებით დახუნძლული ცხოვრებიდან გამომდინარე.

 

ტყუილად არ ბრძანებდა ერეკლეს შვილიშვილი ალექსანდრე ორბელიანი:

 

 

„თუ ვინმემ მოინდომოს ირაკლი მეორის ისტორიის დაწერა, ღვთის გულისთვის, ისე ადვილად ნუ შეუდგები იმის დაწერასა. მინამ კარგად არ გამოიკითხო, მინამ სრული ფაქტები ხელში არ ჩაიგდო, ნუ დასწერ... მაგრამ მართალი კაცი კი უნდა იყო, ვინც მეფის ისტორიას დასწერ, თორემ თუ არ თუალმიხედვით დაიწყე წერა, სხვების სასიამოვნოდ, აღარ ევარგები და შენს ისტორიას ქარი მიიტაცებს მტვერსავით“.

 

მარტო ქართველი ერის მეფე ერეკლესადმი სიყვარულის გადმოცემა იქნება შეუძლებელი, რადგან ხალხმა სათქმელი მთა-ბარში მიმობნეულ უამრავ ლექსში გამოხატა. თუშეთში გაზრდილს, პირველებმა თუშებმა უმღერეს:

 

„ბატონიშვილს ერეკლესა,

ირმის ძუძუ უწოვნია,

წყალი უსვამს ალგეთისა,

თრიალეთში უძოვნია“.

 

განსაკუთრებულ აღტაცებასა და იმედს ხალხში მეფის ხმალი იწვევდა, ხევსურეთში ნაჭედი, მეფის გამზრდელ თუშეთში დაფერილი და ერეკლეს მიერ ნაკურთხ-ჯვარგადაწერილი  „ფრანგული“:

               

„ხრმალო, ხევსურეთს ნადებო,

ალვანში თუშმა დაგფერა,

გაკურთხა მეფე ერეკლემ,

საომრად ჯვარი დაგწერა“.

 

ეს ის ხმალია, რომელსაც საყოველთაოდ ცნობილი წარწერა ამშვენებს:

 

 

„მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონის ირაკლისა“

ერეკლე მეფის ხმლის ასლი, ავტორი გოჩა ლაღიძე

 

თუმცა, ბევრმა არ იცის, ვინ მიართვა მას ეს საჩუქარი და რატომ, ვინ გამოჭედა, რა განასხვავებს ამ სამეფო ხმალს იმდროინდელი მეომრების იარაღისგან, აქვს თუ არა ორიგინალს ოსტატის ინიციალები, სიმბოლიკა ან თუნდაც რაიმე წარწერა.

 

ამის გასარკვევად ინფორმაციას ჰოლანდიაში მცხოვრებ ქართველ მხატვარ-რესტავრატორსა და მესაჭურვლე გოჩა ლაღიძეს უნდა დავესესხო, რომელმაც არა მარტო საფუძვლიანად  შეისწავლა ერეკლეს ხმალი, არამედ მისი ზუსტი ასლიც დაამზადა:

 

„ხმლის პირზე არის ოსტატის ოქროს დამღა, მაგიური კვადრატი და დიდი წარწერა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება. ოქროს დამღას ასეთი წარწერა აქვს:

 

„გააკეთა ქალბ-ალიმ, ასუდულა ისპაჰანელის შვილმა“.

 

ირანულ კლასიკურ ხმლებში ეს ძალიან ცნობილი, ამასთან, უიშვიათესი დამღაა, რაც ძალიან ძვირად ფასობს - კლასიკური „შამშირია“, რაც „ვეფხვის კლანჭს“ ნიშნავს.

 

ჩემი აზრით, ეს უნიკალური, უიშვიათესი ხმლის პირია, რომელიც ასადულას შვილმა ქალბ-ალიმ შეასრულა სეფიანთა პერიოდში — XVI საუკუნის ბოლოს - XVII საუკუნის დასაწყისში.

 

ეს ხმალი ერეკლეს საჩუქრად გამოუგზავნა ირანის მბრძანებელმა  ნადირ შაჰმა მალაჩის (ლეკთა ბელადის) დამარცხების შემდეგ...

 

დიდი წარწერის ბოლომდე გაშიფვრა ვერ მოვახერხე, რამდენიმე ირანოლოგმაც ნახა, თუმცა მიახლოებით ასე იკითხება:

 

„დიდი მეფის გზავნილი მეგობრისადმი“.

 

რამდენადაც ვიცი, ერეკლეს ეს ხმალი ერთადერთი სპარსული ხმალია, რომელიც ისტორიამ შემოგვინახა...“

 

 

როგორც ირკვევა, ხმალი საკმაოდ დაზიანებული ყოფილა და ბატონმა გოჩამ, ასლის დამზადების კვალად, ორიგინალს რესტავრაციაც ჩაუტარა. როგორც მესაჭურვლე ამბობს, მართალია, ერეკლეს ხმლის პირსა და ტარს ჟანგი არ მოჰკიდებოდა, მაგრამ ჭუჭყის, კოროზიის, ორგანული ნალექების გაწმენდა აუცილებელი გახდა. ბოლოს ოსტატს ვაქსით დაუმუშავებია დიდი მეფის მახვილი, რომელიც ახლა უკვე „სრულყოფილად შესრულებული საბრძოლო ხმალია, თუმცა, ესთეტიკურადაც ძალიან ლამაზი“.

 

რა თქმა უნდა, ერეკლე მეფეს სხვაც ბევრი ჰქონდა საბრძოლო ხმალი, რომელთაგან ერთს მისი გადამრჩენელის, დათუნა ბოსტაშვილის შთამომავლები დღესაც სათუთად უფრთხილდებიან. თუმცა ნადირ შაჰის ნაჩუქარი ყველაზე მეტად უყვარდა პატარა კახს.

 

 

ერეკლე II, ალბათ, ერთადერთი იყო იმ ეპოქის მეფე-მხედართმთავრებს შორის, რომელიც უშუალოდ მიუძღოდა ჯარს და უკლებლივ ყველა ბრძოლაში საქვეყნოდ ცნობილი მისი ამ ხმლის ელვარება შიშის ზარს სცემდა მოწინააღმდეგეს.

 

ექვს ათეულ წელზე მეტხანს ცხენზე ამხედრებული პატარა კახი - საქართველოს ფარი და მტრის რისხვა, უამრავ ომგადახდილი, ხან დამარცხებული, მაგრამ არა დაჩოქებული, არაერთ უთანასწორო ბრძოლაში მრავალგზის გამარჯვებული, ბოლოს სიკვდილთან უცილობელ ჭიდილში დაეცა თელავის სასახლის დიდ დარბაზში, სადაც 78 წლის წინ დაიბადა.

 

არადა, უცხოტომელები დაპატრონებოდნენ ერეკლეს ნაფერებ ქვეყანას...

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი